Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უპატრონოდ მიტოვებული ქართველი პერსონაჟები

27 ივლისი 2018

რატომღაც ასე მოხდა - დიდი ფიგურები მიტოვებული გვყავს, იმდენად დიდი, რომ ნებისმიერი სხვა ხალხი მათ ლიტერატურის პერსონაჟად აქცევდა. ეს სრულიად უეჭველი ამბავია, რადგან მსოფლიო ლიტერატურის პერსონაჟებზე ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ასეთი ფიგურა არსებობს, განსაკუთრებით კი ბერძნულ მითოლოგიაში, ქართულ ლიტერატურაში მათ სათანადო ყურადღება არ ექცევათ, თითქოს ისინი ან საერთოდ არ არსებობდნენ, ან, უბრალოდ ჩვენ არ ვიცოდეთ ამის შესახებ.

ამ შემთხვევაში, მედეას ყველაზე ნაკლებად შევეხები, იმიტომ, რომ ის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, მასზე უამრავი რომანი და პიესაა დაწერილი, გადაღებულია ფილმები და ა.შ. სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით საქართველოზე. მადლობა ღმერთს, რომ მედეას მითს ყურადღება მიაქცია ოთარ ჭილაძემ, რომელიც მას არაჩვეულებრივი რომანით („გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“) გამოეხმაურა. არსებობს აკაკის პოემაც - „მედეა“, თუმცა ის იმდენად სუსტია, რომ აკაკისაც კი არ ეკადრებოდა ასეთი პერსონაჟისადმი ასეთი ზერელე დამოკიდებულება.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე

მედეა იშვიათად, უმნიშვნელოდ გაიელვებს ხოლმე ქართულ ლიტერატურაში, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ის თავის ბედს ელის. ზოგადად, ჩვენმა მკითხველმა, როგორც წესი, მედეას დიდი მითის ის ვერსია იცის, რომელიც ევრიპიდემ შემოგვთავაზა, შემდეგ კი მისმა ეპიგონებმა გადაამღერეს. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია მედეას ცხოვრებიდან - მედეა კორინთოში: მედეა. იასონი. იასონი ეყრება მედეას. მედეა კლავს შვილებს და ა.შ. საინტერესოა, რომ ევრიპიდეს 17 ტრაგედიიდან მსოფლიოს 100 საუკეთესო წიგნშიც სწორედ „მედეა“ მოხვდა და არა რომელიმე სხვა. ასე რომ, ერთი მხრივ, ეს მისი საუკეთესო ტრაგედიაა, მეორე მხრივ კი - საუკეთესო ლიტერატურული ქმნილება, რაც მედეაზე ჯერჯერობით დაწერილა.

არადა, მედეას მითოლოგიაში გვხვდება: მედეას ცხოვრება კოლხეთში, მედეასა და იასონის სიყვარული, ოქროს საწმისის მოტაცება, მათი გზა საბერძნეთისკენ, მედეა კორინთოში, მედეა ათენში, სადაც იგი ეგევსის მეუღლე იყო და კინაღამ შეიწირა კიდეც ეგევსის ვაჟი თესევსი, რის გამოც გააძევეს კიდეც იქიდან; მედეა სპარსეთის დედოფალი - სწორედ მისმა ვაჟმა, მედოსმა დააარსა სპარსეთის იმპერია და მიდიელების სახელი სწორედ აქედან მომდინარეობს. გარდა ამისა, მედეა დაბრუნდა სამშობლოში, სადაც მედეამ ჰამლეტის როლი შეასრულა, მამის მკვლელი ბიძა ტახტიდან ჩამოაგდო და საკუთარი ძე გაამეფა; საიქიოშიც არ მოისვენა და აქილევსს გაჰყვა ცოლად. საბოლოო ჯამში, მედეამ საოცრად მრავალფეროვანი ცხოვრებით, უზარმაზარი მითოლოგიით, იცხოვრა, თუმცა ამ ამბიდან, ჩვენ თითქმის არაფერი ავსახეთ. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ის ქართული ლიტერატურისგან განსაკუთრებულ ყურადღებას ელის.

სამწუხაროდ, მედეა არ არის გამონაკლისი...

