Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„წყეული კვარტეტი", ანუ როგორ ებრძვის ბუნებას ერთ-ერთი სახეობა - ადამიანი

26 ივლისი 2018

დედამიწის ისტორიაში, ჯამში, გადაშენების სულ ექვსი შემთხვევაა აღწერილი. აქ იგულისხმება იმ ტიპის გადაშენება, როდესაც დიდი რაოდენობით სახეობები დაიღუპა. ბოლოს წინა, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გადაშენება 65 მილიონი წლის წინ მოხდა, ეს ის დროა, როდესაც, როგორც მიიჩნევენ, დედამიწასთან კომეტის შეჯახების შედეგად, დინოზავრები და სხვა სახეობები გადაშენდნენ. 

სწორედ ამის შემდეგ იწყება, ე.წ. „მეექვსე გადაშენება“, რომელიც უშუალოდ ადამიანთან, ცივილიზაციის განვითარებასთან არის დაკავშირებული.

როგორც კი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით დასახლდა, მის ძირითად საქმიანობად სხვა სახეობებთან „ბრძოლა“ იქცა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რაც ამ პროცესს უკავშირდება - ადამიანის მიერ ლანდშაფტის ტრანსფორმაციაა. ეს ტენდენცია აქტიურ ფაზაში მას შემდეგ შევიდა, რაც ადამიანმა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მიჰყო ხელი. ასევე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ადამიანის მიერ უშუალოდ სახეობებზე ზემოქმედებამ, რაც მათი ჭარბი, დიდი რაოდენობით მოპოვებაში გამოიხატებოდა. ამ ყველაფერს თან ახლდა დაბინძურების ელემენტიც - რა თქმა უნდა, ჩვენს დროში დაბინძურების შემთხვევები და მასშტაბი გაცილებით დიდია, თუმცა, ფაქტია, რომ ადამიანი ყველგან ტოვებდა საკუთარ კვალს დაბინძურების სახით. ასევე, ადამიანის განსახლებასა და მიგრაციულ პროცესებს უკავშირდება სხვადასხვა სახეობების - ზოგის ნებით, ზოგის კი უნებლიეთ გადაყვანა.

სწორედ აქედან იწყება, ე.წ. „მეექვსე გადაშენება“, როგორც ამას ამერიკელმა მეცნიერმა ნილს ელდრიჯმა უწოდა. მან აღნიშნა, რომ ეს არის გადაშენების ერთადერთი შემთხვევა დედამიწის არსებობის ისტორიაში, როდესაც პროცესის გამომწვევი მიზეზი არა ბუნებრივი მოვლენები ან კატასტროფებია, არამედ ერთ-ერთი სახეობა - ადამიანი. 

ელდრიჯს მიაჩნია, რომ, ე.წ. „მეექვსე გადაშენების“ პირველი ფაზა 100 ათასი წლის წინ, ადამიანის განსახლებასთან ერთად დაიწყო; მეორე კი 10 ათასი წლის წინ, როდესაც ადამიანმა სოფლის მეურნეობას მოჰკიდა ხელი. სოფლის მეურნეობამ განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა სახეობების გადაშენების პროცესში, რადგანაც სოფლის მეურნეობის განვითარების შედეგად, ადამიანმა ნაწილობრივ მოიშინაურა გარკვეული სახეობები, ხოლო დანარჩენები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც შინაური ცხოველების შენახვაში უშლიდა ხელს, მტრად გამოაცხადა. ანალოგიური პრაქტიკა იყო მცენარეებთან მიმართებაშიც. 

სოფლის მეურნეობის განვითარებას მიიჩნევს გადაშენების ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ ფაქტორად ამერიკელი ევოლუციური ბიოლოგი - ჯარედ დაიმონდიც.

რა იყო ამ პროცესის გამომწვევი მიზეზები?! უპირველეს ყოვლისა, ის, რომ ადამიანმა შეწყვიტა ეკოსისტემის შიგნით ცხოვრება. სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარება გახდა ის ბიძგი, რომლის საშუალებითაც ადამიანმა ეკოსისტემის გარეთ დაიწყო ცხოვრება. მანამდე, როდესაც ადამიანი ნადირობდა და შემგროვებელ საქმიანობას ეწეოდა, ის ეკოსისტემის ნაწილი იყო და ეკოსისტემაში ცხოვრობდა. შესაბამისად, არც ასეთი ნეგატიური გავლენა ჰქონია.

