Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტატია მომზადებულია "ლიბერალის" სპეციალური სარაგბო გამოცემისთვის - "ჩვენი თამაში". 2017 წელს.


სარაგბო გუნდს ორი გამთამაშებელი ჰყავს – შერკინებისა და ხაზის. მათი პოზიციების აღმნიშვნელი საერთაშორისო ტერმინიც სწორედ აქედან მომდინარეობს „scrum-half“ შერკინების (scrum) გამთამაშებელია, „fly-half“ კი – უკანა ხაზის. ბურთთან ყველაზე ხშირად ყოფნა სწორედ ამ მორაგბეებს უწევთ და, შესაბამისად, ზეწოლის ქვეშ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი მათთვის უმნიშვნელოვანესია.

სარაგბო ტერმინოლოგია ზაალ გიგინეიშვილმა გადმოაქართულა და „ხაზის გამთამაშებელს“ შესანიშნავი სახელი – „მგეზავი“ დაარქვა. სიტყვა „მგეზავი“ სრულად აღწერს იმას, თუ როგორ უნდა ითამაშოს ათმა ნომერმა – მან გუნდს გეზი უნდა მიუთითოს და შეტევები ეფექტიანად წარმართოს. რაგბი გუნდური სპორტია, მაგრამ, რაც არ უნდა ძლიერი მორაგბეები გყავდეს სხვა პოზიციებზე, თუკი გუნდის ღერძი სუსტია, კონტაქტი მორკინალებსა და უკანა ხაზს შორის შეუძლებელია, რაც თამაშის საბოლოო შედეგზე, რაღა თქმა უნდა, უდიდეს გავლენას ახდენს.

არავისთვისაა უცნობი, რომ საქართველოში „მგეზავის“ (და სხვა უკანახაზის) პოზიციაზე სანაკრებო დონეზე იმხელა კონკურენცია ნამდვილად არ არის, როგორიც მორკინალებში გვაქვს. ალბათ, სწორედ ამიტომაცაა, რომ ახალგაზრდა ხაზის მოთამაშეებს ქართველი გულშემატკივრები დიდი იმედით და გამადიდებელი შუშით აკვირდებიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მორაგბეები თავს მაღალი დონის თამაშის დროს გამოიჩენენ.

სწორედ ასე მოექცა ქუთაისელი ათი ნომერი თედო აბჟანდაძე საყოველთაო ყურადღების ქვეშ; ამას კი ის ფაქტიც მიეხმარა, რომ თედო ტურნირზე მოთამაშე მორაგბეებს შორის ყველაზე პატარა – მხოლოდ 17 წლის იყო და სრულწლოვანება პლეი-ოფის პირველ დღეს, 13 ივნისს, არგენტინელთა დამარცხებით იზეიმა.

თედოსთან შეხვედრა სწორედ ამ მატჩამდე სამი-ოთხი დღით ადრე შედგა. მივაკითხე „შევარდენის“ სარაგბო ბაზაზე იმ დროს, როდესაც, წესით, მას სხვა მორაგბეების მსგავსად უნდა დაესვენა.

ბაზაზე უჩვეულო სიცარიელე იყო, თუმცა მაინც გადავეყარე ოცწლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ილია მაისურაძეს, რომელსაც ჩემი ვიზიტის მიზანი გავაცანი. „თედო მაგარი ბიჭია,“ – მითხრა ილომ ღიმილით.

ამასობაში თედო სანაკრებო ეკიპირებაში გამოეწყო, ჩვენც „შევარდენის“ ძირითად მოედანზე შევედით და ფოტოების გადაღება დავიწყეთ. მოედანზე ახალგაზრდა მორაგბეს ფოტოების გადაღების დროსაც კი ეტყობოდა, რომ ბურთთან კარგად მეგობრობდა.