აიეტი - კოლხეთის მეფე, ჰელიოსისა და პერსეს ძე, რომელსაც ჰყავს დები - კირკე და პასიფაე. არც აიეტია ჩვენს ლიტერატურაში სათანადოდ ასახული, არც მისი ვაჟი - აფსირტოსი. როგორც გითხარით, ოთარ ჭილაძის რომანის გარდა, აიეტის ოჯახი, ეს ვეებერთელა მითოსური ფიგურები, ჩვენს ლიტერატურაში პრაქტიკულად არ ჩანან.

განსაკუთრებულ გულისტკივილს იწვევს იმის გაცნობიერება, რომ, როცა „ვინმე“ ჰომეროსი, ევრიპიდე, სოფოკლე, ასეთი გენიოსები ასახავენ ბერძნული მითოლოგიიდან აღებულ ქართველ პერსონაჟებს, ქართული ლიტერატურა ამრეზით უყურებს მათ. მაგალითად, აბსოლუტურად არსად ფიგურირებს ისეთი დიდი ფიგურა, როგორიცაა კირკე.

კირკე - ქალღმერთი, ჰომეროსის უსაყვარლესი პერსონაჟი, რომელთანაც ოდისევსმა ერთი წელი გაატარა და რომლის გარეშეც სახლში ვერ დაბრუნდებოდა. ქალი, რომელმაც ოდისევსის თანამგზავრები ღორებად აქცია და რომ არა ჰერმესის დახმარება, ვერც ოდისევსი გაუმკლავდებოდა მას (ამ დროს ბერძნული ცივილიზაცია კოლხურ ცივილიზაციაზე მაღლა არ დგას! შესაბამისად, ოდისევსს ღმერთების დახმარება სჭირდება! ხსნა სპეციალურ ბალახშია, რომელსაც მოლჲუ ჰქვია. სიმონ ყაუჩიშვილი ამტკიცებდა, რომ მოლჲუ - ქართულ მოლთან არის დაკავშირებული).

აქვე ვიტყვი ერთ პატარა წყენაზეც -  „ოდისეას“ ქართულ თარგმანში, კირკეს ნაცვლად, რატომღაც ლათინიზებული ფორმა - ცირცეა გამოყენებული, შეიძლება იმიტომ, რომ უფრო ლამაზად ჟღერს, თუმცა ბერძნული სახელი - კირკეა და ქართული სახელიც აუცილებლად კირკე იქნებოდა.

კირკე კუნძულ აიაზე ცხოვრობდა. კაცმა არ იცის ამ კუნძულის მდებარეობა, ზოგი მას იტალიაში ასახელებს, ზოგი კი მიიჩნევს, რომ შავ ზღვაშია. მიუხედავად ამისა, დანამდვილებით ვიცით, რომ არა კირკე, ჰომეროსი ითაკაზე ვერ დაბრუნდებოდა.

ბერძნულ და რომაულ ლიტერატურაში კირკე განსაკუთრებული ფიგურაა. კირკეს, იგივე ცირცეს, იგივე ინგლისურ - სირსის ახსენებს არა მხოლოდ ჰომეროსი, არამედ მასზე საუბრობს ვერგილიუსიც. (სხვათა შორის, ამბობენ, რომ კირკეს ნიშნებს ატარებს ჯორჯ მარტინის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერისა“ და მის მიხედვით გადაღებული სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი, დედოფალი - სერსეიც, თუმცა, ავტორი ამას არ ადასტურებს.)

საკმაოდ ხშირად, ჰელიოსის და პერსეს ასული, ანუ მზისა და ოკეანის შთამომავალი, ოქროს საწმისთან და აიეტთან დაკავშირებული პერსონაჟია.

გაცილებით გვიანდელ ბერძნულ ლიტერატურაში, მაგალითად, ჰესიოდეს - „თეოგონიაში“ ნახსენებია, რომ კირკეს ოდისევსისგან სამი ვაჟი შეეძინა: არდეასი, იგივე აგრიოსი, ლატინუსი - ვერგილიუსის „ენეიდას“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი და ტელეგონოსი. სწორედ ტელეგონოსიდან მოდიან ტელეგონიები, ტელეგონია კი მთელი ახალი ეპოსია, რომელიც ძველ ლიტერატურაში შეიქმნა.

