Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სომხური გამბიტი

07 მაისი 2018

ზვიად კირტავა,  ვიქტორ ყიფიანი

სომხეთში, სრულიად მოულოდნელად, შესაძლებელია სუპერხავერდოვანი რევოლუცია მოხდეს.

თუმცა, როგორც ამბობენ, უცეცხლოდ კვამლი არ არის, და რევოლუციებიც უმიზეზოდ და მოულოდნელად არ ხდება.

სერჟ სარგსიანის მმართველობა რობერტ კოჩარიანის მმართველობის ბუნებრივი გაგრძელება იყო. სავსებით შესაძლებელი იყო, ახლა სარგსიანსაც რომ მოეძებნა თავისი ერთგული შემცვლელი, სახალხო მღელვარება ასეთ მასშტაბის არ ყოფილიყო. ან, საერთოდ, ხელისუფლების გადაბარება ლამის მშვიდად მომხდარიყო.

სარგსიანმა სომეხ ხალხს არა მარტო ავტორიტარული მმართველობით, დემოკრატიის დონის მნიშვნელოვანი დაქვეითებით და ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე სულ უფრო მასშტაბური კორუფციით დაამახსოვრა თავი, არამედ, ჯერ ერთი, თავის თავზე მოირგო და გადააკეთა კონსტიტუცია. და მერე ყველაზე დიდი შეცდომა ჩაიდინა - წარბშეუხრელად მოატყუა საზოგადოება, როცა  შეჰპირდა, ორი ვადის შემდეგ არც პრეზიდენტობას და არც პრემიერობას აღარ ვეცდებიო...

და მეტიც, ამ ტყუილის შეფერადებასაც კი არ შეეცადა - პატარა სპექტაკლიც კი არ დადგა. აი, ისეთი, შექსპირის პიესაში რიჩარდ მესამე რომ ყასიდად უარს ამბობს ტახტზე და საბოლოოდ მხოლოდ ხალხის თხოვნით რომ თანხმდება - ჯანდაბას, არ მინდოდა, მაგრამ რადგან მაიძულებთ, მეტი რა გზა მაქვს, უნდა დაგმორჩილდეთო...

ამის შემდეგ კი გათამაშდა ის კლასიკური სცენარი, რასაც ძველ საბჭოურ სახელმძღვანელოებში რევოლუციის მომასწავებელ ერთ-ერთ წინაპირობად ასახელებდნენ: კერძოდ, ზემდგომებს უკვე არ შეეძლოთ ძველებურად მართვა, ხოლო ქვემდგომებს კი არ სურდათ კვლავ ძველებურად ეცხოვრათ.  

აქ უეჭველად გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორიც - კოჩარიანიც და სარგსიანიც ყარაბაღელები არიან და სომხეთის ხელისუფლებაში ყარაბაღის ომის ლიდერობიდან მოხვდნენ. სომხურ საზოგადობაში ყარაბაღის ომის მოგებით განცდილი პატრიოტული ოპტიმიზმი, სავარაუდოდ, დღეს ისეთივე მაღალი აღარ არის, როგორც 20 წლის წინ იყო, როცა კოჩარიანი აირჩიეს პრეზიდენტად და როცა საზოგადოებამაც და პოლიტიკურმა ელიტამაც ამით პატივი მიაგო იმ ძალას, რომელმაც ომი მოიგო და რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორის - რუსეთის - უპირობო მხარდაჭერა ჰქონდა...

მაგრამ 20 წლის შემდეგ, როცა ყარაბაღის ოფიციალური შემოერთება არ მომხდარა, ხოლო ყარაბაღის გამო აშკარაა მნიშვნელოვანი რეგიონული იზოლირების ზარალი, როცა აზერბაიჯანის ეკონომიკური ბუმი სულ უფრო მეტ დისბალანსს აჩენს ამ საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების რესურსებს შორის, როცა ერთადერთ იმედად მხოლოდ რუსეთის სამხედრო ბაზები რჩება, ხოლო რუსეთმა ამასობაში აზერბაიჯანისთვის სამხედრო ტექნიკის მიყიდვით სულ უფრო მეტი ეჭვის და ფიქრის საბაბი მისცა სომხურ საზოგადოებას (მაგალითად რუსული ორპირობისა ყარაბაღის რამდენიმე წლის წინანდელი „აპრილის ცხელი ფაზა" გამოდგება, სადაც რუსეთმა სამოკავშირეო ურთიერთობაზე მაღლა აშკარად „დაჰყავი და იბატონეს" პრინციპი დააყენა და ბაქოს სამხედრო მოქმედების განსაახლებლად კარტბლანში მისცა) - უკვე ქვეყანაშიც და განსაკუთრებით ერევანშიც, ალბათ, სულ უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევს ყარაბაღელთა მმართველობის მარადიულობის პერსპექტივა.

