Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰერთა აირტონი - ელექტროინჟინერიის, ჰიდროდინამიკისა და ფიზიკის გიგანტი

30 აგვისტო 2018

გულითადი მადლობა მარიამ რაზმაძეს (მომავალ როზალინდ ფრანკლინს), ბიოფიზიკოს მიხეილ გელაშვილს, ასტროფიზიკოს მამუკა ჩახვაშვილსა და ბიოფიზიკოს ვეფხვია მანიას. მათი პროფესიონალური რჩევები დიდად დამეხმარა სტატიის ტექნიკური ნაწილის წერისას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი წვლილი მკაცრად ტექნიკური, ფიზიკურ-მათემატიკური და საინჟინრო ტერმინების ზუსტი შესატყვისების პოვნაში.

ჰერთა აირტონი (იგივე ფიბი სარა მარკსი) ბრიტანელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ინჟინერი და გამომგონებელია. ამ მეცნიერმა ჩაატარა პიონერული კვლევები ელექტრულ რკალებზე, წყლისა და ქვიშის ჭავლებზე. ეკუთვნის უამრავი პატენტი და რევოლუციური გამოგონება. 1854 წლის 28 აპრილს დაბადებული გოგონას მშობლები პოლონეთში ემიგრირებული ებრაელები იყვნენ. სარა-ჰერთას თითქმის არ ახსოვდა მამა, რადგან შვიდიოდე წლისა იყო, როცა გარდაეცვალა. დაქვრივებულ დედას ძალიან უჭირდა რვა შვილის მარტოდმარტო გაზრდა. სიდუხჭირეში გავლილმა ბავშვობამ წარუშლელი კვალი დააჩნია ჰერთას. დედამისს, ელისს, მყარად სწამდა, რომ ქალიშვილებს განათლება უნდა მიეღოთ. კარგად იცოდა, რა ბარიერებსა და დისკრიმინაციას აწყდებოდნენ ქალები იმ ეპოქაში და რაოდენ მძიმე ბრძოლის გადატანა უწევდათ. ამიტომაც, სარას არ დაავალა უმცროს და-ძმებზე ზრუნვა, არ გამოკეტა სახლში და გზა გაუხსნა ინტელექტუალური მწვერვალებისაკენ. დეიდამ ლონდონში წაიყვანა და სკოლაში შეიყვანა. ნიჭიერმა გოგონამ თავი ისახელა სასწავლებელში. სამართლიანობისათვის მებრძოლი შეარქვეს, რამეთუ შიმშილობა გამოაცხადა, როცა უსამართლოდ დასდეს ბრალი „უსაქციელობაში“. ამ შეურიგებლობამ, უკომპრომისობამ და სიმტკიცემ შემდგომშიც იჩინა თავი, სუფრაჟისტების მოძრაობას რომ შეუერთდა და ბრძოლა გააჩაღა ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების (უმაღლესი განათლება, საარჩევნო ხმა, ქონების დამოუკიდებლად ფლობა, განქორწინება და ა.შ.) მოსაპოვებლად; ჩაერთო მარშებსა და დემონსტრაციებში; საკუთარ სახლშიც შეიფარა სახელმწიფოსაგან დევნილი ფემინისტები და ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობის ციხიდან დახსნილი წევრები. სარას მაშინ შეარქვეს ჰერთა: სუინბერნის პოემის პერსონაჟს, მიწის ქალღმერთს შეადარეს. შერჩა კიდეც ეს მეტსახელი, რამეთუ ძალიან ჰგავდა იმ გმირს მგზნებარებით, სიცხოველით, დაუდგრომლობითა და შეუპოვრობით. დაუმეგობრდა ამერიკელ განმანათლებელს, ფემინისტსა და კემბრიჯის გირტონის ქალთა კოლეჯის დამაარსებელს, ბარბარა ბოდიშონს. ეს უკანასკნელი უხდიდა სწავლის საფასურს სარას. კემბრიჯში საკუთარი ხელით ააწყო სფიგმომანომეტრი. შარლოტ სკოტთან ერთად ჩამოაყალიბა მათემატიკოსთა კლუბი და გირტონის ქალთა სახანძრო ბრიგადა. მათს ამ წამოწყებას ეჭვის თვალით უყურებდნენ აკადემიკოსი კაცები: არ სჯეროდათ, რომ ქალები თავს გაართმევდნენ დაკისრებულ მოვალეობას. ამ აგდებული და დამამცირებელი დამოკიდებულების მიუხედავად, წარმატებას მიაღწიეს და დაამტკიცეს თავიანთი ოსტატობა მათემატიკაშიც და მეხანძრეობაშიც. ჰერთამ ჩააბარა კემბრიჯის უნივერსიტეტის მათემატიკის ტრიპოსი (გამოსაშვები გამოცდა), მაგრამ კვლავ შეეჩეხა გენდერულ დისკრიმინაციას: ეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქალებს არ ანიჭებდა აკადემიურ ხარისხს (მხოლოდ უბრალო სერთიფიკატებს იმეტებდა მათთვის). განაწყენებულმა აირტონმა ლონდონის უნივერსიტეტს მიაშურა და იქ მოიპოვა მეცნიერების ბაკალავრის დიპლომი 1881 წელს. ოთხი წლის შემდეგ დაქორწინდა ინჟინერ უილიამ ედუარდ აირტონზე. ბარბარა ბოდიშონმა მთელი თავისი ქონება უანდერძა ჰერთას. ამ მოულოდნელმა ცვლილებამ სამეცნიერო მოღვაწეობის გაგრძელების საშუალება მისცა ქალს.

1884 წელს დააპატენტა თავისი ერთ-ერთი პირველი გამოგონება: ხაზგამყოფი - საინჟინრო სახაზავი. ეს მეტად მოსახერხებელი ინსტრუმენტი შედგებოდა პარალელოგრამებისაგან და შეეძლო ხაზის ტოლ ნაწილებად დაყოფა (ნებისმიერი რაოდენობით), ფიგურების გადიდება-დაპატარავება და ა.შ. მის ამ ხელსაწყოს აქტიურად იყენებდნენ როგორც ხელოვანები, ასევე, არქიტექტორები და ინჟინრები. ჰერთას ფინანსურად უმაგრებდნენ ზურგს ქალთა მოძრაობის წარმომადგენლები, სუფრაჟისტები, ბოდიშონი, ჯორჯ ელიოტი (მამაკაცის ფსევდონიმს ამოფარებული ინგლისელი მწერალი ქალი. იგი ისე აღავსო შთაგონებით ჰერთამ, ისეთი წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მასზე, თავისი რომანის, „დანიელ დერონდას“, გმირადაც კი აქცია - პერსონაჟი მირა ჰერთას პროტოტიპია) და სხვები. მათ შეუგროვეს პატენტის გამოსატანად საჭირო თანხა. მისი გამოგონება წარადგინეს ქალთა ინდუსტრიულ გამოფენაზე, სადაც მან დიდი ყურადღება დაიმსახურა. უამრავი გამოგონების დაპატენტება მოასწრო. მათ შორისაა: მათემატიკური ხელსაწყოები, გამყოფები, ელექტრულ-რკალოვანი ლამპები, ელექტროდები, ამძრავები, სამხედრო და სანაოსნო პროჟექტორები, ჰაერის ტუმბოები. გამოგონებათა დაპატენტება ძალზე თამამი ნაბიჯი იყო ცნობილ მეცნიერზე დაქორწინებული ქალისა. შეუპოვარი აღმოჩნდა იმ თვალსაზრისითაც, რომ პრეტენზია განაცხადა თავის ინტელექტუალურ საკუთრებაზე და კანონის ძალით დაიცვა საავტორო უფლებები, რაც ესოდენ აღმაშფოთებელი და მიუღებელი საქციელი იყო (ქალის მხრიდან) იმ ეპოქაში.