სოფლის მეურნეობის განვითარების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა გადაშენების ტემპი, რადგან, ყველაფერთან ერთად, ადამიანმა სახეობებით მანიპულირება დაიწყო. ზოგადად, გასაგებია, რომ ადამიანი პირდაპირ არ არის დამოკიდებული ამა თუ იმ სახეობასთან. რომელიმე სახეობის გადაშენება, ერთი შეხედვით, ადამიანისთვის შესაძლოა არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ ეფექტს, როგორც წესი, ადამიანი საწყის ეტაპზე საკუთარი თვალით ვერ ხედავს და ვერ აღიქვამს.

კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ისაა, რომ ადამიანს არ აქვს ეკოლოგიური ტევადობა. ყველა სახეობას აქვს ეკოლოგიური ტევადობა, რადგან კონკრეტულ ჰაბიტატში არ შეიძლება ამა თუ იმ სახეობის გარკვეულ რაოდენობაზე მეტის ცხოვრება. თუკი ეს მაინც მოხდა, იწყება ბუნებრივი პროცესები, მაგალითად, განსახლება ხდება, ან ცხოველთა ნაწილი უბრალოდ იღუპება სხვადასხვა მიზეზის გამო. ადამიანს კი ჭარბად დასახლება შეუძლია, რაც, ბუნებრივია, რომ ხშირად ფლორისა და ფაუნის ტერიტორიების შემცირების ხარჯზე ხდება.

დღეისათვის, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირი (IUCN) გადაშენების მთავარ საფრთხეებად შემდეგ საკითხებს მიიჩნევს: ზოგადად - განვითარების პროექტები, აგრო- და აქვაკულტურის განვითარება, ენერგიისა და წიაღისეულის მოპოვება, ტრანსპორტისა და სხვა სერვისების განვითარება, ბიოლოგიური რესურსების გამოყენება, ბუნებრივი სისტემების მოდიფიკაცია, ინვაზიური და პრობლემატური სახეობების შეყვანა, დაბინძურება, საბოლოო ჯამში კი კლიმატის ცვლილება.

ბუნებრივი სისტემის მოდიფიკაციის უშედეგო მცდელობის კარგი მაგალითია არალის ზღვის „მკვლელობის“ შემთხვევა, როდესაც ორი დიდი მდინარის - სირდარიისა და ამუდარიის საშუალებით უდაბნოს მორწყვა სცადეს. რა თქმა უნდა, ამ მცდელობამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და გარემოსთვის მიყენებული ზარალი არანახული მასშტაბისა იყო.

სწორედ ამ საფრთხეების გაერთიანების შედეგად, ჯარედ დაიმონდმა შექმნა, ე.წ. „წყეული კვარტეტი“, რაც ადამიანის მიერ ბიომრავალფეროვნებაზე, ანუ სახეობებზე მოქმედ საფრთხეებს აერთიანებს, ესენია: ჰაბიტატის რღვევა, ჭარბი მოპოვება, უცხო სახეობების შეყვანა (ინტროდუქცია) და მეორადი გადაშენება.

მეორადი გადაშენება სწორედ ის ზემოხსენებული პროცესია, როდესაც ადამიანი ვერ აცნობიერებს, თუ რა ზარალს აყენებს ბუნებას და ვერც იმას, რომ ერთი სახეობის გადაშენებამ შეიძლება გადაშენების მთელი ციკლი გამოიწვიოს; თანაც ისე, რომ ეს კავშირი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დადგენილიც კი არ იყოს.

შესაბამისად, ამ ყველაფრის გაერთიანებით, მივიღეთ საკმაოდ დიდი რიცხვი სახეობებისა, რომლებიც გადაშენდნენ, ან/და გადაშენების რეალური საფრთხის წინაშე დგანან. ამ მიმართულებით, მეტ-ნაკლებად კონკრეტული ინფორმაცია 1700 წლიდან ჩნდება. 

