Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საყდრისი იურიდიულ ლაბირინთში

31 ოქტომბერი 2014

საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს სტატუსის შესახებ სამართლებრივი დავა გრძელდება. ამჯერად უკვე სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს, რამდენად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მაშინ, როცა საყდრისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გარეშე დატოვა. 

კომპანია RMG Gold-ი, რომელიც საყდრისის ობიექტზე წიაღისეულს მოიპოვებდა და მსხვილმასშტაბიან სამუშაოებს ასრულებდა, არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით პოზიციას იცვლის. ცალსახა პასუხი არ აქვს არც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. სასამართლო 3 დეკემბრიდან განახლდება. 

სამართლებრივი დავა

საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 13 ივნისს  ბათილად ცნო კულტურის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის ბრძანება, რომლითაც საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მოეხსნა. ამით მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ასოციაცია „მწვანე ალტერნატივასა“ და არქეოლოგ დავით სახვაძის სარჩელი. სასამართლოს რეზოლუციით, საქმე საკითხის გადაუწყვეტლად სამინისტროს დაუბრუნდა და ამ თემაზე მსჯელობის გაგრძელება დაევალა.

თუმცა კულტურის სამინისტრომ, ისევე როგორც მთავრობის კანცელარიამ, RMG GOLD-მა და თავად „მწვანე ალტერნატივამაც“  გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ „არასწორად მიიჩნია მოსარჩელე მხარეები დაინტერესებულ პირებად“. და, საერთოდაც, საქალაქო  სასამართლოს გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და ასევე არასწორად განმარტა კანონი.

მთავრობის კანცელარია  „მწვანე ალტერნატივასა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“  ადმინისტრაციული საჩივრების განხილვაზეც ამ არგუმენტით ამბობდა უარს.   

კულტურის სამინისტროს სარჩელში ნათქვამია, რომ სამინისტროს კანონსაწინააღმდეგოდ არ უმოქმედია და სწორედ ამიტომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. თუმცა 29 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე კულტურის მინისტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამჟამად სამინისტროში ეს საკითხი განიხილება, პროცესში ჩართულია ახალი მინისტრიც და გამორიცხული არ არის,  მათი პოზიცია შეიცვალოს. სასამართლოს მოთხოვნით, შემდეგ სხდომაზე კულტურის სამინისტრომ საქმესთან და შესაძლო მორიგებასთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია უნდა წარმოადგინოს.

მოლაპარაკების შესაძლებლობაზე ლაპარაკობენ კომპანია RMG Gold-ის წარმომადგენლებიც. მათი განმარტებით, ნოემბერში კომპანიის მესაკუთრე დიმიტრი ტროიცკი თბილისში ფართომასშტაბიან შეხვედრას გამართავს, რომლის შემდეგაც შესაძლოა მორიგების პერსპექტივაც გამოიკვეთოს. საერთოდაც, RMG Gold-ში განმარტავენ, რომ მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ, საყდრისის მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვალა და ახლა ის არა „უბრალო ორმოდ“ არამედ არქეოლოგიურ ობიექტად განიხილება და მისი შესწავლის გაგრძელების აუცილებლობაც აშკარაა.

თუმცა „მწვანე ალტერნატივას“ აღმასრულებელი დირექტორი კომპანიასთან მორიგების შესაძლებლობას არც განიხილავს. გუჯარაიძის განცხადებით, ორგანიზაციამ გაასაჩივრა სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები და კომპანიასთან ამ მხრივ საქმე არ აქვთ.

საყდრისი-ყაჩაღიანის შესახებ კიდევ ერთი სასამართლო დავაა დაწყებული. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე (როგორც კერძო პირი) და დაბა კაზრეთის მკვიდრი დალი მამულაშვილი 2014 წლის 13 მარტს გამოცემული იმ სამართლებრივი აქტის გაუქმებას მოითხოვენ, რომლითაც კომპანია RMG Gold-ს საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს ტერიტორიაზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება მიეცა. ამ წლის 30 მაისს საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა კომპანიისთვის ამ უფლების დროებითი შეჩერების შესახებ და ამ გადაწყვეტილების მიხედვით, კომპანიას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საყდრისი-ყაჩაღიანში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით სამუშაოების წარმოება ეკრძალება.  