ასევე, ცნობილია კირკეს კავშირები პოსეიდონთანაც. ლათინურ ლიტერატურაში, „ენეიდაში“ კირკე იტალიური კუნძულის მფლობელია. ის ფიგურირებს ოვიდიუსის „მეტამორფოზებშიც“, უფრო კონკრეტულად კი იმ ისტორიაში, რომელიც გლავკუსსა და სკილას ეხება. რა თქმა უნდა, აქაც, კირკეს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. კირკე აღწერილია ტიტუს ლივიუსის, ოქტავიუს მამილიუსის, ლუკიუს ტარკვინიუს სუპერბუსის მიერ. შუა საუკუნეების ლიტერატურაში, ამ სახელს ჯოვანი ბოკაჩოც შეეხო. კირკეს ქანდაკება შეიძლება ნახოთ ვერსალსა და ლუვრში. ხშირად ფიგურირებს XX და XXI საუკუნის პოპკულტურაშიც, როგორც ქალი, რომელსაც განსაკუთრებული გავლენა აქვს კაცებზე და აღემატება მათ.

ვერცერთი ქართველი პერსონაჟი ვერ „დაიწუწუნებს“ უყურადღებობაზე ისე, როგორც ანტიკური მითოლოგიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რომ ის ქართველია.

საუბარია ბერძნული ცივილიზაციის ყველაზე მაღალ დონეზე - კრეტა-მიკენის ცივილიზაციაზე და კრეტის დედოფალზე, ქართველ ქალზე, რომელსაც ჰქვია - პასიფაე.

პასიფაე - ჰელიოსისა და პერსეს ასული, აიეტისა და კირკეს და, რომელიც კოლხეთში გაიზარდა და მინოს-კრეტელის, ანუ კრეტის, კრეტული ცივილიზაციის ფუძემდებელი ღმერთის - მინოსის მეუღლე გახდა.

მოგეხსენებათ, მინოსი დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა და იმის მიხედვით, თუ რამდენჯერ დაგრეხს კუდს, განისაზღვრება ჯოჯოხეთის რომელ წრეში მოხვდება ცოდვილი. ჰოდა, თუკი დანტეს აღწერილ სამყაროში აღმოვჩნდით, შეგვიძლია ვუთხრათ მინოსს, ჩვენს სიძეს, საიდან ვართ და მოვუწოდოთ, რომ ცოტა გონივრულად მოგვექცეს.

პასიფაე კრეტის ცივილიზაციის ფუძემდებელი დედოფალია. ვსაუბრობთ უზარმაზარ ცივილიზაციაზე, რომელიც მატერიალურად კნოსოს სასახლით, ფესტოს სასახლით, ფესტოს დისკოთი და არაერთი სხვა ძეგლით დასტურდება.

მინოსისგან პასიფაეს შეეძინა შვილები, რომლებიც არანაკლებ ცნობილი და მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, დედით ქართველი: აკაკალისი, არიადნე, ანდროგეუსი, გლავკოსი, დელკალიონი, ფედრა, ქსენოდიკე და პატრეუსი. გარდა ამისა, პასიფაეს კიდევ ერთი პირმშო პოსეიდონისგან შეეძინა, ვარსკვლავის მსგავსი ასტერიონი, რომელსაც ბერძნები მინოტავრის სახელით მოიხსენიებდნენ.

სხვათა შორის, საინტერესოა, რომ საქართველოში არაერთხელ დაუდგამთ „ფედრა“, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა აქცენტი იმაზე, რომ ამ პერსონაჟს ჩვენთან რაიმე კავშირი აქვს.

საცოდაობაა, როდესაც ასეთი პერსონაჟები უპატრონოდ არიან მიტოვებული და ეროვნული სითბო არ ახლავთ. წარმოიდგინეთ, როგორ იამაყებდა ასეთი ფიგურებით ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ამ კუთხით მოკრძალებული აღმოვჩნდით. ყოველ შემთხვევაში, ლიტერატურის პერსონაჟებად არ ვაქციეთ არც ფედრა, არც არიადნე, არც ჩვენი სიძე მინოსი, თავად პასიფაეზეც არაფერი გვითქვამს.

