Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ შეცვალა ლიტერატურა ახალმა ტექნოლოგიებმა

14 ნოემბერი 2014

ელექრონული მოწყობილობების განვითარებასთან ერთად ახალი ლიტერატურული ჟანრებიც გაჩნდა, მაგალითად ისეთი, როგორიცაა: kindle single, FanFiction, Illustrated novels და Graphic Novels.

ნაწარმოები ხელნაწერის გარეშე

გარემო, რომელშიც ლიტერატურული ნაწარმოები იქმნება, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა. თითქმის გაქრა ხელნაწერი ტექსტი, აღარც საბეჭდი მანქანები აღარ არსებობენ. დღეს ავტორი თავად კრეფს კომპიუტერში საკუთარ ნაწარმოებს. კომპიუტერში აკრეფილ ტექსტთან მუშაობა უფრო კომფორტულია. მაგალითად, შეცდომების გასწორება უფრო ადვილია, მაგრამ მომავალი თაობები ასეთი ტექსტის საშუალებით ვეღარ შეიტყობენ, რა შესწორებები შეიტანა ავტორმა საკუთარ ნაწარმოებში, როგორ იცვლებოდა ესა თუ ის ტექსტი მასზე მუშაობის პროცესში. დღეს თანამედროვე მწერლების მხოლოდ საბოლოო რეზულტატამდე, აკრეფილ და ჩასწორებულ ტექსტამდე მიგვიწვდება ხელი. მაგრამ ის ცვლილებები, რომლებიც ახალმა ტექნოლოგიებმა გამოიწვია მხოლოდ ხელნაწერის გაქრობით არ შემოიფარგლება.

სელფ ფაბლიშერები

დღეს უკვე არსებობენ ავტორები, რომლებიც არა მარტო თავად კრეფენ საკუთარ ნაწარმოებებს, არამედ თავადვე გამოსცემენ მათ. ასეთ ავტორებს „სელფ ფაბლიშერებს უწოდებენ“. მათი გამოცემები, როგორც წესი, ელექტრონული წიგნებია. თუკი ქაღალდზე ნაბეჭდი წიგნის გამოცემისას დასაფარია ქაღალდის, ბეჭდვისა და აკინძვის ღირებულება, ელექტრონული წიგნის გამოცემისას მსგავსი ხარჯი არ არსებობს. ამიტომაც ზოგ შემთხვევაში ავტორს ურჩევნია თავადვე გამოსცეს საკუთარი წიგნი. შესაბამის ლიტერატურულ პლატფორმებზე ელექტრონული წიგნების გამოცემა მაქსიმალურად გამარტივებულია მომხმარებლისათვის. საქართველოში უკვე რამდენიმე ასეთი პლატფორმა არსებობს. ელექტრონული წიგნები ლიტერატურულ კონკურსებშიც იღებენ მონაწილეობას, მაგალითად, ლიტერატურულ პრემია „საბაზე“ უკვე ამ ფორმატის წიგნების წარდგენაც არის შესაძლებელი.

უცხოეთში დღეისათვის ისეთი სელფ ფაბლიშერებიც არსებობენ, რომლებმაც საკუთარი ძალებით გამოცემული ნაწარმოებების გაყიდვებიდან მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მაგალითად, E. L. James. მან საკუთარი ნაწარმოები „Fifty Shades of Grey“, 2011 წელს თავად გამოსცა. ეს ელექტრონული სახით გამოცემული წიგნი ძალიან მოკლე დროში ბესტსელერად იქცა და ელექტრონული წიგნების, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ პლატფორმაზე, „Amazon Kindle“-ზე ამ წიგნის უამრავი კოპიო გაიყიდა. მას შემდეგ, რაც გამომცემლებმა მკითხველების დიდი ინტერესი შენიშნეს, წიგნის სხვადსხვა ენაზე თარგმნის უფლება შეისყიდეს და ნაბეჭდი წიგნის სახითაც გამოსცეს. ახლო მომავალში წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმიც გამოდის.

ახალი ჟანრები

ელექტრონული მოწყობილობების განვითარებასთან ერთად ახალი ლიტერატურული ჟანრებიც გააჩნდა, მაგალითად ისეთი, როგორიცაა: kindle single, FanFiction, Illustrated novels და Graphic Novels.

