Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეილის რესურსები საქართველოში - გეგმები, რისკები, საფრთხეები

16 ნოემბერი 2014

ამერიკული კომპანია Frontera Resources, რომელიც საქართველოში  ბუნებრივ გაზს 1997 წლიდან მოიპოვებს, მომავალში შეილის გაზის მოპოვებასაც გეგმავს, თუმცა  შეილის რესურსებთან დაკავშირებულ საქმიანობას ქართული კანონმდებლობა  ჯერ–ჯერობით არ არეგულირებს.

ბუნებრივი რესურსების მოპოვების სფეროში, შეილის (საქართველოში უფრო ცნობილი ტერმინით, „ფიქლის“) ნავთობისა და გაზის მოპოვება დღეს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. Fracking (hydraulic fracturing) ანუ ჰიდრავლიკური გახლეჩა ის გარემოსდაცვითი რისკია, რომელიც შეილის ნავთობისა და გაზის ამოღებას ახლავს თან. 

ჰიდრავლიკური გახლეჩა წიაღიდან ნავთობის, გაზის და მთელი რიგი სხვა წიაღისეულის მოპოვების მეთოდია. ჩვეულებრივი მოპოვებისგან განსხვავებით, Fracking–ის დროს ქანებს წყლის დიდი წნევით ხლეჩენ. ეს მეთოდი მოპოვების ეფექტურობას მნიშვნელოვნად ზრდის - მაღალი წნევით ჩაწნეხილი წყალი კარგად ანაწევრებს ქანს და გაზის ან სხვა რესურსის ამოღებაც მარტივდება.

დაწნეხვის დროს, ნაპრალების შესაქმნელად, ძირითადად, სითხედ წყალი გამოიყენება. წყალში ქვიშას და სპეციალურ ქიმიკატებს ამატებენ. ამიტომ, Fracking–ის დროს, ერთ–ერთი ძირითადი გარემოსდაცვითი რისკი წყლის მართვაა.

დიაგრამაზე ჩანს, როგორ იყენებენ წყალს fracking–ის დროს  © ილუსტრაციის ავტორია ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტო (Environmental Protection Agency)

საფრანგეთში Fracking აკრძალულია. გერმანიამ მორატორიუმი გამოაცხადა. აღმოსავლეთ ევროპაში კი, კერძოდ რუმინეთსა და პოლონეთში, Fracking–ს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მათი საპროტესტო გამოსვლების გამო, აღნიშნულ ქვეყნებში, ხშირად ფერხდება Fracking–ით წიაღისეული რესურსების ამოღების პროცესი. 

* * *
2010 წლის სექტემბერში, კომპანია Frontera Resources–მა საკუთარ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნა სტატია, რომ კომპანიამ საქართველოში, კერძოდ, კახეთში, მირზაანის ველზე, ეს–ესაა დაამთავრა fracking–ი . სტატიაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთ ჭაში, რომელიც გაბურღეს, ჯერ კიდევ ჩარჩენილი იყო 2,200 ბარელი (დაახლოებით 8 325 ლიტრი) წყალი, ამიტომ ჭაბურღილს 30 დღე გაწმენდის რეჟიმში უნდა ემუშავა. 
სტატიაში ვერ წაიკითხავთ, თუ როგორ დაამუშავეს საბოლოოდ წყალი, როგორ გააუვნებელყვეს, რა სახით დააბრუნეს ბუნებაში და ა.შ.


* * * 
ეროვნულ მოხსენებებში, რომელსაც საქართველო გაეროში წარადგენს, როგორც კლიმატის ცვლილების ჩარჩო–კონვენციის წევრი ქვეყანა, კახეთი ყოველთვის მითითებულია, როგორც გაუდაბნოების საფრთხის წინაშე მდგარი, მშრალი და წყლით ღარიბი მხარე. 

ისმის კითხვა - (რომელიც ტერიტორიის კონტექსტის გათვალისწინებით განსაკუთრებით საინტერესოა) კახეთში, სადაც ისედაც სასმელი და საყოფაცხოვრებო წყლის ნაკლებობაა, საიდან აპირებს კომპანია წყლის აღებას და როგორ აპირებს მის შემდგომ მართვას? 

