Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

18 მუნიციპალიტეტი, სადაც კიბოს ინიციდენტობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია

12 ივლისი 2018

კიბოს რეგისტრი - ასე ჰქვია პროგრამას, რომელშიც მთელ საქართველოში კიბოს გავრცელების შესახებ სრული ინფორმაცია გროვდება. რეგისტრი უკვე მესამე წელია საქართველოში ამოქმედდა. პირველი მონაცემები 2015 წელს გამოქვეყნდა.

რეგისტრის ამოქმედებამდე საქართველოში კიბოს შესახებ მონაცემთა შეგროვება მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობდა.

მაგალითად, რეგისტრის ამოქმედებამდე 2014 წელს საქართველოში 100 000 მოსახლეზე 140 ახალწარმონაქმნი ფიქსირდებოდა, რეგისტრის მონაცემებით კი 2015 წელს ეს მაჩვენებელი 287-მდე გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რეგისტრის სამი წლის მონაცემები გააანალიზა და წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

სამი წლის მონაცემების მიხედვით, 2015-2017 წლებში საქართველოში რეგისტრირებული ყველა ლოკაციის კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 8 700 - 11 000-ის ფარგლებში მერყეობდა. მაგალითად, 2017 წელს კიბოს 8731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (ყველა ლოკაცია)

2017 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყოველ 100 000 ადამიანზე კიბოს 234 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

განსაკუთრებით საგულისხმოა ქალებში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების რაოდენობა.

ბოლო სამი წელია, ქალებში რეგისტრირებულ კიბოს ახალ შემთხვევებს შორის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მეორე ადგილი უკავია. NCDC-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, ქალებში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ასეთი სიხშირე სხვა ქვეყნებში არ გვხვდება. 

მაგალითად, 2017 წელს ქალებში ავთვისებიანი სიმსივნის 4 937 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან პირველ ადგილზე სარძევე ჯირკვალია (1 541 შემთხვევა), მეორეზე კი ფარისებრი ჯირკვალი (721 შემთხვევა).

რატომ მოიმატა საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების რაოდენობამ და კიბოს გავრცელების კუთხით როგორი სურათი გვაქვს რეგიონების მიხედვით. რეგისტრში მოცემულია ინფორმაცია იმ 18 მუნიციპალიტეტის შესახებ, რომლებშიც კიბოს ინიციდენტობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

როგორც დასაწყიში აღვნიშნეთ, ქვეყანაში კიბოს ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 241-ს შეადგენს.

18 მუნიციპალიტეტში მაჩვენებელი ქვეყნის მაჩვენებელს აღემატება. ყველაზე მაღალი  მაჩვენებლები დაფიქსირდა ოზურგეთისა (370) და ახალციხის (344) მუნიციპალიტეტებში.

„ლიბერალი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლელა სტურუას ესაუბრა.

     ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მაღალი ავადობის ქვეყნებად მიიჩნევა ის ქვეყნები, სადაც ქალთა შორის ავადობა 100 000 ქალზე 10-ს შეადგენს. საქართველოში კიბოს პოპულაციური რეგისტრის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი 100000 ქალზე შეადგენს 39-ს (2016); 

რას ვუკავშირებთ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების ასეთ მატებას?

რთული კითხვაა. ამ შეკითხვაზე პასუხი ჩვენი ცენტრის კომპეტენციებს აღემატება.

კიბოს რეგისტრი დავიწყეთ 2015 წელს. ინფორმაცია მოდის ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც სვამენ კიბოს დიაგნოზს. ჩვენდა გასაკვირად ფარისებრი ჯირკვლის კიბო მეორე ადგილზეა.

ეს პირველად 2015 წელს იყო. 2016 წელს, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ისევ ფარისებრია მეორე ადგილზე, უკვე დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ დაგვედგინა ამის მიზეზი.

ამის შემდეგ პირველი, რაზეც შეიძლებოდა ეჭვი მიგვეტანა, იყო იოდდეფიციტი ან პირიქით, მისი ჭარბი მოხმარება.

მარილის იოდიზირების პროგრამა რომ დაიწყო, იმის შემდეგ არავის გამოუკვლევია, რა მდგომარეობა გვქონდა ამ კუთხით. დავიწყეთ მოძიება თანხების და გაერო-ის ბავშვთა ფონდთან ერთად 2017 წელს ჩავატარეთ კვლევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პოპულაციური კვლევაა. ის სერიოზულ დონორთან ერთად ჩავატარეთ.

ცალკე გვქონდა იოდეფიციტის ადგილები - მთიანი აჭარა, სვანეთი (ცალკე კლასტერები იყო). ამ კვლევით აღმოჩნდა, რომ ჩვენ იოდდეფიციტი აღარ გვაქვს. პირიქით, იოდით გაჯერებულია ორსულები და ბავშვები, როგორც მთაში, ისევე ბარში. გამოირიცხა, რომ ეს შეიძლება იოდს უკავშირდებოდეს. ამის პარალელურად ძალიან ბევრი შეხვედრა ჩატარდა ცალკე ონკოლოგებთან, ცალკე ენდოკრინოლოგებთან.

ჩვენ (ცენტრი) ვაგროვებთ მონაცემებს და ვაჩვენებთ პრობლემას, მაგრამ ფარისებრი ჯირკვლის კიბო რატომ არის წინ, მეორე ადგილზე წამოსული, ვერ ვიტყვი. ზოგადად, სხვადასხვა ავტოიმუნური დაავადებები იმატებს დანარჩენ მსოფლიოშიც.

