Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართული ისტორიული რომანი

15 მაისი 2018

ქართული ისტორიული რომანის ისტორია ვასილ ბარნოვით იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ვასილ ბარნოვი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თანამედროვეობას და პრინციპში, თანამედროვეობის ამსახველი მწერალი იყო, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც მისგან დაგვრჩა, მისი ისტორიული რომანებია.

ვასილ ბარნოვს ისტორია აინტერესებდა იმდენად, რამდენადაც მიაჩნდა, რომ ყველაზე უფრო რელიეფურად სწორედ აქ აისახა სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა. გამოგონილი სინამდვილისა და ისტორიული სინამდვილის შერწყმით, ბარნოვმა სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლის ასპარეზი წარმოადგინა.

ისტორიულ რომანებში, ავტორი, რა თქმა უნდა, მატიანის ცნობებს ეყრდნობა, თუმცა, იქ, სადაც ისტორია არაფერს ამბობს, მას რჩება შანსი, რომ ტექსტი საკუთარი ფანტაზიით გაამდიდროს.

ვასილ ბარნოვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული რომანი „ტრფობა წამებულია“, ნაწარმოები, რომელიც უხვადაა გაჯერებული ისტორიული ფაქტებით. რომანში აშოტ კურაპალატისა და სიძვის დედაკაცის სიყვარულის რთული ამბებია მოთხრობილი.

ეს რომანი აშოტის სიყვარულზეა, ისტორიულ ბრძოლაზე საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის. აქვე გვხვდება ვასილ ბარნოვის მიერ გამოგონილი, აშოტ კურაპალატისა და გრიგოლ ხანძთელის მეტოქეობის ეპიზოდები.

ნაწარმოების მთავარი აზრი სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაა, სადაც სიკეთე აშოტისა და შუქიას გულწრფელი, ნამდვილი და ამაღლებული სიყვარულის სახითაა წარმოდგენილი, რასაც, ავტორის აზრით, ბოროტი ძალა - ეკლესია უპირისპირდება.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე

მწერალმა, აშოტის მეუღლე ამპარტავან, პატივმოყვარე პიროვნებად გამოიყვანა, რომელთანაც მეფე ბედნიერი არ არის და შუქიას სახით, სწორედ სითბოს, გულწრფელ და ადამიანურ ურთიერთობას მონატრებულ მეფეს ეწვევა დიდი სიყვარული.

საინტერესოა, რომ მწერალმა გრიგოლ ხანძთელი ბოროტების მხარედ არ წარმოაჩინა და საეკლესიო ბოროტების სიმძიმის ცენტრი, როგორც მას მიაჩნდა, დედათა მონასტრის წინამძღვარზე, დედა თებრონიაზე გადაიტანა.

ამ ქალის შესახებ ცნობები გიორგი მერჩულესგან გვაქვს, თუმცა ვასილ ბარნოვმა ნაწარმოებში საკუთარი, განსაკუთრებული ელემენტი შეიტანა - თებრონია დიდგვაროვან ქალად გამოიყვანა, რომელიც გრიგოლთან ხანძთელთან ერთად აღზრდილა და ბავშვობიდან სწორედ გრიგოლზე ყოფილა შეყვარებული.

ვასილ ბარნოვი ამით თებრონიას სიყვარულის კატასტროფას წარმოგვიდგენს და სწორედ ამით ხსნის მის გაბოროტებას და სასტიკ ბრძოლას აშოტისა და შუქიას სიყვარულის წინააღმდეგ.

თებრონია წარმოჩენილია როგორც ადამიანებსა და სიყვარულზე გაბრაზებული, ხელჩაქნეული პერსონაჟი, რომელსაც ვერ წარმოუდგენია და გულს უკლავს, რომ სიყვარულში ვინმე შეიძლება ბედნიერი იყოს. თებრონიას წარმოუდგენლად მიაჩნია აშოტისა და შუქიას ბედნიერება და ბუნებრივია, რომ მას ზურგს უმაგრებს საეკლესიო დოგმატიკა, რომლის მიხედვითაც, ოჯახს გარე კავშირი სიძვა და უბედურებაა.