მოსამართლემ ამ საქმესთან კიდევ ერთი სარჩელი გააერთიანა, რომლის ავტორიც კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინა მიზანდარი იყო. თუმცა მხარეები ამჟამად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, რადგან ამ საქმის განხილვა საქალაქო სასამართლომ იმ დრომდე შეაჩერა, სანამ სააპელაციოში მიმდინარე დავა არ გადაწყდება.

როგორ გაუუქმდა საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი

„რამდენად ჰქონდა ამ ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის ღირებულება, კანონის თანახმად, ამაზე კულტურის სამინისტროს შესაბამის საბჭოს უნდა ემსჯელა. და რადგან ეს არ მომხდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტრომ არასათანადოდ გამოიკვლია საკითხი ამ აქტის გამოცემამდე და გადაწყვეტილება ისე მიიღო. ეს გადაწყვეტილება შემდეგში სასამართლომ გააუქმა“, - ამბობს ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე.

„შეუსაბამო საბჭო“, რომელზეც გუჯარაიძე საუბრობს, 2013 წლის 28 მაისს შეიქმნა. სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელ ახლადშექმნილ კომისიას 2 თვის განმავლობაში ორ საკითხზე უნდა ემსჯელა:  შეესწავლა საყდრისი-ყაჩაღიანისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების დოკუმენტაცია და შეემუშავებინა ძეგლის გადატანისთვის საჭირო რეკომენდაციები.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით,  ამ კომისიის შექმნა მთლიანად ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონს და სამინისტროს საქმიანობის მიმართ კითხვებს ბადებს.

კომისიის შექმნის დროს საყდრისის ძეგლი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიას განეკუთვნებოდა. კანონი კი ამ სტატუსის ძეგლის გადატანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. ამიტომ მის გადატანაზე საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ შეიცვლებოდა ძეგლის სტატუსი. ამაზე კი სამინისტროში არსებულ სპეციალურ სათათბირო ორგანოს - უნდა ემსჯელა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს (რომელიც დარგის ექსპერტებითა და საზოგადო მოღვაწეებითაა დაკომპლექტებული) და არა ახალშექმნილ 11-კაციან კომისიას.   

რაც შეეხება სტატუსის მინიჭების იურიდიულ საკითხებს და დოკუმენტაციის გამართულობას, საიას შეფასებით, ამაზე მსჯელობა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტსაც შეეძლო.

საინტერესოა, რომ საყდრისის სტატუსზე მსჯელობისას ერთ-ერტი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ობიექტს არასწორად და კანონის დარღვევით მიანიჭეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი.

„ის, რომ 2006 წელს მინისტრის შეუსაბამო ბრძანების ძალით მიენიჭა საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ობიექტი ამ სტატუსს არ იმსახურებდა. სამინისტროს ამ შემთხვევაში უნდა გამოესწორებინა იურიდიული ხარვეზი და არ მოქცეულიყო ისე, რომ ძეგლი სტატუსის გარეშე დარჩენილიყო“, - ამბობს საიას იურისტი სულხან სალაძე.

11-კაციანი კომისია სულ ორჯერ შეიკრიბა. პირველად - შექმნიდან ორ დღეში.   საბოლოოდ კი კომისიამ დაასკვნა:

„საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბანზე უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლის, - უძველესი ოქროს მაღაროს არსებობის დასაბუთება მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს და არ არის დამაჯერებელი. ასევე კომისია ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ დაუშვებელია საწარმოს ფუნქციონირების დაუსაბუთებელი, ხელოვნური შეფერხება, ვინაიდან ამგვარი მიდგომა სერიოზულად აზარალებს როგორც ადგილობრივ, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტს და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს“.

