Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Не дом хозяина красит, а хозяин дом

08 დეკემბერი 2014

ალბათ ძნელად თუ მოიძებნება თბილისში სახლი, ასე რომ ადასტურებდეს ძველი ანდაზის მარტივ ლოგიკას.

მაჩაბლის ქუჩაზე, არქიტექტურული თვალსაზრისით არაფრით გამორჩეული პატარა სახლის ფასადის უკან მნიშვნელოვანი პიროვნებების სახელების მთელი რიგი დგას, რომელთა ცხოვრების გზა ამავდროულად სწორედ იმ აკრძალული, მიჩუმათებული და მივიწყებული ამბების ქრონიკაცაა, რაც ამ ქუჩამ, უბანმა, ქალაქმა და ქვეყანამ ასე „მოკლე“ მეოცე საუკუნეში გადაიტანა.

სოლოლაკის, ძველი თბილისის ალბათ ყველაზე მდიდრული და კომფორტული უბნის „რეპუტაციას“ დიდი ხნის მანძილზე იმ მოქალაქეთა ჯგუფი განსაზღვრავდა, რომელთაც კრებითი სახელით, სწორედ საცხოვრებელი უბნის მითითებით მოიხსენებდნენ - „სოლოლაკელები“. უბნის კარიბჭეში მდგომი ქალაქის საბჭოს შენობა კი დამსახურებულად ატარებდა „სოლოლაკელების ციტადელის“ სახელს, რადგანაც ლამის საუკუნის მანძილზე ტფილისის ბედ-იღბალი, მისი თანამედროვე ქალაქთა რიგში ჩადგომა და განვითარება სწორედ „სოლოლაკელთა“ - ტფილისის მდიდარი, საქმიანი და გავლენიანი ბინადრების - ინიციატივასა და გადაწყვეტილებებზე იყო დამოკიდებული.

მე-19 საუკუნის ბოლოს დაწყებულმა დიდმა ეკონომიკურმა და სოციალურმა ძვრებმა, მოქალაქეთა უმრავლესობის ემანსიპაციისათვის ბრძოლამ და დემოსის შეტევამ „ციტადელზე“ ხანგრძლივი და უსიამოვნო მეტოქეობა დაბადა სოლოლაკელების ბანაკსა (რომლებიც ძირითადად მაინც თვითმპყრობლური რეჟიმისადმი ლოიალურ ძალად და მოკავშირედ აღიქმებოდნენ) და დემოკრატიის აკვანს - „ნაძალადევს“ შორის. ქალაქის ამ ორ განაპირა და რადიკალურად განსხვავებული უბნების მიკროისტორიები, გამორჩეული ბინადრების თავგადასავლები და მათი ცხოვრების გზების გადაკვეთები საინტერესო ილუსტრაციებია იმ საზოგადო პოლიტიკური პროცესებისა, რისი კვალიც მაჩაბლის ქუჩის #6 სახლში დაილექა.

სწორედ ხსენებულ პერიოდში, ჩამოყალიბდა ტფილისის მოქალაქეთა ორი პოლუსის სტერეოტიპული „იმიჯები“, რომლებიც იმდროინდელი კარიკატურისტების საყვარელი თემა იყო - ლურჯხალათიანი, გრძელთმიანი მუშა და მომცრო ღიპიანი მამაკაცი - შლაპით, თეთრი, გახამებული საყელოთი და ტროსტით. პირველი მათგანი ინტერნაციონალურ მასად მოიაზრებოდა, მეორე კი - „სოლოლაკელი სომეხი ბურჟუის“ სახედ, რადგან მსხვილი კაპიტალის მფლობელთა და ქალაქის მამათა უმრავლესობა ეთნიკური სომხები იყვნენ. კლასთა შორის დაპირისპირების გამწვავების და ეროვნულ სენტიმენტებზე მავანთა გამიზნული თამაშის შედეგად კი ამ უკანასკნელისგან ნელ-ნელა ერთგვარი „მტრის ხატი“ შეიქმნა და სოლოლაკის „ბურჟუების უბნის“ რეპუტაციას ეთნიკური ნიშანიც დაემატა.

