Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მუშებისა და მუზების „მიქსი“

30 სექტემბერი 2014

თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი „გარიყულაში“

თუ ტრადიციული სამრეწველო ცნობიერება კასპის რაიონის ცემენტის წარმოებას უკავშირდება, თანამედროვე მხატვრებისა და არტისტებისათვის  კასპის რაიონის სოფელი ახალქალაქი ისტორიულ „ბოლგარსკიაანთ სასახლესთან“, თანამედროვე ხელოვნების ცენტრთან და არტვილა „გარიყულასთან“ ასოცირდება.

„ბოლგარსკიაანთ სასახლე“ - სწორედ ასე უწოდებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და მხატვრები მდინარე თეძამის ნაპირზე გაშენებულ  სააგარაკო მამულს, რომელიც პოლონური წარმოშობის თბილისელმა სამოქალაქო ინჟინერმა, ვასილი ბოლგარსკიმ 1885 წელს საკუთარი მეუღლის პატივსაცემად ააშენა. საზაფხულო სახლში ბოლგარსკის არტისტული რეზიდენციის მოწყობა სურდა. თუმცა  საბჭოთა წითელი ტერორის წლებში  ის დააპატიმრეს და  დახვრიტეს. ბოლგარსკის ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს და სახლი მთლიანად გაძარცვეს. საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით,  სასახლეს ფლიგელი მიაშენეს, რომელშიც სკოლა-ინტერნატი გახსნეს. თუმცა წლების შემდეგ ინტერნატი დახურეს და შენობა განადურების პირას აღმოჩნდა.

მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან ეს შენობა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა აითვისეს. თუმცა გარიყულას არტცენტრად გადაქმნა მხატვრისა და პედაგოგის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივითა და ძალისხმევით მაინც მოხერხდა. სტუდენტებთან ერთად ის „ბოლგარსკიაანთ სასახლეში“ დასახლდა და ისტორიულ შენობას ახალი ფუნქცია მიანიჭა - შექმნა არტისტების ერთგვარი კომუნა, მოგვიანებით კერძო ფონდიც დააარსა. უკვე რამდენიმე წელია იქ თანამედროვე ხელოვნების პირველი რეგიონული ცენტრი - „არტვილა გარიყულა“ ფუნქციონირებს.

21-ე საუკუნეში „გარიყულა“ კულტურული გაცვლის, აზროვნებისა და შემოქმედებითი პრაქტიკის სივრცეს ქმნის, სადაც იკრიბებიან არტისტები მთელი მსოფლიოდან. „გარიყულას“ უნიკალურობას რამდენიმე გარემოება განსაზღვრავს: უმთავრესია  შემოქმედებითი გარემო და სასახლის მდიდარი ისტორია, რომელიც გასული საუკუნის საქართველოს პოლიტიკურ თუ კულტურულ მოვლენებს ასახავს.

ამავე დროს, არტვილა მულტიფუნქციურ საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ბაუჰაუზის (Bauhaus) გამოცდილებას ეყრდნობა და ქართული თანამედროვე ხელოვნების სამომავლო ტენდენციებს განსაზღვრავს. კერძოდ, აერთიანებს კვლევას, საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლების პრაქტიკულ კომპონენტს სახელოვნებო  სასწავლებლების სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, არტვილაში სამუზეუმო განწყობაც იგრძნობა, რადგან თანამედროვე მხატვრების სამასამდე ნამუშევარია თავმოყრილი.

წლევანდელი (14-30 სექტემბერი), რიგით მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის თემა opus mixtum, თანამედროვე ხელოვნების ლამის უსაზღვრო და პოლივალენტური შესაძლებლობებით არის შთაგონებული. ლათინური ტერმინი opus mixtum ანტიკური ეპოქის არქიტექტურულ ექსპერიმენტებსაც უკავშირდება და ჩენი ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ და არტტრანსფორმაციასაც. ის შერეულ ნამუშევარსაც ნიშნავს, რომელიც სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციულ ტექნიკას აერთიანებს.

მთლიანობაში ექსპოზიცია უფრო ჭრელ და ქაოსურ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა ამგვარ „სიჭრელეს“ გამართლება აქვს, რადგან კონცეფცია opus mixtum  ამგვარი „წაკითხვის“ შესაძლებლობას ტოვებს. წარმოდგენილია როგორც არქიტექტურულ მოტივებზე აგებული კონსტრუქცია-მასალები, ასევე სხვა ტიპის ინსტალაციები, ხის და ქვის ნამუშევრები, გარემოსთან მორგებული და შეხამებული ობიექტები, ვიდეოარტი და პერფორმანსი.