ელექტროინჟინერიის განვითარებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილი

რკალოვანი ნათურები ფართოდ გამოიყენებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს. ასეთი ელექტრული რკალი შედგებოდა ნახშირის ორი ელექტროდისაგან, რომელთა შორისაც პატარა სიცარიელე იყო დატოვებული, თუმცა, ეს ვიწრო სივრცე სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რათა დენის ნაკადს თავისუფლად ედინა წრედის გარშემო. წრედს რომ მაღალ ძაბვას მიუერთებდნენ, ნახშირის ელექტროდები ისე ხურდებოდა, აქროლას იწყებდა და ერწყმოდა ელექტროდებს შორის მოქცეულ ჰაერის ნაკადს. ჰაერისა და „აორთქლებული“ ნახშირის ეს ნაზავი იძლეოდა მეტად მკვეთრ შუქს. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ნათურები ხშირად ციმციმებდა, შიშინებდა, ბჟუტავდა, უსიამო ხმას გამოსცემდა და ა.შ. აირტონმა გამოწვლილვით შეისწავლა ეს ფენომენი, სიღრმისეული კვლევა დაიწყო და ექსპერიმენტების მთელი სერია ჩაატარა. შედეგად, 1895 წელს დაწერა რამდენიმე რევოლუცური სტატია და ახსნა მოუძებნა ამ მეტად შემაწუხებელ პროცესს. აი, ასეთ აღმოჩენამდე მივიდა: ყოველივე ეს იმის ბრალი იყო, რომ ჟანგბადი რეაქციაში შედიოდა რკალოვანი ნათურების ნახშირის ღეროებთან და იჭრებოდა აორთქლების შედეგად ნახშირის ზედაპირზე გაჩენილ ჩაღრმავებებში. ჰერთამ დაამტკიცა კვლევის შედეგად მიღებული დასკვნების სისწორე - სწორედ ჟანგბადისა და ნახშირბადის ურთიერთქმედება იყო რკალის უსიამოვნო ხმისა და ციმციმის მიზეზი. მეცნიერმა გამოსავალი შესთავაზა ინჟინრებს: კარგად უნდა დაეცვათ რკალოვანი ნათურა ჰაერის ნაკადისაგან. თუ ასე მოიქცეოდნენ და ჟანგბადს გამოდევნიდნენ რკალიდან, შიშინსაც აღარ დაიწყებდა. აირტონი სავსებით მართალი აღმოჩნდა, ოქსიდაციის პროცესით რომ ახსნა ნახშირის ელექტროდების უცნაურობა. ინჟინრებს წარუდგინა რკალოვანი ლამპებისა და ელექტროდების სულ სხვაგვარი მოდელი; დაწვრილებით აღწერა ის აუცილებელი ცვლილებები, უკვალოდ რომ გააქრობდა შიშინს და ციმციმს. ჰერთას კვლევა უდიდესი სამეცნიერო გარღვევა აღმოჩნდა. იგი გამოდგა პირველი ქალი, რომელმაც თავისი პიონერული სტატია წაიკითხა ინგლისის ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის წევრების წინაშე. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მათზე. მისი მტკიცებით, რკალი შიშინსა და ბჟუტვას არ დაიწყებდა, არც ფერს არ შეიცვლიდა, თუკი აზოტსა და ჰაერის შემადგენელ სხვა ელემენტებს ცალ-ცალკე (და არა ერთად) შეუშვებდნენ რკალის სარეაქციო არეში. მის ამ აღმოჩენას უდიდესი კომერციული და ინდუსტრიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ პიონერულ მიგნებებამდე, გადახურებული ელექტროდები ადნობდა მატერიას. ეს იყო დიდი გამოწვევა მათთვის, ვისაც სურდა მოსახერხებელი იზოლატორების გამოგონება. რაკი რკალის ელექტროდები იწვოდა და იღვენთებოდა, რკალის სიგრძეც მუდმივად იცვლებოდა. ეს კი მოითხოვდა განუწყვეტელ ჩარევას, შესწორებას, წრედის ხელმეორედ შეკვრას და ა.შ. ჰერთას წყალობით კი ყველაფერი შეიცვალა.

ჰერთამ აღმოაჩინა პირდაპირი კავშირი რკალში შეყვანილ ძაბვას, ელექტრულ პოტენციალს, დენის ნაკადსა და რკალის სიგრძეს შორის; დაადგინა: ფიქსირებული სიგრძის რკალზე დენის ნაკადის გადასაგზავნად საჭირო პოტენციალი, ძირითადად, დამოკიდებული იყო იმ ჩაღრმავების (კრატერის) ზედაპირის ბუნებაზე, რომელიც ყალიბდება დადებითი ნახშირბადის წვერზე ზემოქმედებისას. მისი ძალის, უნარისა და დიდოსტატობის ნათელი მაგალითი იყო მოშიშინე რკალის სისტემატური, კონცეპტუალური და ფუნდამენტური ანალიზი, რომელიც მანამდე არავის ჩაუტარებია. რკალის ეს უსიამოვნო ხმა და ციმციმი მიიჩნეოდა თითქმის გადაუჭრელ საინჟინრო პრობლემად, თავგზას რომ ურევდა სწავლულებს. მეცნიერმა იპოვა ამ საიდუმლოს გასაღები. აირტონმა თვალნათლივ უჩვენა ყველას: იმ ეპოქაში დამკვიდრებული მეთოდები და რკალების წარმოების არსებული პრაქტიკა იწვევდა შიშინს. ამიტომაც, მწარმოებლებს შესთავაზა ძირფესვიანი სტრუქტურული ცვლილებები და განახლებული დიზაინი. ყველაზე ეფექტურ რკალოვან განათებას მივიღებთ, თუკი გამოვიყენებთ ნახშირის ბევრად უფრო თხელ ელექტროდებს და ბევრად უფრო მოკლე რკალებს, - დაწერა დასკვნის სახით თავის ფუძემბდებლურ წიგნში. ჰერთამ თხოვნით მიმართა ინგლისის სამეფო საზოგადოებას - უნდოდა, ამ დაწესებულების წევრთა წინაშე წაეკითხა საკუთარი ნაშრომი, მაგრამ უარი მიიღო. პრესტიჟულმა დაწესებულებამ სქესის გამო დაიწუნა აირტონი. აკადემიკოსებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ქალის ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდნენ და ამიტომაც, ასეთი გამოსავალი იპოვეს: ჰერთას სტატია მის ნაცვლად წაიკითხა ინჟინერმა კაცმა, ჯონ პერიმ. აირტონის მითითებით გააუმჯობესეს რკალოვანი ნათურები; დახვეწეს რკალის სიგრძე, ზომა, ფორმა; შეცვალეს ელექტროდებისა და ნახშირის განლაგება ნახშირრკალოვან პროჟექტორებში. ჰერთას რეკომენდაციით, ბრიტანეთის საადმირალომ აწარმოა ნახშირის ელექტროდების, სამხედრო პროჟექტორებისა და რკალოვანი განათების ბევრად უკეთესი მოდელი. ასევე, ამ ინჟინერმა შექმნა დახვეწილი კინოპროჟექტორები, ნახშირის ელექტროდებიანი რკალოვანი ნათურები და პროჟექტორების ლამპის კორპუსები. აირტონმა 1913 წლიდან 1918-მდე დააპატენტა კიდევ რვა გამოგონება.

უზადო ექსპერიმენტების წყალობით, აირტონმა შეძლო რკალიდან ჰაერის გამოძევება და შედეგად მიიღო მდგრადი რკალი, რომელიც არც შიშინებდა და არც ციმციმებდა. მისი განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭი გამოვლინდა იმ თვალსაზრისითაც, რომ არა მხოლოდ ჩაატარა ურთულესი ექსპერიმენტების მთელი წყება, არამედ დაამტკიცა პირდაპირი კავშირი რკალის სიგრძეს, წნევასა და პოტენციალთა სხვაობას შორის. ამგვარად შეადგინა განტოლება, რომელსაც აირტონის განტოლებას უწოდებენ. ყველას დაუმტკიცა, რომ ნახშირისა და ჟანგბადის ურთიერთქმედების, ასევე, ნახშირის აქროლის შედეგად გაჩენილი ჩაღრმავება განსაზღვრავდა დენის ნაკადის პოტენციალს. ჰერთამ მიაღწია რკალის სტაბილურობას ელექტროდების ფორმების შეცვლით. მისი სიღრმისეული ანალიზი და ტექნიკური პროგრესი დაწვრილებითაა აღწერილი იმ თორმეტ სტატიაში, წამყვან სამეცნიერო ჟურნალში, “The Electrician“-ში რომ დაიბეჭდა 1895-96 წლებში. ამ ნაშრომებმა მოუტანა აღიარება და სახელი. ძალიან ცოტა ქალს ხვდა წილად ამგვარი პატივი იმ ეპოქაში. როცა ჰერთამ თავისი გარდამტეხი ნარკვევი წაიკითხა ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის წევრთა წინაშე, ჟურნალისტმა ასე შეამკო მეცნიერი: ტანდაბალი, შავთმიანი, შავთვალება ლედი, პენსნე რომ ეკეთა... სენსაცია მოჰყვა მის გამოსვლას... გარკვეულწილად, ეს გამოიწვია იმან, რომ ამ დაწესებულების უჩვეულოდ ბევრი ახალგაზრდა წევრი (მეტადრე, კაცი) დაესწრო მოხსენებას. „დეილი ტელეგრაფმა“ ასე აღწერა მისი გამოსვლა და საცდელი ჩვენება: ეს მიმზიდველი და წარმტაცი სანახაობა იყო, რამეთუ ქალი წარუძღვა... ყველაფერი ახსნა...“.

ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, პროფესორი ტროტერი, იხსენებს: სამწუხაროდ, ჰერთამ ისეთი სათაური შეურჩია თავის ნაშრომს („ელექტრული რკალის შიშინი”), დამსწრეთაგან მხოლოდ რამდენიმეს ჰქონდა წარმოდგენა ამ საკითხზე. ვისაც კი რამე გაეგებოდა ელექტრული რკალის, ოდენ ის იცოდა, რომ რკალი შიშინებდა და ბჟუტავდა. ამიტომაც, დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ მისი აღმოჩენებისათვის. ლონდონურმა პრესამ მხოლოდ იმიტომ ატეხა მითქმა-მოთქმა, რომ ისტორიაში პირველად, ქალი გამოვიდა ამ დაწესებულების წინაშე სიტყვით. ჩვენება ისეთი წარმატებული გამოდგა, სამეფო საზოგადოებამ შესთავაზა, ფართო საზოგადოების წინაშე შეესრულებინა ექსპერიმენტები 1899 წელს, საერთაშორისო სამეცნიერო გამოფენაზე, სახელწოდებით: “Conversazione”. ეს უდიდესი მოვლენა ასე აღწერეს ჟურნალისტებმა: სტუმარი ქალები გაოცდნენ, რადგან აღმოაჩინეს თავიანთი სქესის წარმომადგენელი, რომელსაც დააკისრეს ყველაზე სახიფათო ექსპონატის წარდგენა - შიშს აღუძრავდა ადამიანს შუშაში გამომწყვდეული გოროზი რკალოვანი ლამპის დანახვა... მისის აირტონს ოდნავადაც კი არ შეშინებია... მშვიდად, აუღელვებლად უჩვენა ყველას, როგორ გაქრებოდა ყურთასმენის წამღები შიშინი, თუკი ჰაერს გამოდევნიდნენ რკალიდან. თვით ყველაზე გონებაჩლუნგ და აბეზარ ადამიანებსაც კი შეაგნებინა, რა იყო ამის მიზეზი“. ამ ინოვაციური შრომისა და აღმოჩენების წყალობით, 1899 წელს, ჰერთა გახდა გაერთიანებული სამეფოს ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის წევრი. მანამდე არცერთ ქალს არ დაუდგამს ფეხი იმ დაწესებულებაში. 1900 წელს, ფრანგულ ენაზე დაწერა მორიგი პიონერული სტატია, « L'intensité lumineuse de l'arc à courants continus » და ეს ნაშრომი წაიკითხა კიდეც ელექტროინჟინერიის საერთაშორისო კონგრესზე, პარიზში. მისმა ამ წარმატებამ აიძულა "British Association for the Advancement of Science", ბოლოს და ბოლოს, მიეღო ქალები. 1901 წელს ჰერთამ მოამზადა კიდევ ერთი სტატია, „ელექტრული რკალის მექანიზმი“ და სამეფო საზოგადოებას გაუგზავნა. ექსპერიმენტების შედეგად მიღებული დასკვნები და აღმოჩენები შეაჯამა 1902 წელს გამოქვეყნებულ თავის წიგნში, „ელექტრული რკალი“, რომელიც დღემდე მიიჩნევა წამყვან სამეცნიერო ნაშრომად. აირტონმა დააპატენტა საჰაერო ხომალდების საწინააღმდეგო პროჟექტორები, რომელთაც აქტიურად იყენებდნენ საჰაერო თავდასხმებისას, ომიანობის ჟამს.

1902 წელს ინჟინრებმა მისი კანდიდატურა შესთავაზეს ინგლისის სამეფო საზოგადოებას. მაშინაც წააწყდა აკადემიურ სექსიზმსა და ქალთმოძულეობას: მისი კანდიდატურა დაიწუნეს არა კომპეტენციისა და ცოდნის ნაკლებობის, არამედ სქესის გამო. წევრებს არც კი დაუმალავთ სკეპტიკური დამოკიდებულება ქალისადმი და უარყოფითი გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელეს ის, რომ დაწესებულება „დაოჯახებულ ქალს“ ვერ აირჩევდა წევრად, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ არცერთი ,,დაუოჯახებელი“ ქალისთვის არ მიუნიჭებიათ წევრის ტიტული. არქივში დაცულ მასალებში ვკითხულობთ: მივიღებთ თუ არა დაუოჯახებელ ქალებს? ეს საკითხიც მეტისმეტად საეჭვო ჩანს. ჩვენი წესდების თანახმად, მხოლოდ კაცის არჩევა შეგვიძლია“. ამ გადაწყვეტილების ამსახველი დოკუმენტები დაბეჭდეს და ყველა წევრს გაუგზავნეს, რათა სამომავლოდ მაინც აეცილებინათ თავიდან კიდევ ერთი ქალის კანდიდატურის წარდგენა. ჰერთას არჩევას განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდა უილიამ აირტონის კოლეგა, ჰენრი არმსტრონგი, რომელიც ამბობდა, რომ ქალებს არ უნდა მიეღოთ უმაღლესი განათლება; ეწინააღმდეგებოდა სქესთა თანასწორობის ყოველგვარ გამოვლინებას და საკანონმდებლო ცვლილებებს. ასევე, იგი « Chemical Society »-ს და « Biochemical Society »-ს მოუწოდებდა, არ მიეღოთ ქალები. მისი აზრით, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების კარი დახურული უნდა ყოფილიყო მდედრობითი სქესის წარმომადგენელთათვის.

