Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"პანორამა თბილისი" - ინვესტიცია, რომელიც კლავს

19 იანვარი 2015

"პანორამა თბილისის" პროექტის შესახებ კამათი გრძელდება. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროექტი ძველი თბილისისთვის აბსოლუტურად შეუსაბამოა და მისი განხორციელება დაუშვებელია."ტფილისის ჰამქრის" წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი ფიქრობს, რომ თბილისის ისტორიულ ზონაში ამგვარი პროექტების განხორციელება ქალაქს და მის მცხოვრებთ ურბანულ გენოციდამდე მიიყვანს. პროექტი ეკონომიკის სამინისტროში დასამტკიცებლად უკვე შეიტანეს. „რა პროცედურები დარჩა პროექტის დაწყებამდე, რა დევს სასწორის პინაზე და როგორი იქნება შედეგები. "ლიბერალის" კითხვებს ცირა ელისაშვილი პასუხობს:

 

რა ეტაპები გაიარა ამ დრომდე პანორამა თბილისის პროექტმა?

პანორამა თბილისის არქიტექტურული პროექტი არ არსებობს, შესაბამისად დამტკიცებულიც არ არის. არსებობს ასეთი ტერმინი „პროექტის კითხვა“, თანაინვესტირების ფონდის მიერ წარმოდგენილი მასალიდან - რენდერებიდან და ანიმაციიდან - ჩვენ ვერ წავიკითხავთ რა გაბარიტების შენობა შენდება, რამდენია მალებს შორის დაშორება, რამდენია სართულს შუა გადახურვის სიმაღლე და ა.შ. ამიტომ ამას პროექტს ნუ დავარქმევთ. წარმოდგენილია კონცეფცია, რომელსაც არ ახლავს მუშა ნახაზები, გაბარიტები, სიმაღლე თუ სიგანე.

ამჟამად ყველაზე აქტიურად ორ ლოკაციაზე საუბრობენ: ცეკავშირის ყოფილი შენობის ადგილსა და სოლოლაკის ქედზე.

დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით ცეკავშირის ყოფილი შენობის ადგილას მათ არ ჰქონდათ იმის აშენების უფლება, რაც სურდათ, რადგან იქ სართულიანობა და გაბარიტები იზღუდება. ამიტომ დაახლოებით ერთი თვის წინ მერიის ურბანული სამსახურისგან მოითხოვეს მშენებლობის კოეფიციენტების - ანუ შენობის დასაშვები სართულიანობისა და გაბარიტების გაზრდა. სამწუხაროდ, მერიის ურბანულმა სამსახურმა გასცა ეს ნებართვა და შესაბამისად, ახლა მათ შეუძლიათ ააშენონ ნებისმიერი მასშტაბის შენობა. ამ ადგილას ასაშენებელი შენობის გაბარიტებზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომაც გასცა. აქ ორივე სამსახურის ნებართვა იყო საჭირო, რადგან ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ზონას ეკუთვნის.

რაც შეეხება სოლოლაკის ხეივანს, კონკრეტულ ტერიტორიას ჰქონდა ლანდშაფტური დაცვის ზონის სტატუსი. აქ ეს ზონა ზღუდავდა მათ მშენებლობას. ამიტომ მოითხოვეს ამ ზონის მოხსნაც და ეს მოთხოვნა უკვე საკრებულომ დააკმაყოფილა. აქაც აღარაფერი უდგათ წინ.

ამ დრომდე განვლილია რამდენიმე ინსტანცია: კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო, მერიის ურბანული სამსახური და თბილისის საკრებულო. ახლა პროცედურულად დარჩენილია მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო. რადგან ეს პროექტი, ე.წ. მეხუთე კლასის მშენებლობას მიეკუთვნება.

რა ტიპის ნაგებობებს აერთიანებს მეხუთე კლასი და რატომ მიეკუთვნებაპანორამა თბილისიამ კლასს?