ვიღებდით მის ფოტოებს, რომლებზეც იმ მოძრაობებს ასრულებდა, თამაშისას ყველაზე ხშირად რომ უწევს. სულ ერთადერთი ბურთი გვქონდა, შესაბამისად, გადავწყვიტე, ფეხით დარტყმისას ბურთის სავარაუდო დავარდნის ადგილას მე დავმდგარიყავი, მის დევნაში დიდი დრო რომ არ დაგვეკარგა. როგორც კი თედომ ეს დაინახა, მას შემდეგ ბურთის დასაჭერად ორი ზედმეტი ნაბიჯის გადადგმაც არ დამჭირვებია.

ანალოგიურად დავეხმარე იმ ფოტოების გადაღებისას, რომლებზეც იგი პასს აკეთებდა. უბრალოდ დავდექი და ის ბურთს ჩემი მისამართით უშვებდა. ვისაც რაგბი ერთხელ მაინც უთამაშია, ყველამ იცის, საუკეთესო პასს სადაც იღებს, მკერდთან, ზუსტად იმ წერტილში, სადაც ბურთის მიმღების ხელები იქნებოდა, პასის გაშვებამდეც გაშვერილი რომ ჰქონდეს. დაახლოებით ოცი პასი მივიღე თედოსგან, რომელიც ჩემგან ათიოდე მეტრის დაშორებით იდგა და თითოეული მათგანი ზუსტად იმ იდეალურ წერტილში მომაწოდა.

საუბრის დაწყებამდე ცოტათი მეც ვნერვიულობდი და თედოც, თუმცა ურთიერთობა მალევე და მარტივად აეწყო, რაშიც ისიც დაგვეხმარა, რომ ასაკი ვკითხე: „17 წლის ვარ“ – მიპასუხა მან, – „თვრამეტის 13 ივნისს ვხდები, არგენტინელებთან თამაშის დღეს“. იმ წამსვე მოვთხოვე, დაბადების დღე თავისთვისაც და ჩემთვისაც გამარჯვებით მოელოცა, ვინაიდან თავადაც ამ დღეს ვარ დაბადებული.

სანამ რაგბიზე დავიწყებდით საუბარს, სწავლა ვახსენე. თედოს დიდი ხანი არ უფიქრია და მითხრა, რომ სწავლას მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და სამედიცინო უნივერსიტეტში სურს ჩაბარება. მისივე თქმით, განათლება რაგბის თამაშშიც ეხმარება და ვერაფრით დაეთანხმება იმ სტერეოტიპს, რომ ის მხოლოდ ძალისმიერი და ღონეზე ორიენტირებული თამაშია. რა თქმა უნდა, ფორმაში ყოფნა მნიშვნელოვანია, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი სწორი გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაა, რაშიც გონების მუდმივი ვარჯიში ძალიან ეხმარება. როგორც თავიდანვე ვთქვით, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი კარგი მგეზავის ერთ-ერთი უპირველესი მახასიათებელია.

დასაწყისი

თედო ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. ქუთაისში კი სპორტი ძალიან უყვართ, უყვართ რაგბიც, რადგან საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ჰყავთ, მაგრამ თედოს პირველი სპორტი რაგბი არ ყოფილა, ფეხბურთი იყო.

რაგბიზე შემთხვევითობის წყალობით მოხვდა; შეიძლება ითქვას, ბედნიერი შემთხვევითობის. 9 წლის იყო, როდესაც ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლაში, მის კლასში მწვრთნელი რამაზ სვანიძე შევიდა და ბავშვებს რაგბიზე ვარჯიში და სათამაშო ეკიპირება უფასოდ შესთავაზა. პატარა თედოს ძალიან გაუხარდა უფასოდ ფორმის მიღება და უპირველეს ყოვლისა რაგბის თამაში სწორედ ამიტომ დაიწყო. ორი წლის განმავლობაში ფეხბურთით და რაგბით ერთდროულად იყო დაკავებული.

