Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერისიმედი უიმედოდ

18 თებერვალი 2015

წნორიდან სოფელ ერისიმედში მოსახვედრად 45-50 კილომეტრის გავლაა საჭირო. გზა გრძელია და ოღროჩოღრო. ამის გამო დროც იმაზე მეტია საჭირო, ვიდრე ჩვეულებრივ გზებზე. ზოგიერთ მონაკვეთზე არც მობილური იჭერს.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ დაუდგენელი საზღვარი ამ სოფელზე გადის. სოფლის მცხოვრებნი საკუთარ თავს სიამაყით უწოდებენ საზღვრის დარაჯებს. უკვირთ, მათსავით რატომ არავის ესმის ამ სოფლის მნიშვნელობა. ფიქრობენ, რომ ბევრად მეტი პრობლემა აქვთ, ვიდრე სხვა სასაზღვრო სოფლებს და ყველა სიკეთისგან ძალიან შორს არიან.

გზაზე მიმავალ ნებისმიერ ავტომობილს, წნორიდან საათზე მეტხანს ტყეში სიარულის შემდეგ, მესაზღვრეები აჩერებენ. მგზავრობის მიზეზს ეკითხებიან, საბუთებს ამოწმებენ და პირად მონაცემებს იწერენ. თუ შეეკითხები, გიხსნიან, რომ საზღვარი 10 კილომეტრშია და სხვანაირად არ შეიძლება. აქედან დაახლოებით 3 კილომეტრში ხიდია, ალაზანზე გადებული რკინის ხიდი. ნისლში მდინარე თითქმის არ ჩანს. აქედან სოფელი, რომელსაც დანარჩენი სამი მხრიდან აზერბაიჯანის საზღვარი აკრავს, უკვე ახლოსაა.

ტყიდან რომ გადიხარ, ნელ-ნელა ღობეები ჩნდება, სახლების კონტურებიც იკვეთება. კონკრეტული სახლის მოძებნა გაგიჭირდება -  აქ 80-მდე ერთნაირი სახლი დგას.

ერისიმედი 80-იანი წლების ბოლოს კონკრეტული მიზნით დაარსდა: აქ მაღალმთიანი აჭარიდან, მეწყერსაშიში ზონიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტები დაასახლეს. თუმცა რამდენიმე ოჯახს განსხვავებული ისტორიაც აქვს, მათი ნაწილი კახეთის სოფლებიდანაა, ზოგიც საინგილოდან, ნაწილი აქ თავისი ნებით დასახლდა. ახლა საზღვრისპირა სოფელი გალიად ეჩვენებათ. სტიქიური უბედურებისგან გამოქცეულებს, აქ სხვა პრობლემები აქვთ. უმეტესობას სოფლიდან წასვლა უნდა, თუმცა არ იციან სად წავიდნენ და როგორ.

სოფელში 58 ოჯახიღა ცხოვრობს, მათგან ოთხი მართლმადიდებელია, დანარჩენი -  მუსლიმი. რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტის შემთხვევა სოფელში არ ახსოვთ და ამ თემაზე ნებისმიერ კითხვაზე პასუხი ყველას ერთი აქვს: „ღმერთმა დაგვიფაროს“.

ერისიმედში არც ბუნებრივი აირია შემოყვანილი, შეშისთვის კი სპეციალური ბილეთების ყიდვა უმეტესობამ ვერ მოახერხა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილი სოფელში ბანკომატის დადგმაა, რომ ხელფასების ან სოციალური დახმარების მისაღებად წნორში არ მოუწიოთ წასვლა და დამატებით მგზავრობის საფასურის გადახდა. სოფელში არც მაღაზიაა და არც აფთიაქი, ამიტომ მართალია იქ ფულს ვერ დახარჯავენ, მაგრამ მიღებული თანხით გადასახადების გადახდა რომ შეძლონ, ჩასარიცხი აპარატის დადგმაც უნდათ. ბავშვები სავარჯიშო დარბაზს და ცეკვის წრეს ნატრობენ, ახალგაზრდები კი -  დასაქმების ნებისმიერ გზას.

დავითი

სოფელში ერთადერთი განსხვავებული, ახალი შენობა 2 წლის წინ აშენებული საჯარო სკოლაა. თუ 5 წლის წინ სკოლაში 90-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა, ახლა მხოლოდ 62-ია. სულ თავიდან, როცა აჭარლები სოფელში დასახლდნენ, 120 მოსწავლეც კი ჰყოლიათ.