მისის აირტონს მჭირდო კავშირი და ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა ნახშირის მწარმოებლებთან. მათ აღიარეს მისი მიღწევების უდიდესი მნიშვნელობა. ჰერთას რჩევა ჰკითხა კინემატოგრაფიულმა კომპანიამ, რომლის ხელმძღვანელებსაც სურდათ, როგორმე აეცილებინათ თავიდან პატარა რკალოვანი ნათურების ტკაცა-ტკუცი, შიშინი და ციმციმი. ჰერთა მათაც სიამოვნებით დაეხმარა და გადაუჭრა პრობლემა. კიდევ ერთი გამოგონება დააპატენტა პირველ მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე.როცა მე ვიკვლევდი რკალებს, თავი ავარიდე ამ სირთულეებს... ჰერთამ თავის წიგნში ჩემზე ბევრად უფრო სწორად, გასაგებად და თვალნათლივ ჩამოაყალიბა ჩემი რამდენიმე მოსაზრება“,- აღნიშნავს პროფესორი ტროტერი და იხსენებს, რომ ჰერთამ ასეთი წერილი მისწერა: „შვებით ამოვისუნთქე: ბოლოს და ბოლოს, მოვრჩი წიგნის წერას. მეგონა, ვერასოდეს დავასრულებდი და გამოვცემდი... სიკვდილის წინ დავიბარებ, ერთადერთი სიტყვა, „რკალი“, წააწერონ ჩემი საფლავის ქვაზე, ვით გულში ჩამწვდომი და პათეტიკური ჩანაწერი, ნათელს რომ მოჰფენს ჩემს ტანჯვა-წამებას“. ჰერთას მტკიცებით, რკალი მდგრადი იქნებოდა, თუკი ნახშირის ელექტროდების დაბოლოებებს შეცვლიდნენ. კვადრატული ფორმის წვერებით გამორჩეულ ფართო ელექტროდებს (რომელთაც იყენებდნენ მისის აირტონის აღმოჩენებამდე), სულ მცირე, ოცი წუთი სჭირდებოდა მდგრადობის მისაღწევად. მთელი ამ ოცი წუთის გამავლობაში საშინლად შიშინებდა, ბჟუტავდა და ზუზუნებდა კიდეც. მეცნიერმა დაასკვნა: თუკი ისე შეცვლიდა წვერების ფორმას, როგორც საჭირო იყო, ელექტრული რკალის ანთებიდან სულ რამდენიმე წამში შეწყდებოდა ეს უსიამოვნო ხმაური და ციმციმი და მიაღწევდა სტაბილურობას. ასეც მოხდა. დაამზადა ახლებური, უხმაურო, მდგრადი რკალები და ძირფესვიანად შეცვალა ტრადიციული მოდელები. მისი მითითებით, საადმირალომ და ინგლისის „ომის ბიურომ“ შეცვალა წარმოების წესი. პროფესორი ტროტერი იხსენებს: მისი გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ მისის აირტონის მიღწევებზე ვესაუბრესამეფო ინჟინერიისერთ წევრს. ზიზღნარევი გამომეტყველება მიიღო. ურწმუნო კაცს ვერ დაეჯერებინა, რომ ქალმა შეცვალა სამხედრო პროჟექტორების წარმოება. მისი აზრით, მდედრობით სქესს არაფერი აკავშირებდა ამ საქმესთან. ალბათ, თავის დღეში არ უნახავს არცერთი სხვაგვარი ნახშირის ელექტროდი“.

ჰერთას მეუღლე, უილიამ აირტონი, დამოუკიდებლად ატარებდა კვლევებს. ინგლისის საადმირალომ სთხოვა, ეპოვა სამხედრო-საზღვაო ფლოტის პროჟექტორების ზუზუნის, ციმციმის, ბჟუტვისა და უსამოვნო ხმის მიზეზი, მაგრამ სამწუხაროდ, ხელი მოეცარა - მისმა შრომამ შედეგი ვერ გამოიღო. კაცი ძალიან დაამწუხრა ამ მარცხმა. დაწერა სტატია, რომელიც არ შეიცავდა გადამწყვეტ დასკვნებს და რაც მთავარია, ნათელს ვერ მოჰფენდა მთავარ პრობლემას. ნაშრომის გადამუშავების სურვილიც კი გაუქრა. საქმეში ჩაერთო ჰერთა და მალევე იპოვა პრობლემის სათავე - ოქსიდაციის პროცესი პროჟექტორების ნახშირბადის ანოდის წვერზე. მისი მტკიცებით, ჰაერის ტალღის თავისუფალი ქროლა იწვევდა რკალის ცვალებადობას. მან მიაღწია გასაოცარ შედეგებს (რაც ვერ შესძლეს სხვა ექსპერიმენტალისტებმა); ისეთი ფორმა მისცა ელექტროდების დაბოლოებებს, აირიდა ოქსიდაციის პროცესი. საჭირო იყო ზემოხსენებული სანაოსნო დაბრკოლების აღმოფხვრა, რამეთუ დიდად დაზარალდა საადმირალო: ეს დაწესებულება კარგად ვერ იყენებდა სამხედრო პროჟექტორებს - ესოდენ მნიშვნელოვან აღჭურვილობას. მისის აირტონმა დასძლია ეს სირთულე, გამოიკვლია პროჟექტორების შიშინისა და ბჟუტვის მიზეზი, მიაღწია მიზანს და ნაყოფიერი ექსპერიმენტების შედეგად დაადგინა, როგორ მიიღებდა მდგრად რკალსა და მკვეთრ შუქს; როგორ გააქრობდა შიშინსა და ზუზუნს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს დიდი ნახტომი იყო მისთვის, რამეთუ ჩვეულებრივი რკალოვანი განათება (რომელსაც მანამდე შეისწავლიდა) და მისი სიმძლავრე ვერც კი შეედრებოდა ვეებერთელა პროჟექტორების უდიდეს ძაბვას. ჰერთამ მოახერხა ამ პრობლემის გადაჭრა და პასუხი გასცა საადმირალოს მთავარ შეკითხვას.

ჩიკაგოს ელექტროინჟინერთა კონფერენციაზე, მოსამსახურემ შემთხვევით დაწვა უილიამის სტატია, რომელიც საერთო ჯამში, დაუმთავრებელი, ნაკლული და ხარვეზიანი ნაშრომი იყო. კაცმა ვერცერთი კონკრეტული გამოსავალი, მიგნება, აღმოჩენა და დასკვნა ვერ შესთავაზა მეცნიერებს. ამიტომაც, მისის აირტონმა შეისწავლა რკალის უცნაურობანი. იგი ნელ-ნელა ცვლიდა დენის ნაკადის სიმძლავრეს. ხშირად, დილიდან საღამომდე უწევდა ფეხზე დგომა. დიდი მოთმინების, ნებისყოფისა და ოსტატური კონტროლის წყალობით შეინარჩუნა მდგრადი რკალი, დენის უცვლელი ნაკადი (ბჟუტვისა და შიშინის გარეშე) და რაც მთავარია, მიაღწია საბოლოოდ მდგრად ძაბვასა და „პოტენციალთა სხვაობას“ (როგორც თვით აირტონმა უწოდა); მოიპოვა უცვლელი შედეგები, რომლებიც ჩამოაყალიბა განტოლებებად და სხვა მკვლევრების მცდარი დასკვნებიც შეასწორა. მართალია, მისტერ აირტონის სახელი ეწერა საადმირალოსთვის გაგზავნილ სამ მოხსენებას (1904-1908 წლებში), მაგრამ სინამდვილეში, როგორც თავად კაცმა აღიარა, მისის აირტონმა უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ნაშრომებში და ქმრის უხეში შეცდომებიც შეასწორა, რადგან უილიამს ისე კონცეპტუალურად და სიღრმისეულად არ ესმოდა ელექტრული რკალი, როგორც ჰერთას. მეოთხე მოხსენებაზე მხოლოდ და მხოლოდ ჰერთას სახელი ეწერა, რამეთუ მის ქმარს ერთი სიტყვაც კი არ დაუწერია და არც დახმარებია ჰერთას ექსპერიმენტების ჩატარებისას. უილიამმა დაჟინებით მოსთხოვა საადმირალოს, ცხადად და გასაგებად აღენიშნათ ჰერთას უდიდესი ღვაწლი. იგი კეთილსინდისიერი აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ არ იკადრა ცოლის ნაშრომ-ნაღვაწის მითვისება. როცა ჰერთას მოხსენება გაუგზავნეს ზემოხსენებულ უწყებას, ადმინისტრაციას გაუჭირდა იმის გააზრება, რომ მთელი ეს კვლევა არ ჩაუტარებია იმ კაცს, სწორედ ამ საქმისთვის რომ დაიქირავეს. მათი ფორმალურ-ბიუროკრატიული გონება ვერ ჩასწვდა პრობლემის სათავეს; ვერ გაისიგრძეგანა, რაოდენ ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ჰერთამ მათ. ამიტომაც გასამრჯელო მაინც უილიამს გაუგზავნეს , - აღნიშნავს ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, რომელიც პირადად იცნობდა ჰერთას და თვალყურს ადევნებდა მის ექსპერიმენტებს.