რომანი შუქიას გარდაცვალებით, აშოტის დაღუპვით სრულდება, თუმცა, ავტორის, სიყვარული გაიმარჯვებს, საეკლესიო დოგმატიკა კი დამარცხდება.

ბარნოვს აშკარად ჰქონდა მიზეზი, ეფიქრა, რომ ისტორიულად, აშოტის სიყვარული სიძვის დიაცის მიმართ, ნამდვილი და ჭეშმარიტი სიყვარული იყო. თავად გიორგი მერჩულეც წერდა, რომ აშოტი მექალთანე არ ყოფილა, ის, უბრალოდ, ეშმაკმა შეაცდინაო.

ასეთივე ძალის ვერ არის, თუმცა ისტორიულ სინამდვილეზეა დაფუძნებული ვასილ ბარნოვის კიდევ ერთი რომანი - „მიმქრალი შარავანდედი“.  ამ ნაწარმოებში ვასილ ბარნოვის ფანტაზიამ გაილაღა და შესაბამისად, ისტორიას ავტორის ფანტაზია სჭარბობს.

აქაც სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლაა. მამია გურიელის ქალს, თინათინს, ორი გრძნობა შესჭიდებია, არჩევნის გაკეთება სიყვარულსა და პატივმოყვარეობას შორის უხდება - შეუძლია გახდეს ან თავად ნოშრევანის, ან ლევან კახთა მეფის მეუღლე, რაც საქართველოს დედოფლობას უდრის. ავტორი ეყრდნობა მემატიანის ცნობას, თითქოს თინათინს სიზმარი ენახოს, რომლის მიხედვითაც, სამეფო მაყრიონს კახეთში მიჰყავდა. მემატიანის ამ ცნობაში ვასილ ბარნოვმა თინათინის პატივმოყვარეობა დაინახა და მისი სიზმარი თავისებურად გაიაზრა.

ნაწარმოებში თინათინი დედოფალი გახდა, თუმცა, ხუთი წლის შემდეგ, ყველაფერზე ხელი აიღო და მონაზვნად აღიკვეცა. ეს ამბავი ლევანის დამოკიდებულების გამო უნდა მომხდარიყო, მას ცოლი არ უყვარდა. ამას მოწმობს ისიც, რომ აღიკვეცა თუ არა თინათინი მონაზვნად, ლევანმა ლეკთა შამხალის ქალი მოიყვანა ცოლად, უარყო თინათინის ნაშობი შვილები, შამხალის ქალთან ნაშობი კი დაიახლოვა.

ბარნოვის აზრით, ლევანმა ვერ შეიყვარა თინათინი, რადგან სხვა უყვარდა. თინათინის ტრაგედია კი ის არის, რომ სიყვარულზე დედოფლობის სანაცვლოდ თქვა უარი. თინათინი მიხვდა, რომ ყველანაირი შარავანდედი იქ ქრება, სადაც სიყვარული არ არის. მან გადაიტანა ომი საკუთარ თავთან - ჯერ მამის სახლში, შემდეგ კახეთისკენ მიმავალ გზაზე, ლევანთან შეხვედრის დროს და ბოლოს, როცა მეუღლემ უარყო.

ნაწარმოების ფინალი ხაზს უსვამს ფილოსოფიურ კრედოს სიყვარულის ღვთაებრიობის შესახებ. ბოლოს და ბოლოს, თინათინმა ადამიანური სიყვარული ღმერთის სიყვარულით ჩაანაცვლა და მაინც იპოვა თავი ცხოვრებაში.

ასეთი იყო ვასილ ბარნოვი, თავისი, შედარებით გულუბრყვილო რომანებით, რომლითაც მართალია, ძალიან მაღალ მხატვრულ სიმაღლეებს ვერ მიაღწია, მაგრამ ქართულ ლიტერატურაში ისტორიული რომანის ჟანრი დაამკვიდრა.

სერიოზული ისტორიული რომანია მიხეილ ჯავახიშვილის - „არსენა მარაბდელი“, რომელიც 1933 წელს გამოიცა. საინტერესოა, რომ 1931 წლამდე „არსენა მარაბდელი“ იწერებოდა როგორც ისტორიული ქართული რომანი, 1931 წელს კი, ВКПБ-ის, ანუ კომუნისტური პარტიის დადგენილების შემდეგ, ჯავახიშვილს ამ რომანში მეტი ინტერნაციონალიზმის შეტანა მოუხდა.

