Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გალაკტიონის დანაშაული

28 ივნისი 2018

ბოჰემა (Fr. bohème) 1. ბურჟუაზიულ საზოგადოებაში - მსახიობები, მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები, რომელთაც არა აქვთ არსებობისათვის საჭირო მუდმივი შემოსავალი და უთავბოლო ცხოვრებას ეწევიან (უცხო სიტყვათა ლექსიკონი).

არის ხალხი, რომელიც მას ჯიუტად „გალაქტიონ ტაბიძეს“ უწოდებს. აი, ასე - გალა--ტიონს ქანითა და გვარით, აუცილებლად გვარით, რომელიმე სხვა გალაქტიონში, სხვა დიდ ან პატარა პოეტში რომ არ აგვერიოს. არადა, ხომ შეიძლება, აგვერიოს?! მარტო გვარიც არ შეიძლება. ლეონიძე, მაგალითად, შეიძლება, მაგრამ ტაბიძე ხომ ტიციანიცაა?! მთავარია, გალაკტიონი არ ვუწოდოთ, არ გამოვყოთ, არ გამოვარჩიოთ. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ თავში არ აუვარდეს. შოთას რომ აუვარდა, ხომ წავუშალეთ ბიოგრაფია?! გალაკტიონს კი მკაცრად უნდა მოვექცეთ, დისციპლინას უნდა მივაჩვიოთ.

კანონის უზენაესობა ისაა, რომ თუ ბიძაჩემს გალაქტიონი ერქვა, გალაკტიონსაც გალაქტიონი უნდა ერქვას. რა არის აქ გაუგებარი? ისიც ეყოფა, ყველას რომ დასცინოდა, მწერალთა კავშირს „მწერთა კავშირს“ რომ უწოდებდა, უკბილოდ „ხუმრობდა“, ერთი მწერლის კავშირი არ გამიგია მეო; როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონიო, რომ ამბობდა. სამაგიეროდ „გალაქტიონ ტაბიძე“ რაღაც ისეთი კეთილშობილი ნიშნისმოგებით ჟღერს, როგორც მოწინააღმდეგე პოლიტიკოსების მიერ ხშირ-ხშირად გამეორებული, „სახეცვლილი“ გვარ-სახელები. ასეა, ასეა საჭირო, რომ იცოდნენ თავიანთი ადგილი. გალაკტიონმაც უნდა იცოდეს თავისი ადგილი, ნუ ადის ცაში, აქ, ჩვენთან, დაეტიოს, ჩვენს მიწაზე, უბრალო ადამიანების გვერდით, ჩვენს წრეში, ჩვენს წიაღში, ჩვენი წერის კულტურაში, ჩვენს წუმპეში.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე

ასე იბადება ნამდვილი, გამართული და წრფელი წინადადება: „ცნობილი პოეტი გალაქტიონ ტაბიძე არ იყო ლექსის ურიგო ოსტატი, თუმცა...“ აბა „გალაკტიონი გენია“, „გალაკტიონი ჯადოქარი“, „გალაკტიონი საოცრება“ - მოსაბეზრებელი არ არის? ყველა უნდა გიყვარდეს, ყველა, ხოლო ყველა, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, გალაკტიონი ვერ იქნება.

