Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს

30 ოქტომბერი 2014

ეგ მაგ კაცის ფონი იყო. იცოდა თავთხელები, ყველაფერი იცოდა. ეს ვან გაალი ფერგიუსონს ალბათ გადაუსწრებს ხაზვაში, თანამედროვე ტექნოლოგიებში, სხვანაირ კონტინენტურ მეცნიერებაში და რაში აღარ. ოღონდ ფეხბურთის საქმე ესა ყოფილა, რომ თუ კაცს თავზე მხრები ადგას, ნახევარი საქმე გამოცდილებაა.

დიდი ამბავი ტრიალებს მანჩესტერში, დაუმთავრებელ წვიმათა ქალაქში, სადაც ოდესღაც მისტერ როლსი მისტერ როისს შეხვდა. უფრო სწორად კი ეს დიდი ამბავი ტრიალებს მის ერთ ნაწილში, სადაც ბინა დაუდია ქალაქის ორ გუნდთაგან ერთს, უფრო სახელმოხვეჭილს, “იუნაიტედს”, რომელსაც მეორის ქომაგები ხანდახან დაცინვით უწოდებენ სელფორდ იუნატედს, რახან “იუნატედი” ყოველთვის აღიქმებოდა არა ქალაქურ, არამედ თანამგზავრ სელფორდის კლუბად, სადაც დღემდე ცხოვრობენ კლუბის გამოჩენილი მოთამაშენი და უამისოდაც, ეს “იუნაიტედის” სახლია.

მოკლედ, რაც შარშან გუნდის საჭე დიდმა რაინდმა ალექს ფერგიუსონმა დაუტევა და მემკვიდრედ კი ევერტონის მასავით სქოთი კაცი, დევიდ მოიესი დაასახელა, “იუნატიედის” საქმეები უკან წავიდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გუნდი პირველად ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგაში და მოიესსაც, რომელსაც მანამდე “ამორჩეულს” უწოდებდნენ, სეზონიც არ დაამთავრებინეს. 

“იუნაიტედის” პატრონია მძლე გლეიზერთა ოჯახი, ამერიკელები, რომლებიც დიდი კლუბით დიდ ბიზნესს მისდევენ. მათ ახლა მწვრთნელად ლუის ვან გაალი აირჩიეს, მსოფლიოს რჩეულთაგან რჩეული საფეხბურთო მოაზროვნე დამხაზველი. მას უკვე ოცდახუთ წელიწადზე მეტია ეკრანებზე თავისი განთქმული დავთრებით ვხედავთ, რომელთა სისქე და სიდიდე ვან გაალის ასაკთან ერთად მატულობს.

ვან გაალი “მანჩესტერში” პირდაპირ ჰოლანდიის ნაკრებიდან მოვიდა და საქმეს ჩვეული სიმკაცრითა და თანამედროვეობით შეუდგა. თავიდან იმასაც კი ამბობდა, ეს “მანჩესტერი” რა კაი გუნდი ყოფილა, ეგებ სულაც არავინ გამიხდეს საყიდელიო.

ეს აზრი რომ დღემოკლე იყო, მალე გამოჩნდა. დღევანდელ ფეხბურთში რომ ყიდვა-გაყიდვა ლამის გადამწყვეტია, ყველამ იცის. თუ ხარჯავ, გუნდი ახლდება. თუ არ ხარჯავ, აბა... გახსოვს, როგორ ცვთებოდა ბაბუის ნაქონი მფრინავის ქურთუკი? კი, ის იყო, მაგრამ გოგოსთან შესახვედრად მიმავალი მგონი ძმაკაცს ართმევდი ჟაკეტს.

ასეა “მანჩესტერიც”. ფერგიუსონის ოცდახუთწლიანი განუმეორებელი მეფობის ბოლო წლებში სერ ალექსმა საერთოდ აიღო ხელი მსოფლიო ვარსკვლავების ყიდვაზე და ისე გადიოდა ფონს.

ეგ მაგ კაცის ფონი იყო. იცოდა თავთხელები, ყველაფერი იცოდა. ეს ვან გაალი ფერგიუსონს ალბათ გადაუსწრებს ხაზვაში, თანამედროვე ტექნოლოგიებში, სხვანაირ კონტინენტურ მეცნიერებაში და რაში აღარ. ოღონდ ფეხბურთის საქმე ესა ყოფილა, რომ თუ კაცს თავზე მხრები ადგას, ნახევარი საქმე გამოცდილებაა.

ფერგიმ ისე იცოდა თავისი გუნდი და ინგლისის ფეხბურთი, რომ მგონი რვეული კი არა, კალმისტარიც არ დასჭირვებია არასდროს. მეტიც, მისი ფოტოც კი არ არსებობს, რომ საფეხბურთო დაფასთან იდგეს და იქ მაგნიტებს დაატარებდეს.

აი, ეს კი ვან გაალს არ აქვს. მას ინგლისურ ფეხბურთში არ უმუშავია, და არც იცის აქაური ამბავი. თუმცა ეს ერთგვარად მაინც ზედაპირული აზრია.