საიას შეფასებით, ეს კომისია გასცდა მინიჭებულ უფლებამოსილებებს და  ისეთ საკითხებზეც იმსჯელა, რომლებიც მას არ ეხებოდა. მაგალითად, საკითხის ეკონომიკური თუ ეკოლოგიური მხარეების შესწავლა. ამასთან, ამ კომისიის დასკვნა არ წარმოადგენდა სამინისტროსთვის აუცილებლად გასათვალისწინებელ და სავალდებულო დოკუმენტს. სამინისტროს ასევე შეეძლო ამ დასკვნაში ასახული მტკიცებულებების მართებულობის სამინისტროშივე არსებულ სათათბირო ორგანოსთან და ასევე ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებთან გადამოწმება, რომლებიც ამ ტერიტორიაზე  მუშაობდნენ.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინა მიზანდარი ამბობს, რომ შემდგომი ქმედებების ინიციატორი ყოველთვის კომპანია იყო:

„ძეგლის გადატანაზე საუბარი თუ მისთვის სტატუსის მინიჭების პროცედურული სისწორის შესახებ კითხვები ყოველთვის RMG Gold-ის მხრიდან მოდიოდა. თავის დროზე მათ მისწერეს პრემიერ-მინისტრს. შესაძლო გადატანის თხოვნაც პირველად მათ გააჟღერესინიციატივა მთლიანად მათგან მოდიოდა და ხელისუფლებაც, ფაქტობრივად, ამ კერძო კომპანიას ლობირებდა. პროცესიც ისეთი გეზით მიდიოდა, რომელიც კომპანიას აძლევდა ხელს. კანცელარიიდან მინისტრის სახელზეც ამის შემდეგ მოვიდა წერილი, რომელშიც მას სთხოვდნენ ძეგლის გადატანის შესაძლებლობის განხილვას. ამის შემდეგ შედგა კომისია, რომელმაც ძეგლის სტატუსის ბათილად ცნობა მოითხოვა“, - ამბობს მიზანდარი.

11-კაციანი კომისიის წევრები იყვნენ: ალექსანდრე თვალჭრელიძე,  ომარ ქუცნაშვილი,  დავით ლომიტაშვილი,  ვახტანგ ლიჩელი,  გურამ მირცხულავა,  ბესიკ მაცაბერიძე, თემურ ჩიხრაძე, ლალი ახალაია,  პაატა გაფრინდაშვილი, გურამ ყიფიანი,  გურამ გრიგოლია.

„მწვანე ალტერნატივას“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 11-კაციანი კომისიის შემადგენლობაში შედიოდა კომპანია RMG-ის კონტრაქტორი კომპანიების და, შესაბამისად, პროცესში დაინტერესებული მხარის  სულ მცირე ორი წარმომადგენელი: 1. ომარ ქუცნაშვილი,  შპს „ჯეოინჟინირინგის“ 36% წილის მფლობელი (შპს-ს კომპანიის დაკვეთით ჩატარებული აქვს  სამთო-გეოლეოგიური კველევები საყდრისის ტერიტორიაზე);  2. ვახტანგ ლიჩელი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისათვის RMG Gold-ის გენერალური დირექტორის მიერ 2013 წლის 27 მაისის გაგზავნილი წერილის (#341), თანახმად, კომპანიის დაკვეთით საყდრისის ტერიტორიაზე ასრულებდა  არქეოლოგიურ კვლევას).

მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების უფლება და ძეგლის დაზიანება

საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიას ჯერ უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, შემდეგ კი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა. საბოლოოდ, გაუქმდა ძეგლის არქეოლოგიური დაცვის ზონაც. თუმცა მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების დასაწყებად RMG Gold-ს სამინსიტროს მხრიდან დადებითი დასკვნა სჭირდებოდა, რომელიც „სათანადო წესით ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის შედეგებს უნდა დაყრდნობოდა“.

2013 წლის 28 ნოემბერს სამინისტროში კომპანიამ  შპს „არქეოლოგიური გაერთიანების“ მიერ მომზადებული ანგარიში წარადგინა. ეს ანგარიში, კანონის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს არქეოლოგიურმა სექციამ განიხილა და უარყოფითად შეაფასა. სპეციალისტებმა მიიჩნიეს, რომ ანგარიში არასრულყოფილი იყო და საყდრისის, როგორც არქეოლოგიური ობიექტის, შესწავლა უნდა გაგრძელებულიყო.  

