საქართველოს გარდა, მსგავს ხისტ პოლიტიკას აშშ-ც ატარებს, სადაც „ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ“ [War on drugs] რიჩარდ ნიქსონის დროს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში გამკაცრდა აშშ-ის კანონმდებლობა და საბოლოოდ, ნარკოდანაშაულისათვის ნასამართლევ პირს გარკვული დროით ტრანსპორტის მართვის, სოციალური დახმარების მიღების, არჩევნებში მონაწილეობისა და სასწავლო გრანტის მიღების უფლებაც კი შეეზღუდა. თუმცა შედეგად, აშშ-ში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევ პირთა ოდენობა არ შემცირებულა და ამ პოლიტიკას ბევრი კრიტიკოსიც გამოუჩნდა.
საქართველოში ნარკოპოლიტიკა მკაცრია. ხშირ შემთხვევაში ზედმეტად მკაცრიც კი. სახელმწიფო რეპრესიული მანქანა არ კმაყოფილდება მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანების ციხეში გაშვებით. სასჯელის მოხდის შემდეგ, ნასამართლეობის თანმდევი შედეგების გარდა, მათ სახელმწიფო ექსკლუზიურად, დამატებით „აჯილდოებს“ სხვა უფლებების შეზღუდვით. თანაც, ამას ავტომატურად, პიროვნების ინდივიდუალური ნიშან-თვისებების გათვალისწინების გარეშე აკეთებს.
შეზღუდვები 2007 წელს, „ნარკოდანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის“ გამოცხადებითა და სპეციალური კანონის მიღებით დადგინდა. ამ კანონის თანახმად, ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევ პირებს, მოსამართლე ავტომატურად 3-დან 20 წლამდე ვადით ართმევს უფლებას იყარონ კენჭი არჩევნებში, მართონ სატრანსპორტო საშუალებები, იყვნენ პედაგოგები, ადვოკატები, აწარმოონ საექიმო საქმიანობა. ამ ყველაფერს მასშტაბური ხასიათი აქვს. მარტო 2014 წელს, უფლებათა შეზღუდვა ნარკოტიკული დანაშაულისთვის ოთხი ათასამდე ნასამართლევს შეეხო.
გასათვალისწინებელია, რომ კანონის მიღებამდე, მოსამართლეს ნარკოტიკული დანაშაულისათვის ისედაც შეეძლო დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის (მათ შორის მართვის) უფლების შეზღუდვა. თუმცა, მოსამართლე დამატებითი სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დამნაშავის პიროვნებას და საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს. 2007 წლის კანონმა კი ნარკოდამნაშავეთათვის განცალკევებული, ავტომატურად შემზღუდავი პროცედურა დაადგინა.
საქართველოს გარდა, მსგავს ხისტ პოლიტიკას აშშ-ც ატარებს, სადაც „ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ“ [War on drugs] რიჩარდ ნიქსონის დროს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში გამკაცრდა აშშ-ის კანონმდებლობა და საბოლოოდ, ნარკოდანაშაულისათვის ნასამართლევ პირს გარკვული დროით ტრანსპორტის მართვის, სოციალური დახმარების მიღების, არჩევნებში მონაწილეობისა და სასწავლო გრანტის მიღების უფლებაც კი შეეზღუდა. თუმცა შედეგად, აშშ-ში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევ პირთა ოდენობა არ შემცირებულა და ამ პოლიტიკას ბევრი კრიტიკოსიც გამოუჩნდა.
აშშ-ის მაგალითიდან ჩანს, რომ War on drug-ის პოლიტიკა საკმაოდ ხისტი და არაეფექტურია. აშშ-ის მსგავსად, საქართველოს ციხიდან გამოსული, ნარკოდანაშაულისათვის ნასამართლევი პირი „უფლებაგამოფიტული“ უბრუნდება საზოგადოებას. მას არ შეუძლია მართოს ტრანსპორტი და ამით მოიპოვოს შემოსავალი, რითაც ჩვენს რეალობაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ირჩენს თავს. შედეგად, თვითდასაქმების ფარგლები მნიშვნელოვნად მცირდება, რაც თავის მხრივ, რესოციალიზაციასაც უქმნის საფრთხეს და სხვა დანაშაულის ჩადენის რისკებსაც ზრდის. ასეთ პირობებში კი რა გეგმაც არ უნდა დასახოს სახელმწიფომ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისთვის, ის თავისთავად წინააღმდეგობრივი იქნება.
ამიტომ, დროა დაისვას კითხვა: რის წინააღმდეგ არის მიმართული სახელმწიფოს პოლიტიკა რეალურად, ნარკოტიკული დანაშაულის, თუ ადამიანის?!
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)