თედოს მამა ფეხბურთელი იყო, თუმცა შვილს არჩევანის სრული თავისუფლება დაუტოვა. თავიდანვე უთხრა, რომელი სპორტიც უფრო მოეწონებოდა, იმას გაჰყოლოდა. რაგბიში მისი პირველი მწვრთნელიც მუდმივად ურჩევდა, რომ თავი არც ფეხბურთისთვის დაენებებინა, რადგან სპორტის ამ სახეობაში რაგბისათვის გამოსადეგი ბევრი უნარის განვითარებაა შესაძლებელი.

პირველ სარაგბო გამარჯვებას მალევე გაუგო გემო, რადგან მისი გუნდი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო იყო და პატარა სპორტსმენებს დამარცხების გემო პრაქტიკულად არ უგრძვნიათ.

საბოლოოდ თედომ არჩევანი რაგბიზე შეაჩერა და ამაში, გამარჯვებებთან ერთად, უდიდესი როლი იმ ახალმა მეგობრებმა შეასრულეს, რომლებთან ერთადაც მოედანზე გადიოდა.

თედო რაგბით მოიწამლა.

კლუბი

მისი საკლუბო კარიერა ქუთაისის „აიას“ უკავშირდება. ქუთაისური რაგბი ყოველთვის გამოირჩეოდა ლაღი სათამაშო სტილით და ნიჭიერი უკანახაზელებით. თედო ამბობს, რომ გუნდში მორაგბეს თავისუფლებას აძლევენ და ცდილობენ, თანამედროვე რაგბი ათამაშონ. „აია“ რომ უმეტესწილად ქუთაისელი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, ამაში უდიდეს როლს თამაშობს მათი ასაკობრივი გუნდები, რომლებიც შიდა ჩემპიონატში მუდმივად ფავორიტებად მიიჩნევიან.

17 წლის ასაკში უკვე „დიდ ათში“ (საქართველოს უმაღლესი ლიგა) ათამაშეს. არადა მისი ასაკის ბავშვები, როგორც წესი, „ა“ ლიგაში თამაშობენ და შემდეგ დუბლებიდან უწევთ ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება.

„დიდ ათში“ მიღებულმა გამოცდილებამ უდიდესი გავლენა მოახდინა მის მორაგბედ ჩამოყალიბებაზე. როგორც თავად იხსენებს, ბესო ხამაშურიძე (ქუთაისის „აიას“ მწვრთნელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი) ინდივიდუალურად მუშაობდა მასთან და ბევრი ისეთი რამ ასწავლა, რაც მოედანზე გამოადგა.

აკადემია და ნაკრები

რაგბის აკადემიაში თედო ორი წლის განმავლობაში სარაგბო უნარებს ხვეწდა. აკადემია ორიენტირებულია განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდა მორაგბეებზე, რომლებსაც კლუბში ვარჯიში პარალელურად ეხმარება სპორტსმენად ჩამოყალიბებაში.

თედოს აკადემიაში ლევან შარვაშიძე, ირაკლი დგებუაძე და გიგა გურეშიძე კვირაში ორჯერ ავარჯიშებდნენ. პირველად სწორედ აკადემიის გუნდში მიიღო საერთაშორისო გამოცდილება, როდესაც ინგლისური და რუმინული კლუბების წინააღმდეგ მოუწია თამაში.

პირველი სანაკრებო გამოცდილება 18-წლამდელთა გუნდში მიიღო, თუმცა ოცწლამდელთა გუნდში უფრო ადრე უხმეს, მსოფლიო ჩემპიონატისათვის უფროსებთან ერთად რომ მომზადებულიყო.

18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც ერთადერთი, ფინალური შეხვედრა ფრანგებთან დათმეს – 36:18.