სარგსიანის მოულოდნელი ადვილი გადადგომა არა მარტო მის პოლიტიკური სიბრძნეს უნდა მივაწეროთ - იგი მიხვდა, რომ საკუთარ ამბიციებს ლამის გადააყოლა სტაბილურობა და მისი პარტიის კეთილდღეობა და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა - იფიქრა, რომ კარაპეტიანის საპრემიერო სავარძელში დატოვებით არაფერს დაკარგავდა, 4 წლით (ან - უფრო ნაკლებით) ოდნავ გვერდზე გაიწეოდა და შემდეგ ისევ დაბრუნდებოდა. სწორედ იმავე მოდელით, რომელიც რუსეთში უკვე კარგად იყო აპრობირებული.

მაგრამ სარგსიანს დააგვიანდა. ნიკოლ ფაშინიანი ძალიან ძლიერი ოპონენტი აღმოჩნდა. საგულისხმოა, რომ ფაშინიანი არცთუ ახალბედა პოლიტიკოსია, როგორც ბევრს წარმოუდგენია: თავის დროზე იგი სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის ახლო თანამებრძოლი იყო, ხოლო ერევნის მერის ამასწინანდელ არჩევნებზე ხმათა 21 პროცენტი მოაგროვა. მან სწორად გათვალა ხალხის უკმაყოფილების დონეც და იმ უპირატესობით ისარგებლა, რაც სარგსიანის გარკვეულმა სულსწრაფობამ მას მისცა - პრემიერად კარაპეტიანის დატოვების ვარიანტი თავიდან უპრობლემო იქნებოდა, მაგრამ ხალხის ქუჩებში გამოსვლისა და საკუთარი ძალის შეგრძნების შემდეგ უკვე ეგეც პრობლემური გახდა. ყველა მიხვდა, რომ სარგსიანის „წასვლა“ და კარაპეტიანის დარჩენა რეალურად არაფერს შეცვლიდა - ისევ ის რესპუბლიკური პარტია და მისი თავმჯდომარე - სერჟ სარგსიანი - იქნებოდა მმართველი ძალა. და სარგსიანიც დიდი ხნით არ იქნებოდა „წასული“ - კარაპეტიანი მაშინვე დაუთმობდა სავარძელს, როგორც კი სახალხო მღელვარების მუხტი განელდებოდა

ამის შემდეგ მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლებოდა - ერევანსა და სხვა ქალაქებში გამოსვლებმა სულ უფრო ორგანიზებული ხასიათი მიიღო. უკვე თავად მმართველი ძალა - სომხეთის რესპუბლიკური პარტიაც მიხვდა, რომ ახლა კარაპეტიანის გაპრემიერების მცდელობა პროტესტს ხავერდოვანიდან არახავერდოვანში გადაიყვანდა, და, ერთი შეხედვით, საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო - საკუთარი კანდიდატი არ წამოაყენა 1 მაისის საპარლამენტო სხდომაზე, როცა პრემიერ-მინისტრი უნდა აერჩიათ.  სინამდვილეში ეს, ალბათ, მათთვის საუკეთესო გამოსავალი იყო - თან ქვეყანაში დაძაბული მდგომარეობა კიდევ უფრო არ დაძაბეს, და თან ნიკოლ ფაშინიანს დაანახეს, რომ რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერის გარეშე იგი პრემიერი ვერ გახდება. ეს მოპატიჟება იყო, რომ ფაშინიანი რესპუბლიკურ პარტიას შეთანხმებოდა, თუ უნდოდა, რომ მეორე და საბოლოო კენჭისყრაზეც - 8 მაისს - იგივე შედეგი არ მიეღო.

მაგრამ,  „მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვაო“ - ფაშინიანს ერთი დღეც კი არ დასჭირდა, რომ ეჩვენებინა, რას ნიშნავს უკვე მობილიზებული ხალხის სრული მხარდაჭერა და სწორი, აუღელვებელი, არააგრესიული ტაქტიკა. გზების, რკინიგზისა და აეროპორტის სრულმა ბლოკადამ გამორიცხა ხელისუფლების მხრიდან ფაშინიანთან ულტიმატუმის ენით საუბრის პერსპექტიულობა.

