Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადამიანი და ცხოველების პრეისტორიული „ფერმა“

22 მაისი 2018

როგორც ჩანს, ცხოველებისა და მცენარეების მოშინაურებამ ადამიანის ევოლუციაზე უდიდესი გავლენა იქონია. ალბათ სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანი მონადირე, შემგროვებელი ტიპიდან - ერთ ადგილზე მობინადრე ტიპად იქცა, შესაბამისად, დაიწყო კონცენტრაცია გარკვეული ადგილების გარშემო.

ზოგადად, კაცობრიობის ისტორიაში, ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, მეცნიერთა წრეში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. მაგალითად, ამ თემაზე საინტერესო ნაშრომი აქვს ჯარედ დაიმონდს, ამერიკელ ევოლუციურ ბიოლოგს, რომელიც მიიჩნევს, რომ ევოლუციურ პროცესში ადამიანის სოფლის მეურნეობაზე გადასვლა უდიდესი შეცდომა იყო, რასაც არაერთი უარყოფითი შედეგი მოჰყვა.

ახლო აღმოსავლეთში, თანამედროვე საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიაზე (ანუ იქ, სადაც, სავარაუდოდ, პირველად დაიწყეს ცხოველების მოშინაურება) აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის საფუძველზე, დაიმონდი ასკვნის, რომ თუკი მონადირე, შემგროვებელი მამაკაცის სიმაღლე 175 სმ., ხოლო ქალის - 165 სანტიმეტრი იყო, ცხოვრების ნირის შეცვლის შემდეგ, ადამიანებმა ფიზიკური დეგრადაცია განიცადეს და მამაკაცის საშუალო სიმაღლე 160 სმ., ქალების კი - 152 სანტიმეტრამდე შემცირდა. 

ამას გარდა, დაიმონდის აზრით, ადამიანის ნირის ამ ცვლილებას უკავშირდება დაავადებების გავრცელება, რადგან დაავადებების გარკვეული ტიპი პირდაპირ კავშირშია სწორედ მჭიდრო დასახლებასთან. მჭიდრო დასახლება შეუძლებელი იყო სოფლის მეურნეობის, სოფლის მეურნეობა კი - ცხოველებისა და მცენარეების მოშინაურების გარეშე. ასევე, დაიმონდი საუბრობს დაავადებების გადაცემის შესაძლებლობაზე, რაც იგივე, მოშინაურებული ცხოველებით ვაჭრობის თანმდევი პროცესი უნდა ყოფილიყო და შესაძლოა სწორედ ეს გამხდარიყო ეპიდემიების გავრცელების მთავარი მიზეზი. მოკლედ, ფაქტია, ასეთი შეხედულებაც არსებობს და ის საკმაოდაა ფაქტებით გამყარებული.

ზოგადად რომ განვიხილოთ, ცხოველებისა მოშინაურების გარეშე, ადამიანის ევოლუციის პროცესი სულ სხვაგვარად წარიმართებოდა, რადგან თითოეული სახეობის მოშინაურება ადამიანის შემდგომი განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენდა.

როგორც დღეისათვისაა ცნობილი, პირველი ცხოველი, რომელიც ადამიანმა მოიშინაურა - ძაღლია. მაგრამ, ჩნდება კითხვა - მიზანმიმართულად მოხდა თუ არა ძაღლის მოშინაურება?

არაერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ადამიანის მიერ მგლისგან ძაღლის მოშინაურება ასე მარტივად არ მომხდარა და ამ შემთხვევაში ბევრად უფრო რთულ, საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე.

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ადამიანი და მგელი, რომლებიც ერთი და იმავე საკვებით იკვებებოდნენ, ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ, თუმცა მათი, გარკვეულწილად სიმბიოტური ურთიერთმოქმედებით, გაცილებით უფრო გაძლიერდებოდა როგორც ორივეს სარგებელი, ასევე მათი ურთიერთობა.

