“თითო ოჯახში მივდივარ დილით, შუადღეს, საღამოს... რომ კარი გააღონ და რაღაც ინფორმაცია მომცენ. მხოლოდ ერთი კორპუსის მაცხოვრებლების აღრიცხვისთვის, მთელი კვირა დამჭირდა. ერთ ადამიანს ნახევარი საათი, ორმოცი წუთი მაინც უნდა დავუთმო.”
რუსუდან ხუბუტია, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის დროებითი დაქირავებული თანამშრომელი ხალხის აღსაწერად ორი კვირის განმავლობაში კარდაკარ დადიოდა. რუსუდანი გვიყვება, რომ პროცესი კარგად არ იყო ორგანიზებული და ერთი სატელევიზიო რეკლამა, რომლის მეშვეობითაც საქსტატმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა, საკმარისი არ იყო. ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ხშირად მას აგრესიით ხვდებოდნენ ან კარს არ უღებდნენ, რადგან ხალხს საკუთარი მონაცემების გაცემის ეშინოდა. რუსუდანი მიიჩნევს, რომ მისი მონაცემები, ამ და სხვა ფაქტორების გამო, ძალიან ზუსტი ვერ იქნება.
რუსუდანს თითო ოჯახში საშუალოდ 5-ჯერ მისვლა უწევდა, ერთი ადამიანის აღწერას 30-40 წუთს ანდომებდა. სამუშაოს ღამის 11 საათის შემდეგ ამთავრებდა.
“ზოგ ოჯახში დილით, შუადღეს, საღამოს მივდიოდი... რომ კარი გაეღოთ და რაღაც ინფორმაცია მოეცათ. მხოლოდ ერთი კორპუსის მაცხოვრებლების აღრიცხვისთვის მთელი კვირა დამჭირდა. ერთ ადამიანს ნახევარი საათს, ორმოცი წუთს მაინც ვუთმობდი”.
რუსუდანი ამბობს, რომ მოქალაქეების ნაწილს აღწერის მნიშვნელობა არ ესმის. ხშირად საყვედურობენ - თუ აღრიცხვას აკეთებთ, რატომ ინტერესდებით სად ვმუშაობ, რას ვაკეთებ, რა შემოსავალი მაქვს და სხვა:
"ვცდილობდით მოსახლეობისთვის აგვეხსნას, რას ნიშნავს აღწერა. მეზობლებს ტელეფონის ნომრებს ვართმევდით და ასე ვცდილობდით ძალიან ბევრ ადამიანთან დაკავშირებას. ასეთი იმდენი იყო, რომ მათთან დარეკვაზე ძალიან დიდი თანხა მეხარჯებოდა".
აღსანიშნავია, რომ სატელეფონო ხარჯებს საქსტატი არ ფარავდა.
მოსახლეობის აღწერის სამმართველოს უფროსის პაატა შავიშვილისთვის ნაცნობია მოსახლეობის ნაწილის ის დამოკიდებულება, რაზეც რუსუდანი საუბრობს, თუმცა მიიჩნევს, რომ ხალხის ინფორმირებისთვის მათ მაქსიმუმი გააკეთეს:
“ვფიქრობ 90-95% ინფორმირებული იყო. ძალიან ცოტა იყო ისეთი მოსახლეობა, ვინც არ ფლობდა ინფორმაციას აღწერის შესახებ”.
აღმწერი რუსუდან ხუბუტია მიიჩნევს, რომ დრო ძალიან ცოტა ჰქონდათ და გეგმის შესრულება რთული იყო:
„მინიმუმ 500 კაცი უნდა აღგვეწერა. ნორმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელფასს ვერ მივიღებდით, რადგან გამოდიოდა, რომ ხელშეკრულების პირობას დავარღვევდით. ჩემს რუკაზე სამი კორპუსია. აქ შეიძლება 700 ადამიანიც ცხოვრობდეს“.
საქსტატის თანამშრომელი მანანა სხირტლაძე ამ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ 500-ზე ნაკლები ადამიანის აღწერის შემთხვევაში, ანაზღაურებას აღმწერები ვერ იღებენ. პაატა შავიშვილი კი რუსუდანის კომენტარს არაკორექტულს უწოდებს:
“ჩვენ გეგმა არ მიგვიცია. ჰქონდათ რუკები. 500-ს აღწერდა თუ 47-ს, რუკის ფარგლებში მოქცეული ყველა ადამიანი უნდა აღწერილიყო”.
შავიშვილის თქმით, თუ რამე მიზეზის გამო აღმწერი სამუშაოს სრულყოფილად ვერ შეასრულებდა, დანარჩენს დამატებითი რეზერვი აკეთებდა:
“მეოთხე დღეა ჩვენი მონიტორები დადიან ოჯახებში და ამოწმებენ – იყო თუ არა აღმწერი მათთან. აღმწერებს ზედამხედველები დაყვებოდნენ და მათ შესრულებულ სამუშაოს აკონტროლებდნენ”.
აღწერის წინასწარი შედეგები 2015 წლის აპრილში, ხოლო საბოლოო მონაცემები 2016 წლის აპრილში გახდება ცნობილი.
წინა აღწერა საქართველოში 2002 წელს ჩატარდა.