მეხუთე კლასის მშენებლობების კატეგორია შეიძლება მიენიჭოს ფართომასშტაბიან, დიდ ობიექტებს, მაგალითად, რომელთა საძირკვლის ჩაღრმავება 30 მეტრზე მეტია და ა.შ. ასეთებია კაშხლები, წყალსაცავები, აეროპორტები, მეტროსადგურები და ა.შ. მაგრამ ზაფხულში ამ დადგენილებაში შესული ცვლილებით, ჩამონათვალს დაემატა ხაზობრივი ნაგებობა. ეს კი გულისხმობს საბაგიროს. სწორედ ამ პარამეტრით „პანორამა თბილისი“ გადადის მეხუთე კლასის მშენებლობაში. და მის პროექტს უკვე ამტკიცებს არა მერია ან კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო, არამედ ეკონომიკის სამინისტრო, სწორედ ეს რგოლიღაა დარჩენილი მშენებლობის ნებართვის მისაღებად.

ცუდი ის არის, რომ ეკონომიკის სამინისტროს ვალდებულება კულტურული და ძეგლთადაცვითი პრინციპების გათვალისწინება სულაც არ არის. მისი მთავარი ამოცანა ქვეყანაში ინვესტიციის შემოსვლაა. ამიტომ, როდესაც სასწორზე დგება კულტურული მემკვიდრეობა თუ ინვესტიცია, ეკონომიკის სამინისტროს ვერ მოვთხოვთ, რომ ძეგლთა დაცვის პრინციპებით იმოქმედოს, ამიტომ გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორც წინასწარ ვიცით - დადებითი. (ხელისუფლების მთავარი მიზანიც სწორედ ესაა, რომ ისეთი პილიტიკა იყოს ქვეყანაში შექმნილი, როცა სასწორზე არ აიწონება ეს ორი რამ).

ღიაობის თვალსაზრისითაც, მერია და საკრებულოც საზოგადოებისთვის უფრო ღია უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოსტფაქტუმ ვიგებდით განხილვების შესახებ და როცა წინასწარ გავიგეთ, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ალეკო ელისაშვილმა შეგვატყობინა, ჩართულობის მექანიზმების გამოყენება იქ მაინც მეტად შეიძლება.

ეს ყველაფერი ეკონომიკის სამინისტროსთან მიმართებით უკვე ვეღარ განხორციელდება. გამოსავალი არის ორი: იურისტებთან ერთად უკვე ვამზადებთ სარჩელს იმ კონვენციების მოთხოვნათა დარღვევის შესახებ, რომლებზეც ჩვენი ქვეყანაა მიერთებული და მეორე - აქციები. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს რომ ეს ქალაქი არის მისი და არა ჩინოვნიკებისა და დიდი კაპიტალის მქონე ადამიანების.

მეხუთე კლასის მშენებლობების დაწყებასთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, არსებობს განსხვავებული მოთხოვნები. რა მოთხოვნები გავრცელდება ამ შემთხვევაშიპანორამაზე“?

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მეხუთე კლასის მშენებლობები სტრატეგიულ ობიექტებს მოიცავს, საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა და მიღება კანონით პრაქტიკულად გაადვილებულია. იმის ნაცვლად, რომ ასეთ პროექტებზე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდეს საიუველირო დაკვირვება და მონიტორინგი, პირიქით, პროექტების განმახორციელებლებს ეუბნებიან, თქვენ ოღონდ დაიწყეთ და ძირითადი საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა უფრო დაბალი კლასის მშენებლობისათვის, თქვენ არ მოგეთხოვებათო. ეს არის ნონსენსი, ამას ვერცერთი ქვეყნის კანონმდებლობაში ვერ ნახავთ. ამიტომაცაა, რომ მათ პროექტი დღემდე არ აქვთ. და მათი იდეა თვეში ერთხელ იცვლება.

რა შეიძლება მოჰყვეს პროექტზე მშენებლობის ნებართვის ამგვარი წესით გაცემას?

ეს რეალურად ნიშნავს, რომ ნებისმიერს შეუძლია დაიწყოს საწარმოო სამუშაოები, ანუ სამშენებლო, ნგრევითი სამუშაოები, რომელსაც არ ახლავს პროექტი. მისი შესრულების მონიტორინგიც, შესაბამისად - გამორიცხულია. მერე კი, როცა სამუშაოებს პროექტს დააწევ, საშუალება არავის ექნება შეამოწმოს, რეალურად ამ პროექტის მიხედვით განხორციელდა თუ არა არქიტექტურული, სამშენებლო სამუშაოები, ნებისმიერი სამუშაო, რომელიც პირველ ეტაპზე, პროექტის გარეშე, განხორციელდა. ამ თვალსაზრისით სახელმწიფო სრულიად იღებს ხელს ჩვენს სამოქალაქო უსაფრთხოებაზე. წარმოიდგინეთ, რა დონის არქიტექტურულ ნაგებობებზეა საუბარი, საბაგიროები, მეტროსადგურები, ჰესები, ხიდები - მშენებლობები, რომლებიც არქიტექტურული პროექტების, გეოლოგიისა თუ სხვა საკითხების შემსწავლელი დოკუმენტაციის გარეშე არსად ხორციელდება.