არსებობს გულუბრყვილო ხალხი, ვისაც გალაკტიონი ადამიანი ეგონა. დღესაც არიან ასეთები. მართლა ჰგონიათ, რომ ადამიანი იყო. ერთი სტატისტიკური ერთეული, რომელსაც ერთი გული, ორი თირკმელი და ერთი სიცოცხლე ჰქონდა. იცხოვრა და მოკვდა. ყველა კვდება: ტაბიძეც, გრიშაშვილიც, შანშიაშვილიცა და ნონეშვილიც. პოეტები იბადებიან, ლექსებს წერენ და კვდებიან. ზოგიერთები თავს იკლავენ. მხოლოდ ესაა განსხვავება. გალაკტიონიც დაიბადა, ბევრი ლექსი დაწერა, ბევრი ღვინო დალია და ბოლოს წავიდა, გაფრინდა; ოღონდ ესაა, სხვა პოეტები რომ კვდებიან, მეორე დღეს მაინც თენდება და ახალი პოეტები ახალ ლექსებს წერენ, ხანდახან წინადღით წასული პოეტის ლექსებზე უკეთესებს. ეს კიდევ ისე წავიდა, პოეზიაში მეორე დღეს კი არა, არასოდეს აღარ გათენდა, მასზე უკეთესი მეორე დღეს კი არა, მეორე წელს კი არა, მეოცე წელს კი არა, მეორე ათასწლეულში კი არა, მესამე ათასწლეულშიც ვერ დაიწერა. რაო, მის ლექსზე უკეთესი ლექსი არ არსებობს? - იკითხავს „გალაქტიონში“ ფშვინვიერი ქანის რომელიმე პატიოსანი გულშემატკივარი და ერთი სული მაქვს, ეს კითხვა მე დამისვან. რატომ? იმიტომ, რომ კვიმატი პასუხი მაქვს, ჩვენი ერთი კარგი მწერლის კილოზე ვუპასუხებ: როგორ არა, არსებობს მის ლექსზე უკეთესიც - მისი სხვა ლექსი.

დიახ, მეცნიერება ადასტურებს, რომ არსებობს ხალხი, ვისაც გალაკტიონი „გალაქტიონ ტაბიძე“ და ადამიანი ეგონა. ის კი არა, მადლობა თქვას, ადამიანი თუ ეგონათ. მეტი რა უნდა თქვა არსებაზე, რომელსაც საკუთარი ბიოგრაფიის ადამიანურად დაწერაც არ ეხერხება? „მამა არ ახსოვს“. აბა, შეიძლება ბიოგრაფია ასე იწყებოდეს? დაწერე, შე კაცო, „მე, გალაქტიონ ვასილის ძე ტაბიძე, დავიბადე 1892 წლის...“. რა უნდა ამას, რა? არადა, ნახეთ, როგორ წერს: „მამა არ ახსოვს. სოფლის [წაშლილია] ქუთაისის სკოლა. 1905 წელი. ანარხისტთა გაფიცვები, ტფილისის სემინარია. სოფლის ხორისტი [წაშლილია] აგიტატორი, რედაკტორი ხელნაწერი რევოლუციონური ჟურნალების...“. მაგას კიდევ ეშველებოდა, ბიოგრაფიას სხვა დაუწერდა, მაგრამ ამ ტაბიძეს ბიოგრაფიც რომ მისნაირი შეხვდა? ნახეთ ეს მისი აპოლოგეტი ვახტანგ ჯავახაძე როგორ წერს? ­- „როდესაც გესაუბრებოდათ, თითქოს სხვაგან იმყოფებოდა და ეს „სხვაგან“ იყო მისი მთავარი სავანე“. სწორედ ამ „სხვასა“ და „სხვაგანს“ არ ებრძვით „გალაკტიონში“ ყრუ ფშვინვიერი ხშული ფონემების „სხვანაირად“ მოყვარულებო?

„მამა არ ახსოვს“ - რა, ერიკ-ემანუელ შმიტის იეშუაა, მამა რომ არ ახსოვს? რა ნათქვამია ეს - „არ ახსოვს“? დეივიდ კოპერფილდისა არ იყოს, მამამისიც მის დაბადებამდე გარდაიცვალა, მამა როგორ ემახსოვრებოდა? არადა, ლექსში კი დაწერა - მოხუცი მამა, მოხუცი მამა, სასხლავით ხელში დადის ვენახშიო! რის თქმა უნდოდა? არაფრის, ისევ გვატყუებდა. რამდენჯერ გააკრიტიკეს სამართლიანად! რამდენჯერ უთხრეს სწორი, კოლეგიალური სიტყვა! მისთვის ცუდი ხომ არ უნდოდათ, ხომ კარგი უნდოდათ, მაგრამ რა, შეისმინა?! ნახეთ, კოლეგა რა ტაქტიანად, რა ტკბილად ასწავლიდა ჭკუას: „სისულელეა. რა ბრძანეთ, „დიდო” პოეტო, უკაცრავად პასუხია, იდიოტო!! Идиотизм? Да, идиотизм!!! ნიავის ბინდიც ქლიავის ფერია? კი, გვინახავს, გვიჭამია!“ „- ვინც კვდება, ყველას გახელილი რჩება თვალები, თუ არ დაუხუჭეს. მერე რა მოხდა, კრეტინო? რა არის ეს? რა ჰქვია ამას? იდიოტებო, ვისაც ეს მოგწონთ?!“