ხალხურ ეპოსში ლეგენდად ქცეული არსენას შესახებ დაწერილი რომანი მწერლის სიცოცხლეში რამდენჯერმე გამოიცა. ნაწარმოები თავისუფლებისთვის ხალხის ბრძოლას ასახავს. სისხლიანი რეპრესიების ფონზე, ჯავახიშვილმა კიდევ უფრო გაამძაფრა თავისი რომანი. ხალხთა ბრძოლა XIX საუკუნეში გადაიტანა, თუმცა, რომანის ინტერნაციონალიზაციით, „არსენა მარაბდელი“ სერიოზულად „გაფუჭდა“.

არსენა ოძელაშვილი იმ ეპოქაში ცხოვრობდა, როდესაც რუსეთს ფეხი უკვე კარგად ჰქონდა საქართველოში მოკიდებული. ამ ფონზე, გამწარებული ქართველები ყველაფრისთვის მზად იყვნენ, თუმცა მეთაური არ ჰყავდათ. სწორედ ამ დროს გამოჩნდა არსენა ოძელაშვილი, რომელიც ჩვეულებრივი ყაჩაღის ნაცვლად, ჯავახიშვილმა ხალხთა მოძრაობის ლიდერად წარმოაჩინა.

არსენამ შექმნა და ერთგულების ფიცით შეკრა რაზმი. ჭკვიანი და შრომისმოყვარე მეთაური იყო, უსაქმოდ არ აჩერებდა ხალხს. იცოდა, რომ ქართველებს უქმობა არ გამოადგებოდათ; მკაცრი, წესრიგის მოყვარული მეთაური იყო. ეხმარებოდა ქვრივ-ობლებს, გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ იღებდა, საქმეს სწრაფად აკეთებდა. განათლებით დიდად ვერ გამოირჩეოდა, მაგრამ განათლებულ ხალხთან ურთიერთობა არ უჭირდა.   კარგი ფიზიკური მონაცემები ჰქონდა, ამბობდნენ, მხოლოდ გიორგი მჭედელი თუ დაეტოლებოდაო. ქართველი ხალხი თავისუფლებას რომ ვერ აზიარა, სინანულით სავსე სიტყვები აღმოხდა - მე ან ნაადრევად დავბადებულვარ, ან ძალიან დამიგვიანიაო.

მიუხედავად ამისა, ოძელაშვილის სახელი ხალხმა უკვდავყო - არსენას ლექსი მის სიცოცხლეშივე შეიქმნა, ჯავახიშვილმა კი გარკვეული კორექტივები ამ სახეშიც შეიტანა.

„არსენა მარაბდელი“ კარგი ისტორიული რომანი იყო, მაგრამ საბჭოთა სინამდვილემ, არსენას რაზმში რუსების, უკრაინელებისა და სხვათა გამოჩენამ ნაწარმოები შეცვალა. ეს არ არის მიხეილ ჯავახიშვილის საუკეთესო ნაწარმოები, მაგრამ, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, კარგა ხნის განმავლობაში სწორედ ასეთად ითვლებოდა.

საუკეთესო ქართული ისტორიული რომანი, რა თქმა უნდა, „დიდოსტატის მარჯვენაა“. პირადად ჩემთვის, გამსახურდიას საუკეთესო რომანს „მთვარის მოტაცება“ ჰქვია და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი დონის გენიალური წიგნები ძალიან იშვიათად იწერება.

სამწუხაროდ, ცხოვრებამ, ვითარებამ, უბედურებამ, გამსახურდიას კრიტიკის წლებმა (1936-1937), იმან, რომ ძალიან ბევრმა ქართველმა მოღვაწემ დაშვებულ „შეცდომებზე“ მიუთითა, ქართული პატრიოტიზმის ზედმეტ გამოვლენაში დაადანაშაულა და ა.შ. მოიტანა ის, რომ მან თარგმნა, ისტორიული რომანების წერა დაიწყო. მან აბსოლუტურად სწორად ჩათვალა, რომ ისტორიული რომანი ფიზიკური გადარჩენის გზა იყო. საერთოდაც, საოცარია, როგორ გადაურჩა ამ ეპოქას კონსტანტინე გამსახურდია.

