Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრამპი ირანულ გორდიუსთან

15 მაისი 2018

ტრამპის გადაწყვეტილება ირანთან ბირთვული გარიგებიდან გამოსვლის თაობაზე მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ ამავე დროს დასკვნებისა და ანალიზის კეთება კვლავაც ჭირს. ეს მეტად რთული თემაა და თუკი ტრამპმა იგი ვითომდაც მარტივად გადაჭრა, ეს არ ნიშნავს, რომ თემა გაიოლდა. ირანის ბირთვული პროგრამა გორდიუსის კვანძი არ არის.

ირანთან გარიგება იოლად არ მოსულა. მას წინ უძღოდა უმძიმესი სანქციები რომლებმაც ირანის ეკონომიკა შეარყია. ამ სანქციების დაწესება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ისინი გაერო-ის უშიშროების საბჭომ დაამტკიცა - მათ რუსეთმაც დაუჭირა მხარი. ეკონომიკის შერყევა მხოლოდ პირველი ეტაპი იყო; ამას მოჰყვა ამერიკა-ირანის ფარული დიპლომატიის რაუნდები, რომელთა წარმატებაშიც თავისი წვლილი დაიდო ჯონ კერის (ობამას საგარეო მინისტრის) პირადმა და ოჯახურმა კავშირებმა ირანის ელიტასთან. ობამას მოღვაწეობის მიმართ არაერთგვაროვანი შეფასების მიუხედავად, უმრავლესობა თანხმდებოდა რომ ირანთან ბირთვული გარიგება წარმატებული და სწორი ნაბიჯი იყო, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ალტერნატივა პრაქტიკულად არ ჩანდა. ომზე - ალბათ ერთადერთ ალტერნატივაზე, გორდიუსის კვანძის ერთგვარ გადაჭრაზე - თვით ბუშმაც კი თქვა უარი. თითქმის მთელი მისი პრეზიდენტობის პერიოდში ირანთან ომის თემა დღის წესრიგიდან არ გამქრალა. მაგრამ 2008 წელს ამერიკულ პრესაში „გაჟონა” ამერიკის დაზვერვის საიდუმლო დასკვნამ იმის თაობაზე, რომ ირანი ჯერ კიდევ შორს იყო ბირთვული იარაღის დამზადებამდე. ეს მხოლოდ იმას ნიშნავდა რომ ვაშინგტონმა ომი გადაიფიქრა და ამ გადაწყვეტილებას ამართლებდა. სხვა თუ არაფერი ერაყში, მძიმე გამოცდილების ირანში ჯარის გაშვებას ძნელად გაამართლებდა ვინმე. ეს მძიმე გამოცდილება იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ობამა სირიაში ჩარევას მოერიდა.

ტრამპის გადაწყვეტილება გარიგების დასამარებას ჯერ არ ნიშნავს. გერმანია და საფრანგეთი ჯერჯერობით გარიგებიდან არ გადიან და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გარიგებიდან არ გადის თავად ირანი. ეს პირველ რიგში იმით აიხსნება, რომ თეირანი ამერიკასა და ევროპას შორის განხეთქილებაზე თამაშობს. გარდა ამისა, ირანს ბოლო დროს მკვეთრად დაუპირისპირდა ისრაელი, რომელიც სახუმარო ოპონენტი ნამდვილად არ არის და ასეთ ვითარებაში თვითიზოლაცია კარგი გამოსავალი არ იქნება. ტრამპმა გარიგებიდან გასვლის შესახებ განცხადება 8 მაისს გააკეთა. ზუსტად მეორე დღეს კი, 9 მაისის დღესასწაულზე, მოსკოვში პუტინს ისრაელის პრემიერი ნათანიაჰუ ეწვია და აქედან სულ მალე ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში ირანის პოზიციებზე მიიტანეს იერიში. მოვლენათა ეს ჯაჭვი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ პუტინი არ არის წინააღმდეგი, რომ ისრაელმა სირიაში ირანელები შეავიწროვოს. იგი აქამდე მძიმედ რეაგირებდა ისრაელის მხრიდან უშუალოდ სირიის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ შეტევებზე, მაგრამ სირიაში ირანელებზე შეტევა მას მაინდამაინც არ ადარდებს. საქმე ისაა, რომ სირიაში ირანი მისი ყველაზე ძლიერი და ფანატიკური შეიარაღებული ფორმირებით - ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსით - არის წარმოდგენილი. ეს უკანასკნელი სირიაში ზედმეტად გაძლიერდა (მას შემდეგ, რაც იქ ოპოზიციის წინააღმდეგ იომა) და მისი თავიდან მოცილება იოლი საქმე აღარ არის არც ასადის ხელისუფლებისათვის და არც რუსეთისათვის. შესაბამისად, მოსკოვს გუშაგთა წინააღმდეგ ისრაელის გააქტიურება აწყობს კიდეც და ცხადია, რომ ისრაელიც არ გაჩერდება, რადგან გუშაგები გოლანის სიმაღლეებთან (ისრაელის მიერ კოტროლირებად სტრატეგიულ პოზიციებს სირიის საზღვართან) ცდილობენ გამაგრებას.  