დადგა დრო, ვაღიარო. მე ვარ იდიოტი. მე მომწონს ეს. საქართველო სავსეა იდიოტებით, რომელთაც მოსწონთ „ეს“. რომელთაც იციან ეს. არადა, არსებობენ ჭკვიანი ადამიანები, რომელთაც კარგად მოეხსენებათ, რომ არსებობს ლოგიკის ბოლო სფერო, ბოლო ნაწილი, დასკვნის თეორია. დასკვნის ის სახეობა, რომელიც შეიმუშავა არისტოტელემ კატეგორიული სილოგიზმის სახით. ზოგადად შევგიძლია დასკვნა  განვსაზღვროთ ძალზე მარტივად ასე - ორი მსჯელობის საფუძველზე მიღებულ ახალ მესამე მსჯელობას დასკვნა ეწოდება. იმ მსჯელობებს, საიდანაც გამოიყვანება ახალი მესამე მსჯელობა, ეწოდება წანამძღვრები, ხოლო მესამე დასკვნით მსჯელობას კი დანასკვნი. ნიმუშად, ვთქვათ, შეგვიძლია ავიღოთ ასეთი დასკვნა: ყველა ადამიანი მოკვდავია. სოკრატე ადამიანია. მაშასადამე, სოკრატე მოკვდავია. ახლა კი ვაწყენინოთ არისტოტელეს და ასე ვთქვათ: გალაქტიონი ადამიანია. გალაკტიონი ღმერთია. მაშასადამე, გალაკტიონი უკვდავია. დიახ ორ ყრუს შორის გადის სიკვდილ-სიცოცხლის, მოკვდავობა-უკვდავების ხაზი, ორ ყრუ და ორ ხშულს შორის, ყრუ ფშვინვიერსა და ყრუ მკვეთრს შორის, ქანსა და კანს შორის.

აი, მისი კიდევ ერთი „ავტობიოგრაფია“ (კვადრატულ ფრჩხილებშია ის, რაც წაშლილია თავად პოეტის მიერ): „[თანამგზავრი პოეტისა, სიღარიბე ერთგულად თანასდევდა პოეტს]. [უმსუბუქებს პოეტს... სიღარიბე იყო პოეტის უერთგულესი თანამგზავრი [დაწყებული] აკვანიდანვე, [მაგრამ ეს მომენტი პირადი მისი ცხოვრებისა, რატომღაც სრულიად არა სჩანს პოეტის არცერთ ნაწარმოებში. პირიქით, იგი ყოველთვის იგონებდა და ჰქმნიდა და სისრულეში მოჰყავდა. [ბევრმა დღემდე[ც] კი არ იცის, თუ რა] [წარმოუდგენელი] მეტად საშინელ მატერიალურ პირობებში ჰქმნიდა და სისრულეში მოჰყავდა [პოეტს] თავისი გაბედული სალიტერატურო გეგმები; [დაწყებული „ატმის ყვავილებიდან“, გათავებული „ეპოქით“, „პაციფიზმით“, „რევოლიუციონური საქართველოთი“ და სხვებით. შევიწროებული სიღარიბით,] მიუხედავად ყოველივე ამისა, ხუთი წლის [ბავშვმა] გალაკტიონმა უკვე მშვენივრად [იცის] ითვისებს წერა-კითხვას. 7-8 [წლიდან] წლისა სწერს პირველ ლირიულ ლექსებს, [სწერს] ისტორიულ პოემებს, სატირებს, მოთხრობებს, რომანებს, ნოველებს, დრამებს, სთარგმნის ჰომეროსს. პოეტი ხშირად ამბობს, რომ ბევრი მისი იმდროინდელი დაბეჭდილი ნაწერებისა, სრულებით არაფერს წარმოადგენს [მის დიდძალ დაუბეჭდავ მასალებთან მასხარად] იმ დიდძალ მასალებთან შედარებით, რომელიც დაუბეჭდავია. თორმეტი წლისამ [იყო, როდესაც მან მტკიცედ] მან ამხანაგებში უკვე დაიმკვიდრა სახელი დასრულებული პოეტის“.

