Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრანსგენდერები... დასაწყისი

20 ნოემბერი 2014

ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობას“ იურისტთან, ნინო ბოლქვაძესთან

1998 წელს ტრანსგენდერი ქალის რიტა ჰესტერის გახმაურებული მკვლელობის შემდეგ, ყოველწლიურად, 20 ნოემბერს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აქტივისტები ძალადობისა და სისასტიკის მსხვერპლი ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნას პატივს მიაგებენ. საქართველოში წელს ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, ვინაიდან ერთი კვირის წინ საკუთარ სახლში ტრანსგენდერი საბი ბერიანი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს.

ნინო ბოლქვაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობას“ იურისტია, ჩვენ მას ტრანსგენდერი ადამიანების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ სასაუბროდ შევხვდით:

არსებობს  საერთაშორისო სტატისტიკა: ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლიდან 2013 წლის ჩათვლით მსოფლიოს 60 ქვეყანაში 1 374 ტრანსგენდერი ადამიანი მოკლეს. აწარმოებს თუ არა საქართველო ამგვარ სტატისტიკას?

სახელმწიფო არათუ ტრანსფობიის, არამედ სიძულვილით ჩადენილი დანაშაულის  არანაირ სტატისტიკას არ აწარმოებს.

შედეგად ხელისუფლებას არ აქვს მონაცემები, რომელი სოციალური ჯგუფია ყველაზე მეტად მოწყვლადი, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ. შესაბამისად, არ იცის, რა ტიპის პრევენციული ზომები მიიღოს. ხელისუფლება ამ საკითხს არასერიოზულად უდგება. გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანები ან თავად არიან ჰომოფობიურად და ტრანსფობიურად განწყობილები, ან არ ჰყოფნით კვალიფიკაცია,  პროფესიონალიზმი, გამოცდილება.

საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ აღძრული მუხლი არ ითვალისწინებს იმას, რომ შესაძლოა დანაშაული სიძულვილით იყოს მოტივირებული. როგორც წესი, ამგვარი დანაშაულები ამგვარად არ კვალიფიცირდება. როგორ ფიქრობთ, რატომ? რაიმე დამატებითი პრობლემები უჩნდებათ საგამოძიებო ორგანოებს, თუ ესეც თემისადმი მათი არასენსიტიურობის შედეგია?

დანაშაულის მოტივის გამოვლენა პროკურორის მოვალეობაა, ვინაიდან ის უნდა მიხვდეს რამდენად საშიშია დამნაშავე საზოგადოებისთვის. ამას უნდა დაეფუძნოს ბრალდება. მოტივის ძიება სირთულეს უჩენს მოუმზადებელ გამომძიებელს. ასეთ შემთხვევაში უნდა იმუშაოს თემებზე, რომელიც პირად ცხოვრებას ეხება. ერთი მხრივ, ადამიანს იძულებით ქამინგ აუთი არ უნდა გააკეთებინოს, მეორე მხრივ - გამოავლინოს მოტივი. საუბარია ცოდნასა და უნარებზე.

სულ რამდენიმე დღის წინ უარი მივიღეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ჩვენს შეთავაზებაზე – ჩაგვეტარებინა ტრენინგები, შეგვექმნა მოდულები სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე მუშაობისთვის. მათ განგვიცხადეს, რომ ჩვენი დახმარება არ სჭირდებოდათ.

სახალხო დამცველის აპარატში გვითხრეს, რომ 2014 წელს განცხადებები ძირითადად ტრანსგენდერი სექსმუშაკებისგან შემოდის. ისინი პოლიციის მხრიდან ზეწოლის და ტრანსფობიურ დამოკიდებულებაზე მიუთითებენ. გსმენიათ თუ არა ასეთი შემთხვევების შესახებ?

ამჟამად სწორედ ამ საკითხზე ვატარებთ კვლევას. წინასწარი შედეგებიდან ჩანს, რომ მსმ-სექსმუშაკების მდგომარეობა შეიცვალა, დამძიმდა. არც მანამდე იყო სახარბიელო – მათ კერძო პირები ესხმოდნენ თავს. ჩიოდნენ, რომ პოლიცია აგვიანებდა, თუმცა მოსვლისას თავად არ არღვევდნენ უფლებებს. ახლა იკვეთება, რომ პოლიციელებს თითქოს საგანგებო ბრძანება აქვთ - ისინი სექსმუშაკებს ქუჩაში დგომას უშლიან. საქართველოს კანონმდებლობა საპატრულოს თანამშრომელს ამის უფლებას არ აძლევს.

აჯარიმებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, გადაჰყავთ სასამართლოში პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის მოტივით, იწვევენ კონფლიქტს. თავად სჩადიან იმას, რასაც შემდეგ სექსმუშაკებს აბრალებენ. აგინებენ, შეურაცხყოფენ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ნიადაგზე. თუ სექსმუსაკებს კონფლიქტზე წამოიკიდებენ, მერე იწერენ კამერით და აჯარიმებენ. პოლიციელების თვალწინ როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად შეურაცხყოფენ მსმ-სექსმუსაკებს. თუმცა, როგორც ჩემი რესპოდენტები ჰყვებიან, ასეთ შემთხვევებში პოლიცია უმოქმედოა.

ტრანსგენდერი ადამიანები ლგბტ თემშიც გამორჩეულად დისკრიმინირებული ჯგუფია. თქვენ მკვლევარი ხართ, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი, ამის საფუძველი?

ტრანსფობია სხვა ფობიებთან შედარებით მძიმეა რამდენიმე მიზეზით: პატრიარქალურ საზოგადოებაში მამაკაცად ყოფნაზე უარის თქმა ამ სტატუსისადმი უკიდურესად შეურაცხმყოფელად აღიქმება. ბევრისთვის გაუგებარია, როდესაც იბადები მამაკაცად და უარს ამბობ ამ „პრივილეგიაზე“.