ისტორიული რომანი „დიდოსტატის მარჯვენა“ ბევრისთვის კონსტანტინე გამსახურდიად, მის ოპუს მაგნუმად, ანუ ცხოვრების წიგნად იქცა.

მოგეხსენებათ, ამ რომანს სვეტიცხოვლის მშენებლობის ლეგენდარული ისტორია უდევს საფუძვლად, მთავარი მოქმედი პირები კი მეფე გიორგი I და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვარი - არსუკიძე არიან.

გვარი არსუკიძე გამსახურდიამ არსაკიძედ შეცვალა და მას თავისი სახელი -კონსტანტინე მისცა. საინტერესოა ისიც, რომ კონსტანტინე გამსახურდიას მამა ბავშვობაში უტას ეძახდა. არსაკიძესაც, ჯერ დედა, შემდეგ კი შორენა ეძახის უტას.

რომანში, რომელიც 1938-39 წლებში დაიწერა, მოქმედება XI საუკუნის საქართველოში მიმდინარეობს და საუბარია მთავარი, მნიშვნელოვანი ქრისტიანული ტაძრის მშენებლობაზე.

გარკვეულწილად, რომანი 1937 წლის ტრაგედიის შორეულ წარსულში, ალეგორიული, გადატანა აღმოჩნდა. ამ წიგნში 1937 წლის ტრაგედია კარგად იგრძნობა - ავტორმა ამ კატასტროფას გარკვეული, ისტორიული და მარადიული მოდელი უპოვა. თუმცა, დღეს ეს ნაკლებად ჩანს კონსტანტინე გამსახურდიას იმ მთავარი იდეის ფონზე, რომ ქართველებს არ შეგვიძლია დიდი ადამიანის ატანა და თუკი ვინმე ასეთი გამოგვიჩნდა, მას აუცილებლად დავკორტნით. ვფიქრობ, რომ ამ იდეამ რომანიდან 1937 წელი წაშალა და ქართველი მკითხველისთვის წიგნი უფრო დიდი, მარადიული გახადა.

„დიდოსტატის მარჯვენა“ კონსტანტინე გამსახურდიას ერთადერთი წიგნი იყო, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ აღიარა. მათ არც „მთვარის მოტაცება“ მოსწონდათ და არც შემდგომში, სოციალიზმის ჭრილში დაწერილი „ვაზის ყვავილობა“. როგორც ჯავახიშვილს არ გამოუვიდა კომუნისტური მწერლობის ნიმუში „ქალის ტვირთთ“, ასევე არ გამოუვიდა ის გამსახურდიასაც და ძალიანაც კარგი.

ვფიქრობ, რომ დრო სხვანაირად გადააწყობს რეიტინგს გამსახურდიას რომანებში, თუმცა, „დიდოსტატის მარჯვენა“ მაინც დარჩება მის არსენალში, როგორც ერთ-ერთი მთავარი წიგნი.

„დიდოსტატის მარჯვენა“ მოეწონათ სტალინსა და ბერიას. ეს ის სტალინია, რომელსაც სასტიკად არ მოეწონა გამსახურდიას მიერ მის შესახებ დაწერილი ტრილოგიის, „ბელადის“ I ტომი.

როგორც ამბობენ, „დიდოსტატის მარჯვენა“ სტალინმა ერთ ღამეში წაიკითხა. დაასრულა თუ არა რომანი, ბერიას დაურეკა, გააღვიძა და უთხრა, რა კარგი მწერალი ყოფილა გამსახურდია და რატომ არ ვიცოდიო?!

ამის შემდეგ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ წიგნი სასწრაფოდ გამოცემულიყო რუსულად და საბჭოთა რესპუბლიკების ენებზე.

