Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სირიის აღიარება - გარდაუვალობა თუ შეცდომა?

30 მაისი 2018

ასადის რეჟიმის მხრიდან აფხაზეთისა და, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება ჩვენი ხელისუფლებისათვის, წესით, სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო.

აფხაზურმა მხარემ კმაყოფილებით განაცხადა, რომ ამაზე მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყო და ამიტომ ასეთი აქტივობა, წესით, ჩვენს დიპლომატებსა და სპეცსამსახურებს არ უნდა გამოჰპარვოდათ.

მით უმეტეს, რომ ამაზე მინიშნებები რუსულენოვან მედიასა და ფორუმებზე კეთდებოდა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, რათა საპასუხო ზომები მიეღო.

ეს არ (ან ვერ) გაკეთდა და ამას თავისი გამართლება შეიძლება მოეძებნოს: ასადის რეჟიმს თბილისთან არანაირი საერთო ინტერესი არ აკავშირებს, მაშინ, როცა მასზე მოსკოვის გავლენა ძალიან დიდია. გარდა ამისა, ასადის რეჟიმი პრაქტიკულად მთელი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან იზოლირებულია და, შესაბამისად, მასთან საქართველოს ამერიკელ თუ ევროპელ მოკავშირეებს კონტაქტი გაწყვეტილი აქვს. ვის და როგორ უნდა ემუშავა ასეთ პირობებში სირიასთან?

არსებობს პრეცედენტები, როცა ქართულმა დიპლომატიამ თითქმის შეუძლებელი შეძლო და წაგებული პარტია შემოატრიალა. გავიხსენოთ თუნდაც ბელორუსი, რომელსაც აფხაზეთისა და, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ ქართულმა მხარემ ეს მაინც გადაათქმევინა.

ცხადია, ლუკაშენკოს ასადთან შედარება მთლად სწორი ნამდვილად არ იქნება (იმის მიუხედავად, რომ ბელორუსიის ლიდერი მაშინ გაცილებით მეტად იზოლირებული იყო დასავლეთის მხრიდან, ვიდრე ახლა). მაგრამ ამავე დროს ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ომის შემდგომ პერიოდში მოხდა, სააკაშვილის მმართველობის დროს, როცა რუსეთი გააფთრებული ლობირებდა აფხაზეთისა და, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას თავის მოკავშირეებთან.

სადღეისოდ, რუსეთი ამ თემით ისე აქტიურად აღარაა დაკავებული (რადგანაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას უფრო კარგი თვალით უყურებს) და შესაბამისად, ჩვენს დიპლომატიასაც არაღიარების პოლიტიკის გასატარებლად იმდენი სირთულე აღარ ხვდება, როგორც 2008-2012 წლებში. ამიტომაც მომხდარის ბოლომდე გამართლებაც არ გამოვა. რთულ გარემოებებში არაორდინალური და თამამი ნაბიჯებია საჭირო - მათ შორის თუნდაც შენი მოკავშირეების მიერ იზოლირებულ რეჟიმთან აქტიური მუშაობა. მით უმეტეს, რომ (ვიმეორებ) ამის პრეცედენტები უკვე გაქვს დაწყებული ბელორუსიიდან, დამთავრებული კუბით. ამ უკანასკნელთან მუშაობას პრევენციული ხასიათი ჰქონდა და შედეგად იქ აღიარება სერიოზულად არც განუხილავთ.

ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, გავაანალიზოთ, რაოდენ დიდ გავლენას მოახდენს ეს აღიარება აფხაზეთისა და, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსზე და შესაბამისად, ჩვენს პოზიციებზე. ალბათ არც ისე დიდს, რადგან ასადის რეჟიმი თავად არის იზოლირებული და დემონიზებული და მისი მხრიდან ასეთი პატივი სინამდვილეში არც ისე დიდი პატივია.