„როგორც შორეულ სოფელს, პატივი გვცეს, ყველა კლასი გაგვიხსნეს“, -  ამბობს სკოლის დირექტორი, დავით თავართქილაძე. თითოეულ კლასში მაქსიმუმ ათი მოსწავლეა. წნორში, თელავში, თბილისსა თუ ბათუმში წასული სტუდენტებიდან უკან თითქმის არავინ დაბრუნებულა. შარშან შვიდი მე-12 კლასელიდან უმაღლეს სასწავლებელში სამი ჩაირიცხა. „სამივე გოგონაა, ისინი თუ გაგვითხოვდნენ, რა ვქნათ“, -  ამბობს დირექტორი.

სანამ ახალ შენობას ააშენებდნენ, მანამდე სკოლა საბავშვო ბაღისთვის განკუთვნილ შენობაში, საზღვრიდან 30-50 მეტრში იყო. ახლა იქ ისევ საბავშვო ბაღი გაიხსნა.

დავითი, ერისიმედის მოსახლეების უმეტესობის მსგავსად, ხულოს რაიონიდანაა. 1989 წელს მისი სახლი სოფელ ძირკვაძეებში, მეწყრულ ზონაში მოჰყვა. რომ შეეძლოს, იქ ალბათ მაინც აღარ დაბრუნდებოდა -  „განა იქ უკეთესი პირობებია? არ ვიცი“.

ერისიმედის სკოლაში ორშაბათის ნაცვლად შაბათს სწავლობენ. 

„განათლების სამინისტროს ავუხსენით, რომ წნორში წასასვლელად და ელემენტარული საქმეების მოსაგვარებლად, იქნება ეს ხელფასის აღება, გადასახადის გადახდა, პროდუქტის ყიდვა თუ ექიმთან ვიზიტი, მთელი დღეა საჭირო. ამიტომ მასწავლებლებს ეს ერთი სამუშაო დღე გამოვუთავისუფლეთ“, -  ამბობს დირექტორი.

სკოლაში ახლა სულ 17 პედაგოგია. საახალწლოდ მაღალმთიანი, სასაზღვრო ზონის სოფლებში პედაგოგების ხელფასი არ დაიბეგრა. დირექტორი წუხს, რომ ერისიმედი ასეთი სოფლების რიცხვში ვერ მოხვდა. არადა, 120 ლარით მეტის აღება ბევრისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელიც იქნებოდა. „თუ ჩვენ არ ვართ სასაზღვრო სოფელი, აბა ვინ არის? უნდა დავრეკო, წერილი გავაგზავნო, ან ჩავიდე. ასე არ შეიძლება“, -  ამბობს ის.

მარიკა

ამბულატორია რამდენიმე წლის წინ შეაკეთეს. ექიმი სოფელ ძველი ანაგიდან კვირაში 2-3 დღით, უმეტესად კვირის ბოლოს ჩამოდის. „როცა იქ თავისუფალია, მაშინ მოდის აქ, მაგრამ თუ აუცილებელია, დავურეკავთ და ჩამოვა“.

როცა გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ, სოფლის ექთანთან შეუძლიათ მისვლა და ამბულატორიაში არსებული წამლების გამოყენება. სასწრაფო დახმარებას წნორიდან ჩამოსასვლელად სულ ცოტა ერთი საათი სჭირდება. ცუდ ამინდში, შეიძლება ორი ამდენი და მეტიც დასჭირდეს. თუ ვინმე ძალიან ცუდად არის,  სასწრაფოს იძახებენ, თავად კი დროის მოსაგებად ავადმყოფი მეზობლების ან საკუთარი მანქანით მიჰყავთ და ექიმებს გზაში ხვდებიან.

მარიკა თავართქილაძე 19 წლის იყო, როდესაც მეორე შვილზე მშობიარობა მოულოდნელად დაეწყო. სახლში მხოლოდ მისი მული იყო. საავადმყოფოში დროულად ვერ წაიყვანეს, ცუდი ამინდის გამო სასწრაფომაც დაიგვიანა.  საბოლოოდ მოვიდა, მაგრამ სოფელს ცოტათი რომ გასცდნენ, მარიკამ სასწრაფოს მანქანაში იმშობიარა. ბიჭი ახლა უკვე 3 წლისაა.