დაახლოებით წარმომიდგენია, საიდან უბერავს ქარი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ალბათ ვინმე დანაშაულად მიიჩნევს, თუ ჩვენ ქრისტიანობის იქით გავიხედეთ და ჩვენი საკუთარი წარსულით, ძველი კულტურით დავინტერესდებით, წარსულით, რომელიც ჩვენი ცხოვრების 40-60 საუკუნეს ითვლის! მაგრამ, მგონი დადგა გამოღვიძების დრო. 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პასიფაე ის დედოფალია, რომელსაც ანტიკურობისა და საერთოდ, მსოფლიო აზროვნების, გამომგონებლობის მთავარი გენია, დედალოსი ემსახურებოდა. დედალოსი პასიფაეს პირადი არქიტექტორი იყო და თუკი ვინმემ იცის, რა არის, სად მდებარეობს და ვინ შექმნა ლაბირინთი, უნდა იცოდეს ისიც, რომ დედალოსმა სწორედ პასიფაეს შეკვეთით შექმნა ის!

ასევე, თუკი ვინმეს კნოსოს უზარმაზარ სასახლეში დელფინებიანი აბაზანა უნახავს, უნდა იცოდეთ, რომ ქართველი ქალის, აიეტის დისა და მედეას მამიდის დიზაინითაა შექმნილი.

პასიფაესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მითი, რომელიც პასიფაესა და პოსეიდონის სიყვარულს უკავშირდება. ეს ზოოფილური მითი ხარისა და ქალის ურთიერთობაზეა, რომლის შედეგადაც მინოტავრი დაიბადა. შემდგომში, ბერძნებმა გადაწყვიტეს, რომ ამ მითისთვის უფრო ადამიანური ახსნა მოენახათ.

ამ განმარტების მიხედვით, პოსეიდონის მიერ მოგზავნილ თეთრ ხართან შესაუღლებლად, დედალოსმა პასიფაეს სპეციალური მოწყობილობა დაუმზადა. სწორედ ასე დანებდა ხარს პასიფაე. რეალურად, ეს უფრო ღრმა და ძველი მითია, როდესაც პასიფაე ჯერ კიდევ ზოომორფული ხასიათის ქალღმერთია. რა თქმა უნდა, ამან შესაბამისი ასახვა ჰპოვა მსოფლიო ლიტერატურაში, მაგალითად, ვერგილიუსის მეექვსე ეკლოგაში, ან თუნდაც ოვიდიუსის „სიყვარულის ხელოვნებაში“, სადაც ვნებაატანილი ქალების სახეზე პასიფაეს ვხედავთ, ქალღმერთს, რომელსაც ხართან ქმრის ღალატი სიამოვნებას ანიჭებს.

მნიშვნელოვანია, რომ პასიფაე, როგორც მედეა, მჩხიბავი, ჯადოქარი და მაგიური ბალახების დიდოსტატი იყო. ბერძნული წარმოდგენით, პასიფაე ამ ტიპის ფარმაკოლოგიის ერთ-ერთი, მთავარი ფუძემდებელია.

ცნობილი ბერძნული ნაწარმოების - „ბიბლიოთეკის“ ავტორი აღწერს, რომ ქმრის ერთგულებას პასიფაემ ჯადოქრობით მიაღწია. სხვა ქალთან ურთიერთობისას, სასქესო ორგანოდან მინოსი სპერმის ნაცვლად გველებს, მორიელებსა და პატარა ასფეხა არსებებს გამოჰყოფდა და ამ ქალებს კლავდა. ერთადერთი, ვინც ამ სასჯელს გადაურჩა, პროკრისი იყო, რომელმაც დამცავი ბალახის დახმარებით შეძლო დაუსჯელად შერწყმოდა მინოსს. რა თქმა უნდა, ესეც მითოსის ნაწილია.

ამავე დროს, პასიფაე, არა მხოლოდ კრეტაზე, არამედ მთელ საბერძნეთში განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა. თქვენ წარმოიდგინეთ, სპარტაშიც კი, სადაც ის წინასწარმეტყველად და ერთ-ერთ მთავარ ქალღმერთად მიიჩნეოდა.

ციცერონის ნაწარმოებში „ღვთაების შესახებ“,  აღწერილია პასიფაეს ტაძარი, სადაც სპარტელი ეფორები ათევდნენ ღამეს, რათა ენახათ, ე.წ. წინასწარმეტყველური სიზმრები, რომლებიც სახელმწიფოს მართვაში დაეხმარებოდათ.