Kindle Single: ამ ლიტერატურული მიმდინარეობის სახელწოდება ორი სიტყვისაგან შედგება - kindle (კომპანია ამაზონის მიერ შექმნილი ელექტრონული წიგნების პლატფორმა და ამავე დროს ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობა) და single (მუსიკალური კომპოზიცია ან სიმღერა, რომელიც მუსიკალური ალბომის ნაწილია, მაგრამ ალბომისაგან განცალკევებით, ერთი ნაწარმოების სახით იყიდება). თუკი ქაღალდზე ნაბეჭდი წიგნის შემთხვევაში მცირე ზომის (რამდენიმეგვერდიანი) მოთხრობა ცალკე არ გამოიცემა, არამედ სხვა მსგავს ნაწარმოებთან ერთად, კრებულის სახით იბეჭდება, ელექტრონული წიგნების შემთხვევაში მსგავსი ნაწარმოების ცალკე წიგნად გამოცემა არანირ პრობლემას არ წარმოადგენს. უფრო მოსახერხებელიც კი არის. მუსიკალური ინდუსტრიიდან ნასესხები ტერმინი single ზუსტად ამაზე მიუთითებს. ანუ ცალკე გამოცემულ რამდენიმეგვერდიან ელექტრონულ წიგნს. Kindle Single, როგორც წესი, დოკუმენტური პროზაა, რომელსაც სტატიასაც ადარებენ და ზოგჯერ დიდი ზომის სტატიასაც უწოდებენ. ეს ლიტერატურული მიმდინარეობა პოპულარული იმ „სელფ ფაბლიშერ” ავტორებს შორის გახდა, რომლებიც თავიანთ ნაწარმოებებს amazon-ის ონლაინ პლატფორმაზე ტვირთავენ. დღესდღეობით ამ ლიტერატურული მიმდინარეობის არაერთი ბესტსელერი არსებობს.

Fan Fiction: ამ ლიტერატურული მიმდინარეობის სახელწოდებაც ორი სიტყვისგან შედგება. Fan (თაყვანისმცემელი, ფანატი) და Fiction (მხატვრული ნაწარმოები, მხატვრული ლიტერატურა). „ფან ფიქშენი“ რომელიმე არსებული ლიტერატურული ნაწარმოების თაყვანისმცემლების მიერ არის შექმნილი. ავტორი უკვე არსებული ნაწარმოების პერსონაჟების გამოყენებით ახალ ნაწარმოებს ქმნის, რომელიც შესაძლოა არსებული ნაწარმოების გაგრძელება, პრეისტორია, ან სულაც ახალი ვერსია იყოს. ინტერნეტში უამრავი ვებგვერდი არსებობს, სადაც ავტორები ამ ჟანრის ნაწარმოებებს აქვეყნებენ. მაგალითად, ამ ინტერნეტგვერდზე უამრავი „ფან ფიკია“ განთავსებული: https://www.fanfiction.net/book/.

Illustrated novels და Graphic Novels: დღეს კიდევ ერთი, თანამედროვე, საერთაშორისო ენა იქმნება. ეს ვიზუალური ნიშნების ენაა. მაგალითად, სმარტფონის მომხმარებელი ინსტრუქციას აღარ კითხულობს. ვინაიდან ჩვენ ადვილად შეგვიძლია ამოვიკითხოთ სასურველი ინფორმაცია შესაბამის სიმბოლოებში. თუკი ძველი მობილური ტელეფონების ეკრანებზე შესაბამისი სიმბოლოს ქვეშ ტექსტური განმარტება იყო მითითებული, დღეს ეს აუცილებელი აღარ არის. დღეს უამრავი ადამიანი, მისი ეროვნების მიუხედავად, ფლობს საერთაშორისო ვიზუალური სიმბოლოების ენას, რომელიც გამოიყენება რეკლამაში, ინფორმაციის ვიზუალიზაციაში, კომპიუტერულ ტექნიკაში და ა. შ.

ტრადიციულ მედიაშიც აქცენტი ვიზუალურ მასალაზე გადადის. მაგალითად, 10 წლის წინანდელი გაზეთები დღევანდელ გამოცემებს რომ შევადაროთ, ვნახავთ, რომ ფოტოების ზომა საგრძნობლად გაიზარდა. ტექსტის ზომა კი, პირიქით, შემცირდა. აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ თანამედროვე გამოცემებში ბევრი ლამაზი ფოტოა. უბრალოდ, დღეს იმ ამბის ნაწილი, რომელსაც ადრე ტექსტით ჰყვებოდნენ, გამოსახულების საშუალებით არის გადმოცემული. ლიტერატურაშიც გაჩნდა ისეთი ჟანრები, რომლებშიც გამოსახულებას წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება.

