Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აქ თავისუფლებაა“ - ორგანიზაციის, „ხელი ხელს“, ბინადრები თბილისიდან

27 აპრილი 2018

- გამარჯობა
- გამარჯობა, შენ ხარ ინტერვიუზე? გელოდებოდი.
- კი, მე ვარ.
- მზად ვარ. დავიწყოთ.
თეთრი კაბა ეცვა, თეთრივე მაისური. შეხვედრისთვის რომ მოემზადა, სახეზეც ეტყობოდა, მცირე მაკიაჟით ლოყები უღაჟღაჟებდა და უბზინავდა. 
მითხრა - დაბრძანდი. მის სიტყვებში სიხარული და მოუთმენლობა იკითხებოდა.
 სავარძელზე მის გვერდით ჩამოვჯექი.

- შეიძლება ჩაგეხუტო? მიყვარს ჩახუტება. ხელებს შლის და თვალებით ჩემი ორივე ხელის გაშლას ელოდება...

ნათია მინდიაშვილი სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციის - „ხელი ხელს“ - ბენეფიციარია. ის ორგანიზაციის მიერ გახსნილი ექვსი სახლიდან ერთ-ერთში ცხოვრობს.

„სანამ აქ გადმოვიდოდი საცხოვრებლად, სენაკის ბავშვთა სახლში ვცხოვრობდი. მიყვარდა, როცა მივლიდნენ და თავს მოწესრიგებულად ვგრძნობდი, მაგრამ ბევრი რამ არ მომწონდა. მე არა, მაგრამ ბავშვებს სცემდნენ, ამას რომ ვუყურებდი,  ვტიროდი, მაგრამ ვერაფერს ვამბობდი. არ მომწონდა სენაკი და დავივიწყე. არ მენატრება. აქ სულ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. სადაც მინდა, სასეირნოდ იქ დავდივარ, ვაწესრიგებ სახლს, ვაკეთებ საჭმელს.

მიყვარს სახლის საქმე. არ მიყვარს მარტო ყოფნა, მომწონს ხალხთან ურთიერთობა.
გინდა, ჩემი მოქსოვილი ქუდები გაჩვენო? აქ ვისწავლე.

კიდევ იცი რა? ჩემი პენსიის ფულით ის ტელეფონი ვიყიდე, რომელიც მინდოდა.
ახლა ანაბარი მაქვს გახსნილი, მინდა ზაფხულში ზღვაზე წავიდე და დავისვენო, -მიყვება ნათია.

ნათიამ თებერვალში ფეხზე ურთულესი ოპერაცია გაიკეთა და მეორე ოპერაციასაც შემართებით ელის. მასთან საუბრის განმავლობაში რამდენჯერმე  მითხრა, რომ სამსახური უნდა და არ უყვარს უსაქმოდ ჯდომა.

„სამსახური და ჩემი საკუთარი ფული მინდა მქონდეს. აქ ქუდების ქსოვა ვისწავლე და მინდა ჩემი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოვაწყო. ძალიან მინდა მქონდეს სამსახური, ამბობენ დამღლელიაო, მაგრამ არაუშავს.
ახლა გადაადგილებაში ჩემი მეგობრები მეხმარებიან, რომლებიც აქ გავიცანი. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. იცი? აქ რომ მოვედი, თავიდან მეგონა, როგორც სენაკში, აქაც ასე სცემდნენ ადამიანებს, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, მიხარია რომ აქ ვარ“, - ამბობს ნათია.

კითხვაზე, თუ რა ოცნება აქვს მას, პასუხობს, რომ საკუთარი სახლი უნდა ჰქონდეს, სადაც თვითონ და მისი ქმარი იცხოვრებენ, შვილი სამი უნდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ღმერთი რამდენსაც მისცემს, იმას მიიღებს.


 ნათიასთან საუბრისას თავი რამდენჯერმე შემახსენა მოშორებით მყოფმა გიორგიმ.
ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში მოუსვენრად გადაადგილდებოდა.
მალე მორჩებით? მეც მინდა, გაგესაუბროთ.

„მე ახალციხეში, მინდობით აღზრდაში ვიყავი. ყველაფრის უფლება გვქონდა, თუმცა აქ მეტი თავისუფლებაა. გადმოვედი თუ არა მომცეს არჩევნის უფლება, დაბადების დღესაც ჩემი სურვილით ვიხდი, ტორტს შევარჩევ და ვისაც მინდა, იმას დავპატიჟებ. ერთ-ერთ დაბადების დღეზე სიურპრიზიც გამიკეთეს: რადგან ჩემი სურვილი პოლიციელობაა, პოლიციაში წამიყვანეს, ფორმა ჩამაცვეს და რამდენიმე საათი საპატრულო ეკიპაჟთან ერთად ვიმუშავე. ძალიან მიხაროდა. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება“, - მიყვება გიორგი.

გიორგიმ გარკვეული პერიოდი საწარმო „ბაბალეშიც“ იმუშავა, თუმცა ახლა სულ სხვა მიზნები აქვს. უნდა, რომ მაღაზიის კონსულტანტი იყოს.

