Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაცინვას კაცი არ მოუკლავს?

17 ნოემბერი 2014

ერთ ბრძენთან მივიდა მშობელი და ჰკითხა - როდის უნდა დავიწყოთ ბავშვის აღზრდაო. რა ხნისაა თქვენი შვილიო, ჰკითხა ბრძენმა. სამი დღისო. თქვენ ზუსტად სამი დღით დაგაგვიანდათ მისი აღზრდაო, - უთქვამს ბრძენს.

ცნობილი თქმულებაა: ერთ ბრძენთან მივიდა მშობელი და ჰკითხა - როდის უნდა დავიწყოთ ბავშვის აღზრდაო. რა ხნისაა თქვენი შვილიო, ჰკითხა ბრძენმა. სამი დღისო. თქვენ ზუსტად სამი დღით დაგაგვიანდათ მისი აღზრდაო, - უთქვამს ბრძენს.

ბავშვის აღზრდა თუ მისი დაბადებისთანავე იწყება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვზე ძალადობა შეიძლება მის დაბადებამდე ბევრად ადრე დაიწყოს - ჯერ კიდევ მაშინ, როცა მისი  სიცოცხლე ისახება დედის ორგანიზმში. ამის მიზეზი ხშირად ისაა, რომ იგი გოგონაა; ხშირად მხოლოდ იმიტომაც, რომ არასასურველი ფეხმძიმობაა და დაბადების შემთხვევაშიც „არასასურველი“ შვილი იქნება. თუ მაინც დაიბადა და ოჯახს უჭირს შვილების გაზრდა, სხვა სახის ძალადობას განიცდის. თუმცა, ოჯახის მატერიალური მდგომარეობა სულაც არაა იმის გარანტი, რომ ბავშვზე ძალადობა არ მოხდება.

ოჯახში განცდილი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გავლენას ახდენს მოზარდის ჩამოყალიბებაზე. მუქარა, ცემა, დაშინება, დაცინვა, დამცირება, აკრძალვები - ეს ყველაფერი, როგორც ძალადობის ფორმები, გარდა იმისა, რომ ბავშვს დაბალ თვითშეფასებას უყალიბებს, მომავალში მისი ქცევის გენდერული მოდელი ხდება. როგორც სტატისტიკა გვამცნობს, ასეთი ბავშვების 80 პროცენტი მოზარდობაში დანაშაულის ჩადენისკენაა მიდრეკილი, მათ შორის ნახევარი - სასტიკი დანაშაულისკენ.

მე მყავდა ერთი მეგობარი, რომელიც მაშინ გავიცანი, როცა უკვე სტუდენტები ვიყავით. ერთგვარად გულჩათხრობილი, ჩაკეტილი იყო. მისი ოჯახის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი თავიდან. მაგრამ ერთხელ, როცა მშობლებზე ვსაუბრობდით და მამაზე ვკითხე რაღაც, უეცრად შეეცვალა სახე, ეს ჩუმი ბიჭი უეცრად აგრესიული გახდა და სიტყვა გამაწყვეტინა - არასოდეს აღარ მკითხო არაფერი მამაჩემზეო! მერე უეცრად წამოხტა და გამეცალა.

საკმაოდ გვიან, როცა უფრო დამიახლოვდა და ბევრი მისი საიდუმლოს მოზიარე გავხდი, მამის მიმართ თავისი დამოკიდებულების მიზეზიც გამანდო - ბავშვობაში ოჯახში გამუდმებული ჩხუბი, დედის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დიდობაში მამის მიმართ ზიზღის, აგრესიის გრძნობად ჩამოუყალიბდა.

წლები გავიდა, მამასთან თითქმის გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი, მაგრამ ეს დამოკიდებულება მაინც ვერ შეიცვალა.