2011 წელს Frontera Resources–მა თავის ვებ–გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც საუბარი იყო ახალი, არატრადიციული რესურსების მოპოვებაზე. ნიუსში მითითებულია კომპანიის მფლობელობაში არსებული ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზიის მე–12 ბლოკის რუკა. რუკაზე დატანილია სალიცენზიო ტერიტორიაზე მდებარე შეილის გაზის სავარაუდო მარაგების მონახაზი (Shale Gas Play Unit, რუკაზე ლურჯადაა მონიშნული) 
© Frontera Resources

საქართველოში შეილის ნავთობისა თუ გაზის მოპოვების საკითხებზე, Fracking-ზე, მარაგების შესაძლო ოდენობაზე კითხვებით კომპანიას მივმართეთ. თბილისში კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მაკა ბურჯანაძემ, გვითხრა, რომ ეს კითხვები კომპეტენტური პირის, ლიზ უილიამსონისთვის უნდა დაგვესვა, რომლის ელექტრონული ფოსტა მითითებული იყო კომპანიის ვებ-გვერდზე.

კონკრეტულად, იმ გეოლოგიური კვლევებიდან გამომდინარე, რასაც კომპანია საქართველოში ახორციელებდა, ჰქონდა თუ არა მას რამე კონკრეტული შედეგი შეილის რესურსების მარაგებთან დაკავშირებით? რა ოდენობის ინვესტირება განახორციელა კომპანიამ აქამდე გეოლოგიურ კვლევებში? საქართველოში კომპანიამ გამოიყენა თუ არა fracking–ის მეთოდი (რაც მათსავე გამოქვეყნებულ მასალაში იყო მითითებული)? - ამ კითხვებზე ლიზ უილიამსონმა ასე გვიპასუხა:

“ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი, რომ საფონდო ბირჟის გარეთ, სხვა ინდივიდზე ან საზღვრებს გარეთ მომუშავე ჟურნალისტზე გავცეთ ინფორმაცია”, - თუმცა, თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი ჩვენ ახალ ამბებში ისედაც არის, რომელსაც სტანდარტული წესების დაცვით, ვაქვეყნებთ კიდეც ვებ-გვერდზე.”

Frontera Resources–ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ არც ერთ სტატიაში მითითებული არ არის, მაგალითად, როგორ დაამუშავეს ის 2,200გალონი (დაახლოებით 8 325 ლიტრი) წყალი, რომელიც მათ მიერვე 2010 წელს გამოქვეყნებულ სტატიაშია ნახსენები; მომავალში საიდან აპირებენ წყლის აღებას, ხელახლა გამოყენებას, შემდეგ დამუშავებას და ბუნებაში დაბრუნებას და ა.შ.

გიორგი ტატიშვილი, საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტოს ხელმძღვანელი, ამბობს, რომ Frontera Resources სააგენტოს დიდი ხნის პარტნიორია და მოპოვების ერთ ლიცენზიას ფლობს, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ამოიღოს როგორც ტრადიციული (ბუნებრივი) ნავთობი და გაზი, ასევე არატრადიციული (მაგალითად, შეილის) წარმოშობის ნავთობისა და გაზის რესურსები.

ტატიშვილის თქმით, სააგენტოსთვის შეილის გაზის მოპოვებაზე კომპანიას სპეციალური ნებართვის აღების ინიციატივით ჯერ–ჯერობით არ მიუმართავს.

თუ საიდან მოიტანს კომპანია Frontera Resources წყალს ისედაც წყლით ღარიბ კახეთში, ტატიშვილი პასუხობს:

„ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ფიზიკურად წყალი შეიძლება სადმე იპოვონ, მაგრამ თუ რომელიმე კომპანია შეილის რესურსების ამოღებას გადაწყვეტს, ნებართვა ჩვენგან უნდა აიღოს და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინოს. თუ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ესა თუ ის ოპერაცია მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე, ასეთ პროექტს არ მივიღებთ“.