ჯიმშერი

საახალწლო არდადეგების შემდეგ, სკოლაში გათბობის ღუმელი გაფუჭდა, გაკვეთილებიდან გათავისფლებული ბავშვების ნაწილი კლუბში შერბის და თავის რიგს ელოდება. ცივ და ბნელ დარბაზში ბავშვების რიგი ბილიარდის ახალ, მწვანე ხასხასა მაგიდასთან დგას.

სოფლის კლუბის ძველ შენობაში ცოტა ხნის წინ შეძენილი ბილიარდის მაგიდა დგას. ეს ბავშვების ერთადერთი, საყვარელი გასართობია.

ჯიმშერი 14 წლისაა. უნდა „ყველაფერი, რაც კარგია“. მაგრამ ყველაზე მეტად სოფელში სავარჯიშო დარბაზის გახსნას ნატრობს. „კრივზე ან ჭიდაობაზე ვივლიდი, ფეხბურთსაც ვითამაშებდით. კიდევ იმდენი რაღაცაა, რა ვიცი“.

სოფელში სპორტული წრეები არ არის. ერთხელ საფეხბურთო გუნდი შექმნეს და სხვა სოფლების სკოლებს ეჯიბრებოდნენ, მაგრამ სიშორის გამო სხვაგან სიარული უჭირდათ და „მერე აღარ გამოვიდა“.

თამილა

საზღვრიდან პირველივე ქუჩაზე ცხოვრობს. ბოლო წლების განმავლობაში, სახლისა და საკარმიდამო ნაკვეთის დარეგისტრირება რამდენჯერმე სცადა. მაგრამ წნორში საბუთებით ჩასულს ეუბნებიან, რომ მისთვის სახლის დაკანონების უფლება არ აქვთ, რადგან ის, 15-20 სხვა სახლის მსგავსად, პირდაპირ სასაზღვრო ზოლშია მოქცეული. რამდენიმე წლის წინ სოფელში ქართულ-აზერბაიჯანული მხარისგან დაკომპლექტებული კომისია მუშაობდა, რომელსაც საზღვრები უნდა დაედგინა, მაგრამ შედეგის შესახებ არავის გაუგია. 15-20 ოჯახს სახლ-კარი დღემდე არ დაურეგისტრირებია.

„ჩემმა მეზობელმა გაიფორმა, მე -  ვერა. რამდენჯერმე ვიყავი ასული. ჩემს მხარეს 3-4 ოჯახსაც იგივე პრობლემა აქვს. ერთსა და იმავეს გვეუბნებიან. 15-20 ოჯახის მიწა აზერბაიჯანს ეკუთვნის, იმათ ტერიტორიაზე ცხოვრობთო, გვეშინია, რამე რომ იყოს, ხომ უნდა გვქონდეს საკუთრებაში. კიდევ მინდა კითხვა, მაგრამ ისევ რომ უარით გამომისტუმრონ? რაღა აზრი აქვს“.

სამ შვილთან ერთად მარტო ცხოვრობს, უფროსი 16 წლისაა, პატარა - 11-ის. ხულოდან სოფელ ძველ ანაგაში გათხოვდა, მერე კი თავისი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ერისიმედში გადმოსახლდა. მეუღლე 9 წელია დაკარგულია. მინდორში სამუშაოდ წასული უკან აღარ დაბრუნებულა. „ვალი ჰქონდა ასაღები, ალბათ იმას შეეწირა“.

ნინოს და მის ძმას ძალიან უნდათ სოფელში საცეკვაო ან სპორტული წრეები გაიხსნას.

ოჯახი სოციალურად დაუცველთა დახმარებას იღებს, სულ 567 ლარს. „ბავშვებს ხან წამალი სჭირდებათ, ხან ექიმი, ჩაცმაც უნდათ, ყველაფერზე ძლივს გვყოფნის“. საქონელი ჰყავდა, მაგრამ დაავადდა და დაეხოცა. სამუშაოდ გაზაფხულზე საზამთროს ბაღებში დადის ხოლმე. კერძო მეწარმეებთან დღეში 20 ლარის გამომუშავება შეიძლება.