თუ ჰომოსექსუალ ადამიანს შეუძლია ისე ცხოვრება, რომ გარშემო მყოფებმა მისი ორიენტაციის შესახებ ვერ შეიტყონ, ტრანსგენდერები ვიზუალაურადაც გამოირჩევიან ლგბტ თემის სხვა წარმომადგენლებისგან. ისინი ცდილობენ დააფიქსირონ თავიანთი იდენტობა, გენდერი, რომელიც მათ ბიოლოგიურ სქესთან შეუთავსებელია. ტრანსგენდერი იდენტიფიცირებადია ვიზუალურად, იპყრობს ყურადღებას და შესამჩნევია მაღალი აგრესიის ფონზე.

ამასთან, ვთქვათ, ლესბოსელ ქალს, საზოგადოების დამოკიდებულების გარდა, სხვა დისკომფორტი, (მაგალითად, საკუთარ სხეულთან დისკომფორტი) არ აქვს. იმ შემთხვევაში კი, როდესაც შენი ბიოლოგიური სქესი შენთვის მიუღებელია, დგება მისი შეცვლის საჭიროება, რაც დაკავშირებულია სამედიცინო მანიპულაციებთან, ოპერაციებთან, ფინანსურ სახსრებთან, ოჯახის წინააღმდეგობებთან. ტრანსსექსუალობა ჯერჯერობით ამოღებული არ არის დაავადებათა სიიდან, თუმცა მიდის საუბარი იმაზე, რომ ამ დიაგნოზებს მალე ამოიღებენ.

პირადობის დამადასტურებელ მოწმობებთან დაკავშირებული პრობლემები...

მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მივიღეთ მესიჯები, რომ თითქოს საპასპორტო სქესის საკითხი დაიძვრებოდა, ანუ პირადობის მოწმობაში სქესი მარტივად შეიცვლებოდა, არაფერი გაკეთებულა. კანონმდებლობა ბუნდოვანია, რისგანაც კონკრეტული ადამიანები ზიანდებიან.

ამჟამად იდენტობა ერთ-ერთი ტრანსგენდერი ადამიანის საქმეს აწარმოებს, რომელიც ბიოლოგიურად ქალი, მაგრამ გენდერით მამაკაცია, და მამაკაცივით გამოიყურება კიდეც. პირადობის მოწმობაში კი მდედრობითი სქესი უწერია, რაც ძალიან დიდ პრობლემას უქმნის სამსახურში. ყოველ ნაბიჯზე დამსაქმებლის მოტყუება სჭირდება და იწვევს ეჭვს, გამუდმებით დგას სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე, რაც სერიოზულ სტრესს უქმნის.

ვაპირებთ სტრატეგიული სამართალწარმოების დაწყებას. არ გამოვრიცხავთ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის ფარგლებში მივმართოთ სახალხო დამცველს. ეს არის დისკრიმინაცია გენდერული იდენტობის საფუძველზე, როდესაც ყოველ ჯერზე მჟღავნდება, მაგალითად, შენი სამედიცინო ინფორმაცია. იძულებული ხარ გაუმხილო დამსაქმებელს, რომ ადრე იყავი ქალი და მამოქტომია გაიკეთე, ჰორმონალურ თერაპიას გადიხარ და ა.შ. უნდა გააგებინო დამსაქმებელს, რატომ გამოიყურები მამაკაცივით და რატომ გიწერია პასპორტში მდედრობითი სქესი.

ქართული მედია ასე თუ ისე მიეჩვია ლგბტ თემატიკაზე მუშაობას: მისმა მცირე ნაწილმა დახვეწა ტერმინები, ნელ-ნელა ინერგება სტანდარტი. თუმცა, საბი ბერიანის მკვლელობის გარშემო, როდესაც ყველა ტიპის მედია გაშუქებაში ჩაერთო, გამოჩნდა, რომ სტიგმისა და სტერეოტიპების გამყარებაში ნაციონალურმა მაუწყებლებმაც არ დაუდეს ერთმანეთს ტოლი. რა არის მიზეზი? ეს თემატიკის უცოდინარობაა თუ ჟურნალისტების ნაკლებსენსიტიურობა, ნაკლები მგრძნობელობა?

თქვენ დაასახელეთ ყველა მიზეზი, ყველაფერი ერთად. ჟურნალისტიც იმ საზოგადოების ნაწილია, რომელიც როგორც უვიცი და სტერეოტიპებით სავსე, ასევე არაპროფესიონალი, არასენსიტიურია...

მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ ყველაზე ცუდი ისაა, როცა პრობლემაზე საერთოდ არ საუბრობენ. ვიდრე პრობლემა ინდენტიფიცირებადი არ იქნება, მის გადაწყვეტაზე საუბარი ზედმეტია. ის, რომ რამდენიმე კარგი სიუჟეტი გაკეთდა, რამდენიმე კარგი სტატია დაიწერა, უკვე შედეგია. ეს ნიშნავს, რომ ცოტა ადამიანმა, მაგრამ მაინც, რეალობა დაინახა, ილუზიები გაუქარწყლდა, ჰეტეროსექსტისტური მატრიციდან ამოვიდა.

არა მხოლოდ არასამთავრობოებს, ან თავად ტრანსდგენდერებს, საზოგადოების თითოეულ წევრს ბევრი სამუშაო აქვს. ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა საზოგადოების თითოეული წევრის გულისტკივილის საგანი უნდა იყოს. ამიტომ მივესალმები საუბრის, დისკუსიის, გაშუქების მცდელობას, ეს  გზის დასაწყისია.

Funded by the U.S. Embassy in Georgia

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^