უილიამმა ცოლის კუზენს, დოქტორ ფილიპ ჰარტოგს, უთხრა: „მე და შენ მცოდნე და გამჭრიახი ადამიანები ვართ, მაგრამ ჰერთა გენიოსია“. კაცი ყოველთვის არიდებდა თავს მეუღლესთან თანამშრომლობას, რადგან კარგად იცოდა, უთუოდ მას მიაწერდნენ ჰერთას მთელ დამსახურებასა და ღვაწლს. ამგარი გამიჯვნისა და დისტანციის წყალობით, აღარავის შეჰპარვია ეჭვი, რომ ნამდვილად ჰერთამ შეასრულა მთელი სამუშაო და რევოლუციურ აღმოჩენებამდე მივიდა. გარდა ამისა, უილიამი მხარს უჭერდა გენდერულ თანასწორობას, ქალთა განათლებასა და ემანსიპაციას, სუფრაჟისტების მოძრაობას, ამხნევებდა ჰერთას და აქებდა ფემინისტური ანგაჟირების გამო; სხვა ინჟინრები კი გაოგნებულნი და იმედგაცრუებულნი იყვნენ, ქალი ასე აქტიურად რომ იყო ჩართული ფემინისტურ მოძრაობაში. როგორც თავად იხსენებს, ხშირად უმეორებდნენ, რომ ,,ექსტრემალური ფემინიზმით წაბილწავდა თავის სახელს“. ქალმა ყურად არ იღო მათი ბრიყვული შეგონებები და ბოლომდე უერთგულა თავის იდეოლოგიას, რადგან მემარცხენე იყო; მგზნებარედ უჭერდა მხარს ლეიბორისტულ პარტიას. 1912 წელს ფემინისტურ დემონსტრაციაზე დააკავეს მისი ქალიშვილი, ბარბარა (ბარბარა ბოდიშონის პატივსაცემად დაარქვეს ეს სახელი). მეცნიერმა ქვეყანას მოსდო ეს ამბავი და ნაცნობებს მისწერა: ბარბი ჰოლოუეიშია... ძალიან ვამაყობ მისით!“ აირტონიც არაერთხელ აღმოჩნდა საფრთხეში, როცა ქუჩაში გამოსულ ქალებს შეუერთდა. ერთ წერილში წერს: ფეხდაფეხ მივყვებოდი მისის პანკჰერსტს, როცა დაუნინგ-სტრიტზე შეუხვია, მაგრამ ვერ მიაღწია ათ ნომერს - პოლიციელმა შეუშალა ხელი და მისი მოხრჩობა სცადა. ერთი პოლიციელი ორჯერ ჩამაფრინდა ყელში. ჩემი დაგუდვა უნდოდა... იმ ქალების გმირული სულისკვეთება, განსაკუთრებით კი მოხუცი ლედების თავდადება, სილაღე, გამბედაობა და შეუპოვრობა... ძალიან ძნელია საქებარი სიტყვების პოვნა. ადამიანის ენა უძლურია ამის აღსაწერად... ჩემს ძალებს აღემატება მათთვის ხოტბის შესხმა“.

აღსანიშნავია ისიც, რომ უილიამის პირველი ცოლიც ფემინისტი და მეცნიერი იყო: მატილდა ჩაპლინი შეუერთდა ქალთა მოძრაობას, „შვიდი ედინბურგის წინააღმდეგ“. მისი წევრები იბრძოდნენ, რათა ქალებისთვის მიეცათ უმაღლესი სამედიცინო განათლება და სრულყოფილი სამეცნიერო ხარისხიც მიენიჭებინათ. მატილდამ პარიზში დაამთავრა სასწავლებელი, რადგან მშობლიურმა ინგლისმა არ მისცა ამის საშუალება. ხარისხის მინიჭების შემდეგ მატილდა იაპონიაში გაემგზავრა და იქ განაგრძო სამეცნიერო მოღვაწეობა. სამწუხაროდ, მალევე შეერყა ჯანმრთელობა და 1883 წელს გარდაიცვალა, სწორედ მაშინ, როცა მისი მოძრაობის წევრებმა, ბოლოს და ბოლოს, მიაღწიეს მიზანს - ინგლისელ ქალებს მიანიჭეს სამეცნიერო ხარისხები და უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების კარიც გაუღეს.

მარი კიურის ახლო მეგობრობა აკავშირებდა ჰერთასთან. აირტონის ბიოგრაფის, ეველინ შარპის, თანახმად, ამ ორმა ქალმა 1903 წლის ზაფხულში გაიცნო ერთმანეთი. მათი შეხვედრა ღირსსახსოვარი მოვლენა აღმოჩნდა. როცა ფრანგულმა პრესამ მხოლოდ პიერ კიურის მიაწერა რადიუმის აღმოჩენა (სინამდვილეში, მარის უდიდესი წვლილი მიუძღოდა ამ საქმეში. ეს პიერ კიურიმაც და ანრი ბეკერელმაც აღნიშნეს გარკვევით), ჰერთა აღაშფოთა ამ უსამართლობამ და ყველაფერი იღონა შეცდომის გამოსასწორებლად; წამოიწყო აქტიური კამპანია პრესაში, რათა ხალხს საკადრისად დაეფასებინა მარის განუზომელი წვლილი. კალამი იშიშვლა და სტატია დაწერა მეცნიერის დასაცავად. საყოველთაოდ ცნობილია, - ძალზე რთულია შეცდომების გაქრობა და მოშთობა, მაგრამ კატაზე ბევრად მეტი სიცოცხლე აქვს იმ შეცდომას, კაცს რომ მიაკუთვნებს ქალის ნაშრომ-ნაღვაწს",- დაასკვნა მან. პიერის თქმით, მარი იყო ის მეცნიერი, რომელმაც შეიმუშავა და დახვეწა მეთოდი, რომლის წყალობითაც რადიუმი გამოცალკევეს, გამოყვეს მისი რადიოაქტიური ნარჩენისაგან. „წმინდა სახით“ მიღებული რადიუმი ბევრად უფრო იოლი იყო შესასწავლად. აირტონი კი იხსენებს: „1900 წელი იქნებოდა... მისტერ ბეკერელი ელოდებოდა ჩემს ქმარს კოლეჯის მისაღებში... ელექტროსკოპი მოითხოვა და დამუხტა... ჯიბიდან ამოიღო დაკეცილი ქაღალდი, რომელშიც მცირეოდენი ფხვნილი ეყარა... მერე ეს შეკვრა დაიჭირა ელექტროსკოპიდან ერთი ფუტის მოშორებით და დამუხტული ხელსაწყო უეცრად განიმუხტა. ზედიზედ რამდენჯერმე დამუხტა და განმხუტა ამ ფხვნილის წყალობით. ვკითხე, ვინ აღმოაჩინა ეს გასაოცარი ნივთიერება და რა არის მისი სახელწოდება-მეთქი. ბეკერელმა მომიგო: „მადამ კიურიმ. რადიუმი ეწოდება“. დაწვრილებით ამიხსნა რადიუმის გასაოცარი თვისებები“. ისეთი უდავო მტკიცებულებები წარმოადგინეს, პრესამ შეასწორა უხეში შეცდომა და აღიარა მარის ღვაწლი და დამსახურება რადიუმის აღმოჩენის საქმეში.

როცა ასტრონომმა ნორმან ლოკიერმა მხარი დაუჭირა მარი კიურის და განაცხადა, რომ ქალი აუცილებლად უნდა გამხდარიყო ამ დაწესებულების წევრი, ჰერთამ წერილი მისწერა მეცნიერს და მადლობა გადაუხადა თანადგომისათვის. „მადლობას გიხდით, ასე რომ უჭერთ მხარს თანასწორობას და მოითხოვთ, ერთნაირად მოეპყრან ნებისმიერი ადამიანის ინტელექტუალური შრომის ნაყოფს, მიუხედავად იმისა, ქალია მკვლევარი, თუ კაცი“. ჰერთას შთაგონებით, მარი კიურიმ ხელი მოაწერა საერთაშორისო პეტიციას და მოითხოვა იმ ბრიტანელი ფემინისტების ციხიდან გათავისუფლება, რომელთაც შიმშილობა გამოაცხადეს. აი, ასეთი წერილი მისწერა კიურის აირტონმა: ძალიან ამიჩუყა გული თქვენმა ნაამბობმა. როგორ იბრძვიან ინგლისელი ქალები თავიანთი უფლებებისათვის! დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანებს და მათს წარმატებას ვნატრობ“.

