Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვაშინგტონი-მოსკოვი-რიადი - ნავთობის ახალი ომი

04 ივლისი 2018

რამდენიმე დღის წინ ამერიკის პრეზიდენტსა და საუდის არაბეთის მეფეს, სალმანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელსაც ტრამპის მორიგი სენსაციური ტვიტი მოჰყვა. ამ ტვიტით პრეზიდენტმა ამჯერად მსოფლიოს აცნობა, რომ საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების გაზრდას დათანხმდა. ამან საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი და მთავრობა აშკარად უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო: მათ ტრამპის ტვიტი ბოლომდე არ უარყვეს (ეს ორმხრივ ურთიერთობებს გაართულებდა), მაგრამ განცხადებაში რბილად მიანიშნეს, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის, ნავთობის მოპოვების გაზრდა შეიძლება მართლაც მოხდეს, ოღონდ თუკი ეს საუდის არაბეთს დასჭირდებაო.

რომ გავერკვეთ, რაშია საქმე, დროში ცოტათი უკან უნდა გადავინაცვლოთ. 2014-2015 წლებში ამერიკაში ფიქლის ნავთობის ბუმმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ამერიკელმა მენავთობეებმა იმდენი ქნეს, რომ თავიანთი ქვეყანა ერთ-ერთ უმსხვილეს საწვავის მწარმოებლად აქციეს. იქამდე ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გადამწყვეტი სიტყვა ოპეკს (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას) ეთქმოდა, მაგრამ ამერიკულმა ბუმმა მისი გავლენა მკვეთრად შეამცირა. ვითარების გადასარჩენად ოპეკის წამყვანმა ქვეყანამ, საუდის არაბეთმა მარტივ ხრიკს მიმართა - ნავთობის მოპოვება მკვეთრად გაზარდა და ორგანიზაციის დანარჩენი წევრებიც იმავეზე დაითანხმა. შედეგად ნავთობი ძალიან გაიაფდა (ბაზარზე პროდუქციის სიჭარბე მის გაიაფებას იწვევს), რაც ცხადია თავად ოპეკს დიდად არ აწყობდა. მაგრამ გათვლა იმაზე კეთდებოდა, რომ ნავთობის გაიაფება (იმ პერიოდში მისი ფასი მსოფლიო ბაზარზე 40 დოლარს არ სცდებოდა) ამერიკაში ფიქლის ნავთობის მრეწველობას გააკოტრებდა და შესაბამისად, ოპეკი ისევ დაიბრუნებდა გადამწყვეტ გავლენას საწვავის ბაზარზე. საუდის არაბეთი მოთმინებით იტანდა ზარალს და სანამ საწვავის ფასი დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდებოდა, თავის სავალუტო რეზერვებს ხარჯავდა.

საბოლოოდ არაბთა სტრატეგიამ პრინციპში გაამართლა. ამერიკაში ფიქლის ნავთობის მრეწველობამ საგრძნობი დარტყმა მიიღო და შესაბამისად, მსოფლიოს ნავთობის ბაზარზე ამერიკის გავლენამაც იკლო, მაგრამ არც იმდენად იკლო, რათა ოპეკს დაკარგული პოზიციები ბოლომდე დაებრუნებინა. მარტოდ საწვავის ფასებზე ზემოქმედების მოხდენა ორგანიზაციას აღარ ძალუძდა და საამისოდ რუსეთთან შეამხანაგება გახდა საჭირო. ასე იშვა ახალი ენერგო-ალიანსი, რომელიც ერთობლივად დიდი ძალა აღმოჩნდა (ოპეკზე მსოფლიო ნავთობმოპოვების 44%, რუსეთზე კი 12% მოდის) და სწრაფადაც მიაღწია სასურველ შედეგს: ერთობლივი გადაწყვეტილებით რუსეთსა და ოპეკის ქვეყნებში ნავთობის მოპოვება შემცირდა და საწვავი 2014-2015 წლების მონაცემებთან შედარებით დაახლოებით ორჯერ გაძვირდა. ეს ორივეს დაეხმარა, განსაკუთრებით კი რუსეთს, რომელსაც 2014-2015 წლებში ნავთობის გაიაფებასთან ერთად სანქციებმაც მძიმედ დაარტყა. მაგრამ ახლა ბარელი ნავთობი 80 დოლარის მიდამოებში ტრიალებს, რისი წყალობითაც მოსკოვს შეუძლია დროებით მაინც მშვიდად ამოისუნთქოს.

ოპეკისა და რუსეთის შეამხანაგება იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ მხარეებმა ახალი, ერთობლივი ორგანიზაციის, ერთგვარი ოპეკ-პლუისის შექმნაზეც კი ჩამოაგდეს საუბარი. რუსეთს, რომელიც სირიაში სამხედრო ოპერაციის წყალობით ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ დამკვიდრდა, შანსი გაუჩნდა რეგიონში კიდევ უფრო მეტად განემტკიცებინა პოზიცია. რთული სათქმელია, ამან გამოაფხიზლა თეთრი სახლი თუ იმ ფაქტმა, რომ ნავთობის გაძვირება რიგითი ამერიკელის ჯიბესაც ურტყამს. მოგეხსენებათ, ბოლო თვეები ტრამპს საშინელი კრიტიკის ქარ-ცეცხლი ატყდება თავს, მაგრამ ეს ძირითადად მხოლოდ პოლიტიკოსებისა და მიმომხილველების მხრიდან. რიგითი ამერიკელების დიდი ნაწილი კი პრეზიდენტით სულაც არაა უკმაყოფილო, რადგან ამერიკის ეკონომიკა კარგ ფორმაშია და უმუშევრობა მცირდება. ერთადერთი პრობლემა, რაც ამ მხრივ ტრამპს უნდა აწუხებდეს, გაძვირებული საწვავია. მით უმეტეს, რომ ნოემბერში კონგრესის შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს.