ამ დასკვნის შესაბამისად, 13 იანვარს სამინისტრომ კომპანიას უარი უთხრა საყდრისის ტერიტორიაზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოებაზე. კომპანიამ  მთავრობაში გაასაჩივრა ეს უარი და ნებართვასთან ერთად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის საჭირო დადებითი დასკვნაც მოითხოვა.

მთავრობამ სამინისტროს მიმართა თხოვნით, დაბრუნებოდა ამ საკითხის განხილვას და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიეღო. სამინისტრომ  მასალებზე დაყრდნობით შესაბამისი დასკვნის მომზადება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაავალა.  25 თებერვალს მიღებული დავალების პასუხად სააგენტომ სამინისტროს დასკვნა 6 მარტს წარუდგინა:

 „საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე უძველესი ოქროს მაღაროს ან ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლის არსებობა არ არის დადასტურებული. ვინაიდან 2013 წელს ობიექტზე განხორციელებული არქეოლოგიური კვლევების შედეგად ტერიტორიაზე კულტურული ფენების არსებობა დაფიქსირებული არ არის. მიზანშეწონილია, რომ შპს RMG Gold–ს სამუშაოების გაგრძელების მიზნით სამინისტროს მხრიდან მიეცეს დადებითი დასკვნა“ .

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, გაუგებარია, რატომ ჩათვალა დამაკმაყოფილებლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შპს „არქეოლოგთა გაერთიანების“ მომზადებული ანგარიში მაშინ, როცა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს არქეოლოგიურმა სექციამ იგივე ანგარიში ორი თვით ადრე უარყოფითად შეაფასა.

„სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლითაც კომპანიამ დადებითი დასკვნა მიიღო, რეალურად არ ეფუძნება ისეთი სახის მტკიცებულებებს, ანგარიშებს ან სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს, რაც მანამდე არ არსებობდა და შეეძლო არსებითად შეეცვალა სამინისტროს მიერ იმავე საკითხზე 13 იანვარს მიღებული უარყოფითი შინაარსის გადაწყვეტილება. თუკი იანვარში სამინისტრომ RMG Gold-ს უარი უთხრა მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლებაზე, 2014 წლის 13 მარტს, მიუხედავად კანონის არაერთი მოთხოვნის დარღვევისა, სამინისტრომ  თავად გასცა ეს უფლება“, - განმარტავს სულხან სალაძე.

თუმცა საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე კომპანიის მხრიდან სამუშაოების დაწყებისა და ობიექტის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ბევრად ადრე გავრცელდა. ჯერ კიდევ 2014 წლის 8 იანვარს გავრცელდა კადრები, რომ ობიექტზე ტექნიკა მუშაობდა. მოგვიანებით, მაგრამ კვლავ ნებართვის მოპოვებამდე, 14 მარტს სტუდია „მონიტორმაც“ დოკუმენტური საგამოძიებო ფილმის მომზადების დროს, საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს დაზიანების ფაქტი დააფიქსირა. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე კლდის მასივში ამოკვეთილი წყლის ძველი აუზი და მის გვერდით არსებული, ასევე კლდეში ნაკვეთი, ამბოსები (მადნის გასამდიდრებელი სანაყები) მოანგრიეს. ამის შესახებ  შსს-ს თავად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ აცნობა. შსს-მ საქმე პროკურატურას გადაუგზავნა.

პროკურატურამ საიას არ უპასუხა კითხვებზე, დაწყებული იყო თუ არა გამოძიება, თუ მიმდინარეობდა - სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით და გამოკვეთილი იყო თუ არა კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობა. პროკურატურის წერილის თანახმად, მათზე „არ ვრცელდება ინფორმაციის გაცემის ვალდებულება“.

„მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურისგან ამგვარი ზოგადი ინფორმაციის მიღების უამრავი მაგალითი გვაქვს, საყდრისთან დაკავშირებით, პროკურატურა მაინც არ გასცემს ინფორმაციას“, - ამბობს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის წარმომადგენელი სულხან სალაძე.