შეიძლება, ბავშვი პირდაპირ ძალადობას არ განიცდიდეს, მას ფიზიკურად არ სჯიდნენ, არ უყვიროდნენ, არ აშინებდნენ, მაგრამ ძალადობა ოჯახში, თუნდაც სხვა წევრების მიმართ,  ძალადობაა ბავშვზეც. ბოლო პერიოდში საქართველოში მამაკაცების მიერ ცოლების ან ყოფილი ცოლების მკვლელობის საგანგაშო სტატისტიკაა.  ვლაპარაკობთ ამ ძალადობაზე, ამ დანაშაულზე, ვლაპარაკობთ მსხვერპლზე და მოძალადეზე, მაგრამ იშვიათად გვახსენდება სხვა მსხვერპლი - ბავშვი, რომელსაც დედა მოუკლეს, რომელიც შეიძლება ამ საშინელი ფაქტის თვითმხილველიც კი იყო. ვინ უნდა მიხედოს ამ ბავშვებს, მათ დანგრეულ ფსიქიკას - მკვლელმა მამამ? და საერთოდ, არც იმასა აქვს მნიშვნელობა, მაინცდამაინც მკვლელობა მოხდეს - მოძალადე მშობელი (რომელიც ხშირად სწორედ მამაა) პირდაპირ თუ არაპირდაპირ ძალადობს ბავშვზეც. ძალადობს მამა, როცა დედას სცემს; ძალადობს, როცა დედას აგინებს; ძალადობს დედა, როცა სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ოჯახის რომელიმე წევრს და ხშირად, თავად ბავშვს - ცემა, ფიზიკური დასჯა ჯერ კიდევ ბევრს მიაჩნია აღზრდის მეთოდად. თუმცა, ისეთი შემთხვევებიც ვიცი, როცა დედა კლავს მამას. მაგრამ ეს ისევ და ისევ ძალადობის შედეგია.

მახსოვს, დიდი ხნის წინ, ქალთა კოლონიაში ერთ მსჯდავრდებულს ვესაუბრე. კაფანდარა, სუსტი ქალი იყო. თოჯინებს აკეთებდა - მერე ჩემს შვილებს გავუგზავნიო. ციხეში მოხვედრის მიზეზი როცა ვკითხე, პასუხი დაუჯერებელი მომეჩვენა - ქმარი მოეკლა ცულით. წარმოუდგენელი იყო, რომ ამ ქალმა, რომელიც ახლა შვილებისთვის სათამაშოს აკეთებდა და ცრემლებს ვერ იკავებდა, ამ ბავშვების მამას, თავის ქმარს ცულით გაუჩეხა თავი. მაგრამ როცა ქალი გამუდმებით ხდება ძალადობის მსხვერპლი, როცა გამუდმებით ითმენს ქმრისგან ცემას, გინებას, შეურაცხყოფას, შეიძლება ერთ დღეს თავად გახდეს მოძალადე ისე, რომ ვერც გააცნობიეროს. ხოლო ის ბავშვები, ვისთვისაც ახლა თოჯინებს ამზადებდა, ყველაზე მეტად იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი. და განა დიდი შანსი არაა, რომ ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვი დიდობაში თავადაც მოძალადე გახდეს?

ნაცნობი მიყვებოდა: ბავშვობაში ყოველთვის შიშით ველოდებოდი საღამოს, როცა მამაჩემი უნდა მოსულიყო სახლში. თუ ფხიზელი იყო, კიდევ არა უშავდა - მხოლოდ გინებას და ყვირილს დასჯერდებოდა. ხოლო თუ მთვრალი მოდიოდა, და ეს არც ისე იშვიათად იყო, დედა ცემის გარეშე ვერ გადარჩებოდა. ამისთვის მიზეზის ძებნა არ სჭირდებოდა. ბავშვობიდან ჩამომიყალიბდა შიში მამაკაცის მიმართ და ახლა გათხოვებაზე ფიქრიც არ მინდა. აღარ მინდა ის განვიცადო, რასაც ბავშვობაში განვიცდიდიო.

სად შეიძლება დაცული იყოს ბავშვი ძალადობისგან? თუკი ოჯახი, სადაც ადამიანი თავს ყველაზე მყუდროდ და დაცულად უნდა გრძნობდეს, ხშირად ამის გარანტია არ არის, სხვა უფრო მეტად იქნება საიმედო? იქნებ ბაღში ან სკოლაში არ გვხვდება ძალადობის შემთხვევები?  საბავშვო ბაღში არც ისე იშვიათად მოძალადედ პედაგოგი ან ძიძა გვევლინება  - ადამიანი, რომელიც ბავშვის არა მხოლოდ აღზრდაზე, არამედ უსაფრთხოებაზე და დაცვაზე უნდა ზრუნავდეს.  

სკოლა, სადაც ბავშვი თორმეტი წლის განმავლობაში  დღის დიდი ნაწილს ატარებს, ძალიან ხშირად სწორედ ის ადგილია, სადაც მოძალადე არა მხოლოდ თანატოლები, არამედ მასწავლებელიცაა.