მაურინიო და სხვა რომ არ ვთქვათ, ამავე ქალაქში შარშან ჩამოსულ პელეგრინისაც არასდროს უმუშავია ინგლისში - “სიტი” ჩემპიონი გახადა. თუმცა იმას კლუბში ყველაფერი ასჯერ უკეთ დაუხვდა და საყიდლებიც ადრევე მოაგვარა. ამიტომ გამოუცდელობაზე გადაბრალება ნამეტანია. თუმცა, გააჩნია სად რა მუშაობს.

ვან გაალმა მაშინვე თქვა - სასწაული იქნება, წელს თუ ამ გუნდს ჩემპიონობამდე მივიყვანო, ანუ ვერ მივიყვანო. ერთხელ უარესი “ბავარია” მივიყვანე, მაგრამ ის გამონაკლისი იყოო.

ამიტომ უფრო გუნდზეა და არა იმაზე, წელს მოხვედი, თუ შარშან. კაი გუნდს კაი მწვრთნელი მალევე ითბობს. საშენებელი რომ დაგიხვდება, იქ იჭედება ხოლმე. ჰოდა, “ოლდ ტრეფორდზეც” ასეა. ის ფერგი, რასაც მიათრევდა, იმას მის გარდა ვერავინ გაათრევდა. მთელი საიდუმლოც ეს არის.

ჰოდა, დაიწყო პრემიერლიგა და ვან გაალმაც მიიღო და მიიღო. როგორც ერთ ქართულ ვიდეოშია _ იქიდან დარტყმა, აქედან დარტყმა. საიდან აღარ მიიღო. მაგრამ ბანქოს მოთამაშენი რომ იტყვიან, ასაყვანი უნდა აიყვანო, ასე მიჰყავდა ყველაფერი.

ამისდა კვალად, კი ჰოლანდიელმა ყიდვა და ქირაობა დაიწყო და 150 მილიონი გირვანქა დახარჯა. დიდი ფულია. მოთამაშენიც, ასე ვთქვათ, მოდური თუ მეინსტრიმული მოიყვანა. დი მარიაო, ფალკაოო, უმცროსი ბლინდიო. მოკლედ, აგროვებს. ამ სახელებით ჯერჯერობით ერთხელ გაილაღა და მეორედ კი ინგლისური მოუვიდა: პატარა “ლესტერმა”, მელიებმა, როგორც ხალხში ეძახიან, შინ თრილერი დაუდგა, 1:3-დან თამაში შემოუტრიალა და ამ ახალდახარჯულს 5:3 მოუგო. 

ასეთი მოტრიალებები ინგლისური ლიგების ერთი შერჩენილი ხიბლია, მაგრამ ახალი “მანჩესტერისთვის” ეს მძიმე დარტყმა იყო და არა დაუვიწყარ თამაშში მონაწილეობა.

საერთოდ, პირი ისეთი უჩანს, რომ ვან გაალს დააცდიან ახალი გუნდის შენებას. ეს ისეთი ლიგაა, სადაც “ჩელსის” ამღორძინებელ-გამაჩემპიონებელი მაიურინიო ცხრა ტურის თავზე გააგდეს. თანაც მფლობელებს ვერ გაუგებ. ეგებ ერთ დღეს უბრალოდ სხვა გეგმა აამუშაონ. სჯობს თუ დააცდიან, რადგან ყოველთვის სჯობს, დიდი კაცი დიდ გუნდს აშენებდეს, მაგრამ კლუბი ფულია, აქციები ეცემა, ხარჯები იზრდება და სხვა ათასი რამ ხდება. “მანჩესტერი” ბიუჯეტით ბარე ორ პატარა ქვეყანას გაეჯიბრება და ამას სიმაღლეზე ყოფნა უმაგრებს ზურგს.

მცოდნენი კი ფიქრობენ, რომ მაღლა დაბრუნებამდე ჯერ შორია.

ფილ ნევილი, “მანჩესტერის” ოდინდელი მოთამაშე, მეორე ნევილი, როგორც ადრე ეძახდნენ, დღეს კი აზრების გამომთქმელი BBჩ-სა და სხვა ადგილებში, ამბობს, რომ წინსვლამდე “მანჩესტერს” ორი სატრანსფერო ფანჯარა და ასი მილიონი გირვანქა აშორებს. ანუ დასახარჯი კიდევ ბევრიაო. და მანძილის საზომიც “მანჩესტერისთვის” ფულზე ძევს და არა იარდებსა და მილებზე.

აი, იმას იქით კი ალბათ ნამდვილად არავინ იცის, რა აშენდება და როგორ, ბებერ რუნის გარშემო თუ უმისოდ. რუნის კი, რაც ბერდება, თმა უფრო და უფრო უხშირდება, ნაბიჯი კი უნელდება. იმას იქითაც დიდი საფიქრალია.

ხოდა, ვნახოთ, ვინ ვის და როგორ შეხვდება გაწელილი წვიმების ქალაქში.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^