საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1920-იანი წლების ბოლოსკენ, ბოლშევიკებმა წარსულის რეკონსტრუქცია დაიწყეს და, როგორც ჩანს, ამ პროცესის ნაწილად საკუთარი პანთეონი გმირულ 1905 წელს დაუკავშირეს. ძველი ბოლშევიკების და თანამედროვე საბჭოთა სახელმწიფოს დამსახურებული მოღვაწეების დასაფლავება „ცხრა ძმის“ გვერდით დაიწყეს და თავისთავად - მოსისხლე მტრების, დემოკრატიული რესპუბლიკის მცველების სასაფლაოს კვალიც წაშალეს.
1921 წლის 12 დეკემბრის დილას თბილისის სკოლებში სწავლა ჩაიშალა. ეს გაყინული და ბნელი კლასებიდან, ნახევრადმშიერი მოსწავლეების სახეტიალოდ გაქცევასაც ჰგავდა. უფროსებსაც, ალბათ დიდად არ გაკვირვებიათ ჯგუფ-ჯგუფად მოსუნსულე გიმნაზისტებისა და უფროსკლასელების გამოჩენა თოვლ-ჭყაპით ატალახებულ ქუჩებში, თუმცა დიდი შეთქმულების წარმატება მაშინ გახდა ცხადი, როდესაც ზამთრისპირზე, ნაომარ და გამოფიტულ ქალაქში სასწაულით ნაშოვნი ცოცხალი ყვავილებით გადაფერადებული ბავშვების ჯგუფები რკინიგზის გადასასვლელ ხიდთან შეერთდნენ და გრძელ ჯაჭვად გაჭიმული აუყვნენ ყოფილ „ვლადიმიროვსკის“ ქუჩას.
მას შემდეგ, რაც 1921 წლის მაისში, ბოლშევიკურმა საოკუპაციო რეჟიმმა ბრჭყალები გამოაჩინა და მასობრივ დაპატიმრებებს მიჰყო ხელი, მოქალაქეების - თბილისელი მუშების აღშფოთებამ მალევე ამოხეთქა და ივლისში, ნაძალადევში, პლეხანოვის სახელობის კლუბში ძველ ნაცნობს, სოსო ჯუღაშვილს - უკვე ამხანაგ სტალინს, უტიფრობისთვის უსტვინეს და მწარედ შეამკეს. შედეგად, იმავე ღამით ბრალიანმა და უბრალომ, როგორც ნიკოლოზის დროს - „მეტეხის აგარაკის“ საგზურები ჩაიბარეს და ნაძალადევის პოპულაცია ცოტა არ იყოს შეთხელდა.
მოთმინების ძაფი მეორედ შემოდგომაზე გაწყდა, როდესაც მძიმე ზამთრის სუსხს შიმშილის ჩრდილიც მოჰყვა, სამაგიეროდ თბილისის საწარმოო ძალები - მანქანა-დანადგარები, ნედლეული და საქალაქო ტრანსპორტი უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა რუსეთისაკენ. იქიდან კი დაპირებული „თეთრი პურის“ ნაცვლად ადმინისტრატორები, კანტორშჩიკები და წვრილფეხა ბიუროკრატია იგზავნებოდა.
მუშათა სპონტანურმა ყრილობებმა ამჯერად უკვე ორგანიზებულად აირჩიეს დელეგატები და საპროტესტო დეკლარაციით გაგზავნეს „რევკომთან“ წარსადგენად, თუმცა ისინი მთავრობის სასახლიდან გამოსული არავის დაუნახავს - იქვე ახლოს, ჩეკას სარდაფში უკრეს თავი.
ბოლშევიკურ პრესაში დიდხანს დუმდნენ ამ ფაქტის შესახებ, მაგრამ როდესაც ამბავი გასკდა, დელეგატები ჩვეულ სტილში „სასახლის წინ მოხეტიალე უსაქმურებად“ მოიხსენეს, ხოლო უკმაყოფილოები, პროტესტის ორგანიზატორები და ბევრი სხვებიც „პროფილაქტიკის მიზნით“ მეტეხში გაამგზავრეს. ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, სამაისო და ნოემბრის წმენდები ტრადიციად იქცა.
მძიმე ზამთრის დასაწყისში, როდესაც პროტესტის ხალისი აღარავის შერჩენოდა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და ღირსების დემონსტრირება სრულიად მოულოდნელად თბილისელმა მოსწავლეებმა აიღეს საკუთარ თავზე - 12 დეკემბერს, 12 საათზე მასობრივი „შატალო“ ნაძალადევის სერზე შეერთდა.
