Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ვეფხისტყაოსანი“ - კანი, რომელშიც ვცხოვრობთ

29 იანვარი 2015

თუ კიდევ გჯერათ, რომ კარგი ლიტერატურა „აგვამაღლებს“, ხოლო კარგი მხატვრების მიერ მოხატული ლიტერატურა - ორჯერ უფრო მეტად, ის დროა სიმონ ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმს მიაშუროთ. მეორე სართულის ცენტრალური საგამოფენო დარბაზი ქართველი მხატვრების მიერ შექმნილ-დახატულ-ნაკეთ „ვეფხისტყაოსანს“ ეთმობა, რომლებიც რკინის საკმაოდ უცნაურ კონტრუქციებზეა დამაგრებული და ერთ მთლიან სივრცეს ქმნის.

პროექტი სახელწოდებით „სინთეზური ხელოვნება - მხატვრის წიგნი“, პირველი მცდელობაა, სინთეზური ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ჟანრი - მხატვრის წიგნი, ჩვენში არა მარტო დამკვიდრდეს, არამედ პოპულარულიც გახდეს. შემდგომში შესაძლებელია მათი სერიული გამოშვება და უცხოეთში წარდგენაც, რაც ქართული კულტურის რეპრეზენტაციისთვის მნიშვნელოვანია. პროექტის მხარდამჭერი და დამფინანსებელია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ბუნებრივია, რომ პროექტის ავტორებმა - ქეთი გალდავაძემ და ნიკო ქარცივაძემ პირველ წიგნად სწორედ „ვეფხისტყაოსანი“ შეარჩიეს; ანუ „ჩვენი ყველაფერი“ (როგორც რუსები იტყოდნენ პუშკინზე). ეს არჩევანი განაპირობა ნაწარმოების კულტურულმა, ისტორიულმა და ზოგადად, არქეტიპულმა ხასიათმა.

„ვეფხსიტყაოსნის“ მხატვრის წიგნად გარდაქმნაში თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების 15 წარმომადგენელი მონაწილეობს - გოგი ალექსი-მესხიშვილითა და თამარ კვესიტაძით დაწყებული, მამუკა და ნიკო ცეცხლაძეებითა და მაია სუმბაძით დამთვარებული. ცხადია, ეს არ არის მხოლოდ „ვეფხსიტყაოსნის“  ილუსტრაცია, ეს არის ახალი ჟანრის, ახალი შრეების, კოდის, და საერთოდ, ახალი ვიზუალური რეალობის შექმნის მცდელობა.

ერთი შეხედვით, გამოფენა უფრო პოსტმოდერნულად ჭრელ და მსუბუქად აჭრილ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე მთლიანისა და კონცეფტუალურის. თუმცა ტექსტის მაგია მაინც თავისას შვება და ირონიითა თუ გულწრფელობით „დასახიჩრებულ“ ნაირგვარ გამოსახულებას შემარიგებელ ინტონაციას ანიჭებს. მთლიანობაში ეს სასარგებლოცაა, ირონიულიც და საამოც.

ცხადია, პოემაში ყველა მხატვარი საკუთარ გამომსახველობით საიდუმლოს პოულობს: თემო ჯავახიშვილი ორიგინალურ სარკეებზე აღმოსავლური მინიატურისა და პლასტიკის მსგავს გამოსახულებას შესამჩნევი ირონიით აღბეჭდავს; უშანგი ხუმარაშვილი არ ხუმრობს და, როგორც ყოველთვის, სერიოზულად უღრმავდება აბსტრაქტულ ფერწერას; თამუნა მელიქიშვილი დახვეწილი ზურმუხტისფერითა და გაცრეცილი ყვითელით „თამაშობს“  და ავთანდილ-ფატმანის სექსუალურ ღამეს მატისის სიოთი აგრილებს; მამუკა ცეცხლაძე „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა პორტრეტებში ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ირონიულ აჩრდილებს ხედავს; ოლეფ ტიმჩენკო ფრიდონის ჯამბაზობას იხსენებს და მისი ოქროსფერი, პატარა ფიგურა სანთელივით გაკვეთს მისსავე ფერწერულ სიშავეს; ია მჭედლიშვილი ქაჯების პლასტიკას მინაზე ამოკაწრავს; თამაზ ვარვარიძე გრაფიკული მინიმალიზმით შემოიფარგლება, გოგი-ალექსი მესხიშვილი - კარგად დასწავლილი აბსტრაქციით... მოკლედ, როგორც გალაკტიონი იტყოდა, „ყველას, რაიმე აქვს სახსოვარი“.

საგამოფენო დარბაზის ცენტრალურ ნაწილს თამარ კვესიტაძის დიდი ფერწერული ნამუშევრები იკავებენ, სახელწოდებით „რომელმან შექმნა სამყარო“. ისინი არა მარტო ზომით აღემატება ყველა ნამუშევარს, არამედ ხაზგასმულად ამოვარდნილია საეთო-საგამოფენო სივრციდან. თითქმის გიგანტური ზომის ხელები ერთგვარი გადაძახილია მიქელანჯელოს „ადამის შექმნასთან“, თუმცა კრიტიკოსთა ნაწილი მათში პლატონისა და ანტიკური კულტურის კვალსა და გავლენას ხედავს. დე, ასე იყოს. პროექტი სახელწოდებით „სინთეზური ხელოვნება - მხატვრის წიგნი“ სწორედ ამგვარი თავისუფალი ინტერპრეტაციისა თუ ახალი დისკურსის შესაქმნელად შეიქმნა.

„ვეფხისტყაოსანი“ ხომ ჩვენი სხეულია, ჩვენი ეპითელიუმი, კანი, რომელშიც მუდმივად ვცხოვრობთ. იმედია, ახალი პროექტის გაგრძელებას მალე ვიხილავთ და თუ რეიტინგებს დავეყრდნობით, ამჯერად გალაკტიონის „მოხატვის“ რიგია.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ბიძოს ტოპ 5 ტრიუკი

ბიძინა რომ ტრიუკების ოსტატია, ეს ძველი ამბავია. შვიდი წელი ისე გაიყვანა, თითქოს გუშინ მოვიდა მმართველობაში, მაშინ როცა მ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ერდოღანი პუტინს სოჭში შეხვდა

ჩრდილოეთ სირიაში განვითარებული მოვლენების შესაჯამებლად და საერთო სამომავლო პოლიტიკაზე შესათანხმებლად, 21 ოქტომბერს რეჯეფ ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

ეროვნული პორნოგრაფიის ქრონიკები

ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მოგონებაა გაზეთების ჯიხურებთან სხვადასხვა ასაკის კაცების საეჭვოდ მორცხვი და ფარული საქციელი, რის ...

მეტი

^