ასეთი ჰიპოთეზა ჯერ კიდევ ლორენცმა წამოაყენა, რომელმაც საკუთარი წიგნის - „ადამიანი პოულობს ძაღლს“ - ერთ-ერთ თავს „შეთანხმება“ დაარქვა. მხატვრულად რომ ვთქვათ, ამ თავში აღწერილია, თუ როგორ შეთანხმდნენ ადამიანი და მგელი (შემდგომში ძაღლი), რომ ერთად გააგრძელონ ცხოვრება.

საინტერესოა, რომ მოშინაურების შემდეგ გენეტიკური დონეზე გარკვეული ცვლილება შეინიშნება როგორც ადამიანის, ასევე ძაღლის გენომში.

მიუხედავად იმისა, რომ ძაღლი მგლის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, მოშინაურების შემდეგ, ევოლუციურად ის მნიშვნელოვნად დაშორდა მგელს, მათ შორის ფიზიოლოგიური მონაცემებითაც. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ზოგადად, სელექციური სამუშაოები დაახლოებით XVIII საუკუნიდან იწყება და მანამდე მიმდინარე ცვლილებები ძაღლებში, დიდი ალბათობით, ბუნებრივად ხდებოდა. შესაძლოა, თავად ძაღლი ადაპტირდა ადამიანის გარემოსთან, რადგან აგრესიული ცხოველის მოკვლის შანსი გაცილებით მაღალი იქნებოდა - ჩვენ ხომ იმ პერიოდზე ვსაუბრობთ, როცა ნებისმიერი არსების, მათ შორის ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას მარტივად უყურებდნენ. შესაძლოა სწორედ ამას გამოეწვია ცხოველის ქცევის შეცვლა.

ასეა თუ ისე, დაახლოებით 12 ათასი წლის წინ, როდესაც ადამიანი და მგელი (შემდგომში ძაღლი) ერთად დასახლდნენ, ანუ როდესაც მგელი გახდა ძაღლი, ამის შემდეგ ადამიანისთვის განვითარების სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. უპირველეს ყოვლისა, ადამიანი გაცილებით უფრო წარმატებულად ნადირობდა. ასევე, მას ნაწილობრივ მოუგვარდა საკუთარი ტერიტორიის დაცვის პრობლემა, რადგან ძაღლი, რომლის სმენა და ყნოსვა გაცილებით მახვილია და უფრო ადრე ახერხებს საფრთხის აღმოჩენას, ნებით თუ უნებლიეთ, ადამიანს ამის შესახებ ატყობინებდა.

ძაღლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვა ცხოველების მოშინაურების პროცესშიც. მისი მოშინაურებიდან დაახლოებით 6 ათასი წლის შემდეგ, ადამიანი იშინაურებს ცხვარსა და თხას. ეს წარმოუდგენელი იქნებოდა ძაღლების გარეშე. ასევე, აღსანიშნავია, რომ ძაღლის უძველესი ჯიშები სწორედ ყარაულ, მეცხვარე ტიპის კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც არა მხოლოდ იცავდნენ, არამედ მწყემსავდნენ კიდეც საქონელს.

ასე რომ, ძაღლმა შეძლო დახმარებოდა ადამიანს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაში.

რაც შეეხება ცხვარსა და თხას, ისინი გამოიყენებოდა საკვებადაც, ასევე, გამოიყენებოდა მათი რქები, ჩლიქები და ესეც, გარკვეულწილად ხელს უწყობდა ადამიანის კულტურის განვითარებას.

მეორე მნიშვნელოვანი ცხოველი, რომელიც ადამიანმა დაახლოებით 8 ათასი წლის წინ მოიშინაურა - ცხენია. აქ ერთ ძალიან საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე - გარეული ცხენის არცერთი თანამედროვე სახეობა, მათ შორის არც პრჟევალსკის ცხენი, არ ენათესავება ცხენის იმ ტიპს, რომელიც თავის დროზე ადამიანმა - აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის მიდამოებში მოიშინაურა.