მაგრამ ეს ჯერჯერობით არ იძლევა პასუხს შეკითხვაზე, რას აპირებს ტრამპი გარიგებიდან გასვლის შემდეგ. ერთ-ერთმა ფრანგმა დიპლომატმა მის ნაბიჯს უნილაციონიზმი უწოდა - უნილატერალიზმისა და იზოლაციონიზმის ნაზავი. პარიზში ცუდად ახსოვთ ერაყთან ომი, რომელმაც სერიოზულად გააფუჭა ამერიკულ-ფრანგული ურთიერთობები. ობამას დროს ურთიერთობები, ასე თუ ისე, დალაგდა. ამას მოჰყვა მაკრონისა და ტრამპის დამეგობრება და როცა საფრანგეთის პრეზიდენტი რამდენიმე კვირის წინ ვაშინგტონს ეწვია, გაჩნდა იმედი, რომ იგი ტრამპს გარიგებიდან გასვლას გადააფიქრებინებდა. მაგრამ ამაოდ. საინტერესოა რას აპირებს ტრამპი.

აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ადმინისტრაციიდან დაითხოვა ტილერსონი და მაკმასტერი. ეს უკანასკნელი  ჯონ ბოლტონმა ჩაანაცვლა, რომელიც ერაყში საომარი ოპერაციის დასრულებისთანავე ირანზე გალაშქრებას ითხოვდა. ამერიკული პრესა წერს, რომ ბოლტონი ახლა ირანში რეჟიმის ცვლილებაზე დებს ფსონს. რთული სათქმელია, რამდენად მიღწევადია ეს ახლა. ბირთვული გარიგებიდან გამოსვლა პირველ რიგში აზარალებს ირანის ზომიერ პრეზიდენტსა და გარიგების უპირველეს მომხრეს რუჰანის. გაძლიერებით კი აძლიერებს რადიკალებს, მათ შორის კი - გუშაგებს.

ირანისათვის საპროტესტო აქციები ბოლო წლები უცხო ხილი არ არის (იმედს ბოლტონს ალბათ ეს აძლევს) და აქციების ბოლო დიდი ტალღა ნაწილობრივ სწორედ რადიკალთა წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებიც სირიაში ოპერაციის სანაცვლოდ უზარმაზარ დაფინანსებას იღებდნენ და ამის გამო რიგით ირანელებს შემოსავალი საგრძნობლად შემოაკლდათ. ტრამპმა თავისი გადაწყვეტილება სხვა ყველაფერთან ერთად იმითაც დაასაბუთა, რომ ბირთვულმა გარიგებამ ირანს სული მოათქმევინა და საშუალება მისცა, რომ სირიაში გააქტიურებულიყო: რომ არა გარიგება ირანს სირიაში ასეთი ძლიერი პოზიციები არ ექნებოდა. ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არ არის - გარიგების წყალობით ირანს სანქციათა დიდი ნაწილი მოეხსნა, მისმა ეკონომიკამ ამოისუნთქა და გუშაგებსაც მეტი შესაძლებლობა მიეცათ. მაგრამ, მეორე მხრივ, თითქმის ყველა (მათ შორის გაერო) ადასტურებს, რომ ირანი გარიგების პირობებს ასრულებდა და ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა შეაჩერა. ანუ, გარიგება თავის მიზანს, როგორც ასეთი, ასრულებდა. ტრამპი აცხადებს, რომ იგი თეირანთან ახალ გარიგებას დადებს. მაგრამ რამდენად იოლი იქნება ეს მას შემდეგ, რაც თავად იგი ობამას გარიგებიდან გავიდა? როგორც უკვე ვთქვით, ობამასათვისაც ამ გარიგებამდე მისვლა იოლი არ იყო. გარდა ამისა, გარიგებიდან გასვლა ირანელებს ტრამპისა და, ზოგადად, ამერიკის მისამართით ალბათ დიდი ნდობით არ განაწყობთ: თუკი ისინი ახლა მას რაიმეზე მოელაპარაკებიან, რა გარანტია არსებობს, რომ ამერიკის მორიგი პრეზიდენტი უკვე ამ ახალი, ტრამპთან დადებული გარიგებიდან არ გავა? 

ალბათ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ტრამპის ამ გადაწყვეტილებამ შექმნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^