Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქორწინების იძულება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული

09 სექტემბერი 2014

საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობს, რომელიც ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს. დეპუტატებმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე საკომიტეტო მოსმენით უკვე მიიღეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების და პარლამენტარების მიერ მომზადებული ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ  ქორწინების იძულება დასჯადი გახდება.

ახალი ჩანაწერის თანახმად, ქორწინების, მათ შორის არარეგისტრირებული ქორწინების იძულება, დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 200-დან 400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე. იგივე, არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ქმედება კი – თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია ამბობს, რომ მშობლები, რომლებიც  არასრულწლოვანს დაქორწინებას აიძულებენ, ამაზე სისხლისამართლებრივად  აგებენ პასუხს. ასევე, მოტაცება, რომელიც საკმაოდ გავრცელებული იყო საქართველოში იქნება დასჯადი.  თუკი აქამდე  გამტაცებელი  უკანონო თავისუფლების აღკვეთის მუხლით აგებდა პასუხს, ცვლილების მიღების შემთხვევაში  ქორწინების იძულებასთან დაკავშირებით პირდაპირი მუხლი იარსებებს.

„ნებისმიერი პირი რომელმაც იცის, რომ ოჯახი არასრულწლოვანს დაქორწინებას აიძულებს, ისინი პასუხისმგებელნი არიან მიმართონ შესაბამის ორგანოებს. მაგალითად, სკოლის მასწავლებელი რომელმაც იცის, რომ მის მოსწავლეს  ოჯახი ათხოვებს, ის ვალდებულია ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინოს. ეს გათვალიწინებულია ახალი ცვლილებებით,“- ამბობს თამარ კორძაია.

რაც შეეხება დანაშაულის გამოვლენას, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა იმ უწყებებს ეკისრებათ, რომლებიც ზოგადად არასრულწლოვნებზე ზედამხედველობას ახორციელებენ, იქნება ეს სოციალური სამსახურები თუ სკოლები.

„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ წარმომადგენელი ელისო ამირეჯიბი მიიჩნევს, რომ ქორწინების იძულება აუცილებლად დასჯადი უნდა გახდეს, რადგან  ეს არის ძალადობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა, რომელიც სხვაგვარად ვერ  გადაიჭრება.

 „ხშირად ქალს როგორც ნივთს ისე ექცევიან, მას არაფერს ეკითხებიან. იძულებით ქორწინება არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა, რაც ლახავს ქალების უფლებებს, არ აძლევს მათ თვითგანვითარების და განათლების მიღების საშუალებას. შემდეგ კი ისინი ოჯახში ძალადობის მსხვერპლებიც ხდებიან, ამიტომ ეს არის დანაშაული, რომელიც უნდა ისჯებოდეს“, - ამბობს ელისო ამირეჯიბი.

იძულებით ქორწინება, როგორც ქალის მიმართ ძალადობის ფორმა, სახალხო დამცველის ანგარიშებშიც ხშირად ხვდებოდა.

ის ფაქტი, რომ საქართველოში 18 წლამდე გოგონები ძირითადად მშობლების ნებართვით ქორწინდებიან, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ამ გოგონათა უფლებებს მრავალმხრივ არღვევს. კერძოდ, ადრეული ქორწინების დროს იზღუდება: „პიროვნული თავისუფლება და განვითარება, იკლებს განათლების მიღების შესაძლებლობა, ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მხრივ კი ამან შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს".

ოფიციალური მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე ქორწინების მიზეზით ადრეულ ასაკში, საბაზო საფეხურის დასრულებამდე, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა (9 კლასის დასრულებამდე) 7 367-მა გოგონამ შეწყვიტა. რეგიონების მიხედვით ყველაზე დიდი მაჩვენებელი ქვემო ქართლში ფიქსირდება, სადაც ამ პერიოდის განმავლობაში სწავლა 1214 გოგონამ შეწყვიტა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ადრეულ ასაკში დაქორწინებული გოგონები გენდერული დისკრიმინაციის, სქესობრივი კავშირის ძალდატანებით დამყარების, უსაფრთხო სექსის ზომების მიღების შეზღუდვისა და ოჯახური ძალადობის რისკების ქვეშ დგანან.

ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ათამდე სხვადასხვა კანონში შედის. ესენია: საქართველოს კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი,  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის და განათლების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული პროექტი „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ცვლილებების და დამატებების თაობაზე“.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^