Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტოპროექტი► ბოშების ცხოვრება ქობულეთში

09 აგვისტო 2018

ქობულეთში, გელაურის დასახლებაში ბოშათა 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. განათლების მიღება და სახელმწიფო ენის ცოდნა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც ბოშებს დასაქმებასა და ინტეგრაციაში უშლის ხელს. დასახლებაში მდებარეობს ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლა, რომელშიც 80-მდე ბოშა ბავშვი სწავლობს. ზოგიერთმა საბაზო საფეხური დაამთავრა და ახლა სამსახურს ეძებს, მათი მცირე ნაწილი კი საშუალო განათლების მისაღებად სწავლას განაგრძობს.

„ლიბერალის“ ფოტოამბავში ბოშათა მუსიკალური ბენდის, „მიქსის“ წევრებსაც გაიცნობთ. მათ სურთ, მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, საკუთარი მუსიკა ფართო აუდიტორიამდე მიიტანონ.

ჯუმბერ ალიმოვი, 19 წლის

მე-11 კლასში ვარ. სწავლა მე-4 კლასიდან დავიწყე, მაშინ 12 წლის ვიყავი. ქობულეთამდე თბილისში ვცხოვრობდი, სადაც სკოლაში რეგისტრაცია საბუთების უქონლობის გამო ვერ შევძელი. რამდენიმე ხანში ძალიან კარგად შევისწავლე გრამატიკა, ეს ყველაფერი მასწავლებლების დამსახურებით.

მინდა, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარო იურიდიულ ფაკულტეტზე. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამის. მინდა, ჩემი თემის უფლებები დავიცვა, რათა მეტი შესაძლებლობა გვქონდეს ინტეგრაციისთვის, რომ ჩვენი უფლებები არ იყოს შეზღუდული საქართველოში. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ინგლისური შევისწავლო. ეროვნულ გამოცდებზე აუცილებელია უცნო ენის ჩაბარება.

2017 წელს მე და ჩემი სკოლის დირექტორი გავემგზავრეთ პოლონეთში.  ეუთოში სიტყვით გამოვედი, სადაც ბოშების პრობლემებზე ვისაუბრე,  თუ რა უშლის ხელს მათ განათლების მიღებაში.

ჩვენ ვერ ვნახავთ სადმე, რომ ბოშა მუშაობდეს, ან პოლიტიკაში იყოს, ან თუნდაც მაღაზიაში, იმიტომ, რომ აქ არაა მათთვის ინტეგრაცია. მინდა, ამ მხრივ დავეხმარო მათ.

ინტეგრაციაში ყველაზე დიდი ბარიერი განათლების არქონაა. არ იციან სახელმწიფო ენა, ამის გამო კი პროგრამას ვერ ეწევიან და გამოდიან სკოლიდან. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მათთვის დამატებითი კურსები გაიხსნას, სადაც შეისწავლიან სახელმწიფო ენასა და გრამატიკას, შემდეგ რომ რაღაცა შეძლონ, დასაქმდნენ.

ბევრ მათგანს შიშიც აქვს, ფიქრობენ, რომ ძალიან ძნელი იქნება და ვერ შეძლებენ სხვადასხვა ადგილას მუშაობას, ამიტომ არც ცდილობენ სამსახურის ძებნას. ნდობა არ აქვთ საკუთარი თავის. ეს დიდი პრობლემაა. უმეტესობა დღევანდელი დღით ცხოვრობს.

რაც შეეხება ბოშებისა და ქართველების ურთიერთობას, ძალიან კარგად თანავცხოვრობთ აქ. ბავშვები მთელი დღე ერთად თამაშობენ, სკოლაშიც ერთად ვატარებთ სპექტაკლებს. სულ ერთად ვართ, მთელი დღის განმავლობაში ერთად ვშრომობთ და ერთად ვატარებთ დროს, უბრალოდ, სხვა კუთხითაც არის საჭირო ინტეგრაცია.

ვფიქრობ, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ბოშა თემს, დამატებითი კურსებიც უნდა გაიხსნას ენის შესწავლისთვის. კარგი იქნება, ხელობასა თუ შეგვასწავლიან. გოგონებს სტილისტობას ასწავლიდნენ, მაგრამ ახლა გაჩერებულია ეს პროგრამა. არ ვიცი, დაიწყება თუ არა. ბიჭები კი შესაძლოა, პროგრამისტობით დაინტერესებულიყვნენ.

ლიზა მელესანოვა, 20 წლის

9 კლასი დავამთავრე, შემდეგ კი სკოლიდან გამოვედი. ახლა კი ვნანობ, მაგრამ... სკოლის შემდეგ სტილისტობის 2-თვიანი კურსი გავიარე. მერე ვცდილობდი, სამსახური მეშოვა, თუმცა 2 თვე საკმარისი არ იყო, საჭირო იყო 8 თვე, რომ ხელობა შემესწავლა, მაგრამ ფული არ მქონდა, რომ სწავლა გამეგრძელებინა, მეტი მესწავლა. ამიტომაც მომიწია თავის დანებება.

ახლა სექტემბერში ისევ იხსნება უფასო კურსები. წავალ, ვისწავლი, შემდეგ კი ვიმუშავებ.

ქართულის დამატებით კურსებს თუ გავივლით, ძალიან კარგი იქნება. ვიცი ქართული, მაგრამ მავიწყდება. რაც სკოლა დავამთავრე, სიტყვები თანდათან მავიწყდება.

მურმან დერბიში, მუსიკოსი

მუსიკა ჩემთვის ყველაფერია. მე მუსიკის გარეშე ვერ ვჩერდები. სახლშიც რომ მივდივარ, სულ მუსიკას ვუსმენ - როკს, ბარაბნის პარტიებს.

