Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კორტნი: საქართველომ NATO-ს სამიტამდე მეტი უნდა გააკეთოს

29 მაისი 2018

ავტორი: ანა კალანდაძე

უილიამ კორტნი აშშ-ის ყოფილი ელჩია საქართველოში. ბოლო სტატიაში "საით მიდის საქართველო" , რომელიც ვაშინგტონში პრემიერ კვირიკაშვილის უკანასკნელი ვიზიტის ბოლოს გამოქვეყნდა, კორტნი, ორ თანაავტორ-კენეტ იალოვიცთან და დენიელ ფრიდთან ერთად-ქვყნის მონაპოვარს და გამოწვევებს აფასებს. მას ინტერვიუ ამასთან დაკავშირებით ვთხოვეთ:

თქვენი აზრით, რას დაპირდნენ საქართველოს დელეგაციას ვაშინგტონში ვიზიტისას?

წლების განმავლობაში, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, შეერთებული შტატები მხარს უჭერდა და უჭერს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ტრამპის ადმინისტრაცია ამავე ორპარტიული პოლიტიკის გამგრძელებელია.

ბოლო სტატიაში "Where is Georgia Headed" აღნიშნეთ, რომ NATO-ში გაწევრიანება საქართველოსთვის ახლო მომავლის პერსპექტივა არ არის. რას უნდა ელოდოს საქართველო ბრიუსელის სამიტისაგან?

საქართველომ, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს NATO-ს ახალ სამხედრო წვრთნებში, მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ახლა, როცა აშშ დათანხმდა, საქართველოს მაღალი ხარისხის მომაკვდინებელი თავდაცვითი შეიარაღება მიაწოდოს, საქართველოს შეუძლია, NATO-ს სხვა მოკავშირეებიც დაითანხმოს იარაღის მიყიდვაზე. რადგან NATO-ს პრიორიტეტი წევრი ქვეყნების დემოკრატიული განვითარებაა, საქართველო ამ მიმართულებით მეტის გაკეთებას უნდა შეეცადოს.

თქვენ წერთ, რომ საქართველომ ამერიკასთან ურთიერთობაში “პრაქტიკულ თანამშრომლობაზე” უნდა გააკეთოს აქცენტი. რას ნიშნავს "პრაქტიკული თანამშრომლობა" თავისუფალი ვაჭრობის კონტექსტში? რამდენად წინ წასულები არიან მხარეები ამ მიმართულებით?

რადგან საქართველოსთან ვაჭრობა ამერიკის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის მცირე ნაწილია, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს. მეტიც, ამ ეტაპზე ამერიკელები ძალიან დაკავებულები არიან ისეთი საკითხებით, რომელიც ჩინეთთან ვაჭრობას, ან ჩრდილოეთი ამერიკის თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას ეხება. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მომზადების ნაცვლად, საქართველო უფრო მეტს მოიგებს, თუ საინვესტიციო კლიმატს გააუმჯობესებს ისეთ სფეროებში გადადგმული გონივრული ნაბიჯებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა და მედიის თავისუფლება.

რა უნდა გააკეთოს საქართველომ მეტი საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად?

ეს უნდა მოხდეს დემოკრატიის, განსაკუთრებით, კანონის უზენაესობის გაღრმავების ხარჯზე. პოლიტიკური პარტია უფრო მდგრადი იქნება და მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს, თუ ის დაეფუძნება ღირებულებებს და არა ქარიზმატულ ლიდერს, ან მდიდარი დონორის შემწეობას. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა უნდა გახდეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების გამოძიება. პრესაში გავრცელებულმა ცნობებმა გააძლიერა ეჭვი, რომ გატაცებაში საქართველოს სპეც-სამსახურები მონაწილეობდნენ, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

ქვეყნის შიგნით, საქართველოში, რა მიგაჩნიათ მთავარ გამოწვევად?

პოლიტიკური თვალსაზრისით, გავიმეორებდი იმას, რაც ზემოთ ვთქვი. ეკონომიკური გადმოსახედიდან, არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტური ბაზარი, რომ ხალხმა იყიდოს ან გაყიდოს მიწა, ან სესხის ასაღებად დააგირავოს ის. მსესხებელთა მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ბანკებს მიწის დროულად დაუფლების საშუალება მიეცეთ. ეფექტური, დეპოლიტიზირებული მიწის ბაზრის არარსებობა კორუფციას ახალისებს და საინვესტიციო გარემოს აფერხებს. ასევე შეიძლება დარჩენილი სახელმწიფო საწარმოების გაყიდვა, რაც ქართული ეკონომიკის ეფექტურობას შეუწყობდა ხელს და კორუფციის კერებს აღმოფხვრიდა.

რა ურთიერთობა უნდა იქონიოს საქართველომ რუსეთთან? რა შეუძლია, ურჩიოს საქართველოს ამერიკამ, მას შემდეგ, რაც ვიცით, რომ რუსეთი ამერიკის დემოკრატიულ წყობილებასაც კი დაესხა თავს?

რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობა, განსაკუთრებით ეკონომიკის დარგში, მნიშვნელოვანი მიღწევაა. დასავლეთს სურს, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. მაშინაც კი, როცა საქართველო რუსეთის აგრესიას იგერიებს, პრაგმატულ თანამშრომლობას გაუგებრობების, ან სხვა პრობლემების რისკის შემცირება შეუძლია, რაც თავის მხრივ, უსაფრთხოების რისკების შემცირებასაც ნიშნავს.

მასალა მოამზადა „ამერიკის ხმამ"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^