არა, არ არის ეს ნორმალური კაცის ნაწერი. მართლა არ არის ან რატომ უნდა იყოს? გალაკტიონმა ავტობიოგრაფიის წერა არ იცოდა, ის კი არა, პროზის წერაც არ იცოდა, არაფრის წერა არ იცოდა, მხოლოდ ერთი რამის - ღმერთი იყო და მარტო თავისი ენა იცოდა, მხოლოდ ლექსის წერა ეხერხებოდა. შეიძლება მის გამართლებად ის გამოდგეს, რომ წერა კი არა, ჩვეულებრივი, „ადამიანური“, გალაქტიონებმა რომ იციან, ისეთი ლაპარაკიც არ იცოდა. აკი თვითონაც ამბობდა: „მე ხომ სრულიად ლაპარაკი არ ვიცი“; „მე იმდენად არ ვიცი ლაპარაკი, რომ კაცს ხშირად ვერ ვაგებინებ“; „ეს ფუსფუსი პატარ-პატარა ხალხის ჩემთვის სრულიად გაუგებარია.“ „თითქმის ყოვლისშემძლე ხდებოდა, როდესაც კალამს აიღებდა ხელში და უსუსური ჩანდა, როგორც კი ქაღალდს გაშორდებოდა“ (ვახტანგ ჯავახაძე).

გალაკტიონი კალამს აიღებს და დაწერს:

რამდენი ქარავანი, მთებზე გადამართული,

გაიშლება - მცნობელი მღვრიე უდაბნოეთის,

წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული,

ძაფი ნერვის არ არის ჩემში არა პოეტის.

ან:

მზეო თიბათვის, ყოფნა უმზეო!

მზე მიიცვალა ღია თვალებით!

ის მიიცვალა რაღაც უმწეო

და საოცარი გარდაცვალებით!

ან:

ქარი დაცხრა სიბობოქრის,

შავი ზღვიდან სიო მოქრის,

მე გიცქერი, როგორც ოქროს,

ჩამავალ მზეს, ჩამავალს.

ამას გალაქტიონ ტაბიძე ვერ დაწერდა. ამას სჭირდებოდა სწორედ ღმერთი სწორედ ისეთი კოსმოსური (პოეტი იტყოდა, „კოსმიური“), გალაქტიკური სახელით, როგორიც გალაკტიონია. როგორ უყვარდა კოსმოსი! იცით ვინმე საქართველოში, ვისაც ასე იტაცებდა კოსმოსი?! ცოტა გვიან რომ დაბადებულიყო ან ცოტა სხვაგან, კოსმონავტი თუ არა, ასტრონავტი მაინც იქნებოდა. „კოსმიური ორკესტრი“, „კოსმიური შეიქმნა გუბე“, „კოსმიური გრიგალი“, „კოსმიური ცხენის თავი“, „ფეხქვეშ გიგია მდელო-კოსმოსი“... ნეტავ როგორ დაარქვეს გალაკტიონი, ეს სივრცით-კოსმოსურ-ღვთაებრივი ძველბერძნული სახელი? დედამ იცოდა, რომ ღმერთი შვა? ხომ შეიძლებოდა, „ადამიანური“ სახელი დაერქვა, როგორც სხვა ქართველ პოეტებს ჰქვიათ, მაგალითად: გრიგოლი, ტიციანი, პაოლო, კოლაუ, გიორგი, ნიკოლო, იოსები, ალექსანდრე, ირაკლი ან კარლო მაინც?

ამტკიცებდა, მზიდან ჩამოვედიო. კეთილი იყო, ამ ხვედრს სხვებისთვისაც იმეტებდა, მთელ კლასზე ამბობდა, მზიდან ჩამოსულები ვართო (თუმცა მანამდე, ლექსის დასაწყისში, სხვა პოეტისთვის ვერ მიმიგნიაო, ბრძანებდა):

ჩვენ, პოეტები, მზიდან ვეშვებით -

და ვსვამთ ცეცხლიან აზარფეშებით

მზის სადღეგრძელოს.