ალბათ აქედან დაედო სათავე პრობლემას, რომელიც ძალზე მარტივად შეიძლება ამოიცნოთ დღევანდელი თბილისის ქუჩებში სიარულისას - არც ქალაქის ბინადრებს გაუგიათ ერთ დროს პატივით აღსავსე ტფილისის მამების სახელი, არც მათ დატოვებულ მემკვიდრეობაზე ჩანს რაიმე ნიშან-წყალი და დიდად არც არავის უნდა მათი კვალი შეიმჩნიოს.

ასეთი ბედი ერგო მაჩაბლის #6-ის პირველ მეპატრონეს - მიქაელ არამიანცს; ჩვენი თანამედროვეების უმრავლესობისათვის ეს სახელი საავადმყოფოსთან ასოცირდება და სხვას არაფერს ამბობს. დროს და იგნორირებას მხოლოდ ამ მემკვიდრეობამ გაუძლო. უფროსი თაობის მოქალაქეებსღა თუ ახსოვთ მთელ ქალაქში მიმოფანტული სახლების, სასტუმროების, კინოთეატრების მისამართები და სახელები, რომლის მეპატრონე იმ დროისათვის საარაკო კაპიტალის პატრონი იყო და ქალაქის „ამინდსაც“ განსაზღვრავდა.

1917 წლიდან თბილისს მძიმე დროება დაუდგა. რუსეთის იმპერიის დაცემამ, ოსმალეთის მორღვეულმა ფრონტმა, იმპერიის ნანგრევებზე გაჩაღებულმა სამოქალაქო ომმა და ანარქიამ თბილისისაკენ ლტოლვილების არმია დაძრა, ამ ერთ-ერთი იშვიათი მშვიდი კუნძულისაკენ. პირველი მსოფლიო ომით და ეკონომიკური კრიზისით ისედაც მისუსტებული ქალაქის ჩვეული ცხოვრების რიტმი თავდაყირა დააყენა - როგორც იტყოდნენ ხოლმე, ხალხი პირდაპირ ქუჩებში ეყარა და თავზე ჭერი სანატრელი გახდა.

მალევე - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს დედაქალაქში იძულებითი და ლოგიკური ცვლილებები დაიწყო. წოდების და შეძლების მიხედვით წარმოქმნილი უბნების მოსახლეობა ერთმანეთში აირია და სოლოლაკშიც „ქართული ელემენტი შეიჭრა“, თუმცა მაინც კანტი-კუნტად - ისინი, ვისაც ქირის გადახდის საშუალება, ან მუნიციპალიზებულ ბინაში ცხოვრების დამსახურება ჰქონდა.

მაჩაბლის #6-ში ახალი მდგმური გამოჩნდა - თავად რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ოჯახობით. იქვე ახლოს მრისხანე სახელის მქონე შინაგან საქმეთა მინისტრი - ნოე რამიშვილიც დასახლდა.

ახალმოსახლეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1921 წლის 25 თებერვლის დილის საათებში შემდგომი, მძიმე ეტაპი დაიწყო ქვეყნისთვისაც და ამ პატარა უბნისთვისაც. თბილისიდან ევაკუირებულ მთავრობას და არმიას მოქალაქეთა დიდი ნაწილიც თან გაჰყვა, თავისთავად უფრო ისინი, ვისაც ბევრი ჰქონდა დასაკარგი.

ბოლშევიკურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ თბილისში ფეხის დადგმისთანავე აამოქმედა ძველი და ნაცადი „მათრახისა და თაფლა კვერის“ პოლიტიკა. შიშით შეპყრობილ მოსახლეობას, რომელიც ძარცვასა და სასტიკ ხოცვა-ჟლეტას მოელოდა კარგად დაგეგმილი პიარ-აქციები შესთავაზა: სანახაობა, მოჩვენებითი „ლიბერალობა“... დაცარიელებული სოლოლაკის ნახვით შთაგონებულმა თბილისის რევოლუციურმა კომისრებმა არაოფიციალურად შესთავაზეს ნაძალადევის მუშებს - „მუშათა და გლეხთა მთავრობა“ გთავაზობთ, დატოვოთ თქვენი სახლები „ნახალოვკაში“ და სოლოლაკში გადმობრძანდით - დამსახურებული კომფორტის მისაღებადო. თუმცა მუშების ბოიკოტის გამო იდეა ჩავარდა.