ლიცენზიები და მფლობელები

უძველესი ოქროს სამთამადნო მრეწველობის ძეგლის სტატუსის მინიჭებამდე საყდრისის ტერიტორია 1994 წლის 7 აპრილს Ltd Trans Georgian Resources-ზე 20 წლის ვადით გაცემული წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის ნაწილი იყო.

2005 წელს Ltd Trans Georgian Resources, მადნეულთან ერთად გაიყიდა; ხოლო, 2009 წელს კვარციტს შეერწყა. შესაბამისად, ლიცენზია დღეს RMG Gold-ის (ყოფილი „კვარციტის“) საკუთრებაა.

ლიცენზიის ვადა 2014 წლის 7 აპრილს იწურებოდა. 4 აპრილს საქართველოს მთავრობის თანხმობით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს RMG Gold-ისთვის N 0010 ლიცენზიის გაგრძელების უფლება მიეცა. ამავე დღეს მთავრობამ მეორე გადაწყვეტილებაც მიიღო, რომლის თანახმადაც, შპს Mining Investments Gold-ისთვის გაცემული ლიცენზიის ძალაში შესვლის თარიღმა გადაიწია.

საინტერესოა, რომ 1994  წელს გაცემული ლიცენზია, რომელიც გახანგრძლივდა, მოიცავდა საყდრისის უბანსაც, ის ლიცენზია კი, რომელიც მეორე კომპანიის ხელში იყო და რამდენიმე დღეში ძალაში უნდა შესულიყო, ამ უბანს არ მოიცავდა. რადგან ორივე ლიცენზია პრაქტიკულად, ერთი და იმავე ტერიტორიებზე იყო გაცემული, შეუძლებელი იქნებოდა სალიცენზიო საქმიანობის წარმოების უფლება ერთდროულად ორ კომპანიას ჰქონოდა.

თუკი RMG-ის ლიცენზია არ გაუგრძელდებოდა,  Mining investment gold-ის ლიცენზიის გამოყენებას დაიწყებდა და საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბანზე ვეღარ იმუშავებდა.

იურიდიულად ეს ორი კომპანია ერთმანეთს პირდაპირ არ უკავშირდება, მაგრამ, საიას კვლევის თანახმად, კომპანიებს შორის კავშირი აშკარაა. 

„საიამ ვერ შეძლო ისეთი დოკუმენტის მოპოვება, რომლითაც ნათელი გახდებოდა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ RMG Gold-ისგან რაიმე დამატებითი არგუმენტაცია და დოკუმენტები მოითხოვა თუ მხოლოდ კომპანიის მიმართვა გახდა საკმარისი იმისათვის, რომ ლიცენზიის მოქმედების ვადა გაგრძელებულიყო“, – ამბობს სულხან სალაძე.

საინტერესოა, რომ საყდრისის საბადო, ყაჩაღიანის უბნის გამოკლებით, სახელმწიფომ 2012 წელს ლიცენზიის სახით 110  500 000 ლარად გაყიდა. რატომ გაუგრძელა RMG Gold-ს სახელმწიფომ ლიცენზიის მოქმედების ვადა ამ უბნის ჩათვლით ტერიტორიაზე, როდესაც კომპანიას ამაში არაფერი გადაუხდია? რატომ არ გაასხვისა სახელმწიფომ საყდრისის ყაჩაღიანის უბანი დანარჩენი ტერიტორიისგან დამოუკიდებლად?

„ლიცენზიებთან დაკავშირებული მოვლენები იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ შესაძლოა კონკრეტული პირების მხრიდან ადგილი ჰქონოდა კორუფციულ ან სხვა ისეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც აუცილებლად უნდა გახდეს სამართალდამცავი ორგანოების დაინტერესების საგანი“, - განმარტავენ საიაში.

თუმცა RMG Gold-ის იურიდიული კონსულტანტი, ყოფილი გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი, ლიცენზიის უსასყიდლო გაგრძელებას ჩვეულებრივ  მაკომპენსირებელ ქმედებად მიიჩნევს.