„ილუსტრირებულ ნოველებში“ ამბის თხრობა არამარტო ტექსტით, არამედ გამოსახულებითაც ხდება. ასეთ წიგნში შეიძლება ტექსტი საერთოდ არ იყოს და მხოლოდ გამოსახულებით ხდებოდეს შინაარსის გადმოცემა. ამ ჟანრის პირადად ჩემი საყვარელი წიგნი, შონ ტენის (Shaun Tan) მიერ არის დახატული, დახატული ვინაიდან ამ წიგნში ტექსტი საერთოდ არ არის: http://www.shauntan.net/books/the-arrival.html

„გრაფიკული ნოველა“ ერთი შეხედვით კომიქსს გავს მაგრამ კლასიკური კომიქსისგან განსხვავებით ამ ჟანრში შესრულებულ ნაწარმოებს სერიოზულ ლიტერატურაზე აქვს პრეტენზია. ამ ჟანრის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ავტორი ალან მურია (Alan Moore) კერძოდ კი მისი ნაწარმოები „V ნიშნავს ვენდეტას“

ავტორის როლი

ახალმა ტექნოლოგიებმა ავტორის როლიც შეცვალა. ინტერნეტში ისეთი ტექსტებიც გვხვდება, რომელიც არა კონკრეტული ავტორის, არამედ ადამიანთა ჯგუფის მიერ არის შექმნილი. მაგალითად, ვიკიპედიაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი სტატიის გამოქვეყნება, ან უკვე გამოქვეყნებულ სტატიაში კორექტივების შეტანა. ვიკიპედიაში გამოქვეყნებულ ტექსტებში, სხვადასხვა ადამიანების მიერ იმდენი შესწორებაა შეტანილი, რომ შეუძლებელია საბოლოო ჯამში დაადგინო, ვინ არის ავტორი. ეს ყველაფერი ხალხურ შემოქმედებას ჰგავს, სადაც ასევე შეუძლებელია ავტორის დადგენა, ალბათ ამიტომაც უწოდებენ ვიკიპედიას ხალხურ ენციკლოპედიას.

ავტორის ენობრივი ასლი

მომავალში შესაძლოა, იმ ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით, რომლებიც ასე უხვად არის ჩვენ ირგვლივ, დაფიქსირდეს ავტორის თითოეული გამონათქვამი, თითოეული პასუხი ამა თუ იმ კითხვაზე და ამგვარად შეიქმნას მისი ენობრივი ასლი. შემდგომ კი მომავლის მკითხველს საშუალება ჰქონდეს ავტორის რომელიმე კონკრეტული ნაწარმოების წაკითხვის ნაცვლად მის ენობრივ ასლს ესაუბროს. ამ ავტორისა და მკითხველის დიალოგის საფუძველზე შეიქმნას ნაწარმოები, რომლის შექმნაშიც თავად მკითხველი აქტიურად იქნება ჩართული.

მსგავსი ექსპერიმენტები უკვე დაწყებულია. მაგალითად საქართველოში მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე, რომელსაც კიბერგალაკტიონი ქვია (cybergala.me). ამ პროექტის ფარგლებში უკვე შეიქმნა ონლაინპლატფორმა, რომლის მომხმარებლებსაც საშუალება აქვს „ეჩათაოს“ კიბერგალაკტიონს, ანუ გალაკტიონ ტაბიძის ენობრივ ასლს. ამის მისაღწევად შეიქმნა მონაცემთა დიდი ბაზა, რომელშიც განთავსებულია გალაკტიონ ტაბიძის დღიურები, გამონათქვამები, ლექსები და ა.შ.

კიბერგალაკტიონთან სასაუბროდ შესაბამის ველში კრეფთ სასურველ წინადადებას, პროგრამა მას აანალიზებს და მონაცემთა ბაზაში საპასუხო ფრაზას, ლექსიდან ნაწყვეტს, ან გალაკტიონ ტაბიძის გამონათქვამს პოულობს.

* * *

ძნელია იმის თქმა, თუ როგორი იქნება წიგნი მომავალში, მაგრამ, სავარაუდოდ, მომავლის წიგნი, იმ ახალი ჟანრების განვითარების შედეგად შეიქმნება, რომლებზეც ამ პატარა სტატიაში ვისაუბრეთ ან რომლებიც ამ პატარა სტატიის მიღმა დარჩნენ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

რეპორტაჟი მარნეულიდან - არც ამ არჩევნებ ...

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში საარჩევნო უბანი მეჩეთის გვერდით, სკოლის შენობაშია განთავსებული. მამაკაცების ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

“ქართული ოცნების” დაჭრილი კანდიდატის ჯან ...

“ნახვის უფლებას არ გვაძლევენ. მხოლოდ ის ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის  მდგომარეობა მძიმეა,“ - ამბობს მარ ...
20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

ვეშაპებს და დელფინებს ადამიანის მსგავსად ...

დელფინები იყენებენ მარტივ იარაღებს, ცელნამგალა ვეშაპები ერთმანეთს სახელებით მიმართავენ, თეთრი ვეშაპები კი ადგილობრივ დია ...

მეტი

^