როცა ჰერთას ჰიუზის მედალი მიანიჭეს, ინგლისელმა ასტრონომმა და სპექტროსკოპიის ერთ-ერთმა პიონერმა, მარგარეტ ჰაგინსმა, ასეთი წერილი მისწერა საბჭოს ერთ-ერთ წევრს: , როგორ გაიხარებენ დატუსაღებული ქალები! (საუბარია დაპატიმრებულ ფემინისტებზე) სიხარულით ცას ეწევიან! გირტონისა და ნიუნჰემის კოლეჯის წევრები შუაღამისას წამოცვივდებიან საწოლებიდან და ღრეობას გააჩაღებენ ამ მოვლენის აღსანიშნად!“

ჰერთამ მილოცვა რომ მიიღო მარგარეტ ჰაგინსისაგან, ასეთი წერილი გაუგზავნა თავის მეგობარს: „მომნუსხველი წერილი მომწერა მისის ჰაგინსმა... ჩინებულად იშრომა და დიდი ღვაწლი დასდო ასტრონომიას თავის მეუღლესთან ერთად, მაგრამ არავინ დააფასა მისი წვლილი. წილად არ ხვდა აღიარება და პატივი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თუ ქალი და კაცი ერთად მუშაობენ, არავინ დაიჯერებს ქალის მიღწევებს. ყველა იფიქრებს, რომ ამ უკანასკნელს არაფერი გაუკეთებია... ამ თვალსაზრისით მუდამ მეტად სულგრძელი იყო პროფესორი აირტონი: არასოდეს მეხმარებოდა და არ ერეოდა ჩემს საქმეში ოდენ იმიტომ, რომ იცოდა - მას მიაკუთვნებდნენ მთელ წვლილს. უნდოდა, საკადრისი პატივი მხვდომოდა წილად და ყველას შეესხა ხოტბა ჩემთვის იმისათვის, რაც გავაკეთე. ასე იქცეოდა არა მხოლოდ ჩემ საკეთილდღეოდ, არამედ ყველა ქალისთვის სიკეთის მოსატანად“.

ჰერთამ თავისი მეგობრის, აქტიური ფემინისტისა და განმანათლებლის, ბარბარა ბოდიშონის, ნათელ ხსოვნას მიუძღვნა თავისი ფუძემდებლური და პიონერული ნაშრომი (რომელიც წიგნად გამოსცა); სამეცნიერო პუბლიკაციის შესავალში დაწვრილებით აღწერა, რაოდენ დიდი წვლილი მიუძღოდა ბოდიშონს ქალთა ემანსიპაციისა და განათლების საქმეში; როგორ გააქრო ის ბარიერები და დაბრკოლებები, რომელთაც გამუდმებით ეჩეხებოდა მდედრობითი სქესი არა მხოლოდ სამეცნიერო კარიერაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში; როგორ აღავსებდა შთაგონებით ბარბარა ყველას, ვისაც იცნობდა; როგორ შეცვალა და გაალამაზა ჰერთას ცხოვრება ბოდიშონთან მეგობრობამ და ა.შ.

პიონერული აღმოჩენები ქვიშისა და წყლის ჭავლების შესახებ - ჰიდროდინამიკის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილი

ჰერთამ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კვლევა წამოიწყო 1901 წელს, როცა მისი მეუღლე ავად იყო. რაკი ექიმმა ზღვისპირა კურორტზე დასვენება ურჩია უილიამს, ცოლ-ქმარი მარგეითში გაემგზავრა. სანაპიროზე სეირნობისას ჰერთა მონუსხა ქვიშის იმ ნაოჭებმა, ნაპრალებმა და ჭავლებმა, ტალღის გადავლის შემდეგ რომ ჩნდებოდა. ექსპერიმენტებს შეუდგა, ურთულესი კალკულაციების ზღვაში გადაეშვა და ამ ფენომენის მათემატიკური მოდელი ააწყო. უბადლო გამოდგა მისი ცდები, ბინის მეპატრონის აბანოში რომ ჩაატარა, სასაპნეებით, თუნუქის ქილებით, ტაფებითა და მოკალული ჭურჭლებით. ლონდონში დაბრუნდა და თავის სხვენში მოწყობილ პაწაწინა ლაბორატორიაში განაგრძო საქმე: წარმოქმნა სხვადასხვა სიგრძის, მდგარი (სტაციონარული) ტალღები - წყლის ზედაპირზე ატორტმანებდა როგორც სითხით სავსე, ასევე, ცარიელ შუშის ჭურჭლებს (რომელთა სიგანეც 4-დან 44 დუიმამდე მერყეობდა); იყენებდა პერმანგანატს, საღებავებსა და მეტალის ფხვნილს. იმ ეპოქაში არავინ იყო მისი სადარი. ჰერთას გარდაცვალებიდან ორ ათეულ წელზე მეტი იყო გასული, როცა ბოლოს და ბოლოს, სხვა მეცნიერებმა შესძლეს ესოდენ მაღალი ხარისხისა და დონის ექსპერიმენტების ჩატარება, - იხსენებს პროფესორი ტროტერი. ჰერთას მეუღლე 1908 წელს გარდაიცვალა. ქალმა მისაღებ ოთახში გადაიტანა თავისი ლაბორატორია და გააგრძელა კვლევა. როცა შედეგების გამოქვეყნების დრო დადგა, აღმოჩნდა, რომ მისი დასკვნები საფუძველშივე ეწინააღმდეგებოდა ვოგან კორნიშისა და ჯორჯ დარვინის იდეებს. დარვინი მცდარ თეორიას უჭერდა მხარს, ხოლო ჰერთამ მართებული დასკვნა გამოიტანა. კორნიშმა დაკვირვებით აღწერა ქვიშისა და თოვლისტალღებიდაჭავლები“, ფოტოებიც გადაუღო, მაგრამ ეს ზედაპირული აღწერა არ აღმოჩნდა საკმარისი მისის აირტონისათვის, რადგან უფრო ღრმა და მრავლისმომცველი კვლევა სურდა. კორნიშმა, ლამის, მთელი მსოფლიო შემოიარა ქვიშის ჭავლების გადასაღებად, ხოლო მისის აირტონს მარგეითის სანაპიროს ორიოდე კვადრატული იარდი ეყო; ეს მცირე მონაკვეთი იკმარა აღმოჩენებისთვისვერასოდეს დავივიწყებ მის იმ მშვენიერ ექსპერიმენტებს, თვალყურს რომ ვადევნებდი. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ფართო სასტუმრო ოთახი გადააკეთა ლაბორატორიად და აღჭურვა აკვარიუმებით. მისის აირტონის პრაქტიკული შენიშვნები ეწინააღმდეგებოდა თეორეტიკოსებისა და მათემატიკოსების მყარ იდეებს. როცა ჰერთამ თავისი ჰიპოთეზები წარუდგინა ინგლისის სამეფო საზოგადოებას, კრიტიკოსებმა თავი წამოჰყვეს. ჰერთას ამან გული ატკინა: აშკარა იყო კონფლიქტი და წინააღმდეგობა. მისი სტატია არ მიიღო შემფასებელმა, მაგრამ საქმეში ჩაერია ნობელიანტი ფიზიკოსი, ჯონ უილიამს სტრეტი, იგივე ლორდი რეილი და დაიცვა ჰერთას მოსაზრებები. შედეგად, მიიღეს აირტონის ნაშრომი და ჰიუზის მედალიც უბოძეს“, - წერს პროფესორი ტროტერი. მალევე გამოირკვა, - ჯორჯ დარვინმა შეცდომით დაასახელა ქვიშის ჭავლების წარმოქმნის მიზეზი: მისი აზრით, მთავარი ფაქტორი იყო ქვიშისა და ფსკერის ხახუნი. ჰერთას კვლევამ თავდაყირა დააყენა ეს ჰიპოთეზა. დაამტიცა, რომ მთავარი ფაქტორი იყო მდგარი ტალღები და მორევები (vortex). ეს პროცესი ცხადად დაანახა მეცნიერებს, ექსპერიმენტის საჯარო ჩვენებისას დაფხვნილი შავი პილპილი, ალუმინის ფხვნილი და საღებავი რომ შეურია წყალსა და ქვიშას. მეტიც: მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ სწორ, ერთგვაროვან ზედაპირზე ჭავლები წარმოიქმნება იქ, სადაც წყლის სიგრძივი გადაადგილება მაქსიმალურია მდგარი ტალღების გავლენით (წყლის დონე უცვლელია ამ დროს). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნაკადი სტაციონარულია. ჭავლების თითოეული წყება წარმოქმნიდა ბორცვებს, ქვიშის „ზოდებს". ამ ბორცვებს/ზოდებს შორის მანძილი უტოლდებოდა მდგარი ტალღების სიგრძის ნახევარს. მისის აირტონის თქმით, მორევი (vortex) უსწორმასწორო, არაერთგვაროვან ფსკერზეც წარმოქმნიდა ქვიშის მწყობრი ჭავლების წყებას „ქედის“ თითოეულ მხარეს, ხოლო შემდგომი „ქედები“ წარმოიშობოდა „თავდაპირველი“ ქედის ჩაღრმავებებში. ამგვარად, ჰერთამ დასკვნის სახით დაწერა: თუკი V ფორმის ჩაზნექილობა ეტყობოდა თავდაპირველ ქედს, ყოველი შემდგომი ქედი ამ ნიშნით იქნებოდა გამორჩეული. სანამ ჰერთა გამოჩნდებოდა სამეცნიერო ასპარეზზე, მკვლევრებს მცდარი ჰიპოთეზა ჰქონდათ. გარდა ამისა, აირტონმა აღმოაჩინა, რომ ღრმა წყლებშიც მსგავსი პროცესი მიმდინარეობდა: სტაციონარული (მდგარი) ტალღები წარმოქმნიდა ქვიშისბორცვებსდა გორაკებსზღვის ფსკერზე. თავდაპირველად, ინგლისის სამეფო საზოგადოება სკეპტიკურად უყურებდა მის ნაშრომს, მაგრამ საბოლოოდ დაუჯერეს, როცა ჰერთამ საკუთარი ხელით ააწყო მინიატურული მოდელი, რომლის წყალობითაც თვალსაჩინოდ დაანახა ყველას მორევების (vortex) ზემოქმედება ქვიშის ჭავლებზე“, - წერს პროფესორი ტროტერი. ჰერთამ თავისი რევოლუციური ჰიპოთეზები წაიკითხა “British Association“-ის ინჟინერიის განყოფილების წევრების წინაშე 1904 წლის აგვისტოში. 1907 წლის ივნისში კვლავ ჰიდროდინამიკის შესახებ დაწერილი საჯარო მოხსენებით გამოვიდა „საფრანგეთის ფიზიკის საზოგადოებაში“. მართალია, სამეფო საზოგადოებამ გაწევრებაზე უარი უთხრა აირტონს (სქესის გამო), თუმცა, ამ დაწესებულებამ 1906 წელს ჰიუზის მედალი მიანიჭა მეცნიერს ორიგინალური აღმოჩენებისათვის ელექტრული რკალების, ქვიშისა და წყლის ჭავლების შესახებ“. აი, ასე გახდა ჰერთა პირველი ქალი, რომელსაც ეს ჯილდო უბოძეს. 1908 და 1911 წლებში აირტონმა კიდევ უფრო დეტალური და ღრმა სტატიები დაწერა ქვიშის ჭავლებისა და წყლის შიდა მოძრაობების შესახებ და სამეფო საზოგადოებას წარუდგინა. მისი ეს ნაშრომები დღემდე ფუნდამენტურ და ავტორიტეტულ წყაროდ მიიჩნევა. ჰერთას დიდი დამსახურება მიუძღვის “Société Française de Physique”-ის წინაშე: საგანგებოდ მათთვის ფრანგულად დაწერა რამდენიმე სტატია ქვიშის ჭავლების წარმოქმნის პროცესის თაობაზე. ისე ოსტატურად ფლობდა ფრანგულს, მისთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა ამ ენაზე სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადება. არც მძიმე დანადგარების გადატანა და არც ურთულესი ექსპერიმენტების შესრულება აღემატებოდა მის ძალებს. ჰერთამ სამეფო საზოგადოების წინაშე წაიკითხა თავისი სტატია, "Local Difference of Pressure near an Obstacle in Oscillation in Water"; ექსპერიმენტის საჯარო ჩვენებისას კი გამოიყენა მანომეტრი, რომლის მოდელიც თავად შექმნა და ხელსაწყოც საკუთარი ხელით ააწყო.