მოჩვენებითი დათბობის ხანა მალევე დასრულდა და „საბინაო სამეულები“ საქმეს შეუდგნენ - სულ რამდენიმე თვეში სოლოლაკი „ბურჟუების უბნიდან“ ახალი პარტიული ელიტისა და ბიუროკრატიის ბანაკად იქცა.

მიქაელ არამიანცს უზარმაზარი ქონების მცირე ნაწილი - მაჩაბლის #6 სახლიც აღარ შეარჩინეს და მორალურად განადგურებული, მის ერთ ოთახში (სამადლოდ რომ დაუტოვეს) გარდაიცვალა 1924 წელს.

ამ დროისათვის სახლს უკვე ახალი, მრისხანე სახელი ჰქონდა - „კავკასიის წითელდროშოვანი არმიის მთავარსარდლების სახლი“. არაკეთილისმსურველები შენიშნავდნენ ხოლმე, რომ ამ დროისათვის საბჭოთა ხელისუფლების სტაბილურობის ერთადერთი გარანტი წითელი არმია და მისი ხიშტი იყო. შესაბამისად, პოლიტიკური წონით ალბათ ერთ-ერთი გადამწყვეტი სიტყვა სწორედ ამ არმიის სარდლებს ჰქონდათ, მით უმეტეს, ქვეყნის სასაზღვრო და ფეთქებადსაშიშ ნაწილებში. ბედის ირონიით მათი უმრავლესობა მეფის არმიის ყოფილი დამსახურებული ოფიცრები იყვნენ და სამსახურეობრივი მოვალეობისაგან თავისუფალ იშვიათ საათებს „ბურჟუის“ ყოფილ ბინაში ატარებდნენ.

1921-დან 1938 წლამდე მაჩაბლის #6-ის მთავარი მოსახლეების გვართან დასმული გარდაცვალების თარიღები უსიტყვოდ გვიჩვენებს, რა ცინიკური, მარტივი და მოსალოდნელი გაგრძელება ჰქონდა „ახალმოსახლეობას“ მაჩაბლის ქუჩაზე. მასობრივმა ტერორმა უკვე ფუნქციაამოწურული სტაბილურობის გარანტორებს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა წერტილში, კვლავ ტერორის მანქანის სამსახურში მდგომებს მიაკითხა.

1921-1938 წლებში კავკასიის წითელდროშოვანი არმიის - შემდგომში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის (ЗАКВО) - ცხრა სარდლიდან შვიდი დახვრიტეს:

ანატოლი ილიას ძე ჰეკკერი - 1938 წლის 1 ივლისს;

ალექსანდრე ილიას ძე ეგოროვი - 1939 წლის 23 თებერვალს;

ავგუსტ ივანეს ძე კორკი - 1937 წლის 12 ივნისს;

მიხეილ კარლის ძე ლევანდოვსკი - 1938 წლის 29 ივნისს;

ივან ივანეს ძე სმოლინი - 1937 წლის 20 სექტემბერს;

ივან თევდორეს ძე ფედკო - 1939 წლის 26 თებერვალს;

ნიკოლოზ ვლადიმერის ძე კუიბიშევი - 1928 წლის 1-ლ აგვისტოს.

სიმონ ანდრიას ძე პუგაჩოვი 1943 წლის 23 მარტს ციხეში გარდაიცვალა, კონსტანტინე ალექსის ძე ავქსენტიევსკიკი ბანაკიდან 1941 წლის 2 ნოემბერს გათავისუფლებული საკუთარ ბინაში საეჭვო ვითარებაში მოკლეს.

ძნელია, ამ სახეების წარმოდგენისას ისევ არ გაგიჩნდეს საბჭოთა ტერორის ლოგიკის გადაუჭრელი კითხვა - რით განსხვავდებოდა მაჩაბლის #6-ის ყველაზე ძველი ბინადრის, რომელიც ბუნდოვნად ახსოვთ მაჩაბლის ქუჩის უხუცესებს, კავკასიის ფრონტის სახელოვანი სარდლის, 1978 წელს მშვიდად გარდაცვლილი - ივან ვლადიმერის ძე ტიულენევის, ავბედით 1937 წლამდე განვლილი ცხოვრების გზა ზემოთ ჩამოთვლილთა ბიოგრაფიებისაგან? 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^