 ავტორების, ყარამან ქუთათელაძის და არტ-კრიტიკოსის, ხათუნა ხაბულიანის კონცეფციით, წლევანდელი ფესტივალის განმსაზღვრელია თავისუფლების ხარისხი, მულტიმედიის გამოყენება, შერეული ტექნიკა  და ნამუშევრებში გამოვლენილი ორიგინალური არტისტული ხედვა.

გარიყულას საექსპოზიციო სივრცე (ეზო) რამდენიმე ეროვნულ პავილიონს აერთიანებს - ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიის, საფრანგეთისა და საქართველოს. აგრეთვე ინსტიტუტ „სტრელკას“ (მოსკოვის არქიტექტურისა და დიზაინის ინსტიტუტი) დამოუკიდებელ პროექტს. ყველა პავილიონი კონცეპტუალური პრეტენზიით შეიქმნა და გარიყულაში კონკრეტული ქვეყნის მუდმივი კულტურული სივრცის შექმნას გულისხმობდა. სხვა საკითხია რამდენად ზუსტად და მკაფიოდ აირეკლება ნამუშევრებში დროის გამოძახილი და სივრცესთან „თამაშის“ მისი „დაპყრობის“ უნარი. ასევე მნიშვნელოვანია ორიგინალური გააზრება, ობიექტების სიმყარე, არტისტების რეფლექსიისა და თვითირონიის უნარი. 

გამორჩეულია ამერიკელი არქიტექტორის, გრეგ ფლეიშმანის ინოვაციური პავილიონი, რომელიც „ფაზლის“ პრინციპითაა აგებული და „ლეგოსა“ თუ  კონსტრუქციული სათამაშოების ირონიულ გააზრებას წააგავს. ოთახი-სახლი-ქოხი-კარავი... ეს თითქოს მხატვარ-მოგზაურის ბიბლიური და თან ტურისტული წარმოსახვაა. მთავარია, რომ ობიექტი ჩაქუჩისა და ლურსმნების გარეშეა აგებული, რაც მის ორიგინალურობას უსვამს ხაზს.

„სტრელკამ“ (რომლის დამფუძნებლები არიან არქიტექტორები დიმიტრი ლიკინი, ანასტასია ლიკინა და ოლეგ შაპირო), თავიანთ პროექტში „გარიყულას“ ტერიტორიაზე ოდესღაც არსებული არყის სახდელი ქარხნის ნანგრევები პავილიონად, ამფითეატრად და სუფრის ადგილად ერთდროულად აქცია. რითაც არტისტებმა ბახუსის საზეიმო, მაგრამ გაცვეთილი წარსული ლოთებისა და მხატვრების საკულტო სასმელს - არაყს და მის გამოხდის რიტუალს დაუკავშირეს.  

ჰოლანდიელი მხატვრებისა და არქიტექტორების ჯგუფმა ქართულ კლასიკურ არქიტექტურას (კერძოდ, დარბაზის  ელემენტებს) ხისგან აგებულ პავილიონის სტრუქტურაში განმსაზღვრელი ფუნქცია მიანიჭეს. რაც შეეხება ფრანგულ პავილიონს (ავტორები ვენსან სკალი, ფრანსუა სკალი, გელა წულაძე, გიიომ ჟერო), აქ წარმოდგენილ ობიექტში საფრანგეთის სამფეროვანი დროშის სიმბოლიკა და არმატურის მკაცრ კონსტრუქციაში მოქცეული ქვები  „მონა ლიზას“, ანუ მარადიული არტის  ირონიული გააზრებაა.

 

ქართული პავილიონის მომზადებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ კოტე ჯინჭარაძე, თუთუ კილაძე, კოკა რამიშვილი, მანანა არაბული. განსაკუთრებით საინტერესოდ აღიქმება თუნუქის ფურცლებისგან გაკეთებული არტობიექტი „ჩიტები“ (კოტე ჯინჭარაძე და თუთუ კილაძე). საინტერესო ისტორიულ-არქეტიპული მზერის ობიექტი Constrution transformation (ავტორი ლია ბაგრატიონი) და ობიექტი „სკამი“ (სანდრო ლომინაშვილი)...

ასე რომ, მუზებისა და მუშების მარადიული კავშირი, ანუ ხელოვნება და ხელოსნობა, არტისტული სიგიჟე და რაციონალური მიდგომა მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის მთავარი მოტივებია. თუ ამას მომავალში ახალი, კიდევ უფრო თამამი და კრეატიული იდეები დაემატება, „გარიყულა“ შესაძლოა ვიზუალური ხელოვნების არტბარომეტრიც გახდეს. მით უმეტეს, რომ ის ისტორიულ სივრცეს კარგად უხამებს თანამედროვეობას.

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^