ამ შემთხვევაშიც კანონიც მორგებულია იმ ინტერესებზე, რომლებიც ქვეყანაში არსებობს და იმ პირებზე, ვისაც აქვს ეს ინტერესები. სამწუხაროდ, ასეა. ეს არის ის, რაც არ გამოსწორებულა არც ცხრა წლის მანძილზე და დღეს კიდევ უფრო გართულდა. თბილისის მდგომარეობა ასეთი მძიმე აქამდე ნამდვილად არასდროს ყოფილა. წინა ცხრა წლის პერიოდის ოდიოზური პროექტები არ შეჩერებულა და ისევ მიმდინარეობს, ამას ემატება ახალი ხელისუფლების ასევე ოდიოზური პროექტები და ქალაქის დაზიანების ხარისხი უფრო და უფრო იზრდება.

არსებობს ტერმინი ურბოციდი  - ურბანული გენოციდი, ჩვენ აუცილებლად მივალთ აქამდე თუ არ მიიღებთ გადამჭრელ ზომებს როგორც საზოგადოება, ისე ხელისუფლება.

აქ კიდევ ერთი მთავარი ასპექტია, რომელსაც არ ახმაურებენ.

ცეკავშირის ადგილას მშენებარე შენობა ითვალისწინებს რუსთაველის N1-ში მდგარი საცხოვრებელი სახლის ნახევრად დანგრევას. ამ სახლს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ეს შენობა დგას, მდგრადია და იქ ცხოვრობენ ადამიანები. ამ პროექტის მიხედვით კი, მისი ნახევარი უნდა დაინგრეს. როდესაც ამის შესახებ განვაცხადე, მათ უარყვეს, თუმცა კულუარულ საუბრებში ძალიან შეშფოთდნენ იმის გამო, თუ როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ. თბილისი საკმაოდ პატარა ქალაქია.

თუნდაც ის, რომ ისინი თეორიულ დონეზე მაინც უშვებენ რუსთაველის პირველი ნომრის ნახევრად დანგრევას, მიუთითებს მათ განწყობაზე, დამოკიდებულებაზე ქალაქის მიმართ, როგორ უყურებენ ისინი ძველ ქალაქს და, ზოგადად, კულტურულ მემკვიდრეობას.

არის მეორე პრობლემაც, ისინი ამბობენ, რომ ერეკლეს მოედანზე მდგარი შენობის მხოლოდ რესტავრაციას აპირებენ. მაგრამ მათივე დაკვეთით შესრულებულ, ზავრიევის ინსტიტუტის მიერ კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ მომზადებულ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ეს შენობა თურმე 125 წლის ყოფილა, მისი ექსპლუატაციის ვადა ამოწურულია და არ ექვემდებარება გამაგრებას. ეს მაშინ, როცა 2014 წლის ჩვენს ალტერნატიულ დასკვნაში ექსპერტი ამბობს, რომ ამ შენობის 80% მდგრადი და გამაგრებულია, დანარჩენი 20%-ის გამაგრებაც შესაძლებელია. ამის გადამოწმება ყველას შეუძლია.

სიტყვიერად ამბობენ, რომ ინარჩუნებენ ერეკლეს მოედანზე მდგარ შენობას და მეორე ხელით ექსპერტს დასკვნას აწერინებენ, რომ არ არის მდგრადი. შესაძლებელია, მერე გვითხრან, რომ სწორედაც ეს შენობა არ არის მდგრადი და იქ რაღაც სხვა მშენებლობა უნდა განახორციელონ.

არ შეიძლება ასეთი მიდგომა ქალაქისადმი, არ შეიძლება ამდენი ტყუილის თქმა, თბილისს არ ახსოვს მასშტაბის პროექტი, როგორიცააპანორამა თბილისი“.  სწორედ ამ მასშტაბის პროექტს უნდა ჰქონოდა სრულიად განსხვავებული საჯარო განხილვების მთელი კასკადი.

საერთაშორისო კონვენციებისა და შეთანხმებების რა მოთხოვნები დაირღვა ამ შემთხვევაში?