„ჩვენ თანამშრომლებსაც ვეხმარებით, ადრე მე დახმარების სურვილი არ გამჩენია. მაგრამ ახლა, როცა აქ გადმოვედი, თუკი რაიმე საქმეა, ჩვენს თანამშრომლებს ყოველთვის ვეხმარები. აქ ძალიან მომწონს“, - გიორგი ღვინიაშვილი.

იზაბელა ლალიაშვილი ორგანიზაცია „ხელი ხელს“ სერვისის მენეჯერია. თბილისში პირველი საცხოვრისების გახსნის დღიდან ის ამ ადამიანების გვერდითაა. სწორედ მისი საშუალებით შევძელი ნათიასა და გიორგის გაცნობა.

„ჩვენ თითოეული ადამიანის პიროვნულ ზრდა-განვითარებაზე ვმუშაობთ. ვცდილობთ, დავეხმაროთ ახალი უნარ-ჩვევებისა შეძენაში ან უკვე არსებულის დახვეწაში. ჩვენი სერვისი 18 წელს ზემოთ მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის (გონებრივი განვითარების შეფერხებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის) მქონე პირებს გურჯაანსა და თბილისში მცირე საოჯახო სახლებს სთავაზობს. ამ ეტაპზე გვაქვს 6 საცხოვრისი. ერთ საცხოვრებელში 3, მაქსიმუმ 5 ადამიანი ცხოვრობს, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ თითოეულის  საჭიროებები არა მხოლოდ დავინახოთ, არამედ შესაბამისი მხარდაჭერაც გავუწიოთ.  ერთ ოჯახში მეტი ადამიანის შემთხვევაში ეს შეუძლებელი იქნებოდა.

ჩვენი მიზანია, მათ დამოუკიდებლად შეძლონ და გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც შეუძლიათ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში. ხელს ვუწყობთ დასაქმებაში. ფაქტობრივად, მე თბილისის სახლების ყველა ცხოვრების გადმოსვლასა და ცხოვრებას შევესწარი. მათ ყოველთვის შეუძლიათ იყვნენ პროცესის მონაწილეები და წარმმართველები. ჩვენ მხოლოდ შესაძლებლობები შევუქმენით. ჩვენ მათ ვაძლევთ არჩევანს,  შესაძლებლობას, რათა ყველაფერი ნახონ, გამოსცადონ და შემდეგ გაარკვიონ, რა მოსწონთ, ან რა არის უკეთესი მათთვის. ასე სწავლობენ თავიანთ თავს, საკუთარ სურვილებს. ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მათ ეხებათ, მნიშვნელოვანია მათი აზრი, რადგან ეს მათი ცხოვრებაა. მათ თავად შეუძლიათ აირჩიონ და გააკეთონ ის, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი ორგანიზაციის მიზანიც ესაა  - ისწავლონ თავისი თავი, შეძლონ ოცნებისკენ სვლა და ცხოვრების წარმართვა. ამის მიღწევას კი მხოლოდ თემში, სოციუმში ცხოვრებით, შესაბამისი მხარდაჭერით თუ შეძლებენ“,  - იზაბელა ლალიაშვილი.

ორგანიზაცია „ხელი ხელს“ უკვე ექვსი წელია 25-მდე ბენეფიციარს იღებს, მათი სამომავლო გეგმები კი  საოჯახო ტიპის საცხოვრისებში ბენეფიციართა ინტელექტუალური გზით განვითარებასა და სოციალურ სივრცეში ადაპტირებას ემსახურება.

ორგანიზაცია მუშაობს  სატრენინგო მოდულებზე, თუ როგორ უნდა ხორციელდებოდეს საოჯახო ტიპის მომსახურება. უახლოეს მომავალში კი გეგმავენ, შესთავაზონ ტრენინგები მათ, ვისაც სურვილი აქვთ, სწორად დაეხმარონ შშმ პირებს ინკლუზიასა და დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარებაში.

მათი მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლებისა და ოჯახის წევრების გაძლიერება და მათ მიერ დაგროვილი ცოდნის გაზიარება  ტრენინგების მეშვეობით.

ორგანიზაცია „ხელი ხელს“  სახელმწიფო სტრუქტურებთან სათემო დაფინანსების გაზრდის მიზნით საადვოკაციო შეხვედრებს გეგმავს, რაც, მათი თქმით, უფრო სტაბილურსა და რეალურს გახდის შშმ პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებას.

ფოტო: ორგანიზაცია „ხელი ხელს" 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 სექტემბერი
21 სექტემბერი

მონოლოგი სიკვდილზე... პლასტიკის ენით

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ლეგენდარულ მიხეილ ბარიშნიკოვს მასპინძლობს
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

მოხუცი ქართული ლიტერატურა და ზღვა

ქართულ ლიტერატურაში ზღვა მნიშვნელოვანი თემაა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა, თითქოს ზღვასთან ...
15 სექტემბერი
15 სექტემბერი

8.08.08-დან დღემდე...

TBILISI PHOTO FESTIVAL 2018 - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩვენს ზემოთ და რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავი ჩვენში.

მეტი

^