1917 წლიდან უწყვეტ ომებში დაღუპული მამების, ძმების, ნათესავების ნაცნობის თუ უცნობის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიისა და არმიის ჯარისკაცების ძმათა სასაფლაოზე, ბავშვური ხმით ნამღერი ტრადიციული სამგლოვიარო ჰიმნისა და „დიდების“ შემდეგ, უცნობი მოსწავლის სიტყვა-მოწოდება გაისმა და სახალხო გვარდიის დღის მეოთხე და უკანასკნელი საჯარო აღნიშვნის ამბის ტრაგიკულ ექოდ დარჩა:
„მამებმა შვილებს ანდერძი დაგვიდეს - ჩვენი ვალია ანდერძი შევასრულოთ და დახოცილ მებრძოლთა ძვლებს ფიცი მივცეთ, ფიცი მტკიცე, უშიშარი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მათ გზას და სამშობლოსა და დემოკრატიისათვის ისევე ერთგულად დავდებთ თავს, როგორც ეს აქ განსვენებულმა მამებმა მოიმოქმედეს. ჩვენი მამები ციხეებში სხედან, ჩვენი მამები ტყეებში და მთებში გახიზნულან, ჩვენი მამები დახოცილები დარჩნენ ბრძოლის ველებზე და დამპყრობლებმა მათ გვამებზე გადმოაბიჯეს, ხოლო მკვდრები ყვავ-ყორნებს დაუტოვეს უპატრონოდ. მთელი ქართველი ერი ძაძებშია შემოსილი და ყოველ ქოხს გლოვა დაუფლებია, დაპყრობილი ქვეყანა გმინავს მონობის უღელქვეშ, ხოლო უცხო ძალები და მოღალატენი დაპატრონებიან ჩვენს საუნჯეს და ურცხვად ძიძგნიან.
დღეს, ქართველი ერის გლოვის მეათე თვის თავზე საქართველოს სახალხო გვარდიის დღეს, ჩვენ აქ მოვედით, რომ მოვიგონოთ დახოცილი მებრძოლები და მამათაგან დადებულ ანდერძს კიდევ ერთხელ შევფიცოთ“.
გლოვის მეათე თვის შემდეგ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა - ალბათ დემონსტრაციაზე დამსწრეებიდან ბევრმა პირნათლად შეასრულა დადებული ფიცი 1922, 1923 თუ 1924 წლებში და საკუთარი სახელი შეუერთეს უსაფლაოდ დაკარგული ათასეულების რიგს, თუმცა 93 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში დაღუპულ ძმათა სასაფლაოს არათუ კვალი წაიშალა მეხსიერებაში, არამედ 12 დეკემბრის, სახალხო გვარდიის დღის აღნიშვნისა და ხსენების სურვილიც კი არავის მოსდის აზრად - სახალხო გვარდია განტევების ვაცად იქცა, რომელსაც ყველა ჯურის პოლიტიკანი პირველი რესპუბლიკის მარცხის მიზეზად მოიხსენებდა და საბჭოთა პროპაგანდა კი მხდალი ხულიგნების ხროვად წარმოაჩენდა ხოლმე.
სახალხო გვარდიის სიძულვილი მეხსიერებანაოპერაციევი საზოგადოების სიმპტომად შეიძლება წარმოვიდგინოთ დღესაც, რომელსაც არ აინტერესებს ურცხვი პროპაგანდის მიღმა გახედვა და ჯიუტად და ტრაგიკომიკური კმაყოფილებით აძაგებს საკუთარი წინაპრების ასეულებს; რომლებმაც ისე იბრძოლეს, როგორც შეეძლოთ - იმ იარაღით, ცოდნითა და გამოცდილებით, საკუთარი სისხლის ფასად რომ შეიძინეს და საყოველთაო ქაოსის და სისასტიკის მორევში 4 წლის მანძილზე საქართველო შედარებით წყნარ და უსაფრთხო კუნძულად შეინახეს.
დღეს ცოტა თუ ცდილობს გაერკვეს მიზეზებში, რატომ ეყრდნობოდა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა მმართველი პარტიის იდეოლოგიისადმი ლოიალურ სამხედრო ძალას; რატომ უწევდა ხოლმე სახალხო გვარდიას, უცხო აგრესორების გარდა, იარაღისა და მუქარის საკუთარი რესპუბლიკის ჯარის ნაწილებისაკენაც მიმართვა; ვინ უფრო ეფექტიანი იყო ბრძოლაში - 18-19 წლის პირტიტველა ყმაწვილები თუ ზრდასრული და უკვე ცეცხლში გამოვლილი მამაკაცები; ვინ უფრო მტკიცედ ემსახურებოდა რესპუბლიკის იდეას - 1905 წლიდან რესპუბლიკელობისთვის დევნილი იატაკქვეშელები თუ „მეფის კანვოის“ ოფიცრები; რატომ ჩხრეკდა მთავარი მტრის - საბჭოთა რუსეთის - სამხედრო ატაშე გვარდიის სამობილიზაციო შესაძლებლობებს და მასზე თავდასხმის გეგმებს აგებდა და 1921-ის მომდევნო წლებში რა უფრო იყო ხოლმე დევნის საბაბი - „ყოფილი გვარდიელობა“ თუ ყოფილი ჯარისკაცობა?