არასოდეს არ ჰქონდა ფული. უყაირათო იყო. დღიურში წერს: „სირცხვილი არ არის, მე ფული არ მქონდეს?“

ფული არ ჰქონდა, მეგობრები არ ჰყავდა, უკვე 1915 წელს სახელოვანმა ბიძაშვილმა, ტიციანმა „მარტოობის ორდენის კავალერი“ უწოდა. არაფერი არ ჰქონდა, არავინ არ ჰყავდა, სამაგიეროდ მტრები ჰყავდა იმდენი და ისეთი, „მას რომ ეკადრებოდა“. რა იყო მისი მტრების მთავარი მოტივი? რა ედებოდა ბრალად გალაკტიონს? რით გაუშრეს სისხლი და რით მიიყვანეს თვითმკვლელობამდე? დღეს ამის დაჯერება ძნელია. დღეს, როდესაც არცერთი პოეტური მოვლენა ისეთ ენთუზიაზმს არ იწვევს ფეისბუქში, როგორც გალაკტიონის დაბადების დღე, როდესაც 17 ნოემბერს „იუზერები“ ერთმანეთს ეჯიბრებიან გალას ციტირებაში, როდესაც წელიწადის 365 დღეს ქართული ფეისბუქის პოეტურ პალიტრაში გალაკტიონს მხოლოდ რუსთველი თუ ეჯიბრება, ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ გენიოსს მცირე პოეტები თავხედურად უნიჭობაში სდებდნენ ბრალს. დიახ, გალაკტიონს ბრალი ედებოდა უნიჭობაში. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი კარგმა პოეტმა კოლაუ ნადირაძემ, რომელმაც თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე გალაკტიონის უსამართლო ლანძღვა-გინებას მიუძღვნა.

ცნობილი ამბავია, რომ „ცისფერი ყანწების“ პირველივე ნომერში გალაკტიონის ორი შედევრი გამოქვეყნდა, „ლურჯა ცხენები“ და „მთაწმინდის მთვარე“. აი, როგორ შეაფასა „ლურჯა ცხენები“ კოლაუ ნადირაძემ, უკვე გალაკტიონის სიკვდილის შემდეგ (ყურადღება მიაქციეთ, როგორ მოიხსენიებს თავის გენიალურ კოლეგას „გ. ტაბიძედ“, არც გალაკტიონი და არც თუნდაც გალაქტიონი, უბრალოდ, გ., კაფკასაც შეშურდებოდა!):

„გასაოცარია! გრ. რობაქიძე და მეც ამ ლექსით ვიყავით გატაცებულნი, წერილები ვუძღვენით მას. ეხლა ამ ბოდვას პოეზიის მწვერვალად აცხადებენ უვიცები და უწიგნურები, თანაც სრულებით გემოვნებას მოკლებული ადამიანები. გ. ტაბიძეს, როგორც ჩანს, სურდა „მერანზე“ ძლიერი რამ დაეწერა. მაგრამ „მერანის“ ნათელ, გენიალურ აღმაფრენას, სადაც ყველაფერი, ყოველი სიტყვაც ნათელია და გასაგები, ეს უაზრო ბოდვა სად მიუახლოვდება. ეს ლექსი უაზროა, ბოდვაა - მეტი არაფერი! ვიმეორებთ, გ. ტაბიძეს უთუოდ სურდა ბარათაშვილის „მერანი“ დაეჩრდილა. მაგრამ გარითმული აბდაუბდა პოეზიად არასოდეს გასაღდება“.

აი, ასეთი დანაშაული ჰქონია გალაკტიონს. მთელი ცხოვრება იმას ცდილობდა, რომ მთაწმინდაზე ბარათაშვილის გვერდით დაემკვიდრებინა ადგილი. ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარულიო, წერდა და, თურმე, მისი ამოძირკვა, მშობლიური ლიტერატურიდან „მერანის“ წაშლა და მისი „ლურჯა ცხენებით“ ჩანაცვლება ჰქონია მიზნად. რა არის ეს - შური, სიბრმავე, ბოღმა?! კ. ნადირაძე რომ ბარათაშვილის თანამედროვე ყოფილიყო, ვითომ მისი არ შეშურდებოდა? რუსთაველის ჩაძირვის მცდელობაში არ დასდებდა ბრალს?