სადღეისოდ კი მდგომარეობა ასეთია - სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს იმ სახალხო კანდიდატს, ვინც პარლამენტში ხმების 1/3-ს მაინც დააგროვებს. 
ბევრმა ეს სრპ-ის კაპიტულაციად ჩათვალა - რომ ისინი მზად არიან, მხარი დაუჭირონ საპროტესტო მოძრაობის უდავო ლიდერს - ნიკოლ ფაშინიანს.

არ ვართ დარწმუნებული, რომ ეს ასეა. სავსებით შესაძლებელია, რომ ამოქმედდეს გეგმა „ბ“ - თუ ხელისუფლება გაურიგდა გაგიკ ცარუკიანის ბლოკს და „დაშნაკცუტუნს", რომ ამ უკანასკნელებმა 8 მაისს საკუთარი კანდიდატი წამოაყენონ და სწორედ ამ „სახალხო კანდიდატის" მხარდაჭერით ეცდება სომხეთის ხელისუფლება ახალი - მისთვის ფაშინიანზე გაცილებით მისაღები - პრემიერ-მინისტრის დანიშვნას.

კიდევ ერთ შესაძლო, „გ" ვარიანტად, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, დავასახელებდით, ე.წ. „კოჰაბიტირებულ" მმართველობას - ფაშინიანის, როგორც პრემიერისა, და სრპ-ის, როგორც საკვანძო (მათ შორის, სამართალდამცავ) უწყებებზე კონტროლის მქონე ძალის ალიანსს - რომლის საბოლოო შედეგის წინასწარ განსაზღვრა არცთუ ისე რთულია და ასეთი შედეგი, ალბათ, არ იქნება ფაშინიანის ბანაკის სასარგებლო.

ერთიც უნდა ითქვას აუცილებლად, რომ სომხური „კოჰაბიტაცია" - თუ მოვლენები აქეთკენ განვითარდა - ჩვენს მკითხველს არ უნდა გაუკვირდეს. საქმე ისაა, რომ სრპ-ის ასე ერთი ხელმოსმით ჩამოწერა არასერიოზულია, თუ გავითვალისწინებთ მმართველი ძალის სომხურ პოლიტიკურ და ბიზნესელიტაში მყარად გამდგარ ფესვებს. მეტიც, სარგსიანის მოღვაწეობა მხოლოდ მუქ ფერებში ვერ აღიწერება: ასე, მაგალითად, მან სომხური საგარეო პოლიტიკის გარკვეული დივერსიფიცირება მოახდინა  მაშინ, როდესაც - ევრაზიული კავშირის ინტერესთა ერთგვარ საპირწონედ - ხელი მოაწერა ევროკავშირთან ყოვლისმომცველ საპარტნიორო შეთანხებას. ხოლო კარაპეტიანის პრემიერობის პერიოდში ქვეყანამ 7-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია.        

თუ 8 მაისის საპარლამენტო სხდომაზე ოპოზიციური ფრაქციები ფაშინიანს პირს უშლიან, ხოლო სხვა „სახალხო კანდიდატის“ გაპრემიერების ვარიანტიც ჩაიშლება (ქუჩებში ხალხის პროტესტის გამო), მაშინ სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი უნდა დაიშალოს და ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. 
და ახალ არჩევნებს კი ისევ ის ხელისუფლება ჩაატარებს, რომელიც უკვე 20 წელია, სომხეთს მართავს!

რამის გადაჭრით თქმა ძნელია, მაგრამ, ვფიქრობ, ფაშინიანის კანდიდატურის ხელმეორედ ჩავარდნის ალბათობა უფრო მაღალია, რადგან სომხეთის მომავალი ხელისუფლების ბედი მოსკოვის გარეშე ვერ გადაწყდება. ხოლო მოსკოვისთვის, და კერძოდ, ახლადკვლავგაპრეზიდენტებული ვლადიმერ პუტინისათვის არა მარტო ისაა მნიშვნელოვანი, რომ სომხეთში ის ხელისუფლება დარჩეს, რომელიც გამოცდილი ჰყავს და ენდობა, არამედ - თავად ხელისუფლების გადაბარების ფორმაც. მართალია, ფაშინიანმა დამაჯერებელი პოლიტიკური ალღო გამოავლინა, როცა არაორაზროვნად განაცხადა, რომ პრემიერად არჩევის შემთხვევაში ევრაზიულ კავშირსა და „ოდკბ“-ს არ დატოვებს, მაგრამ ამას ისიც დააყოლა, რომ გარკვეულ საკითხებზე რუსეთთან მოლაპარაკება სურს, და ევროკავშირთან მოლაპარაკებებისა და მომავალში წევრობის სურვილიც დააფიქსირა. მაგრამ მთავარი მაინც სხვაა - პუტინისთვის ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის გამარჯვების ფაქტი - ამან ხომ შეიძლება თავად რუსეთში გაზარდოს ანალოგიური მისწრაფებები და ამ მისწრაფებების წარმატებულობის იმედი!