პროექტის საჯარო განხილვები პრაქტიკულად არ ყოფილა. ეს არის ორჰუსის კონვენციის დარღვევა. გარემოსდაცვითი კონვენციის, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას განიხილავს, როგორც გარემოს დაცვის ერთ-ერთ კომპონენტს.

ესაა ფაროს კონვენციის დარღვევა, სადაც მე-9 და მე-10 მუხლებში პირდაპირ წერია, რომ საინვესტიციო კაპიტალი არ უნდა იყოს კულტურული მემკვიდრეობის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული და სახელმწიფო ვალდებულია ეს დაარეგულიროს.

ეს არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ გრენადის კონვენციის დარღვევაა, სადაც ასევე პირდაპირ და სიტყვასიტყვით წერია, რომ აღქმის გაუარესების საფრთხის შემთხვევაში ახალი მშენებლობა ექვემდებარება დანგრევას.

ესაა ასევე ჩვენი კანონმდებლობის დარღვევაც, რომელიც უამრავი ნაკლოვანებითაა სავსე, მაგრამ იქაც არის მუხლი, რომლის მიხედვითაც, არსებობს „შეუსაბამო შენობები“, რომელსაც ეს სტატუსი კულტურის სამინისტრომ უნდა მიანიჭოს. ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობაში ამ თვალსაზრისით არსებობს ბერკეტები, სადაც შესაძლებელია ეს ყველაფერი სამართლებრივი კუთხით წარიმართოს.

პროექტის განმახორციელებლები აცხადებენ, რომ საპროექტო კვლევები კომპეტენტურმა ექსპერტებმა მოამზადეს და თქვენ ვერ შეძლებთ მათ კომპეტენციაზე დავას. რამდენად ენდობით იმ ექსპერტებს? 

აუცილებლად ვიდავებთ მათ კომპეტენციებზეც. რომ გადახედოთ იმ, ე.წ. კვლევებს, იქ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა. არსებობს სხვა კვლევები, რომლებზე მოდავებაც შეუძლებელია, მაგრამ ამ კვლევებს თავად დამკვეთები არ ითვალისწინებენ. მაგ. ცეკავშირის შენობასთან დაკავშირებით კვლევაში ხელოვნებათმცოდნე ალა პროზოროვას უწერია, რომ ეს შენობა არ უნდა ასცდეს რუსთაველის პირველი ნომრის შენობის სიმაღლეს, მაგრამ წარმოდგენილი პროექტი ნამდვილად არათუ სცდება, ლამის ორჯერაც აჭარბებს იმას, რაც რეალურად არის რუსთაველის პირველი ნომრის სიმაღლე.  

ამიტომ ეს კვლევები მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ გვითხრან, დასაბუთება არსებობსო. მაგრამ რეალურად, შინაარსობრივად მგონი მათაც არ აქვთ წაკითხული იმიტომ, რომ მათ მიერ დაკვეთილ კვლევაში გაწერილ რეკომენდაციებსაც კი არ ითვალისწინებენ.

არსებობენ არქიტექტორები, რომლებიც სპეციფიკის გამო ძველ თბილისში არ აპროექტებენ. იმ არქიტექტორის შესახებ, რომელიც დაკავებულია „პანორამა თბილისის“ პროექტირებით - ბატონი ჯეირანაშვილი - ვინ არის და რა გაუკეთებია მანამდე, ინფორმაცია ვერცერთ არქიტექტურულ წრეში ვერ მოვიძიე. როგორც ჩანს, ძველ თბილისში პროექტირების გამოცდილება მას არ აქვს. ის არ იცნობს ძველი თბილისის კონტექსტს. ამიტომ ის ლანდშაფტს არგებს საკუთარ არქიტექტურას, იმის ნაცვლად, რომ არქიტექტურა მოარგოს არსებულ ლანდშაფტს. ესაა უპასუხისმგებლობის და უვიცობის ძალიან დიდი დემონსტრირება, რასაც „პანორამა თბილისი“ ჰქვია. პროფესიონალიზმი არ ნიშნავს იცოდე, როგორ იხაზება პროექტი. როცა პროფესიონალიზმი სინდისის ხაზზე არ გადის, ასეთი პროფესიონალიზმი ძალიან საშიშია. ის ქალაქისთვისაც საშიშია.

