Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საახალწლო პლაკატ-კალენდართა საქმე

26 დეკემბერი 2014

ახალი წლის მზადების ღამეები სხვა მაგიაა. იგივენი და უფრო მძლავრად დანთებული ღუმელი. მოკოწიწებული ფულით შეგროვებული მასალით ნამცხვრის ცხობის პროლოგი. სიკვდიმისჯილთა საკნიდან ქათმის შეგუებული დუმილი. და კედელზე შარშანდელი, შარშანწინდელი, იმისწინდელი საახალწლო პლაკატები დიდებული კოლაჟებით

იმ დროის დაღამებაც ეგეთია: სხვანაირი. გაგანია ოთხმოცდაათიანებია. ვისაც დამიწება აქვს, ის ცას უნდა ეწიოს. დამიწება ეგ არის, რასაც რომ ალქიმიას უწოდებდნენ ძველნი მეცნიერნი. ანუ ფაზა ნულიდან უნდა გამოადნო დენი, რომელიც კარიკატურას უფრო ჰგავს, ვიდრე მის რეალურ არქეტიპს. უბრალოდ იმედი უფროა - ოდესღაც ელექტროენერგია არსებობდა. ძირითადი საქმე ლამფაა და მისი ჩრდილები: თამაშობ კედელზე ხელის ლანდების მოძრაობით: ციყვი იხატება ადვილად, ძაღლი ხომ ლამის ყეფს, აქლემი გამოდის ძნელად. 

ახალი წლის მზადების ღამეები სხვა მაგიაა. იგივენი და უფრო მძლავრად დანთებული ღუმელი. მოკოწიწებული ფულით შეგროვებული მასალით ნამცხვრის ცხობის პროლოგი. სიკვდიმისჯილთა საკნიდან ქათმის შეგუებული დუმილი. და კედელზე შარშანდელი, შარშანწინდელი, იმისწინდელი საახალწლო პლაკატები დიდებული კოლაჟებით (ახალი წლის კალენდარი მოიპოვებოდა ცოტა გვიან): BMW, კლაუდია შიფერი და მამალი, თუ მამლის წელია;  შერონ სტოუნი, სახლი ალპებში რომანტიკული, ბაცი ყვითელი ნათებით და დრაკონი; ლეტიცია კასტა, სანტა-კლაუსი და ვირთხა; ნაომი კემპბელი არ მახსენდება. მოკლედ ახალი წელი მოდის და... 

სხვა ამბავია ეს ახალი წლის პლაკატ-კალენდრები. კედელზე გაყინული დრო და განწყობები. ახლაც სოფელში 1987 წლის კალენდარს გადავაწყდი, დედაჩემს მიუწერია 10 აპრილზე - გიორგი გახდა სამი წლის. მე აბა რა მახსოვს ეს ღირშესანიშნავი საქმე. მაგრამ მაინც დავიძაბე - ყველა დრო მნიშვნელოვანია, სადაც მყოფობდი, თუნდაც მეხსიერება ვერ წვდებოდეს. მსგავსი სენტიმენტალურ-მოფილოსოფიურო ამბავი. მე ეგეთი პლაკატებიც მახსოვს, ქვეყნის მეთაური გვიღიმოდა და მისი კბილები უკეთეს წელს გვპირდებოდა. იმედი კი ცრუვდებოდა, მაგრამ ახალი წელი, რაღაც ამბავში, იმთავითვე გულისმხობს წინასწარგანზრახულ სიცრუეს - თვალის არ და თავის მოტყუებას. ჰოდა, პლაკატებიც ეგეთი უნდა იყოს - ხომ გახსოვთ სიმღერაცაა ,,მოწყენილი სახეები დღეს არ იქნება". მოკლედ... 

ახლა ბიბლიოთეკის არქივები. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ საქმეში ჩართული ხალხი ეტყობა დიდი ენთუზიაზმით არ უდგებოდა აღნიშნულ საკითხს ან ახალი წლის დადგომა არ იყო მათი ,,პრიორიტეტი". მეორეცაა - ფონდები კიდევ საკვლევია  და შეიძლება მოულოდნელი განძიც ამოვაყოლოთ ანკესს.

საბჭოთა პერიოდის პირველი ნახევრის საახალწლო პლაკატების სტილი მოწოდებებს უფრო მოიცავს. რიგ შემთხვევაში - ამა და ამ წელს საბოლოოდ დავამარცხოთ კულაკები და აღმოვფხვრათ ბურჟუაზია ან ავაშენოთ მეტი ელექტროსადგური და სილოსი (თივის დამამწნილებელი მანქანა). მოკლედ ახალი წლის პლაკატებისა არაფერი ეცხო - სადღაც მიხატული უღიმღამო თოვლის ფიფქის გარდა. 

ომის დროს, ცხადია, საბჭოთა ჯარისკაცი გვილოცავდა ახალ წელს შაშხანის ლულაზე შეყინული ლოლოთი და გამარჯვების მოწადინე სახით. 1945 წელს ეს სახე უკვე მოზეიმედ იქცა! 

ამის შემდეგ პლაკატები ჰერიოკულობას იფერებს - წელში გამართული ქალი და კაცი, საბჭოთა დროშით და გაჩახჩახებული ფონი - როგორც წესი, მოსკოვი ან ლენინგრადი. ამგვარი განწყობა შეგნებული განზრახვითაა - მართალია, რეალურ ცხოვრებაში კომუნიზმი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ განწყობა, რომ ის კარზეა და შეიძლება, თუნდაც ამ წელს ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდეს, გადამდებია. ასეთი პლაკატები, როგორც წესი, რუსულ ენაზე იბეჭდებოდა და ყველა დაწესებულებაში რიგდებოდა. ვარიაციებს იშვიათად შენიშნავთ - შემართება თანაბარი უნდა ყოფილიყო ლიმონათის ჩამომსხმელი ქარხნის  მუშის ოთახსა და ცეკას რომელიმე მდივნის პრიალა კაბინეტში. სხვა საქმეა, რამდენად მართალ ექოს სთავაზობდა რეალური ცხოვრება ამ ამბავს. 

დგებოდა, თემატური ახალი წლებით. მაგალითად თუ წინა წელს რომელიმე ატომურ სადგურს გახსნიდნენ, ეს განწყობა ირიბად მაინც შეეპარებოდა სურათს. როგორ გამოგვრჩებოდა კოსმოსში გაფრენის საქმე? ახალი წლის პლაკატები გაგარინის პოსტერებად იქცა. ოღონდ იურის ,,როლში" შეიძლება სათნოსახიანი ბავშვიც ყოფილიყო - მთავარია რაკეტაზე ამხედრებული.

ვიზუალი ოთხმოციანებში იცვლება. უფრო გრაფიკული და ინტელექტუალური ხდება. გამარჯვების პათეტიკური მუხტი თითქოს სადღაც ქრება. ცდილობენ ყველა ძირითადი სიმბოლო ერთად დაატიონ, ქვეყნის საფირმო ამბები და ბრენდები. ერთგან რაღაც მოწყენილი საბეჭდი მანქანაც კი გვხვდება - შავი და უღიმღამო. თითქოს საბჭოთა კავშირის ნეკროლოგს წერს წინასწარ... 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^