სახლის დიდი ნაწილი თითქმის ცარიელია. 3 საწოლი, დივანი, სავარძელი და შეშის ღუმელი ერთ პატარა ოთახშია დალაგებული. ჭერს ჩამოსული წყლის ნაკვალევი ატყვია. 11 წლის ნინო კარგად სწავლისთვის დეიდამ ლეპტოპით დაასაჩუქრა. და-ძმები ძირითადად სიმღერებს უსმენენ ან თამაშობენ, სოფელში ინტერნეტი არ აქვთ.

მარტოხელა დედა მუნიციპალიტეტს სახურავის გადახურვის თხოვნით უკვე მესამე წელია მიმართავს, მაგრამ არცერთხელ არავინ გამოხმაურებია. სანახავადაც არავინ მოსულა.

ნინოს ძალიან უნდა, რომ სოფელში საცეკვაო დარბაზი იყოს, სადაც ცეკვას ისწავლიდა და იმღერებდა ხოლმე. რამდენიმე წლის წინ ერისიმედში სოფელ ჯუგაანიდან ცეკვის მასწავლებელი დადიოდა და წრე ჰქონდა გახსნილი. მაგრამ მერე მასწავლებელი გათხოვდა და წრეც დაიხურა. ნინო მაშინ პატარა იყო, ამიტომ ცეკვის სწავლა ჯერ კიდევ აუსრულებელ ნატვრად დარჩა.

ცირა

მისი სახლი ისეთივეა, როგორც დანარჩენების -  ნაცრისფერი, ცემენტით შელესილი, პირველ სართულზე ნახევრადღია სათავსოს კუთხეში ძველი, თითქმის დამტვრეული ეტლი დგას.

ერისიმედში ხულოდან შედარებით გვიან, 2001 წელს, გადმოსახლდა. ახლა შვიდი შვილი ჰყავს. უფროსი შვილებიდან ორი გოგო გათხოვილია, დანარჩენები სკოლის მოსწავლეები არიან. ყველაზე უმცროსს, 8 წლის გივის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სიარული უჭირს. სკოლაში მამას და უფროს ძმებს ხან ხელში აყვანილი, ხანაც იმ ეტლით დაჰყავთ, რომელიც სიარულში ეხმარება. თუმცა ბოლო დროს ეტლის გამოყენებით სიარულიც უჭირს, ამიტომ სკოლამდე ნახევარ გზას ხელში აყვანილი გადის.

წლების წინ თბილისში ექიმებმა ცირას უთხრეს, რომ გივის ოპერაცია სჭირდებოდა, თუმცა ამის საშუალება ოჯახს არ ჰქონდა. ვერც ფიზიოთერაპიის კურსი ჩაუტარეს იმიტომ, რომ თბილისში სიარული არ შეეძლოთ. ბავშვებს მარტოს ვერ დატოვებს, ამიტომ სეზონურადაც ვერ მუშაობს. ქმარი პერიოდულად დღიურად მუშაობდა ბაღებში. თუმცა სამუშაო ხან ყველას არ ჰყოფნიდა, ხანაც ვერ ახერხებდა, რადგან გივის ხშირად ხელით სჭირდებოდა ტარება ან ცუდად ხდებოდა და ოჯახში უნდა დაბრუნებულიყო. ახლა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია აქვს გასაკეთებელი. საყოველთაო დაზღვევის ოპერაციის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ეშინია, რომ მერე, სეზონზე მუშაობა გაუჭირდება.

შვიდსულიანი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უმცროსი ბავშვის, გივის პენსიაა.

სოციალური დახმარება და გივის პენსია სულ 450 ლარია. შვიდ ადამიანს ამ თანხით თვიდან თვემდე თავის გატანა უჭირს. ნახევარი ხშირად გივის წამლებში იხარჯება, ამიტომ ბანკის კრედიტის აღება მოუხდათ. ერთ თვეში სამყოფი თანხაც 260 ლარი გახდა, დანარჩენით ვალს ისტუმრებენ.

„ხშირად ვფიქრობ, იქ მაინც დავრჩენილიყავით, ასე შორს მაინც არ ვიქნებოდით ქალაქიდან.  ჩამოვედით, და ჩავიკეტეთ, როგორც გალიაში. ყოველთვის, როცა ღამდება, თვალით მეზობლებს ვათვალიერებ. ვეძებ, ვინ არის სახლში, ვისი მანქანა დგას ეზოში, ვინ დაგვეხმარება, წნორის კლინიკაში წასვლა რომ დაგვჭირდეს.“

ადრე ბავშვები სკოლას ხშირად აცდენდნენ, მშობლებს მიწის დამუშავებაში ეხმარებოდნენ, მაგრამ მიწა შორსაა და ახლა იქ სიარულიც უჭირთ.