მოსწავლისთვის ცუდი სწავლის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა ყველაზე მსუბუქი ფორმაა, ალბათ. თმის მოწევა და ზოგჯერ ცემაც კი - დასჯის უფრო მკაცრი მეთოდი. და ასეთ შემთხვევაში მასწავლებელი ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს ამას. როცა აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“ წავიკითხე პირველად, გამიხარდა, რომ დასჯის ის მეთოდები, რასაც მაშინ იყენებდნენ  მოსწავლის დასასჯელად, აღარ გამოიყენებოდა. მაგრამ მერე მეც არაერთხელ ვყოფილვარ შემსწრე სახაზავის დარტყმისაც, თმების მოქაჩვისაც და ყვირილისაც. დღეს არსებითად არ შეცვლილა დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება არ ხდება ყველგან და არ ხდება ხშირად, მაგრამ ასეთი მასწავლებლების თუნდაც უმცირესობაში არსებობა და თუნდაც მოსწავლეთა რაღაც ნაწილზე განხორციელებული ძალადობა, მაინც საგანგაშო უნდა იყოს.

მაგრამ ძალადობის ყველაზე დიდი წილი სკოლაში თავად ბავშვებზე მოდის. აბა, გავიხსენოთ, სკოლაში სწავლის პერიოდში ერთხელ მაინც თუ არ ვყოფილვართ იმის შემსწრე, რომ თანატოლები (ან ზოგჯერ, უფროსკლასელები - უმცროსკლასელს) რომელიმე მოსწავლეს დასცინიან, სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებენ. ამის მიზეზი კი ბევრი რამე შეიძლება იყოს. ბავშვის განსხვავებული აზრი, დამოკიდებულება რაიმე მოვლენის მიმართ, გარეგნობა, შეზღუდული შესაძლებლობები და ჩაცმულობაც კი. შორს წასვლა არ გვჭირდება - მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელები ინფორმაციის გაცვლის ყველაზე ოპერატიულ საშუალებად იქცა, თითქმის ყოველდღე წავიკითხავთ ასეთ ინფორმაციას.

მახსოვს, ერთი  მეგობარი წერდა, რომ კაფეში უნებურად მოკრა ყური, ორი უფროსკლასელი გოგონა როგორ დაცინვით ლაპარაკობდა თანაკლასელზე მისი ჩაცმულობის გამო. ჩაცმულობაზე, არა როგორც უგემოვნობაზე (თუმცა, არც ესაა დაცინვის საბაბი), არამედ როგორც ღარიბზე, რომელსაც თურმე სხვა ტანსაცმელი არა აქვს და ერთი ჟაკეტით დადის. წარმოვიდგინე, ამ გოგონების დამცინავი მზერა და ალბათ, სიტყვიერი დაცინვაც, როცა კლასში ერთად არიან.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით ბოლო დროს არაერთი ფაქტი მოხდა, რაც პირდაპირი ძალადობა იყო - სკვერში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დაყენებული საქანელების დამტვრევით დაწყებული, სკოლის შესასვლელი კარის აჭედვით დამთავრებული, რათა იქ ამ ბავშებს არ გაევლოთ და „ჯანმრთელი“ ბავშვებისა და მათი მშობლების გაღიზიანება არ გამოეწვია. საოცარია, რომ ეს ყველაფერი ბავშვებმა კი არა, უფროსებმა გააკეთეს. წარმოსადგენია, სახლში როგორ შეიძლება ელაპარაკებოდნენ შვილებს და უშლიდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების გვერდით ყოფნას. ამ შემთხვევაში მშობელი პირველ რიგში, საკუთარი შვილის მენტალიტეტზე ძალადობს და მას ტოლერანტობის, ემპათიის გრძნობას სრულიად უკლავს.  ასეთი ადამიანს კი ერთი ნაბიჯი აშორებს მოძალადეობამდე.