კითხვაზე, წარმოადგინეს თუ არა რამე დოკუმენტაცია აქამდე Frontera Resource–მა, შეილის გაზის ან ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ტატიშვილი ამბობს, რომ - არა.

შეილის ნავთობისა და გაზის ამოღებას ქართული კანონმდებლობა არ არეგულირებს.

არჩილ მაღალაშვილი, გეოლოგი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ამბობს, რომ აუცილებელია „ნავთობისა და გაზის შესახებ“ არსებული კანონის შესაბამისი მოდერნიზება, ან ახალი კანონის შექმნა, რომელიც შეილის ნავთობსა და შეილის გაზთან დაკავშირებულ ოპერაციებს დაარეგულირებს.

„კანონმდებლობაში რომ უნდა აისახოს შექმნილი რეალიები შეილის გაზსა და შეილის ნავთობთან დაკავშირებით, ჩემთვის ცხადია. უნდა მოხდეს ან არსებული კანონმდებლობის რევიზია და შესაბამისი დამატებებისა და შესწორებების შეტანა, ან ახალი კანონის მიღება“, – ამბობს მაღალაშვილი.

მაღალაშვილის თქმით, საქართველოს შესაძლოა შეილის გაზის მნიშვნელოვანი რესურსები აღმოაჩნდეს.

„იმაში, რომ შეილის გაზი გვაქვს, მე 100%–ით ვარ დარწმუნებული. მთავარია, რამდენად მომგებიანი იქნება მისი მოპოვება?“ – ამბობს ის. – „საქართველოს ტერიტორიის თითქმის 1/3-ზე მეტი შეილის გაზის თვალსაზრისით პერსპექტიულ ქანებს უჭირავთ. კონკრეტული ადგილი ჯერ-ჯერობით არ ვიცით. შეიძლება ეს იყოს კავკასიონის ქედის სამხრეთი პერიფერიული ზოლი, ან გარე კახეთი. ჩემი აზრით, ძალიან პერსპექტიულია აგრეთვე შავი ზღვის შელფიც, ე.წ. „ოფშორი“. ის, რომ იქ გაზი არსებობს, ისედაც ცნობილია, იმიტომ, რომ მეთანი ამოდის. ვფიქრობ, რომ ამ მეთანის დიდი წილი არის შეილის გაზის ბუნების, ანუ დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რომელთა შედეგად შეილის გაზი წარმოიქმნება“.

შეილის რესურსებთან დაკავშირებით, არსებობს World Expericence for Georgia (WEG)-ის მიერ ჩატარებული, USAID–ის მიერ დაფინანსებული, კვლევა. კვლევა განხორციელდა იმის შესასწავლად, რამდენად მიზანშეწონილია საქართველოში შეილთან დაკავშირებული გეოლოგიურ კვლევებში ინვესტირება.

კვლევის თანახმად, შეილის გაზის აღმოჩენის ალბათობა შეიძლება შეფასდეს, როგორც „მნიშვნელოვანი“. სხვადასხვა სალიცენზიო ბლოკების მფლობელთა ანგარიშები, ისევე როგორც უფრო ადრეული კვლევები, გვიჩვენებს, რომ ჩვენს მიერ შერჩეულ შეილის ფორმაციებში გაზის არსებობის ალბათობა მაღალია. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, მთავარი საკითხი მარაგების სიდიდე და მოპოვების ხარჯებია“, – ვკითხულობთ კვლევაში. 
გიორგი ტატიშვილი, ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსი, ამბობს, რომ შესაძლოა, სახელმწიფომ ჩადოს კიდეც საწყისი ინვესტიცია შეილის რესურსების პირველადი გეოლოგიური კვლევებისთვის.

