„ქალაქებს სიზმრების მსგავსად სურვილები და შიშები ქმნის, მაშინაც კი, როცა მათი თხრობის ნაკადი იდუმალია, მათი წესები - აბსურდული, შეხედულებები - ცრუ, და როცა ყველაფერი დანარჩენის მიღმა რაღაც იმალება“, - იტალო კალვინო, უხილავი ქალაქები.
ქალაქებს მოგზაური (არატურისტი) მწერლები განსაკუთრებული მგრძნობელობით აღწერენ. იციან, რომ მათ მხოლოდ არქიტექტურა, ლანდშაფტი, მატერიალური ძეგლები და არსებული ლეგენდები არ ქმნის და იმ უხილავს ეძებენ, რაც თითოეული ქალაქის სულს აპოვნინებს.
პილიგრიმები ე.წ. ტურისტულ ადგილებს გვერდს უვლიან და ქალაქთან შესახვედრად უცნაურ ადგილებს არჩევენ, ზოგჯერ ნაცნობი მოგზაურის რეკომენდაციით, უფრო მეტად კი ინტუიციით. ისინი არასდროს გადაიღებენ ფოტოს ეიფელის კოშკის, კოლიზეუმისა თუ ბიგ ბენის ფონზე იმის დასტურად, რომ პარიზი, რომი და ლონდონი მოინახულეს.
თანამედროვე მოგზაური უკმაყოფილოდ გეტყვის, რომ დღევანდელი ე.წ. ტურისტული ადგილები ყველა ქალაქში იმდენად ემსგავსება ერთმანეთს, ზოგჯერ თავი ერთსა და იმავე ადგილას ჰგონია, მით უმეტეს, როცა ამას მეტ-ნაკლებად კარგი სერვისის უსასრულო რაოდენობის ფორმებისა და სუვენირების გარდა ტურისტული ინდუსტრიის საყოველთაო სიკეთეები ემატება.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებსა და სატელევიზიო არხ „არტარეას“ ეთერში გამოჩნდა ინტერვიუების სერია სათაურით - „ქალაქი ამბობს“. რესპოდენტები თბილისის პრობლემებზე საუბრობდნენ. ბევრგან ითქვა, რომ ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია და განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება. თბილისის ცვლილებების საკითხი აქტიური განსჯის საგანია უახლესი ისტორიის ბოლო წლებში, თუმცა ეს პოლემიკა ვერ ასცდა სწორხაზოვნებას და ვერც ისეთ დისკუსიად გადაიქცა, სადაც საზოგადოება სრულფასოვან მონაწილეობას მიიღებდა. ქალაქის მცხოვრებლების პასუხისმგებლობა კი საჯარო სივრცეზე გააზრებულია და რეაქციაც რეალურ შედეგებს აღწევს.
ერთი მხრივ, განადგურებული ისტორიული და მხატვრული ღირებულებების მქონე ნაგებობებისა და დაზარალებული უბნების გამო ისმის სპეციალისტების პრეტენზია, მეორე მხრივ კი, პოლიტიკური კურსითა და პროგრესის სახელით გამართლებულ რიტორიკას ვისმენთ, რომლის მიხედვითაც ეს ცვლილებები ბუნებრივია.
ალბათ, ბევრად უფრო საინტერესო იქნება, დისკუსია ქალაქის თემაზე განსხვავებული მიმართულებებით განვითარდეს, მაგალითად, ტურისტული თბილისი და პილიგრიმული თბილისი ან მოგზაურების ჩანაწერების კრიტიკული განხილვა, მათი სუბიექტური მოტივაციებისა და კონტექსტის გათვალისწინებით და ა.შ.
ცალკე თემად შეიძლება განვიხილოთ ზოგადი სურათი, რასაც თბილისში არსებული ქანდაკებები ქმნის. რაზე მეტყველებს ქალაქის მხატვრული პლასტიკა, როგორია მისი ინფორმაციული და ემოციური მხარე, რა ურთიერთობაშია ის არსებულ სივრცესთან და რამდენად კომფორტულია ჩვენთვის მათ გარემოცვაში თანაარსებობა. ამ წერილშიც სწორედ თბილისური ქანდაკების თემასთან დაკავშირებულ ერთ მომენტზე შევჩერდები.