რომანს კრიტიკაც შეეხო. 1945 წელს, რუსმა საბჭოთა მწერალმა შკლოვსკიმ იკითხა, ნაწარმოებში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები რატომ არ აისახაო. ბუნებრივია, შკლოვსკი გაიძვერა იყო. მაგ დროს არანაირი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა არ ყოფილა და ამ რომანშიო ის ვერ აისახებოდაო, - უპასუხა გამსახურდიამ.

სხვათა შორის, ანტირუსული განწყობა ამ წიგნში ანტიბიზანტიური განწყობებითაა გამოვლენილი. ასე რომ, „დიდოსტატის მარჯვენათი“ მოხიბლული ამხანაგი სტალინი აშკარად შეცდა, ეს ნამდვილად არ ყოფილა მისთვის სასარგებლო წიგნი. ქართველებს ხომ ეს წიგნი სწორედ იმიტომ უყვართ, რომ პატრიოტული და პროქართული განწყობებით არის გამსჭვალული.

რომანთან დაკავშირებით, ხშირად კრიტიკულად ამბობენ, რომ გამსახურდია ვერ გაერკვა მითში, რომ მითში მოჭრილ ხელზე კი არა, განმადიდებელ ხელზეა საუბარი. რა თქმა უნდა, დიდი სისულელე იქნებოდა იმის დაბრალება, რომ გამსახურდია ვერ გაერკვა, რა არის სვეტიცხოველზე გამოსახული. მან უბრალოდ გამოიყენა ხალხური მითი, სადაც აღნიშნულია „დამიჭირეს მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია?“. ავტორმა წარმოაჩინა ქალის გამო დაპირისპირება მეფესა და არქიტექტორს შორის, რაც ბუნებრივია, ისტორიულად სრულიად წარმოუდგენელია - მეფე თავს ასე არავის გაუყადრებდა, ასეთ ბრძოლაში არ შევიდოდა და არც ამის გამო მოკვეთდა ვინმეს მკლავს, მაგრამ ჩვენ ხომ ლამაზად დაწერილ ისტორიულ რომანზე ვსაუბრობთ, სადაც ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მშვენება - ფარსმან სპარსის სახეც გვხვდება?!

საერთოდ, ამ რომანში შესანიშნავადაა გამოვლენილი კონსტანტინე გამსახურდიას ოსტატობა. სამწუხაროდ, მან იგივე ვერ გაიმეორა „დავით აღმაშენებელში“ - რომანი ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ ოცი წლის შემდეგ მოუწია დასრულება და „ისეთი“ აღარ გამოუვიდა.

გამსახურდიას ჩაფიქრებული ჰქონდა კიდევ ერთი დიდი რომანი - „თამარი“ და დაიწყო კიდეც მისი გამოქვეყნება „მნათობში“, თუმცა ვეღარ დაასრულა.

ბუნებრივია, არის სხვა ისტორიული ნაწარმოებებიც, რომლებიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ. უპირველეს ყოვლისა, ლევან გოთუას პოპულარული სერია „გმირთა ვარამი“.

ლევან გოთუა შესანიშნავი ადამიანი იყო, რეპრესირებული კაცი, რომელიც 1921 წლის თებერვალში მოხალისედ წავიდა კოჯორში და თბილისის დამცველებს შეუერთდა. ის იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და ახალგაზრდული ფრთის ლიდერი. მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყების მომზადებაში, რის გამოც დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. შვიდი თვის შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ 1925 წელს ხელახლა დააპატიმრეს - სასჯელს ჯერ თბილისის, შემდეგ კი მოსკოვის ციხეში იხდიდა. მოგვიანებით სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, რაც ვლადიკავკაზში თავისუფალი გადასახლებით შეუცვალეს. გაქცევის მცდელობისთვის კი სასჯელი 1936 წლამდე გაუხანგრძლივეს. იყო ნარიმისა და ბიისკის საკონცენტრაციო ბანაკებშიც. მეორე მსოფლიო ომის გამოცხადებისთანავე იატაკქვეშა პოლიტიკური ორგანიზაცია, „თავდაცვის კომიტეტი“ შექმნა, რის გამოც 1946-1955 წლებში ვორკუტის საკონცენტრაციო ბანაკში იჯდა.