აირტონის გამოგონება, რომელმაც უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა

ქვიშისა და წყლის ჭავლებზე ჩატარებულმა პიონერულმა კვლევებმა ახალი ჰორიზონტი დაანახა ჰერთას: გამოიგონა ხელსაწყო, რომელიც პირველ მსოფლიო ომში გამოიყენეს. ის, ვინც თვალს ადევნებდა მის სახლში გაჩაღებულ ექსპერიმენტებს და ნახა, რა შედეგი გამოიღო მისმა შრომამ, როგორ გამოიყენეს მისი კვლევები ფრონტის ხაზზე, ვერასოდეს შელებს ყოველივე ამის დავიწყებას, თუმცა, ახალ თაობას თითქმის არაფერი სმენია მასზე. ომი რომ დაიწყო, გერმანელები იყენებდნენ მომწამვლელ აირს, რომელიც ადგილზევე კლავდა ათასობით ბრიტანელ ჯარისკაცს... ჰერთა მივიდა დასკვნამდე, რომ შეძლებდა აირის განდევნას სანგრებიდან და ტრანშეებიდან“, - წერს ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი. გამოგონება, რომელსაც ხან აირტონის მარაოს უწოდებენ, ხან კი აირტონის ტკაცუნას, დიდი მიღწევა აღმოჩნდა. ამ ხელსაწყოს შეეძლო, უკუეგდო მომშხამველი ნივთიერება როგორც ღია, ასევე, დახურული სივრციდან, მიწისქვეშა თავშესაფრებიდან და ტრანშეებიდან. თავიდან ეჭვის თვალით უყურებდნენ აირტონის რევოლუციურ იდეას. პრესტიჟული სამეცნიერო წრეები, ჩინოსანი სამხედროები და აკადემიკოსი კაცები ამბობდნენ, რომ ქალი ვერ შეძლებდა ასეთი რამის გამოგონებას. მისის აირტონი კვლავ შეეჩეხა გენდერულ დისკრიმინაციას. ამ აგდებულმა დამოკიდებულებამ ძალიან გააწბილა, თუმცაღა, დაუღალავად იბრძოდა მიზნის მისაღწევად. "British Army’s General Headquarters"-ის კომიტეტმა უარი თქვა მის შეთავაზებაზე. პროფესორი ტროტერის, დევიდ ლოიდ ჯორჯისა და დუგლას ჰეიგის დაჟინებული მოთხოვნის წყალობით, მისი 100,000 ტკაცუნა გამოიყენეს დასავლეთის ფრონტზე. ამ გამოგონებამ უამრავი ჯარისკაცი იხსნა საშინელი წამებით სიკვდილისგან. გამოხდა ხანი და კიდევ 50,000 შეუკვეთეს. მისის აირტონი ჯვაროსანივით გულმხურვალედ იცავდა თავის გამოგონებას... დეტალურად გამოიკვლია მომწამვლელი აირის გადაადგილება ჰაერში... ისე შეასრულა მთელი ეს სამუშაო, რიგიან ლაბორატორიაშიც კი არ დაუდგამს ... რაც მთავარია, მარტოდმარტო გაუმკლავდა ყველა სირთულეს... თავის სახლში მოაწყო ვიწრო სანგრებით დახუნძლული მინიატურული ბრძოლის ველი და ხელი მიჰყო ექსპერიმენტების ჩატარებას... სწორედ იქ გამოსცადა პაწაწინა ჯოხებითა და ბარათების ნაგლეჯებით აწყობილი ტკაცუნები“, იხსენებს პროფესორი ტროტერი და განმარტავს: ყველას აბსურდულად მოეჩვენა მისი იდეა... მაგრამ ჰერთას ისე საფუძვლიანად შეესწავლა ეს საკითხი და ისეთი სიღრმისეული ცოდნა ჰქონდა ფიზიკისა... არად ჩააგდო წინააღმდეგობა... მისის აირტონმა მიზანს მიაღწია თავისი ორიგინალური ხედვის, შეუპოვრობისა და ენთუზიაზმის წყალობით... მაგრამ ამავე დროს, ძალიან გულგატეხილი და დათრგუნული მეჩვენა... მისმა ექსპერიმენტებმა ყველა დაარწმუნა, რომ სიმართლეს ამბობდა... მეც ვნახე ეს საცდელი ჩვენებები და სხვებმაც (მათ შორის, ჭკვიანმა ჯარისკაცებმა და მოიხიბლნენ კიდეც), თუმცა, ბევრმა არც კი იკადრა მოსვლა... არ აღიარებდნენ მის ღვაწლს და არც კი უცდიათ გამოგონების გამოცდა... ჰერთას ძალ-ღონე გამოეცალა, ისე ცდილობდა სხვების დარწმუნებას. ეს იყო ყველაზე მომქანცველი ჯაფა მისთვის და არა - თავად გამოგონება.