„ასეთი შეღავათი კომპანიამ კომპენსაციის სახით მიიღო, საწარმო, რომელსაც 20 წლის თანხა ჰქონდა გადახდილი, 7 წლის განმავლობაში ვერ სარგებლობდა ამ ტერიტორიით,  ამიტომ ლიცენზიის 8 თვით გახანგრძლივება ერთგვარი კომპენსაცია იყო სახელმწიფოს მხრიდან“, - ამბობს კბილაშვილი. თუმცა კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რა უშლიდათ ხელს საქმიანობაში, რატომ უნდა ყოფილიყო ეს პერიოდი კომპენსირებული.

საიას კვლევის თანახმად, სახელმწიფოს მიერ ოქროს და სხვა ძვირფასი ლითონების მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიების ირგვლივ განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ განხილულ შემთხვევებში, ლიცენზიები რეალურად ერთი და იმავე ჯგუფების ხელშია, ხოლო ის, თუ ვინ დგას ამ ჯგუფების უკან, უცნობია.

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ყველა კომპანიის უკან საბოლოოდ ერთი კომპანია დგას და ეს კვიპროსში, ე.წ. ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული შპს PAMTILON HOLDINGS LIMITED-ია, მაგრამ უცნობია, ვინ  დგას ამ კომპანიის უკან.

 ეკოლოგიური აუდიტი

მას შემდეგ, რაც კომპანიამ საყდრისი-ყაღაჩიანის ობიექტზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები დაიწყო, საზოგადოების ნაწილმა RMG-ის საქმიანობა და სამინსიტროს გადაწყვეტილება გააპროტესტა. აქციები, ჯაჭვი ყაჩაღიანის ირგვლივ, კარვები, პროტესტის სხვადასხვა ფორმას იყენებდნენ „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის“ სახელით გაერთიანებული ადამიანები და ორგანიზაციები. კომიტეტის ერთ-ერთი წევრი დავით გულბანი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში კომიტეტის მნიშვნელოვანი მიღწევა ისაა, რომ კომპანია ეკოაუდიტის ჩატარებაზე დაითანხმა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ და როდის შეაფასებს რა გავლენა აქვს RMG Gold-ის საქმიანობას ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე. ამჟამად მოლაპარაკებებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროა ჩართული.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN-ის პროგრამების მენეჯერი კახა ბახტაძე ამბობს, რომ კომპანიას ჯერ კიდევ 2005 წლიდან აქვს საპრივატიზაციო ვალდებულება, რომ ამგვარი აუდიტი ჩაატაროს, თუმცა ის, სხვა კომპანიების მსგავსად პერიოდულად იცილებდა თავიდან ამ ვალდებულებას. ახლა კი CENN კომპანიას ეხმარება, რომ აუდიტის ტექნიკური დავალება სწორად ჩამოყალიბდეს.

„იმისთვის, რომ გავიგოთ, რეალურად რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე, აუცილებელია ეკოაუდიტი ჩაატაროს საერთაშორისო, სანდო და გამოცდილმა კომპანიამ. რომელსაც შეიძლება ანაზღაურება RMG-იმ გადაუხადოს, მაგრამ საბოლოო ანგარიშის მიმღები და პროცესის წარმმართველი გარემოს დაცვის სამინისტრო უნდა იყოს, რომ გამოვრიცხოთ მიკერძოება. RMG ჯერჯერობით ამაზე ბოლომდე არ გვთანხმდება. თუმცა ამჟამად სამინისტროს კომენტარებს ველოდებით“, - ამბობს ბახტაძე. კომპანიის, კომიტეტისა და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა მომავალ კვირაშია დაგეგმილი. 
 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვებ-გვერდზე ამჟამად განთავსებულის ინფორმაციის თანახმად, თავისი ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობით საყდრისის ოქროს წარმოების კერა უძველესია მსოფლიოში. მისი მნიშვნელობა საქართველოს ფარგლებს სცილდება და კავკასიის, მსოფლიოს უძველეს ცივილიზაციებთან კულტურულ-ეკონომიკურ კონტაქტებს ასახავს.

 

Funded by the U.S. Embassy in Georgia

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^