ტურნირის დასრულებიდან ორიოდე თვეში მოუწია ოცწლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში და თავადაც აღნიშნა, რომ ორ ტურნირს შორის განსხვავება ძალიან დიდი იყო: „როდესაც თანატოლებთან თამაშობ, ყველაფრის გაკეთება გიადვილდება. ჩემთვის პირადად ამ ტურნირზე თამაში ორმაგად უფრო რთულია, რადგან ჩვენზე ძლიერ მეტოქეებს ვხვდებით, თან ყველა მორაგბე ჩემზე ასაკითაც და ფიზიკურადაც დიდია. ამის მიუხედავად, გამოცდილებას სწორედ ასეთი მატჩებისას ვიღებ. იმისათვის, რომ გაიზარდოს, მორაგბისათვის ამ დონეზე თამაშია აუცილებელი“.

ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი

საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრებმა ტურნირზე ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა დათმო. რიგით გულშემატკივართან საუბრისას ხშირად ვისმენდი: „სისწრაფით გვაჯობეს, ჩვენი ბიჭები სწრაფად ვერ დარბიან“. თედო სხვაგვარად ფიქრობს – „სისწრაფე, ჩემი აზრით, ტემპიდან მოდის; ჩვენთან, შიდა ჩემპიონატში არ გვაქვს, სამწუხაროდ, მაღალი ტემპი და მორაგბეებს არ უწევთ სწრაფი გადაწყვეტილებების წნეხის ქვეშ მიღება. ამ დონეზე თამაშის გამოცდილებასაც ნელ-ნელა ვიღებთ. როდესაც მეტოქეები გადაწყვეტილებას ჩვენზე სწრაფად იღებენ, ჩვენ ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან ვართ. შესაბამისად, მაყურებელს უჩნდება განცდა, რომ ისინი უფრო სწრაფად მოძრაობენ.“

ამის დასადასტურებლად ლადო მიმინოშვილის ეპიზოდი შემახსენა, როდესაც ტურნირის პირველ შეხვედრაში მან ორ არგენტინელ უკანახაზელს ბურთამდე სპრინტი მოუგო, თან ისე, რომ სპრინტის დასაწყისში მეტოქეებს ორი მეტრით ჩამორჩებოდა.

ამ თემაზე საუბრის დასასრულს მითხრა – თუკი გუნდი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, შეუჩვეველ ტემპთან შესაგუებლად მორაგბეს სულ ორი-სამი თამაში სჭირდებაო.

მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ სამი თამაშის შემდეგ იყო არგენტინასთან მატჩი და საქართველოს პირველი გამარჯვება. თედომ თავის დაბადების დღეზე ტურნირის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და გუნდიც შესანიშნავად ათამაშა. ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ალბათ მეორე ტაიმში იყო, როდესაც მან ჩვენს ოცდაორმეტრიან ზონაში მიიღო ბურთი, მეტოქეს ცრუპასი აჩვენა და შემდეგ ცენტრამდე ირბინა. ცენტრთან კი წინ მდგომმა მეტოქემ შებოჭა, უკნიდან არავინ დასწევია...

მომავალი

პროფესიონალი სპორტსმენის ცხოვრება მსხვერპლს მოითხოვს. ასე გამოაკლდა სკოლის ბანკეტს, რომელიც ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ აქვს – მსოფლიო ჩემპიონატის გამო. ამისთვის მზად იყო და ასევე მზად არის, მიზნის მისაღწევად კიდევ ბევრ რამეზე თქვას უარი.

თედო მიიჩნევს, რომ იმ დღიდან, როდესაც რაგბიზე შევიდა, დაიწყო მისი, როგორც სპორტსმენის, განვითარება და სწორედ ამ განვითარებას მოჰყვა ის ფაქტი, რომ მას ასაკობრივ ნაკრებებში უხმეს. ოღონდ, განვითარება ჯერ არ დასრულებულა და წინ დიდი გზაა.

უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში მაღალი დონის სარაგბო საკლუბო ჩემპიონატში თამაში სურს, ოცნება კი დიდი „ბორჯღალოსნების“ კვართის მორგებაა... და არ უნდა დაგვავიწყდეს სწავლა, რომელიც თედოს რაგბივით კარგად გამოსდის და თავის დანებებას არ აპირებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^