თქვენ ამბობთ, რომ ცენტრი აჩვენებს პრობლემას, მიზეზების იდენტიფიცირება პრევენციისთვის ხომ მნიშვნელოვანია. ვინ უნდა იკვლიოს მიზეზები? 

ეს არის სხვადასხვა ასოციაციების საქმე, რომლებიც არსებობს საქართველოში - ენდოკრინოლოგთა, ონკოლოგთა ასოციაცია და ა.შ.

ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მზად ვართ შეხვედრებში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მიზეზების კვლევის ეტაპზე ცალ-ცალკე ჩაატარა ინტერვიუები ექსპერტებთან. ექსპერტთა შეხედულება არის გარკვეული დონის მტკიცებულება.

არიან ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ჩერნობილის ნარჩენი მოვლენაა, რომ ჩერნობილმა კუდი მოიქნია; ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ასე არ არის; ნაწილი ამას გარემოს უკავშირებს, ნაწილი ისევ იოდზე საუბრობს.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევები ქალებში მთელ მსოფლიოში იზრდება. ხომ ასეა?

კი ყველგან იზრდება, მაგრამ მეორე ადგილზე სხვაგან არ შემხვედრია. მიზეზების კვლევის დროს ერთ-ერთი ნაბიჯი იყო გეოგრაფიული სურათი. გვინდოდა, გვენახა გეოგრაფიულად ხომ არ არის რამესთან კავშირში, რაიონებზე და სოფლის დონეზე გამოვიკვლიეთ. 

თუმცა, ჩემი აზრით, სამი წლის მონაცემებით დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა.

როგორია ცენტრის რეკომენდაცია უფასო სკრინინგის პროგრამაში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს კომპონენტის გაჩენაზე?

ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც პროგრამულად არსებობდეს ფარისებრი ჯირკვლის პროგრამა.

თუმცა თბილისის მერიამ დაიწყო სკრინინგი და ვნახოთ, რას აჩვენებს ეს პროგრამა.

რატომ მაინცდამაინც ქალებში?

ამაზეც არ არის ცალსახა პასუხი, მაგრამ ზოგადად ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები უფრო ქალებში გვხვდება. ეს უკავშირდება ორგანიზმის ჰორმონულ მდგომარეობას. 

18 მუნიციპალიტეტში მაჩვენებელი ქვეყნის მაჩვენებელს აღემატება. ყველაზე მაღალი  მაჩვენებლები დაფიქსირდა ოზურგეთისა (370) და ახალციხის (344) მუნიციპალიტეტებში. რა ხდება ოზურგეთში? რატომ არის ასეთი მაჩვენებელი? 

ოზურგეთში გარემო არ არის განსაკუთრებულად დაბინძურებული, ამას ვერ დავიკავშირებთ. თუმცა ოზურგეთის მდგომარეობა შესაძლებელია უკავშირდებოდეს მერიაში საბჭოთა კავშირის დროს არსებულ საბჭოთა ბატალიონს.

შესაძლებელია ეს იყოს მიზეზიც, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.

ასე ზუსტად ჩვენ არ ვიცით, სად რატომ არის ასეთი მაჩვენებელი. ჩვენ ვიცით, სად არის გარემო უფრო დაბინძურებული, სად არის ბევრი საწარმო და ა.შ. თუმცა არც დმანისში, არც ბოლნისში და არც ზესტაფონში განსაკუთრებული გადახრა არ დაფიქსირებულა. 

როცა ბოლნისში ჩაწერილს დიაგნოზს თბილისში უსვამენ, როგორ ითვლის ამას რეგისტრი? სად ითვლება ის გეოგრაფიულად?

არა, ის ბოლნისს ეწერება. ადრე, სადაც ისმებოდა დიაგნოზი, პაციენტი იმ სამედიცინო დაწესებულებას და ადგილს ეწერებოდა. ამიტომ ადრე თბილისზე იყო მიწერილი უამრავი შემთხვევა. ახლა ასეა არაა.

3 წლის მონაცემები არ არის ის მონაცემები, რომლითაც სერიოზული დასკვნების გაკეთება შეიძლება. ხუთი წელი მაინც უნდა იყოს გასული, რომ ტენდენციებზე ვისაუბროთ, თუნდაც რომ განვსაზღვროთ რეგიონები, სადაც ნამდვილად უფრო მაღალი მაჩვენელია.

მესამე წელია ოზურგეთი მოწინავეა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის საერთო მაჩვენებელს. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არ იძლევა დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას?

სასურველია, ვიცოდეთ, რას უკავშირდება ეს. ოზურგეთში მერიის სამხედრო პოლიგონი განვიხილეთ შესაძლო მიზეზად. ეს ჩვენს სფეროს სცდება. კომპლექსურად უნდა მოხდეს მიზეზების კვლევა. უნდა გაიზომოს რადიაცია. ბევრი რამე უნდა იქნას გამოკვლეული. ეს არაა მარტივი საქმე. მიზეზი რომ გავიგოთ, ამას სჭირდება ხანგრძლივი კვლევა, უნდა დავაკვირდეთ ადამიანებს.

ამ თვალსაზრისით რა ვითარებაა მეზობელ ქვეყნებში?

მეორე ადგილზე ქალების პოპულაციაში არსად არ არის ფარისებრი ჯირკვლის კიბო.

როგორ აფასებთ სკრინინგის პროგრამის ეფექტურობას?

ზოგადად, თუ სკრინინგის პროგრამა მოიცავს მოსახლეობის სულ მინიმუმ 60%-ს, ის ძალიან ეფექტურია. საქართველოში ის 2011 წლიდან გვაქვს და ვერანაირად ვერ მოხერდა მოცვის გაზრდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^