მანანა

მანანა განათლებით მედდაა, მაგრამ რაც ხულოდან ჩამოვიდა, 25 წლის განმავლობაში წელს პირველად დაიწყო მუშაობა თავისი პროფესიით -  საბავშვო ბაღში. ბაღი ორი წელია, რაც გაიხსნა -  მას შემდეგ, რაც ახალი სკოლა აშენდა და ადგილი გათავისუფლდა. ახლა ორ ჯგუფში სულ 24 ბავშვია.

მანანას ხელფასი, ოჯახის მუდმივი შემოსავალი -  88 ლარია. სოციალური დახმარება ვერ მიიღო, 300 ქულით მეტით შეაფასეს. უფროსი შვილი თელავის უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ პრაქტიკის არქონის გამო, ვერსად დასაქმდა. ბოლოს ბათუმში გადავიდა. ახლა მუშაობას მშენებლობაზე იწყებს. ცოლიც იქ მოიყვანა. უმცროსი და-ძმა და მშობლებიც რამდენიმე წელიწადში საბოლოოდ ბათუმში აპირებენ გადასვლას. მანამდე კი, ამ გაზაფხულზე, საზამთროს ბაღებში საქმის გამოჩენისთანავე, სამსახურს თავი უნდა დაანებოს. მართალია დროებითია, მაგრამ სხვა გზა არ აქვს.

წნორში სიარულიც ცალკე პრობლემაა. ერთი კვირით ადრე მეუღლეს გული აწუხებდა, მაგრამ წნორში, „არქიმედეს“ კლინიკაში ჩასულმა ექიმთან შესვლა ვერ მოახერხა. სანამ მისი რიგი მოვიდა, 3 საათზე სამარშრუტო ტაქსი სოფელში უნდა გამობრუნებულიყო. წასვლა კიდევ მოუწევს.

ბოლო წლებში კლიმატიც უფრო მშრალი და ცხელი გახდა. გვალვა მოსავალსაც უფუჭებთ, ხან პირუტყვის გამოსაკვები ბალახიც კი არ არის საკმარისი. ნარგავების მორწყვას გაჭირვებით ახერხებენ.

ზურაბი

1989 წელს ერისიმედში ცოლთან და 8 შვილთან ერთად დასახლდა. ახლა ერთი ქუჩა სულ თავართქილაძეები არიან. მისი სახლის წინ ქრისტიანების სალოცავია -  ქვებით შემოღობილი რკინის ჯვარი. მათი ჩამოსვლისას, როცა სოფელში სახლები შენდებოდა, ეკლესიის საძირკველი აკურთხეს, მაგრამ მშენებლობა აღარ გაგრძელებულა. სამხედროებთან ერთად ჯვრის ირგვლივ ქვები შემოალაგა. არ უნდოდა ქრისტიანების სიწმინდე პირუტყვს დაესვარა. იქვე კაკლის ხეივანიც გააშენა, მაგრამ ეკლესიის სიახლოვეს არ დაურგავს, იმედი აქვს, რომ ოდესმე ვინმე მაინც ააშენებს. ამის წინააღმდეგ წასვლას ვერც წარმოიდგენს, რადგან რელიგიასთან დაკავშირებული ყველა უთანხმობა ქართულ სოფლებში, რის შესახებაც გაუგია, „ბინძური და უნიჭო ფიქრების ბრალია“. ღმერთს  ვინ როგორ ემსახურება -  ეს საჩხუბრად საკმარისი მიზეზი არ ჰგონია. გული სწყდება, რომ ყველა ასე არ ფიქრობს. მის შვილს ვაშლიჯვრის სპეცრაზმში საკონტრაქტო სამსახურის დაწყება უნდოდა.

„არ მიიღეს, რადგან მუსლიმია, სამთავრობო დაცვიდანაც უარი მიიღო, უთხრეს, მოინათლეო“. 


ზურაბი მუსლიმია. მისი სახლის წინ აღმართულ ჯვარს რამდენიმე წლის წინ ქვები შემოალაგა, არ უნდოდა ქრისტიანების სიწმინდე პირუტყვს დაეზიანებინა.