საქართველოში ქანდაკება თავისი კლასიკური გაგებით, რაც დასავლურ ტრადიციაზე განვითარებულ ვიზუალურ-პლასტიკურ აზროვნებას გულისხმობს, არცთუ ისე დიდი ხნის წინ იმპორტირებული მედიუმია, ისევე, როგორც დაზგური მხატვრობა და ამ მხრივ მას დიდ პრეტენზიებსაც ვერ წავუყენებთ. თბილისში დღეისათვის არსებული ქანდაკებები პერიოდების მიხედვით, ძირითადად, ორ ნაწილად იყოფა: საბჭოთა რეჟიმისდროინდელი ნიმუშები, შესაბამისი მხატვრული ნიშნებით და უახლესი, ანუ პოსტსაბჭოთა პერიოდის შედარებით ლიბერალური გარემოს ფონზე შექმნილი არტეფაქტები, რომლებიც შედარებით მრავალფეროვანია. აქ არ იგულისხმება არქიტექტურის რელიეფები და სხვა სახის სკულპტურული დეკორი, საუბარია მხოლოდ დამოუკიდებელ ქანდაკებებზე, რომლებიც სივრცესთან ურთიერთობას, მის ორგანიზებასა და ტრანსფორმაციას გულისხმობს და თავისი გზავნილებით ქალაქის ზოგად სახეს, ასე თუ ისე, განსაზღვრავს.
მაგალითისთვის მხოლოდ ცენტრალური უბნის არცთუ დიდი მონაკვეთი რომ ავიღოთ, რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მოედნიდან კოსტავას გამზირამდე, განლაგებულ ქანდაკებებს დავაკვირდეთ და თან არსებულ კონტექსტთან მიმართებაში განვიხილოთ, შეიძლება საინტერესო ნიუანსებიც აღმოვაჩინოთ და ქალაქის ამ მონაკვეთის გარშემო დალექილი შთაბეჭდილებები გავაცნობიეროთ. აღნიშნული მონაკვეთი დაახლოებით 1,5 კილომეტრს მოიცავს და ამ მანძილზე ათზე მეტი ძეგლი და კიდევ უფრო მეტი მცირე პლასტიკის დეკორატიული ნიმუში დგას. თუკი მათ მთელი გამზირის ისტორიული შენობების დეკორირებულ ფასადებსა და მათ ინფორმაციულ სიჭარბესთან ერთად გავიაზრებთ, დავინახავთ, რომ გამზირის მასშტაბთან შედარებით მისი ვიზუალურ-ინფორმაციული დატვირთულობა დისპროპორციულია და ერთგვარ კლაუსტროფობიას ქმნის.
თუკი წარმოვიდგენთ, რომ ამ მონაკვეთს იტალო კალვინოს პერსონაჟი მარკო პოლო აღწერდა, დიდი მოგზაური სავარაუდოდ იტყოდა, რომ ეს არის ქუჩა, რომლის მცხოვრებლებს არ უყვართ სივრცე და როგორც კი ოდნავ გამოთავისუფლებულ ადგილს ნახავენ, სასწრაფოდ რამე ქანდაკებას ათავსებენ. მათ უმეტესად გარდაცვლილ პერსონებს უძღვნიან. მთელი ქუჩა ძალიან ჰგავს ადგილობრივებისთვის სახასიათო პათოსურსა და გრძელ სადღეგრძელოს, მიცვალებულების მოსახსენებლად.
პრობლემა, ალბათ, ზუსტად აქ არის - ქანდაკება საკმაოდ ხანგრძლივი საბჭოთა ტრადიციის წყალობითა და ინერციით კვლავ იდეოლოგიურ სიმბოლოდ აღიქმება, ის ან იდეალიზებულ ისტორიულ გმირს გამოსახავს, ან ღვაწლმოსილ პერსონას, რომელიც ძეგლის დადგმით დააფასეს და უკვდავყვეს; პარტიული ბელადები და კომუნიზმის მაშენებელი მარადიულად ახალგაზრდა ათლეტები უკვე წარსულს ჩაბარდნენ, თუმცა ბრინჯაოს ფორმებთან მოკრძალებული, დისტანცირებული დამოკიდებულება დარჩა. ძეგლი ჩვენთან ჯერ კიდევ ქვის სტუმარია, რომელიც საშიშიც არის და ავტორიტეტის თვალით ზემოდან გიყურებს. ამგვარი ხასიათის ქანდაკებების სიჭარბე, რა თქმა უნდა, სივრცის ხასიათს განსაზღვრავს, მის ერთგვარ დეჰუმანიზაციას იწვევს და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დროის მიმდინარე ნაკადს დაშორებულია - სიცოცხლის გამომხატველი აღარ არის, მხოლოდ წარსულის სურათად რჩება.
ამ მონაკვეთზე არსებულ ნიმუშებში ახალი ფორმის მონახვის მცდელობა მხოლოდ მამუკა და სოსო ჩხაიძეების 9 აპრილის მემორიალსა და ერნსტ ნეიზვესტნის მიერ შესრულებულ მამარდაშვილის ბიუსტში ჩანს, რომელსაც ამ მოქანდაკის საუკეთესო ნამუშევრად ნამდვილად ვერ მივიჩნევთ. სხვა მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ქანდაკების თანამედროვე განვითარებისათვის სახასიათო ტენდენციები ჩვენთან თითქმის იგნორირებულია.