„ვფიქრობთ ამაზე. თავიდან, მაგალითად, შესაძლოა, 2 მილიონი დავხარჯოთ გეოლოგიური კვლევებისთვის. მივიღებთ გარკვეულ პირველად მონაცემებს. ეს მონაცემები კი იმ სატენდერო პაკეტის ნაწილი იქნება, რასაც შეილის რესურსების ამოღებაზე გამოვაცხადებთ“, – თქვა ტატიშვილმა. – „ ეს მონაცემები დიდად გაზრდის პატეკის ღირებულებას.“

წყლის გამოყენება და დამუშავება fracking (hydraulic fracturing)-ის დროს

Fracking-ის დროს სხვადასხვა სითხე გამოიყენება, მაგრამ ყველაზე ხშირად, წყალი. American Petroleum Institute-ის მონაცემებით, fracking–ის დროს, 2–4 მილიონი გალონი (დაახლოებით 6–12 მილიონი ლიტრი) წყალი გამოიყენება 

დიდი რაოდენობის წყლით იმ გეოლოგიურ შრეებს ხლეჩენ, სადაც შეილის ნავთობი, გაზი ან სხვა რესურსია.

ეკონომომიის მიზნით, მსოფლიო პრაქტიკაში, წყალს ხშირად განმეორებით იყენებენ. ქიმიკატების შემცველ წყალს სპეციალურ რეზერვუარში ინახავენ, რათა ის მიწაში არ გაიჟონოს ან სხვა ფორმით, სასმელ წყალთან ან ბუნებაში, საბოლოო დამუშავებამდე, არ მოხვდეს.

რაისის უნივერსიტეტის თანამშრომელმა მეცნიერებმა სემუელ მაგირ–ბოილმა და ენდრიუ ბარონმა დაასკვნეს, რომ წყლის არასწორი ინგრედიენტებით დამუშავებამ, შესაძლოა, უარეს შედეგებამდე მიგვიყვანოს.

ბოილის და ბარონის მიზანი იყო დაედგინათ, fracking-ის დროს, რომელი იყო წყლის დამუშავების ყველაზე ოპტიმალური მეთოდი.

მეცნიერების აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ fracking-ის, ანუ გეოლოგიური ქანების ჰიდრავლიკური გახლეჩის შემდეგ, გამოყენებული წყალი სასმელ წყალში არავითან შემთხვევაში არ შეერიოს; სხვადასხვა მარილები და ორგანული ნივთიერებები, გამოყენებულ წყალში სწორედ იმ სედიმენტაციური (ქანებს შორის მოქცეული) წყლიდან შეიძლება გაჩნდეს, რომელის ბუნებრივად იყო იმ მყარ გეოლოგიურ ფორმაციებში, რომელიც ჰიდრავლიკური დაწნევის დროს, წყლითვე გახლიჩეს.

მკლევარები ფიქრობენ, რომ ამ წყლების შერევის შედეგად, შესაძლებელია წარმოიქმნას პოტენციურად ტოქსიკური ქლორნახშირბადები და ორგანული ბრომიდები, რომლებიც, სავარაუდოდ, წყალში არსებული ბაქტერიებისა და მარილების ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნა ან fracking-ის დროს, წყლის მეორედ გამოყენებისას და ქიმიური დამუშავებისას, წყლის შესანახ რეზერვუარში გაჩნდა.

Fracking-ის ნარჩენ სითხეში, მეცნიერებმა 25 სხვადასხვა არაორგანული წარმოშობის ქიმიკატი აღმოაჩინეს. სულ მცირე, 6 მათგანი - ბარიუმი, ქრომი, სპილენძი, ვერცხლისწყალი, დარიშხანი, სტიბიუმი - სასმელ წყალს რომ შეერიოს, დალევა ორგანიზმისთვის უსაფრთხო არ იქნება. ამ ქიმიკატებიდან, ყველა სხვადასხვა დოზითაა საშიში ორგანიზმისთვის. თითოეული მათგანის საშიში დოზით მიღება იწვევს: სისხლის წნევის აწევას, კანის, ღვიძლისა და თირკმელების დაზიანებას, კუჭის დაავადებებს ან კიბოს.

 

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^