დაახლოებით ამ პერიოდისთვის გაქრა - ტური, გარეული ხარი, რომელიც ევროპის ტერიტორიაზე ბინადრობდა.

1703 წელს მოკლეს ცნობილი „მოგზაური მტრედის“ ბოლო ინდივიდი, ის ამერიკის კოლონიზაციას შეეწირა.

1883 წელს, ამსტერდამის ზოოპარკში დაიღუპა ბოლო - კვაგა. კვაგა ერთ-ერთი ცხოველი იყო, რომელსაც წინა ნაწილი ზებრისმაგვარად ჰქონდა შეფერილი, უკანა კი შედარებით ერთფეროვანი. ეს ცხოველი განადგურდა ბურების მიერ სამხრეთ აფრიკის კოლონიზაციის პროცესის დროს. მოსახლეობა მიიჩნევდა, რომ კვაგას ტყავი ხორბლის მარცვლის შესანახად ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება იყო. წარმოიდგინეთ, როდესაც კვაგას ფიტულის დამზადებაზე მიდგა საქმე, ცხოველი იმდენად „დაკარგული“ იყო, რომ ფიტულის გაკეთება სწორედ აღნიშნული ტომრებისგან მოუწიათ. 

ასევე, გადაშენდა მტრედის მსგავსი ფრინველი, დრონტი, იგივე დოდო, რომელიც მავრიკიის კუნძულებზე ბინადრობდა და მათი განადგურებაც თეთრი ადამიანის შესვლას უკავშირდება.

მოკლე დროში, აღმოჩენიდან რამდენიმე წელიწადში განადგურდა, ე.წ. - სტელერის ძროხა. ეს სახეობა ბერინგის ექსპედიციის დროს, გერმანელმა ზოოლოგმა - სტელერმა ჩუკოტკის ნაპირებთან აღმოაჩინა.

ასევე, ახალი ზელანდიის კოლონიზაციას შეეწირა დედამიწაზე მობინადრე ყველაზე დიდი ფრინველი, სირაქლემას მსგავსი (ფრენა არც მას შეეძლო) - მოა.

გადაშენების პროცესი გაგრძელდა XX საუკუნეშიც, მაშინ, როდესაც უკვე აქტიურად დაიწყო სხვადასხვა სახეობებზე ზრუნვა.

ამ პერიოდში გადაშენდა ტასმანიური ვეფხვი (ჩანთოსანი მგელი). ბოლო ინდივიდი ამსტერდამის ზოოპარკში, 1936 წელს დაიღუპა. ამ ცხოველის ძიება დღემდე მიმდინარეობს, არსებობს ლეგენდები, რომ ის ცენტრალური ავსტრალიის მიუვალ ადგილებში ბინადრობს, თუმცა მისი არსებობა ფაქტობრივად არ დასტურდება.

ამავე საუკუნეში გადაშენდა კასპიური ვეფხვი და ჰავაური თეთრმუცელა სელაპიც.

1988-89 წლებში გადაშენდა კოსტა რიკაში გავრცელებული ამფიბიების ორი სახეობა: ოქროს გომბეშო და ოლდრიჯის გომბეშო.

2000 წელს - პირენეის იბექსი. საინტერესოა, რომ ამავე წელს ამ ცხოველის კლონი შექმნეს, თუმცა, მან მხოლოდ რამდენიმე წუთი იცოცხლა და დაიღუპა.

2000 წელს გადაშენებულ სახეობად გამოცხადდა დასავლეთის შავი მარტორქა.

2002 წელს გადაშენდა ჰავაური ყვავი. ტყვეობაში მის გასამრავლებლად 75 ინდივიდი იყო საჭირო, თუმცა ამ რაოდენობის ფრინველის შეგროვება უკვე შეუძლებელი გახდა.

ასე რომ, სამწუხაროდ, გადაშენების პროცესი საკმაოდ ინტენსიურად, ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს, რისი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო დადასტურება ბაიჯის გადაშენებაა.