გალაკტიონის „რომელი საათია?“ - კოლაუ ნადირაძის მინაწერი: „სიბითურის საათია! ბოდვის და ონანიზმის საათია“, ხოლო სტრიქონს „წინაპართა ძვლებს დავიცავ“ - „ვერავის და ვერაფერს ვერ დაიცავ, შე სირისტიანო! მაგის ყვერები ღმერთს შენთვის არ მოუცია“. ამ კაცს საკუთარი მამის სახელს ვერ ათქმევინებდით, რადგან მამამისს გალაქტიონი ერქვა.

1946 წლის 26 მაისს გერონტი ქიქოძემ მწერალთა სასახლეში სრულიად უცნობი ანა კალანდაძის ლექსები მოისმინა და ბრწყინვალე დებიუტის მეორე დღეს დღიურში ჩაწერა: „ვაჟა-ფშაველას შემდეგ პირველი დიდი პოეტი მოგვევლინა“. გალაკტიონს ვერ ხედავდა! საავადმყოფოში საკოცნელად გამოწეულ გალაკტიონს კონსტანტინე გამსახურდიამ პირი მოარიდა. საიუბილეო წერილში დიმიტრი ბენაშვილმა ქების ნაცვლად, ფაქტობრივად, რუსი პოეტების ეპიგონად მოიხსენა! ირაკლი აბაშიძემ, სიკვდილის შემდეგ, ამხელა თუ იყო, ნამდვილად არ მეგონაო. „ჭყვიშელ ბიჭს“ ეძახდნენ, „ნამდვილი პოეზიის იმიტაციას“ აბრალებდნენ, წუხდნენ მისი სიდიდის გამო და კიდევ უკვირდათ მისი ბოჰემა და მისი მარტოობა.

დღეს დადგენილია მისი მთავარი დანაშაული: Crâne aux fleurs artistiques, ანუ „არტისტული ყვავილები“ არ უნდა დაეწერა. ეს წიგნია მისი დანაშაული. ეს იყო მისი მეორე კრებული. 1919 წელს გამოსცა და თავიც სამუდამოდ დაიღუპა. ამის შემდეგ მტრის ჯინაზე კიდევ ორმოცი წელი იცოცხლა. პირველი კრებულის შემდეგ კარგი ბიჭი იყო, მართალია, „ჭყვიშელი“, მაგრამ მაინც კარგი, იმედისმომცემი, თითქმის ცისფერყანწელი. აი, მეორე წიგნის შემდეგ და, განსაკუთრებით, პოეტების მეფედ აღიარების შემდეგ (ამას მაშინვე ამ აღიარების ოფიციალური „გაუქმება“ მოჰყვა) კი გახდა „უნიჭო ბოდვების“ ავტორი. გალაკტიონზე დაწერილი გენიალური წიგნის, „უცნობის“ ავტორმა, ვახტანგ ჯავახაძემ გალაკტიონის მთავარი „კრიტიკოსი“ კოლაუ ნადირაძე სახელითა და გვარით არც კი მოიხსენა (დაინდო?), მაგრამ გალაკტიონის „პირუთვნელი“ შეფასებები კი დაუთვალა: სისულელე - 24, აბდაუბდა - 14, უაზრობა - 12, ბოდვა - 12, პროვინციალი, პროვინციული, პროვინციალიზმი - 4, გრაფომანი - 4, დეგენერატი - 4, ჩმახვა - 4, იდიოტი, იდიოტობა - 3, უვიცი, უვიცობა - 3, აბსურდი - 3, ნაძირალა - 2, გარეწარი - 1, უწიგნური - 1, დასაჭურისებული - 1...