ასეა თუ ისე, ტრამპმა საუდის არაბეთის შეწუხება გადაწყვიტა. ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ეს ქვეყანა რეგიონში ამერიკის უახლოესი მოკავშირეა. სწორედ ამ ფაქტზე გააკეთა აქცენტი ტრამპმაც. „ფოქსისათვის” მიცემულ ინტერვიუში მან ყველას შეახსენა, რომ საუდის არაბეთს დაცვა სჭირდება - დაცვა მისი დაუძინებელი მტრის, ირანისაგან. მას შემდეგ, რაც ამერიკა ირანთან მიღწეული გარიგებიდან გამოვიდა, მას ამ უკანასკნელის წინააღმდეგ ხელ-ფეხი გახსნილი აქვს. ამ უკანასკნელი ფაქტის გამო ხელ-ფეხი გახსნილი აქვს ირანსაც.

საუდის არაბეთი ამჟამად დღეში 10 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს (დაახლოებით იმავე ოდენობით მოიპოვებენ ამერიკა და რუსეთი) და წესით მარტივად შეუძლია მოპოვება 11 მილიონზე აიყვანოს. ირანის ფაქტორის გათვალისწინებით საუდის არაბეთი ამაზე ალბათ დათანხმდება, მაგრამ ტრამპი მისგან მოპოვების 12 მილიონ ბარელამდე გაზრდას ითხოვს. ეს მთლად იოლი არ იქნება, რადგან საუდის არაბეთის ნავთობის მრეწველობას ასეთი დატვირთვით დიდი ხანია არ უმუშავია. ცხადია, ასევე რჩება ოპეკის ფაქტორიც - აქ არიან ისეთები, ვინც ნავთობის მოპოვების გაზრდას (და შესაბამისად მის გაიაფებას) სასტიკად ეწინააღმდეგებიან, მათ შორის არიან ირანი და ერაყი. თუმცა, საუდის არაბეთს, ოპეკის არაფორმალურ ლიდერს ამ წინააღმდეგობის დაძლევაც შეუძლია. მთავარია, მან მოინდომოს. ამას ემსახურებოდა ტრამპის სატელეფონო ზარიც. სასწორზე ძალიან ბევრი დევს - რიგითი ამერიკელის ხმები მომავალ არჩევნებში, ირანთან არაბული სამყაროს ტრადიციული მეტოქეობა, რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის ბოლო პერიოდში მიღწეული გაგება.

მკითხველისათვის აქედან ყველაზე საინტერესო, ცხადია, რუსეთის ფაქტორია. ბოლო წლებში ამ უკანასკნელის ეკონომიკამ სანქციებთან ადაპტირება მოახდინა და ახლა თუკი რაიმესი უნდა ეშინოდეს, ეს სწორედ ნავთობის გაიაფებაა. ყოველწლიურად ბარელი ნავთობის საშუალო ფასის ერთი დოლარით ვარდნა-მატება რუსეთის ბიუჯეტს დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს აკლებს-უმატებს. შესაბამისად, 10 დოლარით ვარდნა უკვე 20 მილიარდის დანაკლისია, რაც სახუმარო თანხა არც რუსეთისნაირი დიდი ქვეყნისათვის არ გახლავთ. ამ უკანასკნელის მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 2 ტრილიონს შეადგენს. 20 მილიარდი კი ამის ერთი პროცენტია. იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობის ბაზარი ერთობ არასტაბილური ფენომენია, რუსეთში კარგად აქვთ გააზრებული ის რისკები, რომლებიც ეკონომიკას კვლავაც ემუქრება. სწორედ ამით უნდა აიხსნას პუტინის მორიგი არჩევის შემდეგ გატარებული არაპოპულარული რეფორმები - მაგალითად, საპენსიო ასაკის აწევა. პარალელურად რუსეთი კვლავაც აგრძელებს თანხების დაგროვებას სარეზერვო ფონდში, რომლის ხარჯზეც მოხდა ბოლო კრიზისის გადაგორება. ამ სარეზერვო ფონდის მოცულობა ახლა ნახევარ ტრილიონ დოლარს აღწევს, რაც საკმაოდ სოლიდური კაპიტალია, სავსებით საკმარისი კიდევ ერთი კრიზისის გადასაგორებლად.    

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ივლისი
15 ივლისი

უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა - გადა ...

უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამერიკელთა ცხოვრებაზე მომავალი ათწლეულებისა და ხშირად ასწლეულების მან ...
12 ივლისი
12 ივლისი

„ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა იციან რა მოხ ...

„უფროსმა თაობამ ქართული ენა არ იცის, ამიტომაც საქართველოში მომხდარი ამბების შესახებ აზერბაიჯანის ტელევიზიებიდან ვი ...
12 ივლისი
12 ივლისი

როგორ პირობებში სწავლობენ ახალი მამუდლოს ...

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ მამუდლოში მცხოვრები 78 ბავშვი ავარიულ სკოლაში სწავლობს. ახალ მამუდლოში ძირითადად ე ...

მეტი

^