ძალადობა განსხვავებულობის გამო - ალბათ, ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინებაა. და თითქოს გასაკვირიც არ უნდა იყოს - საზოგადოებაში, სადაც ყოველგვარი განსხვავებული მიუღებლად, და ყოველი ასეთი ადამიანი ლამის მტრად, ქვეყნის დამაქცევარად აღიქმება, ბავშვი როგორ გაიზრდება მიმღებელი და ტოლერანტული? არა აქვს მნიშვნელობა, რითია ადამიანი განსხვავებული - ისეთი არაა, როგორიც ყველა; ისე არ ფიქრობს, როგორც უმრავლესობა; ისე არ გამოიყურება, ისე არ აცვია, ისე არ იქცევა... ესე იგი, უნდა დასცინო, უნდა სცემო, უნდა გარიყო...

ახლახან ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ ისევ სოციალური ქსელიდან გავიგეთ - მოსწავლეს, რომელიც მასწავლებელს შეეკამათა ერთი ნაწარმოების შესახებ და რელიგიურ თემაზე საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა, შესვენებაზე რამდენიმე თანატოლმა ათეისტობის ბრალდებით ჯერ დაცინვა, მერე კი ჩხუბიც გაუმართა. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, მოძალადე სტიქაროსანი იყო თუ კარატეში შავი ქამრის მფლობელი - მთავარი ისაა, რომ მათ განსხვავებული შეხედულების, განსხვავებული მოსაზრების გამო სცემეს თანატოლს.

ასეთი ძალადობის შედეგი ხშირად ფატალურია - ყოფილა შემთხვევა, რომ მოზარდმა ვერ გაუძლო ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. ყოფილა შემთხვევები, როცა ასეთი მოზარდი შურისძიების მიზნით თავადვე იქცა მოძალადედ და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა სხვებს. არა აქვს მნიშვნელობა, სად მომხდარა ასეთი ფაქტები - მოზარდის ფსიქიკა ყველგან ერთნაირად მძაფრად რეაგირებს ძალადობაზე და შედეგებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

დაცინვას კაცი არ მოუკლავს - ეს გამოთქმა სრულიად უსაფუძვლოა, მით უფრო, როცა ბავშვებზე გვაქვს საუბარი. სამწუხაროდ, დაცინვას ხშირად არათუ მოუკლავს, არამედ მკველადაც უქცევია.

ბავშვზე ძალადობას ვხვდებით ყველგან - ოჯახში, სკოლაში, ქუჩაში... ვინ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ბავშვი დაცული იყოს ყოველგვარი ძალადობისგან? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოჯახმა, მაგრამ როცა ოჯახი არ არის ამის გარანტია, მაშინ საზოგადოება უნდა იყოს ბავშვის უფლებების დამცველი. ამისათვის კი საჭიროა თავად საზოგადოება არ იყოს მოძალადე, არ იყოს აგრესიული. თითქოს ერთი შეკრული ჯაჭვია. მაგრამ თუ ბავშვზე ძალადობის მთელ სისასტიკეს არ გავაცნობიერებთ, საბოლოოდ ეს ჯაჭვი საზოგადოების ყულფად იქცევა.

საქართველო 1994 წელს შუერთდა ბავშვთა უფლებების კონვენციას, რომელიც 1989 წელს შეიქმნა. იგი საერთაშორისოდ აღიარებული იურიდიული დოკუმენტია და ადამიანის უფლებათ ფართო სპექტრს მოიცავს. კონვენციასთან შეერთებით ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ვალდებულებას იღებს დაიცვას ბავშვთა უფლებები. მიუხედავად ამისა, საქართველოში არსებული სტატისტიკა არათუ სახარბიელო არაა, არამედ ზოგიერთი მაჩვენებლით საგანგაშოცაა - ბოლო ორი წლის განმავლობაში ბავშვთა სიღარიბის ეროვნული მაჩვენებელი 25%-დან 27%-მდე გაიზარდა; საქართველოში მოსახლეობის თითქმის 45% ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს; საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტი თვლის, რომ ოჯახში აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდები და ეს მხოლოდ ოჯახის საქმეა.

ახლა, როცა  საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს ბავშვის უფლებათა კონვენციის 25 წლისთავს, საჭიროა კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს ბავშვთა უფლებებს და სახელმწიფომ სრულად უზრუნველყოს კონვენციით გათვალისწინებული ბავშვთა უფლებების დაცვა.  თავისუფალი და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ბავშვთა უფლებების დაცვის გარეშე ვერ ჩამოყალიბდება. 

 


ქართველ მწერალთა ესეები მომზადდა ბავშვის უფლებათა კონვენციის 25-ე წლისთავის ფარგლებში იუნისეფის და საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^