გამოითქვა შიში, რომ ასადის რეჟიმს შესაძლოა რეგიონის სხვა სახელმწიფოებმა მიბაძონ. მართლაცდა სირია ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოა და მას თავისი წონა აქვს, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ასადი სირიის მთელ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს და მისი ძალაუფლება რუსულ სამხედრო დახმარებაზე დგას. მაგრამ ასეთი საფრთხე მაინც არც ისე დიდია: ასადის ალავიტურმა რეჟიმმა აურაცხელი სუნიტი იმსხვერპლა და, შესაბამისად, მეზობელი არაბული სახელმწიფოებისაგან მას არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. რეგიონში ასადის ერთადერთ სერიოზულ მოკავშირეს შიიტური ირანი წარმოადგენს. მაგრამ ამ უკანასკნელს საქართველოსთან საკმაოდ ნორმალური ურთიერთობები აქვს და აღიარებით გაცილებით მეტს დაკარგავს, ვიდრე მოიგებს. გარდა ამისა, მოსკოვს ირანზე გაცილებით ნაკლები გავლენა აქვს, ვიდრე სირიაზე. დაბოლოს, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ სირიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებაში გარკვეული როლი, წესით, აფხაზურმა დიასპორამაც ითამაშა. ეს დიასპორა, სირიის გარდა, სხვაგან პრაქტიკულად არსად (მათ შორის არც ირანში) არსებობს.

სირიის მხრიდან აღიარებაზე გაცილებით საშიში და ზიანის მომტანი იყო და არის აღიარება ვენესუელას მხრიდან, რომელსაც თავის დროზე ლათინური ამერიკის რეგიონზე საგრძნობი გავლენა ჰქონდა (ნიკარაგუის მხრიდან აღიარება სწორედ ამ გავლენის შედეგი იყო). ჩავესის გარდაცვალებისა და მის მიერ დატოვებული რეჟიმის მორყევის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ მოვიდოდა დრო და ვენესუელა ამ აღიარებას უკან წაიღებდა. მაგრამ მორყეული რეჟიმი ჯერჯერობით კვლავ რჩება ხელისუფლებაში და ბოლო დროს ნავთობის გაძვირება მას ალბათ რაღაც დროით კიდევ გაუხანგრძლივებს არსებობას.

ყველაზე საინტერესო კი ალბათ ისაა - რამდენად მოსკოვის ზეწოლით მოხდა ეს აღიარება. ოფიციალურად, აფხაზეთისა და, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებისათვის ხელშეწყობა კვლავაც რჩება რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, აშკარაა, რომ ამ მხრივ მოსკოვი ბოლო პერიოდში ისე აღარ აქტიურობდა, როგორც 2008-2012 წლებში. მაშ რა მოხდა? რუსეთმა აღიარების კამპანია ხელახალი ძალით წამოიწყო, თუ ისე მოხდა, რომ სირიამ უფრო გამოიჩინა ინიციატივა (მათ შორის აფხაზური დიასპორის გავლენითაც)? ამას დრო გვიჩვენებს. ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, მოსკოვს, წესით, ასეთი კამპანიისთვის დიდად არ უნდა ეცალოს (თავი რომ დავანებოთ იმ აშკარა ფაქტს, რომ საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას ნაკლებად ერჩის, ვიდრე წინას). ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს უფრო მისი მხრიდან ერთჯერადი გამაფრთხილებელი გასროლა იყო. არც ასადის რეჟიმის მხრიდან ინიციატივის გამოჩენაა ბოლომდე გამორიცხული - დიქტატორმა თავის მოკავშირეს რაღაცით ვალი დაადო (ყოველ შემთხვევაში გააკეთა ის, რაც ოფიციალურად რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად ცხადდება) და სანაცვლოდ შეიძლება რაღაც მოსთხოვოს.

რომელი ვერსიაც არ უნდა იყოს მართალი, მოდუნება მაინც არანაირად არ შეიძლება. ქართულ დიპლომატიას მრავალი კოზირი უჭირავს ხელში ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში. ეს არის ეუთო-ს სამიტის რეზოლუცია აფხაზეთში ქართველთა წინააღმდეგ ეთნიკური წმენდის შესახებ (შევარდნაძის დროინდელი მიღწევა), ეს არის ვაშინგტონის მხრიდან მხრიდან აფხაზეთსა და, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული ოკუპაციის აღიარება (როგორც სააკაშვილის, ასევე ახლანდელი ხელისუფლების მიღწევა). ეს წაფორხილება, წესით, იზოლირებულ შემთხვევად უნდა დარჩეს და დიდი გავლენა ვერ უნდა მოახდინოს აფხაზეთისა და, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსზე. სამაგიეროდ, იმედი ვიქონიოთ, რომ იგი გამოფხიზლების სიგნალად იქცევა მათთვის, ვისთვისაც საჭიროა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^