ჟანა

ჟანა ზურაბის შვილია. ერისიმედში რომ ჩამოვიდნენ, 6 წლის იყო. ის პერიოდი თითქმის არ ახსოვს. სკოლაში მასწავლებლად, ბაღში კი აღმზრდელად მუშაობს. კიდევ წნორში, ბანკ „კრედოში“, სოფლის კონსულია. მისი შემოსავალი სულ 470 ლარია. მაგრამ თვეში 4-5 ჯერ მაინც უწევს წნორში წასვლა. კერძო სამარშრუტო ტაქსი ყოველდღე დადის, ჩასვლა და ჩამოსვლა 6 ლარი ღირს. მაგრამ შუალედში საქმეების მოგვარებას ყოველთვის ვერ ასწრებენ, ამიტომ ერთ საქმეზე ხან რამდენჯერმე უწევთ წასვლა. თუ თბილისში სჭირდებათ გამგზავრება, საქმე უფრო რთულდება. ერისიმედიდან წნორში ჩასულებს, ხან იქ დარჩენა უწევთ, რომ თბილისში მეორე დილით მიმავალ „მარშუტკას“ გაჰყვნენ და ისევ უკან დაბრუნება მოასწრონ.

გზა გამოუსწორებელ პრობლემად რჩება, რამდენჯერაც უნდა მოხრეშონ, მაინც მალე ფუჭდება და გარესამყაროსთან დაკავშირება უფრო და უფრო უჭირთ. ერთხელ სიძეს მაღალი წნევა ჰქონდა და სასწრაფო გამოიძახა. უთხრეს, თუ ძალიან აუცილებელი არაა, იქნებ აღარ ჩამოგვიყვანოთ, ერისიმედიდან ახლა დაბრუნდა მანქანაო. თუმცა მერე მაინც წამოვიდნენ.

90-იან წლებში, როცა საზღვრები ჩაკეტილი არ იყო, საყიდლებზე და ხშირად ექიმთანაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, უახლოეს სოფელში დადიოდნენ. ფიქრობს, რომ მაშინ სოფლის მცხოვრებთ მეტი პერსპექტივა ჰქონდათ და ზოგ საქმეს უფრო მარტივადაც აგვარებდნენ. მაგრამ შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა. „საზღვარს რომ გაეკარო, არც იცი, ცოცხალი დაბრუნდები თუ არა“.

 სოფელში ყველას ახსოვს, რომ 2010 წელს საზღვრის სიახლოვეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 16 წლის ახმედ გაურგაშვილს ესროლეს. ამბობენ, რომ ბიჭი საზღვარზე არ გადასულა, მხოლოდ თანასოფლელების მიერ პირუტყვის შესაკავებლად გაკეთებულ, ღობეს გასცდა. მოზარდის მკვლელობა ჯერაც არ გამოუძიებიათ. ამის შემდეგ რამდენიმე ქისტი ოჯახი სოფლიდან წავიდა. ერთხელ აზერბაიჯანელმა  მესაზღვრეებმა ჟანას ძმა დააკავეს. ისიც პირუტყვის გამო. სოფელში მხოლოდ 6 თვის შემდეგ დაბრუნდა.

წუხს, რომ სოფელი, რომელიც სამი მხრიდან საზღვრითაა გარშემორტყმული და ამ საზღვარს უკვე 25 წელია ამაგრებს, არათუ პრივილეგიებით სარგებლობს, ხშირად იმ მინიმუმსაც კი ვერ იღებს, რასაც სხვა სოფლები.

ერთ-ერთი ასეთი შეშაა. თითოეული ოჯახისთვის განკუთვნილი შეშის საყიდლად ბანკში კოდი უნდა გახსნილიყო, შესაბამისი მოცულობის საფასურის გადახდის შემდეგ კი ბანკში, შეშის საყიდლად განკუთვნილი ქვითრის მისაღებად დღეების განმავლობაში რიგში იდგნენ, ნახევარ სოფელს ბილეთი მაინც არ შეხვდა. „ვიცით, რომ ნაცნობობით იყიდებოდა, ზოგს სასურველ რაოდენობას უნახავდნენ, უზარმაზარ რიგში მდგომი ხალხიდან, სულ რამდენიმემ თუ მოახერხა აღება. ისიც იმაზე ნაკლების, ვიდრე უფლება ჰქონდათ. ტყეში ვცხოვრობთ, გამოყოფილი შეშა ისედაც 40 კილომეტრიდან უნდა მოვიტანოთ და ამაზეც ფული დავხარჯოთ. ვინღა ჩივის, ამასაც არ გვაძლევენ“.

