Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რეპორტაჟი საბირქენდიდან - “ახალგაზრდები წავიდნენ, სოფელი დაცარიელდა”

18 ივლისი 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, რამდენიმე ჩაიხანაა. არცერთ მათგანში თავისუფალი ადგილი არ არის. სოფლის ყველა მამაკაცი დღის უდიდეს ნაწილს ამ ჩაიხანაში ატარებს. 

საბირქენდში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. იმის გამო, რომ მუდმივი სამუშაო ვერ ნახეს, სოფლის არაერთმა მცხოვრებმა საკუთარი სახლი დატოვა და უცხოეთში წავიდა. საბირქენდიდან სამუშაოდ ძირითადად უკრაინაში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში მიდიან. სოფელში ახალგაზრდებიც თითქმის აღარ არიან. 

საბირქენდელი რაფიგ აჰმადოვი ამბობს, რომ მისი ორივე ვაჟი სამუშაოდ თურქეთში წავიდა: „სარწყავი წყალი არ გვაქვს, რომ მიწა მოვრწყოთ და რამე მოვიყვანოთ. გზები საშინელ მდგომარეობაშია. სამუშაო არ არის. ვინ გაჩერდება აქ? ჩემმა შვილებმაც ვერ ნახეს სამუშაო. იძულებულნი გახდნენ, ოჯახები აქ დაეტოვებინათ და სამუშაოდ წასულიყვნენ. იქ გამომუშავებული თანხით საკუთარ თავსაც ირჩენენ და ჩვენც გვიგზავნიან. ფაქტობრივად, ოჯახი ორად არის გახლეჩილი. ჩემი პენსია 180 ლარია. ავადმყოფი ვარ და ეს ფული წამლებისთვისაც არ მყოფნის.“

28 წლის ქამრან მამადოვი დროის უმეტეს ნაწილს ჩაიხანაში ატარებს. ამბობს, რომ თბილისში ხან ხელოსნად, ხან კი მძღოლად და მიმტანად მუშაობდა, მაგრამ ყველა სამუშაო დროებითი იყო და გრძელვადიანი კონტრაქტით ვერსად დასაქმდა: „საქართველოში სამუშაო არ არის. უმუშევრობის გამო ყველა თურქეთში მიდის. ახლა იქაც გაჭირდა სამუშაოს შოვნა. სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს წასასვლელი არსად გვაქვს. ერთადერთი ადგილი ეს ჩაიხანაა. აქ მოვდივართ და დრო გაგვყავს.“

ჰუსეინ ალიევი თურქეთიდან ახალი დაბრუნებულია. ის აქ შვილების სანახავად ჩამოვიდა. „თურქეთში მძღოლად ვმუშაობ. მეუღლე და შვილები აქ არიან. საქართველოში სამუშაო რომ ყოფილიყო, თურქეთში არ წავიდოდი. ბავშვები მეც მენატრებიან და ისინიც მუდამ ჩემს მოლოდინში არიან. ძალიან რთულია ასე ცხოვრება. საქართველოს მთავრობამ რამე უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ აქ სამუშაო ადგილები გაჩნდეს და ასე არ ვიწვალოთ. ასეთი ცხოვრება არავის უნდა.“

58 წლის სანუბარ აჰმადოვა საკარმიდამო ნაკვეთში მუშაობს. სანუბარი ამბობს, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული კაცების საქმის კეთება ახლა ქალებს უწევთ: „შვილები საზღვარგარეთ არიან წასულები. მეუღლე გარდაცვლილი მყავს. ბოსტნეული მომყავს, რომ როგორმე პურის ფულის გავაკეთო. არაფერი გამოდის, რა თანხასაც ვდებ, იმასაც ვერ ვიღებ.“

57 წლის სარდარ ალიევი პომიდვრის სათბურს გვათვალიერებინებს: „პომიდორი მოგვყვავს, რომ ცოტაოდენი ფული ვიშოვოთ. სარწყავ წყალში ფულს ვიხდით, სასუქში ფულს ვიხდით. სხვაც ბევრი ხარჯი გვაქვს და ბოლოს მოყვანილ პროდუქციას ვერ ვყიდით. იძულებულები ვართ, რომ თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გავყიდოთ. აქ ფაბრიკა არ არის და ქარხანა. სამუშაო არაფერია. ახალგაზრდები წავიდნენ, სოფელი დაცარიელდა.“

2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით საბირქენდში 3400 ადამიანი ცხოვრობს. 2002 წლის მონაცემებით, ამ სოფელში 3700 ადამიანს უცხოვრია. 

ნურანა მამმადი

სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

გოგოს ისტორია, რომელიც ამბობს, რომ ტაქსი ...

25 აგვისტოს მეგობრის დაბადების დღიდან შინ ბრუნდებოდა, ტაქსი გააჩერა და მძღოლს მისამართი უთხრა. თათია ცაგურიშვილი ჰყვება, ...
17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

ბერეზოვსკიდან ვირსალაძემდე... კორსანტიაზ ...

თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ელისო ვირსალაძის მიერ შესრულებული ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტებით დასრულდა თ ...
17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

ფემინსტრიმი ► რა კავშირშია ფემინიზმი ვეგ ...

მოუსმინეთ ნანა გობეჯიშვილის პოდკასტს:  „ფემინიზმზე საუბრისას პირველ სირთულეს მისი განმარტებისას ვაწყდებით, ვ ...

მეტი

^