როცა საბოლოოდ დამტკიცდა, რომ მისი გამოგონება ეფექტური იყო, მისის აირტონმა დანანებით აღნიშნა, უფრო ადრე რომ დაეჯერებინათ ჩემთვის, ბევრად უფრო მეტი ჯარისკაცის ხსნას შევძლებდიო. მისი მეგობრები იხსენებენ, როგორ ჩიოდა - ჩემი გამოგონება ადამიანის გადარჩენის ნაცვლად სიცოცხლის მოსასპობად რომ ყოფილიყო გამიზნული, მყისვე ჭკუაში დაუჯდებოდათ ჩემი შეთავაზებაო. საბედნიეროდ, მისის აირტონმა ბრწყინვალე გამარჯვებით დააგვირგვინა თითქმის სამწლიანი ბრძოლა და დააპატენტა გამოგონება, რომელმაც განუზომელი სიკეთე მოუტანა კაცობრიობას.

ჰერთამ კიდევ ერთი კვლევა წამოიწყო სიცოცხლის უკანასკნელ წლებში და დაწერა რამდენიმე პიონერული სტატია. მისი ნაშრომების წყალობით გააუმჯობესეს საკანალიზაციო გაყვანილობების, მაღაროთა და საბადოთა სავენტილაციო სისტემა და შეძლეს იქ ჩაბუდებული მავნებელი აირების განდევნა. ეს იყო მისი უკანასკნელი დიდი მიღწევა. 1923 წლის აგვისტოს დამლევს გარდაიცვალა: სისხლი მოუწამლა მწერის ნაკბენმა. ორი წლის შემდეგ, მისმა მეგობარმა, ოტილი ჰენქოქმა, დააარსა ჰერთას სახელობის კვლევითი სტიპენდია, რომელიც დღემდე გაიცემა. 2007 წელს მისი სახლის შესასვლელთან ჩამოკიდეს მემორიალური დაფა; 2010 წელს ინგლისის სამეფო საზოგადოების წევრებმა და მეცნიერების ისტორიკოსებმა აირტონი დაასახელეს ყველაზე გავლენიან ათ ინგლისელ ქალს შორის; 2015 წელს “British Society”-მ დააარსა მისი სახელობის ჯილდო; 2016 წლის 28 აპრილს „გუგლმა“ აღნიშნა ჰერთას დაბადების 162-ე წლისთავი და საგანგებო „Google Doodle“ განათავსა ოფიციალურ საიტზე; 2017 წელს შეფილდის უნივერსიტეტმა გახსნა ჰერთას სახელობის მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის ცენტრი.

ძალზე უხვი მემკვიდრეობა დატოვა ელექტროინჟინერიის, ჰიდროდინამიკისა და ფიზიკის ამ გიგანტმა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აგულიანებდა ქალებს, მეცნიერებას გაჰყოლოდნენ და ტოლი არ დაედოთ კაცებისათვის. უდიდესი წვლილი მიუძღვის „ქალთა საერთაშორისო საუნივერსიტეტო ფედერაციის“ დაარსებაში (ეს დაწესებულება 1919 წელს გაიხსნა და მისი მთავარი მიზანია ქალთა განათლების ხელშეწყობა მსოფლიო მასშტაბით). დაუდგრომელმა, მებრძოლმა ჰერთამ შთაგონებით აღავსო თავისი სქესის წარმომადგენლები და გაუღო იმ მეცნიერული სამყაროს კარი, დახშული რომ იყო მათთვის. უთუოდ წარუშლელი კვალი დატოვა როგორც მეცნიერებაში, ასევე, ფემინისტური მოძრაობის ისტორიაში. აირტონი მიიჩნევდა, რომ უდიდესი სიბრიყვე და აბსურდი იყო მეცნიერ ქალთა დისკრიმინაცია; რომ ადამიანის სქესს არავითარი კავშირი არ ჰქონდა მის მეცნიერულ შესაძლებლობებთან; რომ „ქალები და მეცნიერება“, როგორც იდეა და ცნება, სრული უაზრობა იყო, რადგან ქალი, ისევე, როგორც კაცი, ან იყო კარგი მეცნიერი, ან არა; რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ქალს უნდა მისცემოდა შესაძლებლობების გამოვლენის უფლება, მისი ნაშრომ-ნაღვაწი კი უნდა შეეფასებინათ მეცნიერული თვალსაზრისით და საერთოდ არ უნდა მიექციათ ყურადღება მისი სქესისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, სამეფო საზოგადოებამ სწორედ სქესის საფუძველზე დაიწუნა, რაკი ნაკლი ვერ უპოვა მის ღრმა მეცნიერულ ცოდნასა და ბრწყინვალე ექსპერიმენტებს. აირტონი იდგა იმ პიონერ ქალთა რიგებში, რომელთაც წარმატებით შეაღწიეს იმ სფეროში, სადაც მამაკაცები დომინირებდნენ: იგი აღმოჩნდა ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის ერთადერთი წევრი ქალი 3,300 კაცს შორის. მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, ქალთმოძულენი რომ არ აღიარებდნენ მის დამსახურებას და ეგონათ, რაკი ქალი იყო, ვერაფერს გახდებოდა და ვერ შესძლებდა წარმატების მწვერვალების დაპყრობას. ჰერთამ იცოდა და მსოფლიოს დაუმტკიცა კიდეც, რომ ქალს შეეძლო, გამხდარიყო დიდი მეცნიერი. მთელი მისი მოღვაწეობა და ცხოვრება ამის ნათელი მაგალითია.

ჰერთა აირტონი - ეს აგნოსტიკოსი, სოციალისტი და პროლეტარიატის გულანთებული ქომაგი ოცდაოთხი საათიდან თორმეტს სწირავდა სამეცნიერო მუშაობასა და კვლევა-ძიებას. როცა გარდაიცვალა, უკვე მიიჩნეოდა წამყვან მეცნიერად, ურყევ ავტორიტეტად და რამდენიმე დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლად. სიკვდილის დღემდე თავდაუზოგავად შრომობდა; უნდოდა, რაც შეიძლება, მეტი რამის აღმოჩენა და გამოგონება მოესწრო, რადგან კარგად იცოდა, დათვლილი იყო მისი დღეები. პროფესორი ტროტერი იხსენებს: „ისე შეერყა ჯანმრთელობა, ხვდებოდა, დიდხანს ვერ იცოცხლებდა. სურდა, ყოველი წამი გაეტარებინა შრომაში, რადგან ხვდებოდა, - თუ ასე არ მოიქცეოდა, შეიძლებოდა, ხელიდან გაეშვა გამაოგნებელი  აღმოჩენა. სისხლის მოშხამვას დაერთო საშინელი დაქანცულობა... გამუდმებით ლაბორატორიაში იყო, კვლევებს ატარებდა და ისუნთქავდა ათასგვარ მავნებელ აირს... ამან გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი“.

სულაც არაა გასაკვირი, რომ მისის აირტონს ხშირად ადარებენ თავის ლიტერატურულ სეხნიას, ჰერთას - შვედი ფემინისტი მწერლის, ფრედერიკა ბრემერის, რომანის ამბიციურ და მიზანსწრაფულ გმირს. საოცრად ჰგავდა ამ პერსონაჟს: ყველა დასახულ მიზანს მიაღწია, გაწბილებული დატოვა მიზოგინები, აიხდინა ოცნებები და დაიპყრო წარმატების მწვერვალები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^