წიგნი „არტისტული ყვავილები“, შინაარსი: „შემოდგომა „უმანკო ჩასახების“ მამათა სავანეში“, „ლურჯა ცხენები“, „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი“, „საუბარი ედგარზე“, „მარიამ ანტუანეტა“, „თოვლი“, „უნაზესი ხელნაწერი“, „შერიგება“, „პოეტი ბრბოში“, „პირიმზე“, „Voiles“ (საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების...), „მერი“, „ალვები თოვლში“, „გრადაცია“, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, „შემოდგომის ფრაგმენტი“, „ყორანი“, „ათოვდა ზამთრის ბაღებს“, „სამრეკლო უდაბნოში“, „გული“, „მარმარილო“, „ატმის ყვავილები“, „ღრუბლები ოქროს ამურებით“, „ჭიანურები“, „საღამო“, „ვინ არის ეს ქალი?“ „სიკვდილი მთვარისგან“, „ის“, „ვუალისა და ვიოლჲეს შესახებ“, „ვერხვები“, „პარალელი“, „ფარდების შრიალი“, „ჩვენი საუკუნე“, „მთაწმინდის მთვარე“, „გობელენი“, „შიშველი“, „მიცვალებულის ხსოვნა“, „ზღაპარი“, „ორხიდეები“, „მგლოვიარე სერაფიმები“, „ავდრის მოლოდინი“, „არ-დაბრუნება“, „მივარდნილი აივანი“, „აკაკის ლანდი“, „მას გახელილი დარჩა თვალები“, „როგორ ებრძოდნენ ზარებს ზარები“, „ი.ს.“, „სიბერე“, „ედგარი მესამედ“, „შენ და დემონი“, „ახალი მოსახლეობა“, „თიბათვე გავიდა“, „არაგვი“, „სახლი ტყის პირად“, „დამშვიდობება“, „პრიმიტივი“, „შენი სადღეგრძელო“, „ცამეტი წლის ხარ“, „ლოდთან“, „გვიანი ოცნება“, „სანთელი“, „მფარველი იალქნები“, „ნუგეში“, „აუზისგან“, „მზადება გასამგზავრებლად“, „უცნაური სასახლე“, „მამული“, „მწუხარება შენზე“, „შენ ერთი მაინც“, „სიზმრები“, „მე მოვალ“, „ლოცვისთვის“, „სასწაულს“, „დრო“, „მწოლარე“, „წმ. გიორგი“, „სროლის ხმა მთაში“, „ძველი რვეულიდან“, „მზის ჩასვლა“, „რამდენიმე დღე პეტროგრადში“, „ხელები“, „გემი „დალანდი“, „დაბრუნება“, „გზაში“, „შიში“, „დომინო“.

აი ეს წიგნი, რომელშიც მოთავსებული ლექსების მხოლოდ სათაურების ჩამოთვლაც საკმარისი აღმოჩნდა რამდენიმე ასეული პოეტის მოსაკლავად, ეს წიგნი, შემდეგ წლებში დაწერილ რამდენიმე ასეულ შედევრთან ერთად, არის კიდეც ამ სუბიექტის, რომელიც გარკვეულ წრეებში „გ. ტაბიძის“, „გალაქტიონის“, „გალაკტიონის“, „გალას“ სახელით არის ცნობილი, მთავარზე მთავარი დანაშაული, რომლის გამოც ეროვნული პოეზიის სასამართლო პროცესზე იგი ქართველმა ხალხმა არ დაინდო და მას სასჯელის უმაღლესი ზომა, უკვდავება მიუსაჯა.

 პროექტის ავტორი და რედაქტორი - გიორგი ჭეიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ნოემბერი
15 ნოემბერი

ო, მეგობრებო-თ!

მაესტრო დანიელ ორენის მიერ გამოძერწილ ბეთჰოვენს ოპერისა და ბალეტის თეატრში შეკრებილმა პუბლიკამ ოცწუთიანი ოვაცია მოუწყო&n ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

Shoplifters - შეკითხვები პასუხებად

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ანდრეი ზვიაგინცევი სტუმრობდა. რუსი რეჟისორი მაყურებელს „ამირანში“ შეხვდა და მ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

ფემინსტრიმი ► ობიექტივიზაცია - ჩაგვრის ს ...

მოუსმინეთ ნანა გობეჯიშვილის პოდკასტს: „წინა პოდკასტში ვისაუბრეთ, ფემინიზმის შესახებ, როგორ უკავშირდება ის ვეგანობ ...

მეტი

^