ისტორიული რომანი „გმირთა ვარამი“ სწორედ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გადაამუშავა და 1958-1962 წლებში გამოსცა. კარგად მახსოვს, რა რუდუნებითა და სიყვარულით ელოდა ხალხი ამ წიგნების გამოსვლას.

„გმირთა ვარამის“ მოქმედება XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ვითარებას ასახავს, ჩვენი ცხოვრების ყველაზე სისხლიან პერიოდს. რომანში გვხვდება სულიერი სიმტკიცის ამბები, უამრავი ისტორიული ფაქტი, გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული ცნობა, ისტორიული პირი, კოლორიტული ხალხური პერსონაჟი, ტრაგიკული ეპიზოდი, ქვეყნის აღორძინების იმედი და ა.შ.

გარდა ამისა, ლევან გოთუას დაწყებული ჰქონდა მუშაობა ისტორიულ რომანზე -„მითრიდატე“. სამწუხაროდ, მხოლოდ პირველი წიგნის დასრულება მოასწრო. ასევე, ისტორიულ თემებზე იყო მისი მოთხრობები: „კრწანისის სევდა“, შესანიშნავი მოთხრობა - „ყინწვისის ანგელოზი“, „ხანძთის ზარი“ და ა.შ. ასე რომ ლევან გოთუა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორია ისტორიული რომანების ჟანრში.

ისტორიული რომანებზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ თავის დროზე უაღრესად პოპულარული გრიგოლ აბაშიძის წიგნები - „ლაშარელა“, „დიდი ღამე“, „ცოტნე“. ასევე, კასრაძის „ფარნაოზი“ და ჭაბუა ამირეჯიბის „გიორგი ბრწყინვალე“, რომელმაც მისი სხვა რომანებისგან განსხვავებით, დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა. აქვე შეიძლება ვახსენოთ თითქმის მხატვრული ძეგლი „უქარქაშო ხმლები“.

ხშირად ახსენებენ ისტორიულ მოთხრობა „ბაში აჩუკს“. თუმცა, აკაკის ისტორიული კონცეფციები ოდნავ განსხვავებულია სხვებისგან; ისტორიულ ნაწილში მას განსაკუთრებით აინტერესებს თავისი კუთხის წარმომადგენელთა მონაწილეობა, რაც, დღევანდელი გადასახედიდან, მინიმუმ სახალისოა. საერთოდაც, აკაკის საკმაოდ მსუბუქი დამოკიდებულება აქვს ისტორიის მიმართ. შეიძლება გავიხსენოთ ილიას რამდენიმე მოთხრობაც, მაგრამ მთავარი ნაწარმოებები მაინც: „დიდოსტატის მარჯვენა“, „არსენა მარაბდელი“, „ტრფობა წამებული“ და „გმირთა ვარამია“, „ლაშარელაც“ სადღაც აქ შეიძლება ვახსენოთ.

არ იფიქროთ, თითქოს ეს რეიტინგი მნიშვნელოვანია, თუმცა, რეიტინგის მიხედვითაც რომ დაგვესახელებინა, „დიდოსტატის მარჯვენა“ მაინც პირველი, ყველაზე დიდი ისტორიული რომანია.

საინტერესოა, რომ ისტორიულ მასალას უკვე თანამედროვე მწერლებმაც მოკიდეს ხელი და ამ მხრივ, გამორჩეულია აკა მორჩილაძის მადათოვის ტრილოგია, რომელიც, რა თქმა უნდა, ისტორიულიცაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 მაისი
25 მაისი

ჩაშლილი სამიტი და სამი მძიმე მომენტი

ამერიკისა და ჩრდილო კორეის სამიტი გადაიდო, ან შეიძლება სულაც ჩაიშალა. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, როცა სამხრეთ კორეის პრეზი ...
25 მაისი
25 მაისი

ინტერვიუ: სტივენ ჯონსი პირველი დემოკრატი ...

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავზე მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორს, ბრიტნელ მეცნიერს სტივენ ჯონსს ვესაუბრეთ ...
24 მაისი
24 მაისი

ფსიქოლოგები სკოლაში - რამდენად რეალურია ...

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 7 მაისს სამინისტროს სამოქმედო გეგმის წარდგენისას ყურადღება გაამახვ ...

მეტი

^