თავდაპირველად, ცხენს საკვებად მოიპოვებდნენ. თუმცა, გარკვეულ ეტაპზე, როდესაც ადამიანმა მისი მოშინაურების პროცესი დაიწყო, ცხოველმა უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეიძინა. ის იყო პირველი ტრანსპორტი და ალბათ არანაკლები როლი შეასრულა ადამიანის განვითარებაში, ვიდრე ცეცხლის გამოყენებამ ან ბორბლის გამოგონებამ.

ცხენის მოშინაურებამ შესაძლებელი გახადა ადამიანის დიდ მანძილზე გადაადგილება, ტვირთის გადატანა და ამით ხელი შეუწყო ადამიანის დიდ ტერიტორიაზე განსახლებას.

ადამიანის გადასვლა მობინადრე ტიპის ცხოვრებაზე, მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ძროხისდა ხარის მოშინაურებაზე.

მათ იყენებდნენ სხვადასხვა ფუნქციით. მათი დახმარებით იქმნებოდა დიდი რაოდენობით საკვები, გამოიყენებოდა როგორც ხორცი, ისე რძე, ჩლიქები, ძვლები, რქები. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, რომ სწორედ ხარი იყო ძირითადი გამწევი ძალა სამუშაოების პროცესში.

ბუნებრივია, ხარის გარეშე გაცილებით რთული იქნებოდა მიწის მომზადება სოფლის მეურნეობის სამუშაოებისთვის, ასევე, მისი მიწის დამუშავებაც. ალბათ გარკვეულწილად ამითაც არის განპირობებული, რომ ხარის კულტი არაერთ კულტურაში გვხვდება.

საერთო ჯამში, ჩვენ ვისაუბრეთ იმ შინაურ ცხოველებზე, რომელიც ადამიანმა გარკვეული მიზნით მოიშინაურა. ამას გარდა, არსებობს კონკრეტულად ამა თუ იმ ლოკალური ტერიტორიისთვის დამახასიათებელი მოშინაურებული ცხოველები, რომელიც მხოლოდ ამა თუ იმ კონკრეტულ გარემოში მცხოვრები ადამიანებისთვის არის მნიშვნელოვანი, მაგალითად, აქლემი, ლამა და ა.შ.

გარდა ამისა, არსებობს ერთი განსაკუთრებული შინაური ცხოველი, რომელიც არავინ იცის, რატომ მოიშინაურა ადამიანმა, ან საერთოდ, ადამიანმა მოიშინაურა თუ არა. ერთი ასეთი სახუმარო ფრაზაა - ადამიანმა კი არ მოიშინაურა კატა, არამედ კატამ - ადამიანი, რომელმაც გარკვეულ ეტაპზე გადაწყვიტა, რომ ადამიანთან ერთად ეცხოვრა. კატამ თავის თავზე აიღო წვრილი მღრღნელების განადგურების შეთავსებითი ფუნქცია, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, არცთუ დიდი წარმატებითა და მონდომებით ასრულებს.

მიუხედავად ამისა, კატა ის ცხოველია, რომელიც ადამიანთან ცხოვრობს, იმიტომ, რომ უბრალოდ ასე უნდა და ცხოვრობს ისე, როგორც უნდა.

დასასრულ, კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი ადამიანის მიერ ძაღლის მოშინაურების მნიშვნელობას. საინტერესოა, რომ ბოლო კვლევების მიხედვით, ეს პროცესი რამდენიმე სხვადასხვა ადგილას ერთდროულად მიმდინარეობდა. სწორედ ძაღლმა მისცა ადამიანს საშუალება, ჰქონოდა მეტი თავისუფალი დრო, დრო, რომელიც სხვადასხვა, მათ შორის შემოქმედებითი საქმიანობისთვის შეეძლო გამოეყენებინა. ბუნებრივია, ეს საკითხები კვლევის საგანია, თუმცა, დიდია ალბათობა იმისა, რომ სწორედ ძაღლმა მისცა ადამიანს სხვა ცხოველების მოშინაურების ბიძგიც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^