პლუტარქეს მიხედვით, სპარტის საზოგადოება ორჯერ შეძრა პასიფაეს ტაძართან და იქ ნანახ სიზმრებთან დაკავშირებულმა ამბებმა. პირველ შემთხვევაში ეფოროსმა ნახა სიზმარი, თითქოს მისი კოლეგები, სხვა ეფოროსები ჩამოშორებოდნენ აგორას და როგორც ხმამ აცნობა, ეს უკეთესი იყო სპარტისთვის. ამ ეფოროსმა სიზმრის რეალობად ქცევა დააპირა, რასაც დიდი ამბები მოჰყვა - კლეომენემ მოახერხა სხვა ეფოროსების ჩამოშორება და სამეფო ძალაუფლების გაძლიერება.

მეორე შემთხვევაში, როცა მეფე აგისმა და რამდენიმე ეფოროსმა პასიფაეს ტაძარში გაატარეს ღამე, ნახეს სიზმარი, რომლის მიხედვითაც მოსახლეობისთვის ყველა ვალი უნდა ეპატიებინათ და მიწა ხელახლა გადაენაწილებინათ. მართლაც, ეფოროსები ტაძრიდან გამოვიდნენ და ეს რეფორმა გაატარეს.

პასიფაეს, როგორც მზის ქალიშვილს, ძველი მითოლოგია მეტ პატივს სცემდა, ვიდრე ახალი. ზევსის მითოლოგიაში ის ნაკლებად პოპულარულია. თავდაპირველად, მითოლოგია პასიფაეს მზის მხარეს, მზის შთამომავლად განიხილავდა, მოგვიანებით კი „დაბნელდა“ და მთვარისკენ წავიდა. პასიფაეს პოსეიდონთან შეერთება, რა თქმა უნდა, მთვარესთან შეერთებაა, იმიტომ, რომ ხარი მთვარის სიმბოლოა არა მარტო ბერძნულ, არამედ უკვე ქართულ მითოლოგიაშიც.

მედეასა და კირკეს მსგავსად, თანამედროვე სამყაროში, ქართველი მწერლების გარდა, პასიფაეც ყველას აინტერესებს. მაგალითად, BBC-ის ერთ-ერთ ფენტეზიში, სერიაში, რომელიც ატლანტისის შესახებ მომხდარ ამბებს გვიყვება, პასიფაე ცენტრალური ფიგურაა. აქ იგი იასონის დედად გვევლინება.

პასიფაე მთავარი ანტაგონისტია რიკ რიორდანის 2013 წელს დაწერილ ფენტეზის ჟანრის რომანის, რომელსაც „ჰადესის სახლი“ ჰქვია. ამ რომანში იგი წარმოდგენილია, როგორც უკვდავი მეუღლე უკვე გარდაცვლილი მეფე მინოსისა. რომანის მიხედვით, პასიფაე შეკრულია დედამიწის ქალღმერთ გეასთან, გიგანტების არმიასთან და დღესაც განაგებს სამყაროს.

საბოლოო ჯამში, იმის თქმა მინდა, რომ ეს ქალღმერთიც, ეს მითოლოგიური პერსონაჟიც ძალიან პოპულარულია მსოფლიოში და პასიფაეც, კირკეც, მედეაც, რა თქმა უნდა, ქართული ლიტერატურის ყურადღებას იმსახურებენ. არადა, მთელი კომპლექსია იდეებისა, რომლებიც ამ შესანიშნავ, ლამაზ ქალებს უკავშირდება.

იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც ქართული ლიტერატურა ამ პერსონაჟებს გაიხსენებს, რადგან თუ ნობელის პრემია გვინდა, ამისთვის გიგანტური ნაწარმოებები გვჭირდება, ამ ტიპის ნაწარმოებების გიგანტური პერსონაჟები კი ერთი ხელის გაწვდენაზე არიან.

ჩემი აზრით, საქართველოს ორი შანსი აქვს; ქართველმა მწერლებმა ან ზემოაღნიშნულ პერსონაჟებს უნდა უპატრონონ და მსოფლიო ქართული ლიტერატურისკენ მოახედონ, ან იმუშაონ XX საუკუნის 30-იანი წლების უდიდეს ტრაგედიაზე, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას ისეთივე გაქანების მასშტაბური ნაწარმოები, როგორიცაა „დაკარგული დროის ძიებაში“, რომლის ფიგურებიც იქნებიან ახალი თაობის მითოსის ურჩხულები - სტალინი, ბერია.

არჩევანი ასეთია - ან პასიფაე, ან ბერია, ან მედეა ან სტალინი და ა.შ. 

აირჩიე, ქართველო მწერალო...

პროექტის ავტორი და რედაქტორი - გიორგი ჭეიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^