საკითხი განსაკუთრებით მწვავდება, როცა ქანდაკება სივრცის ფსევდოდიზაინის ნაწილი და გაუფასურებული ილუზიის მთავარი განმსაზღვრელი ხდება. სწორედ ასე მოხდა ქალაქის მთავარი მოედნის მონუმენტის შემთხვევაშიც. ლენინის ძეგლი რეჟიმის დასასრულთან ერთად გაქრა და ნიშანდობლივია ისიც, რომ დარჩენილი სიცარიელე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ასე თუ ისე, მტკივნეულად განიცდებოდა. ის, სამწუხაროდ, მექანიკურად ჩანაცვლდა გარეგნულად მკაფიოდ განსხვავებული სიმბოლოთი, თანაც, ტრადიციულად, ხელისუფლების გადაწყვეტილებით.
პროექტი არც საჯაროდ განუხილავთ და არც კონკურსის შედეგად შეურჩევიათ, ანუ თუ აუცილებლად უნდა აღმართულიყო შემდგომი განვითარების ახალი გზის სიმბოლო, ეს საზოგადოების მონაწილეობით უნდა მომხდარიყო.
პროცედურულ მხარეს რომ თავი დავანებოთ, კონცეპტუალური ნაწილიც ასევე ნაჩქარევად და გაუაზრებლად გამოიყურება. თუ ქვეყანას სეკულარული სახელმწიფოს მშენებლობა აქვს დეკლარირებული და მოდერნიზაციის კურსს ირჩევს, სავარაუდოდ, მისი მთავარი სიმბოლიკა თავისუფლების კონცეპტის ირგვლივ უნდა ტრიალებდეს, თანაც, თუ ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელ ნიშნად მაინც რელიგიური თემა იყო შერჩეული, ისიც უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ ქართული საკულტო ხელოვნების ტრადიცია მსგავს ქანდაკებებს არ იცნობდა.
ასე გაჩნდა ლენინის ძეგლის ადგილას ზურაბ წერეთლის ნამუშევარი - 30მ. სიმაღლის სვეტზე მდგარი მოოქროვილი წმინდა გიორგი, რომელიც მახვილით განგმირავს დრაკონს. რაც შეეხება ქანდაკების ესთეტიკურ მხარეს, ეს ყველაზე უიმედოდ გამოიყურება, რადგან გარდა იმისა, რომ მას მოედნის არქიტექტურის მასშტაბები არ ყოფნის, რომელთანაც ძეგლი აშკარად კონფლიქტშია და ზედმეტად დიდი ზომისაა, ამავე დროს დამოუკიდებელი მხატვრული ღირებულებისგან სრულიად დაცლილ ფორმას წარმოადგენს, რომელიც თავად ავტორის მიერვე სერიული მანერით წარმოებული ფსევდობაროკოს ნიმუშია.
სვეტის ფორმა წვერზე მონუმენტით წარსულში დიდი იმპერიების დედაქალაქების (რომის, ლონდონის, პეტერბურგის) ესთეტიკისთვის იყო დამახასიათებელი. აქ ისინი იმ რეალური ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენდნენ, რომელიც მათი გავლენის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა.
საქართველოსთვის, რომელიც მუდმივად კოლონიას წარმოადგენდა, ამგვარი ესთეტიკა არაადეკვატურ ამბიციასა და პროვინციალიზმზე მეტყველებს და კარიკატურულ შინაარსსაც იღებს. მართალია, ღამის განათების ფონზე თბილისი საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება და ერთი შეხედვით, მართლაც, ჰგავს დასავლური ცივილიზაციის ქალაქს, როგორიც ის არასდროს ყოფილა, თუმცა ეს მის ღირსებას სულაც არ აკნინებს, რადგან სახე საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური ჰქონდა, რაშიც ადვილად გვარწმუნებს ძველი ფოტოები.
ეს თბილისის ბოლო წლების არქიტექტურული ცვლილებების ძირითადი ხასიათის ის ერთ-ერთი მაგალითია, რომელმაც ქალაქისთვის ახალი სცენარი გამოიგონა და ეს სცენარი ხშირად ძალიან დილეტანტურ ფანტაზიებს ეყრდნობა, სადაც ქალაქის ავთენტური მოცემულობა გათვალისწინებული არ არის. და მართლაც, არსებული ისტორიული მონაცემები ამ სცენარებისთვის ბევრად საინტერესოდ შეიძლება განვითარდეს, რომ თბილისი არ იქცეს ერთ-ერთ ისეთ ქალაქად, რომლის ტურისტული უბნები არ იქნება განსხვავებული სხვა სამხრეთული ქალაქების ასეთივე უბნებისგან.