ასე რომ, თუ მოვლენების შემდეგ განვითარებაზე მთავარ გავლენას სომხური პოლიტიკური ძალები შეინარჩუნებენ, მაშინ ნებისმიერი შედეგი შეიძლება დადგეს, მათ შორის - 8 მაისს ნიკოლ ფაშინიანის პრემიერად უმტკივნეულოდ არჩევაც. ასეთი შედეგის დადება სომხურ (ჯერ კიდევ)  ოპოზიციას მით უფრო გაუიოლდება, თუ ის შეძლებს რუსები მტკიცედ დააჯეროს, რომ სომხური ხავერდოვანი რევოლუცია მხოლოდ და მხოლოდ „სომხურ" ხასიათს ატარებს და, შიდა ცვლილებების გარდა, რაიმე მეტზე (მით უფრო, გეოპოლიტიკურზე) არავითარი პრეტენზია მათ არა აქვთ. ასეთ შემთხვევაში, ფაშინიანის et  al.-ის მხრიდან 8 მაისის საპარლამენტო პროცედურის  სათავისოდ დაგვირგვინება უფრო პერსპექტიული ხდება. თუმცა, გვახსოვდეს, რომ მთელი ეს პროცესი 8 მაისს როდი დასრულდება და მთავარი გამოცდა მას წინ ელის: მაშინ, როცა გამოიკვეთება სომხური ოპოზიციური მოძრაობის, მთლიანად საზოგადოების მიზნებისა და ოცნებების რეალური კონტურები, ისევე როგორც სომხეთში ცვლილებებისადმი მოსკოვის დამოკიდებულება.   და, არა მხოლოდ მოსკოვის: ჩვენ პრაქტიკულად თითქმის არაფერი გვსმენია მიმდინარე მოვლენებისადმი ბაქოსა და ანკარას დამოკიდებულებაზე, ყოველ შემთხვევაში, საჯარო შეფასებების ფორმით...

ხოლო, თუ ჩვენი პროგნოზი გამართლდა და 8 მაისის პარლამენტის სხდომა უშედეგოდ დასრულდა, (რასაც ავტომატურად პრემიერ კარაპეტიანის ხელისუფლების მიერ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უნდა მოჰყვეს), ეს იმის დასტური იქნება, რომ სომხურ გამბიტში ისევ რუსეთის გავლენა აღმოჩნდა გადამწყვეტი, რომელმაც ნაცნობ სცენარზე და ნაცნობ პარტნიორზე უკანმოუხედავად (ან, იქნებ წინ გახედვის გარეშე?) დადო ფსონი.

ამასთანავე, თუ სომხური პროცესის ძირითადი მონაწილენი ეცდებიან და დაარწმუნებენ მოსკოვს, რომ ნებისმიერი კონფიგურაციის ძალას კარგად ემახსოვრება, თუ ვინ არის ქვეყნის „ჭეშმარიტი მეგობარი", ხელისუფლების ხავერდოვანი გადაცემის პროცესი ამით მხოლოდ მოიგებს. ამ სტატიაში ერთხელ უკვე ვახსენეთ შექსპირი და შეგვიძლია მისი მეორე ციტატაც გავიხსენოთ „მაკბეტიდან“, რომელიც ინგლისელებმა შემდგომში ინგლისის მეფე ჩარლზ I-ის  დასასრულის აღსაწერად გამოიყენა - „არაფერს სიცოცხლეში ისე არ დაუმშვენებია იგი, როგორც სიცოცხლესთან გამომშვიდობებას". 

ნებისმიერ შემთხევაში, ამგვარი სწრაფი და ეპოქალური ცვლილებების ისტორია ერთ აქსიომას ცხადყოფს: ერთია - მოახდინო ცვლილება (თუნდაც არაორდინალური ძალისხმევის ხარჯზე), მეორეა - და გაცილებით რთული - ცვლილების შემდგომ პერიოდში სწორი ნავიგაციის უნარი, და შიდა და გარე საფრთხეების მოვლა-დაბალანსება.  

იმედია, ჩვენს მეზობელ სომხეთში საღი აზრი და მშვიდობა გაიმარჯვებს!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^