 შემოთავაზებული გეგმარება 16-სართულიანი იქნება თუ 18-იანი, მიჰყვება თუ არა ქედს მისი ხაზობრივი პროფილი, ის დეტალებია, რომლებზეც ჩვენ შეიძლება ვიდავოთ. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ის პროექტი, რომლის დეტალებზე დავასაც აზრი არ აქვს. საკითხი დგას ასე: ის ან უნდა განხორციელდეს კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე, რაც იქნება ცუდი, ან არ უნდა განხორციელდეს.

რამდენად საჯარო და ხელმისაწვდომია ეს კვლევები?

„ტფილისის ჰამქარმა“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მერიას ოფიციალური წერილით მივმართეთ - ეს კვლევები გამოვითხოვეთ, ასევე ვიკითხეთ, რატომ არ იყო ისინი ვებგვერდზე განთავსებული. მერიამ გვიპასუხა, რომ მათ ეს ინფორმაცია და შესაბამისად არც მისი გამოქვეყნების ვალდებულება არ აქვთ, რადგან გადაწყვეტილებას ეკონომიკის სამინისტრო იღებს. ეკონომიკის სამინისტროდან იმავე კითხვაზე გვიპასუხეს, რომ ჯერ მათ ეს საკითხი არ განუხილავთ, პროექტი ჯერ შემოტანილი არ არის და, ცხადია, ვერ მოგვაწვდიან.  

როცა თანაინვესტირების ფონდს მივმართეთ, იქ გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია მერიასაც გადასცეს, საკრებულოსაც, ეკონომიკის სამინისტროსაც და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსაც, თუმცა არსად ეს კვლევები ღიად არაა წარმოდგენილი.

რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქზე“ შეიქმნა გვერდი, სადაც JPEG ფაილებად გამოაქვეყნეს ეს კვლევები. ჩვენ თუ ეს გვგონია საჯაროობა მილიარდიანი პროექტის შემთხვევაში, არ ვიცი. ან ვის აქვს გარანტია, რომ ნამდვილად მათი გაკეთებული კვლევები დევს იქ და მათი გაკეთებული გვერდია. საჯაროობის პრინციპის დაცვა ასე არ ხდება.

თბილისის ისტორიული ნაწილი იუნესკოს ნომინანტთა სიაშია. რამდენად შეუშლის ხელს ქალაქის ამ ნაწილში პროექტის განხორციელება თბილისის საბოლოო სიაში მოხვედრას?

არსებობს იუნესკოს, ე.წ. წინასწარი სია, სადაც მთელი მსოფლიოდან მხოლოდ 11 ძეგლია შეტანილი და ელოდება იუნესკოს საბოლოო გადაწყვეტილებას. მათ შორის არის თბილისის ისტორიული ნაწილიც, რომლის მიმართაც იუნესკომ უნდა დააფიქსიროს დადებითი ან უარყოფითი პოზიცია. თბილისის პირველი ნომინაცია ვარძია-ხერთვისთან ერთან 1999 წელს მოხდა, მეორედ კი - 2001 წელს. ჰელსინკში გამართული საკომიტეტო მოსმენის მასალებში ვკითხულობთ: „ვაღიარებთ რა უნივერსალურ ღირებულებას თბილისის ისტორიული ნაწილისა, ამ ეტაპზე არ ვიღებთ მას სიაში, მაგრამ უარსაც არ ვამბობთ. ვაკეთებთ გადავადებას იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფომ მოაწესრიგოს ორი პრობლემა: შეიქმნას ამ ისტორიული ზონის მართვის გეგმა და აღმოიფხვრას კანონმდებლობაში ხარვეზები“. იმ პერიოდში ისეთი ოდიოზური პროექტები, რომლებიც დღეს უკვე გვაქვს, ჯერ განხორციელებული არ იყო, არც ივანიშვილის სახლი იდგა სოლოლაკის ქედზე, არც მირზა-შაფი იყო დანგრეული, არც ის ოდიოზური შენობა იყო, რომლის მშენებლობაც იმელის შენობის უკან მიმდინარეობს.  