თვითნასწავლი მუსიკოსი ვარ, ბავშვობიდან ვუკრავ, 7-8 წლიდან.  ოჯახში გვქონდა ინსტრუმენტები, ბარაბანი, გიტარა. ბოშები ნიჭიერი ხალხი ვართ და ჩვენით ვისწავლეთ. კონცერტებზეც გამოვდივართ, თბილისშიც ვიყავით რამდენჯერმე,  ბათუმშიც. მე სხვა ჯგუფშიც ვუკრავ, როკფესტივალზეც გამოვედით. კონცერტები რომ იყოს, ყოველდღე გამოვიდოდით. მომწონს ჩემი საქმე.

გვაინტერესებს, ჩვენზე რას ამბობს ხალხი, რას ლაპარაკობენ. ვინმე თუ დაგვეხმარება, რომ კონცერტებზე გამოვიდეთ, ჩვენც ვიმუშავებთ მაგაზე - ჩავწერთ სიმღერებს, კომპოზიციებსაც გავაკეთებთ, ვოკალის გარდა.

სკოლა არ მაქვს დამთავრებული.  არის სხვა სამსახურები, მაგრამ სკოლა უნდა გქონდეს დამთავრებული, კომპიუტერი უნდა იცოდე და ა.შ. რა არის იცით, აი, ახლა რასაც ვუკრავთ, ეს არის ჩემი სამსახური, რაც მიხარია, ეს არის. ყოველდღე რომ იყოს კონცერტები, სულ გამოვალთ, ხალხსაც გავიცნობთ, სხვა მუსიკოსებსაც...

ჯამბულ მილიამედოვი, მუსიკოსი

ბოლო პერიოდში გაჩერებული ვართ. მერე სხვა სამსახურიც ვნახე. მე ვტაქსაობ ხოლმე, ტურისტები დამყავს, ძირითადად - რუსები. ინგლისური არ მესმის. ჩვენც დამოკიდებულნი ვართ სეზონზე. ზამთარში ვვაჭრობთ, რაც გამოჩნდება, ტუფლები, შარვლები, დუხები... სხვა სამსახური რომ იყოს, უარს ხომ არ ვიტყვი, ვიმუშავებ, რატომ არ ვიმუშავებ?!

ნარგიზა ჯინჭარაძე, ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი

ამ დასახლებაში 25 ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ ბინა საკუთრებაში, ალბათ, 5-6 ოჯახს აქვს. დანარჩენები ქირით ცხოვრობენ ან ამორტიზებული შენობები აქვთ დაკავებული. 20 კვადრატში შეიძლება, 10-15 ადამიანი ცხოვრობდეს. ძალიან მძიმე სოციალური ფონია. კარგი ის არის, რომ დოკუმენტების მოწესრიგების შემდეგ სახელმწიფო დახმარებებს იღებენ. ამ დახმარების წყალობით შიმშილით არ კვდებიან.

მხოლოდ ამ სკოლაში 76 ბოშა მოსწავლე ირიცხება.76-ივე ამ დასახლებაში ცხოვრობს. რამდენიმემ საბაზო საფეხური დაამთავრა. 2008 წელს სკოლაში არცერთი ბოშა არ იყო. რუსულ სექტორში იყო მხოლოდ რამდენიმე, ისიც - მხოლოდ დარეგისტრირებული; სკოლაში არ დადიოდნენ. 18, 19, 20 წლის ბოშათა უმეტესობა სკოლის მიღმაა დარჩენილი. დაწყებით საფეხურზე შედარებით კარგად გვაქვს საქმე.

წლების წინ მშობლების დამოკიდებულება იყო ასეთი - წიგნი საერთოდ არ უნდოდათ. არ უნდოდათ, ბავშვებს სკოლაში ევლოთ. წახალისებებით და სხვადასხვა ფორმით ვცდილობდით, მოგვეზიდა ბავშვები სკოლაში. 10 წლის მუშაობამ შედეგი გამოიღო. მშობლების ახალგაზრდა თაობა წამოვიდა, რომელთაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ სწავლის მიმართ. ამბობენ, რომ არ უნდათ, შვილები მათსავით ჩანთაგადაკიდებული დადიოდნენ. გვაქვს შემთხვევები, როდესაც მშობლები ნავაჭრი ფულით მასწავლებელთან მომზადების ფულს უხდიან შვილებს, რადგან თავად ვერ ეხმარებიან მეცადინეობაში.

სტერეოტიპული დამოკიდებულება ახლაც არის. ყველაგან ხომ ვერ უდარაჯებ, რომ ეს არ მოხდეს. აქ მოსვლამდე, გაკვეთილზე შესვლამდე, ქუჩაში ყოველთვის ესმით, „ციგნების სკოლა“, „ციგნები, ციგნები“.  ეს ასე უცებ არ მოიშლება. ძალიან სწყინთ ეს და შემდეგ გარბიან. ძალიან რთულია შემდეგ მათი უკან მობრუნება.

მასალა მომზადებულია პროექტის, „ლიბერალი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის", ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გრძელვადიანი ...

წინა კვირაში საქართველო პირველად წარდგა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სცენაზე. მის პერფორმანსს ევროპელი მაყუ ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

დავიწყებულთა ხმა ციხიდან

„ლიბერალი" გთავაზობთ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პატიმრის წერილს ციხიდან: დღეს საქართველოს მრავალი ათასი ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

მტერი და მტრის სიკვდილი ქართულ ლიტერატურ ...

 ქართულ ლიტერატურაში მტერი პირველსავე ძეგლში ჩნდება და ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან მხატვრული ძეგლი რთულად წარმოსა ...

მეტი

^