ბაიჯი მდინარე იანძიში მობინადრე დელფინი იყო. მისი სიგრძე, დაახლოებით 3 მეტრს აღწევდა, იანძის მღვრიე წყლის გამო კი დაბრმავდა. მოგეხსენებათ, მდინარე იანძის მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია მსოფლიოში, ამიტომაც, ამ ცხოველისთვის ადგილი, პრაქტიკულად, აღარ დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიჯი მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო, სიტუაცია დრამატულად განვითარდა:

1979 წელს, ჩინეთის ხელისუფლებამ ბაიჯი გადაშენების პირას მყოფ სახეობად გამოაცხადა, თუმცა, მისი მოპოვება მხოლოდ 4 წლის შემდეგ, 1983 წელს აკრძალა. მოპოვების აკრძალვის შემდეგ, 1986 წელს, სულ 300 ინდივიდი იყო შემორჩენილი, 1990 წელს - 200, 1997 წელს - 50 (ეს რიცხვი ექსტრაპოლირებულია, რეალურად მკვლევრებმა ამ წელს მხოლოდ 23 ინდივიდს მიაგნეს). 1998 წელს იანძიში მხოლოდ 7 ინდივიდს მიაკვლიეს, 2000 წელს კი ბაიჯი გადაშენებულ სახეობად გამოცხადდა.

კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ბაიჯის 7 ინდივიდი ბუნებაში ჯერ კიდევ არსებობდა. სწორედ მაშინ, მეცნიერებმა დაიწყეს მსჯელობა იმაზე, რომ აეშენებინათ სპეციალური საცავები, იქ გაემრავლებინათ ცხოველი და შემდეგ, როცა შესაძლებელი იქნებოდა, მომხდარიყო მისი ბუნებაში რეინტროდუქცია. ამ თემამ საკმაოდ ცხარე დებატები გამოიწვია, ამასობაში კი ბაიჯი გადაშენდა.

ბაიჯის ისტორია სახეობათა გადაშენების ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ამბავია, რომელიც ჩვენს თვალწინ მოხდა, თან ისე, რომ ეს ცხოველი მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო; იმ სახეობებზე რაღა უნდა ვთქვათ, რომლებიც ნაკლებ პოპულარული არიან...

ცხოველების პოპულარულ და ნაკლებად პოპულარულ სახეობებად დაყოფაც პრობლემაა, რადგან, სწორედ ამ მიზეზის გამო გადაშენების პირას იმყოფება, მაგალითად, ეთიოპიური მგელი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ასეული ინდივიდიღაა შემორჩენილი. ამ სახეობის შემცირების მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო ადგილობრივებს ამ ცხოველთან უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ და შესაბამისად, ყველა შესაძლო მეთოდების გამოყენებით ებრძვიან.

ასევე, გადაშენების საფრთხის წინაშე დგას სუმატრული მარტორქაც, რომელიც, ბაიჯის მსგავსად, ჩვენ თვალწინ ქრება. ამ სახეობის გადასარჩენად მსოფლიოში, ე.წ. განგაშის ზარია შემოკრული, თუმცა, სამწუხაროდ, გადაშენების პროცესი როგორც ამ, ასევე სხვა სახეობების შემთხვევაშიც, „წარმატებით“ გრძელდება და ალბათ კიდევ გაგრძელდება, თუკი ამ პროცესის შეჩერება მხოლოდ სპეციალისტებს მივანდეთ. დანარჩენებმა კი ან გარედან ვუყურეთ პრობლემას, ან უშუალო მოქმედებით ხელი შევუწყვეთ გადაშენების პროცესს. ამ პროცესის შეჩერება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გრძელვადიანი ...

წინა კვირაში საქართველო პირველად წარდგა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სცენაზე. მის პერფორმანსს ევროპელი მაყუ ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

დავიწყებულთა ხმა ციხიდან

„ლიბერალი" გთავაზობთ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პატიმრის წერილს ციხიდან: დღეს საქართველოს მრავალი ათასი ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

მტერი და მტრის სიკვდილი ქართულ ლიტერატურ ...

 ქართულ ლიტერატურაში მტერი პირველსავე ძეგლში ჩნდება და ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან მხატვრული ძეგლი რთულად წარმოსა ...

მეტი

^