საქმე ისაა, რომ ძეგლი ოფიციალური სახელწოდებით „თბილისის ისტორიული ნაწილი“ შედგება სამი ზონისგან - სახელმწიფო დაცვის ზონა, განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონა და ლანდშაფტის დაცვის ზონა. იუნესკოში ეს ძეგლი ამ საზღვრებშია წარდგენილი. როგორც კი ნომინირებული ძეგლის საზღვარი ირღვევა, და აქ კონკრეტულ მონაკვეთზე ლანდშაფტის ზონის მოხსნით უკვე დაირღვა, ეს ნიშნავს, რომ ნომინირებული ძეგლის არეალი შეიცვალა. მხოლოდ ამ მიზეზითაც კი შეუძლია იუნესკოს უარი თქვას ამ ძეგლთა ნუსხაში ჩვენს მიღებაზე. უარი კი ნიშნავს, რომ იუნესკო აღარასდროს დაუბრუნდება ამ ობიექტს.

ვის აქვს იმის უფლება, რომ რისკის ქვეშ დააყენოს პერსპექტივა, რომელსაც იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში თბილისის შესვლა ჰქვია. ეს რომ მოხდება, ვინ იტვირთებს ამ პასუხისმგებლობას? და რაში გამოიხატება ეს პასუხისმგებლობა - შეშფოთდება? ბოდიშს მოიხდის?

ამით დავკარგავთ ტურისტული პოტენციალის გაზრდის პერსპექტივას, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის პერსპექტივას. რასაც მოგყვებოდა სამუშაო ადგილების გაჩენაც. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ყველაფერს დავკარგავთ, თუ ასეთი ოდიოზური პროექტი განხორციელდება. იმიტომ, რომ ამ პროექტის სამივე ლოკაცია თბილისის ისტორიულ ნაწილს წარმოადგენს: ერეკლეს მოედანიც, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაც და სოლოლაკის ქედიც.

თუკი ბევრი რამ უკვე შეცვლილია ძველ თბილისში და ის ჰარმონიაც უკვე დარღვეულია, ამ კუთხით, რატომ უნდა ვთქვათ უარი ამ პროექტზე?

შესაძლოა უკვე დარღვეულია, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რომელსაც ახლა პანორამა ითხოვს.

თბილისი ვითარდებოდა ყოველთვის, მათ შორის მეცხრამეტე საუკუნეშიც, თბილისს ჰყოლია იმაზე დიდი მეცენატებიც, ვიდრე ახლა არის ვიღაც, ვინც სოლოლაკის ქედზე ცხოვრობს. მაგრამ იმ მეცენატებმა ზუსტად იცოდნენ, სად უნდა აეშენებინათ. მათ არ ააშენეს თავის დროზე კალაში იმიტომ, რომ კალა ძველი თბილისის ცენტრი იყო და მათ ააშენეს უბნები დღევანდელი თავისუფლების მოედანზე, სოლოლაკის, მთაწმინდის და ვერის სახით. მაშინ ამას ერქვა პერიფერია და „გარეთუბანი“ იმდენად გარეთ იყო ქალაქის ცენტრიდან. მათ მტკვრის საწინააღმდეგო მიმართულებით წაიყვანეს ქალაქი და შექმნეს ახალი მიზიდულობის ცენტრები, რასაც მერე დიდი განაშენიანება მოჰყვა. იგივე გააკეთეს კომუნისტებმა ვაკისა და საბურთალოს სახით. იმიტომ, რომ  მათ ზუსტად იცოდნენ ინტუიციით ან ცოდნით, ინტელექტით, სად უნდა ჩაედოთ ინვესტიცია.

არასწორად ჩადებული ინვესტიცია კლავს ქალაქს. სწორად ჩადებული კი - ავითარებს მას, ზრდის მასშტაბს და სხვა ინვესტიციებს იზიდავს თავის გარშემო.

თუ ეს პროექტი მარცხენა სანაპიროზე გადავა,  ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ამისთვის თბილისის ზღვის ტერიტორია იქნება, თავად ეს პროექტიც განვითარდება. იქ დიდი არეალია ამისთვის, სხვა ინვესტიციებიც შემოვა და საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს ამ პროექტის გარშემო.

აი, ეს იქნება მნიშვნელოვანი და ჩვენ შეიძლება 21-ე კი არა 25-ე საუკუნის თბილისში შევქმნათ სრულიად ახალი აგლომერაცია, სრულიად ახალი სახე, არქიტექტურაში იქნება თუ ტექნოლოგიაში და შემდეგ ცალკე სწორედ  მის სანახავად ჩამოვიყვანოთ ტურისტი. მაგრამ ამან არ უნდა დააზიანოს ისტორიული მემკვიდრეობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^