სალოცავად მოლას სახლში იკრიბებოდნენ. მას მერე, რაც მოლა სოფლიდან წავიდა, სახლი მუსლიმებს დაუტოვა, მეჩეთად გადაკეთებულ სახლში მსახურებას ყოველ პარასკევს აღავლენენ. უნდა, რომ ასეთი ელემენტარული პირობები ქრისტიანებსაც ჰქონდეთ და ღია ცის ქვეშ არ ლოცულობდნენ. ამიტომ სიღნაღის ეპარქიაში წავიდა, შესთავაზა - თუ ეკლესიის მშენებლობას დაიწყებდნენ, სოფლის მკვიდრთა უმრავლესობა ფიზიკურადაც დაეხმარებოდა და სამშენებლო მასალებისთვის თუ სხვა საჭიროებისთვის ფულსაც შესწირავდა. პირველად ის ჰკითხეს, აპირებდა თუ არა მონათვლას. შემდეგ კი უთხრეს, თუ მადლის გაკეთება გინდა, ეს თანხა ეკლესიის ფონდში შემოიტანე და გადაწყვეტილებას მერე მივიღებთო.  წამოვიდა, თანხა აღარ შეუტანია.

უკვირს, რატომ არის სამსახურის აპლიკაციებში აღმსარებლობა აუცილებლად მისათითებელი.  თბილისში ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერად აპირებდა მუშაობის დაწყებას, ტესტირებაშიც მაღალი ქულები მიიღო.

„გასაუბრების ბოლოს კი, როცა ვთქვი, რომ მუსლიმი ვიყავი, ისეთი სახეები მიიღეს, ვიცოდი, აღარ დამირეკავდნენ და ასეც მოხდა. არადა, ვიცი, მაქსიმალური შანსი მქონდა იქ მოხვედრის“.

ბაღი რომ გაიხსნა, აიპ “ბაღების გაერთიანებიდან” ბაღის დირექტორს რამდენჯერმე დაურეკეს, ეკითხებოდნენ, მასწავლებლები რომელი რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ.

ჟანა ერისიმედიდან წასასვლელ გზას ეძებს. ერისიმედში ცხოვრება მისთვის უიმედო და უპერსპექტივოა.

 „არავის უკითხავს რა რელიგიის იყო ჩემი სამი ძმა, როდესაც ცხინვალში იბრძოდნენ. ქვეყნის სამსახურში მათთვის რწმენას ხელი არ შეუშლია. სხვა არის რწმენა, რომელიც ჩვენშია და სხვა -  ქვეყნის სამსახური და საჯარო საქმე“.

ჟანას სოფლიდან წასვლა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს სად. მთავარია, ისეთი სამსახური იპოვოს, რომ ბინის ქირის გადახდაც შეძლოს. არ უნდა ცხოვრება სოფელში, სადაც მისი მომავალი შვილები ყველა სიკეთისგან შორს იქნებიან, ვერც სრულფასოვან განათლებას მიიღებენ და განვითარებისთვისაც არანაირი პირობა არ ექნებათ.

„ალბათ პირადობის წამოსაღებადაც არ მივიდოდი სახლში, ისე წავიდოდი, რამე რომ გამოჩნდეს. ამ უიმედობასა და უპერსპექტივობაში ცხოვრება გაუსაძლისია. სულ იმის განცდა გაქვს, რომ ქვეყნის დასალიერში ხარ, ყველაფრისგან შორს, უკანასკნელი“.

ილია

ილია 25 წლისაა, ინგილო. მისი ოჯახი ერისიმედში საინგილოდან გადმოსახლდა. მუდმივად არცერთი მათგანი არ მუშაობს. გაზაფხულზე და ზაფხულში ის და მისი ძმა სეზონურად, კერძოდ მუშაობენ ხოლმე. საქონელს უვლიან და მიწას ამუშავებენ. სიმინდი, ხორბალი, კარტოფილი, ძირითადად ოჯახში გამოსაყენებლად მოჰყავთ.

დედა სკოლაში დამლაგებლად მუშაობს. ოჯახის შემოსავალი მისი ხელფასი და სოციალურად დაუცველთა დახმარებაა. რამდენიმე თვის წინ მისი ორი მოზვერი საზღვარზე გადავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ქართველი მესაზღვრეები დაჰპირდნენ, გავარკვევთო, მაგრამ მერე აღარაფერი გაუგია. იციან, რომ საქონელი თუ ფრინველი, ყველაფერი, რაც „იქითა მხარეს“ მოხვდება, მათი აღარაა.