ამ კითხვებზე თავისთავად ერთგვაროვანი პასუხი არ მოიძებნება, თუმცა საკმარისია იმისათვის, რომ გერივით მოძულებული სამხედრო ორგანიზაციის ისტორიას სხვა - რაციონალური თვალით შევხედოთ. ამისათვის თუნდაც სახალხო გვარდიის დღის დაარსების მიზეზის გახსენებაც კმარა - 1917 წლის 12 დეკემბრის წარმატებული „სპეცოპერაცია“, რომელიც სწორედ 1905 წლის რევოლუციის სულისკვეთებით შეკრებილმა იმ წითელრაზმელებმა განახორციელეს - მათივე ლიდერის, ნოე ჟორდანიას გულწრფელი შეფასებით, მაწანწალების ბრბოს რომ ჰგავდნენ; 12 დეკემბერს „წითელი გვარდიის“ რაზმმა თბილისის არსენალი აიღო - ბოლშევიკების მხარდამჭერი მცველი პოლკი განაიარაღა და თბილისის გარნიზონის გაბოლშევიკებული შემადგენლობა განადგურების საფრთხის ქვეშ დააყენა, რაც მათი ევაკუაციით დასრულდა. ამ დღემ ფაქტობრივად უზრუნველყო თბილისში მყოფი პოლიტიკური ძალების სუვერენობა და თავისთავად საფუძველი მოუმზადა 6 თვის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადებას.
დღეს მათთვის, ვისაც უახლესი წარსულის ობიექტური შეფასების გარდა, პირველი რესპუბლიკის მოქალაქეების, პოლიტიკური ლიდერების, მოაზროვნეებისა და შეიარაღებული მცველების ხსოვნის გაცოცხლების საკითხი აღელვებს, ნაძალადევის ძმათა სასაფლაოს პოვნა და 12 დეკემბრის ტრადიციის გაგრძელება არც თუ ადვილ ამოცანას წარმოადგენს:
პირველი სასაფლაო „ძველი ნაძალადევის“ უკან, სერის თავზე, 1906 წლის დასაწყისში გაიჭრა, სადაც კაზაკების რაზმთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული „ცხრა ძმის“ სახელით დარჩენილი ცხრა წითელრაზმელი დაკრძალეს, რომლებიც სხვებთან ერთად 1905 წლის რევოლუციის დამარცხებისა და „შავი რეაქციის“ დაწყების შემდეგ მეფის ჯარისგან დემოკრატიის კუნძულის - „ნაძალადევის“ დაცვას ცდილობდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ბრძოლაში დაღუპული სახალხო გვარდიელებისა და ნაძალადეველი ჯარისკაცების საძმო სასაფლაოც სწორედ წინაპრების გვერდით მოაწყვეს - მათი სახელები და სახეები კი დღესაც იკითხება დემოკრატიული რესპუბლიკის პრესის ფურცლებზე.
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1920-იანი წლების ბოლოსკენ, ბოლშევიკებმა წარსულის რეკონსტრუქცია დაიწყეს და, როგორც ჩანს, ამ პროცესის ნაწილად საკუთარი პანთეონი გმირულ 1905 წელს დაუკავშირეს. ძველი ბოლშევიკების და თანამედროვე საბჭოთა სახელმწიფოს დამსახურებული მოღვაწეების დასაფლავება „ცხრა ძმის“ გვერდით დაიწყეს და თავისთავად - მოსისხლე მტრების, დემოკრატიული რესპუბლიკის მცველების სასაფლაოს კვალიც წაშალეს.
დღეს ტუბდისპანსერის კედელთან მიყუჟული „ბოლშევიკების სასაფლაო“, რომელიც ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სახის სარკეა - ნაგავსაყრელად არის ქცეული. არა მგონია, ეს დამსახურებული მოპყრობა იყოს, რადგან დღეს იქ გამვლელ-გამომვლელის უმრავლესობას უკვე წარმოდგენაც არ აქვს, ვინ იყვნენ არმენა კაბულიანი თუ ვანო ჩოდრიშვილი, წერა-კითხვის და, მით უფრო, ისტორიის მცოდნე ადამიანები კი საფლავების შეურაცხყოფას არ კადრულობენ ხოლმე, მით უმეტეს, რომ ბედის ირონიით, ალბათ მათგან რამდენიმე მეტრის იქეთ იმ მებრძოლების საძმო სასაფლაოა, რომელთაც მტრის გვამების შეურაცხყოფა არ ჩვეოდათ.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა და ჟურნალ "ლიბერალის" ერთობლივი პროექტი.