მამას ასთმა აქვს, დედაც ასაკოვანია. სოფლის დატოვებას ადრე მთელი ოჯახი აპირებდა, მაგრამ ქალიშვილის გარდაცვალების გამო დარჩნენ. ილიას ბათუმში მშენებლობაზე შეეძლო დასაქმება, მაგრამ ოჯახი ვერ დატოვა. მამას ხან სასწრაფო სჭირდება, ხან -  წამლები. როცა სასწრაფო იგვიანებს, მეზობლების მანქანით წნორში უნდა წაიყვანონ.

„შარშან გზა მოხრეშეს, გადაასწორეს, მაგრამ გაფუჭდა ისევ და უარესიც კი გახდა. უკეთესობისკენ არაფერი იცვლება. ერთი სკოლა აშენდა და გარე განათება გაკეთდა, მეტი არაფერი“.

შარშან შემოდგომაზე ილიამ ეკლესიის აშენების თხოვნით განცხადებაზე ხელმოწერები შეაგროვა, ხელი სოფლის ყველა მცხოვრებმა მოაწერა. ხელმოწერები სოფლის თავმჯდომარეს გადასცა და ამაზე მერე აღარაფერი გაუგია.

მარიამი

1989 წელს ჯუგაანიდან მეუღლესთან და მის მშობლებთან ერთად „კარგი პირობების გამო“ გადმოსახლდა. რამდენიმე წლის განმავლობაში აქ ცხოვრებით კმაყოფილიც იყო.

ახლა ოჯახში 5 წევრია. მარიამი სკოლაში რუსულს ასწავლის, დედამთილის პენსიასთან ერთად მისი ხელფასი ოჯახის ერთადერთი შემოსავალია, სულ -  300 ლარი. მისი 28 წლის ბიჭი და რძალიც უმუშევრები არიან. შვილი მუშაობის დაწყებას ბევრგან ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ბოლოს თურქეთში დადიოდა, ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ, მაგრამ დეპორტაციის გამო 5 წელი იქაც ვერ წავა.

„სოფელში ახალგაზრდებს არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. დამოუკიდებელი ცხოვრება უნდათ, მაგრამ არაფერი გამოდის, ეგ კი არა, მშობლებიც ვერაფრით ვეხმარებით, ჯიბის ფული მაინც რომ ჰქონდეთ. რამე მაინც რომ არსებობდეს, ერთი საწარმო მაინც, მთელი სოფლის ახალგაზრდობა სიხარულით გაიქცეოდა სამუშაოდ“, -  ამბობს მარიამი.

ოჯახში ყველანი მართლმადიდებლები არიან. ადგილი, სადაც სალოცავად მიდიან, მათი სახლიდან მოშორებითაა. ქრისტიანულ დღესასწაულებზე იქ იკრიბებიან. მუსლიმი თანასოფლელების რწმენას პატივს სცემს. მათთან არასდროს ჰქონია უთანხმოება, მით უმეტეს, რელიგიურ ნიადაგზე. „ეკლესიის აშენებას რომ ვითხოვდით, ყველა მუსლიმმა მოაწერა ხელი. ისინიც ისევე სცემენ პატივს ჩვენს რწმენას, როგორც ჩვენ. ერთმანეთს არ ვემდურით“.

რომ არ მუშაობდეს, სოფლიდან აუცილებლად წავიდოდა. არც საქონელი ჰყავს, მიწაც შორსაა და ვერ ამუშავებს. „ელემენტარული პირობები მაინც რომ გვქონდეს, წასვლაზე არ ვიფიქრებდით, ჩვენთვის საქართველო აქედან იწყება“.

- ერისიმედს რომ ახსენებ, ვინმეს ეგონება, საქართველო მართლა აქედან იწყება. მე კი მეჩვენება, რომ ქვეყანა აქ მთავრდება, უიმედობასა და უპერსპექტივობაში“, - ამბობს ჟანა მეზობლის პასუხად, ჩვენც გვემშვიდობება და ბაღში ბრუნდება.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი ერისიმედთან ოფიციალურად ჯერ კიდევ დაუდგენელია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^