Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ონელი ებრაელების ისტორია

16 აგვისტო 2018

ონი (რაჭა-ლეჩხუმი) მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და მაღალი მთებით არის გარშემორტყმული. ისტორიულ წყაროებში ონი პირველად XV/XVI საუკუნეებშია ნახსენები. ძნელია იმის დადგენა, თუ როდის დასახლდნენ პირველი ებრაელები ონში. ვახუშტი ბაგრატიონი/ბატონიშვილი (1696-1757), ქართველი გეოგრაფი, კარტოგრაფი და ისტორიკოსი, თავის მნიშვნელოვან სამეცნიერო ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (1745) ქალაქ ონზე წერს:   

„ხოლო ჯეჯორის შესართავს ზეით და რიონის სამჴრით არს ონი. სახლობენ ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ. ონი ჰავით არს მშუენი და ზაფხულის ცხელი, ორთა მთათა შინა კლდოვანთა ყოფითა. არამედ აგრილებს მდინარე რიონი“.

ონის ცენტრი

ონში ებრაული უბნის მთავარ ქუჩას ბააზოვის ქუჩა ჰქვია. სახლი, რომელშიც 1903-1923 წლებში „ებრაელი რაბინი და საზოგადო მოღვაწე“, დავით ბააზოვი ცხოვრობდა, დღეს დანგრევის პირასაა.

დავით ბააზოვი საქართველოში სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო და გადმოცემით 1903 წელს ბაზელში, სიონისტურ კონგრესში იღებდა მონაწილეობას. ის რელიგიური საქმის პარალელურად წერა-კითხვის გამავრცელებელი საქმიანობით იყო დაკავებული და ონში საბაზო სკოლასაც უძღვებოდა. სავარაუდოდ, ეს ის სკოლაა, რომელიც ონის სინაგოგის ეზოში მეორე მსოფლიო ომამდე ფუნქციონირებდა. დავით ბააზოვი 1930-იან წლებში, სტალინური ტეროროს დროს, ციმბირში გადაასახლეს. ის 1947 წელს გარდაიცვალა თბილისში.

დავით და გერცელ ბააზოვების სახლი

1904 წელს ამავე სახლში დაიბადა დავით ბააზოვის ვაჟი, ებრაელ-ქართველი მწერალი, გერცელ ბააზოვი. გერცელ ბააზოვი ქართულ-ებრაული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. პირველად მისი ლექსები 1918 წელს გაზეთ „ებრაელის ხმაში“ გამოქვეყნდა, რომელიც ქუთაისში გამოდიოდა. ის 1921-1922 წლებში მხატვარ უჩა ჯაფარიძესთან და თეატრმცოდნე დიმიტრი ჯანელიძესთან ერთად თავად გამოსცემდა ლიტერატურულ ჟურნალს სახელად „ონი“. 1922 წლიდან გერცელ ბააზოვმა უკვე თბილისში გააგრძელა მოღვაწეობა, სანამ 1938 წელს სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდებოდა.

ბააზოვის ქუჩის გარდა, ონში კიდევ სამი ქუჩაა, სადაც ადრე ძირითადად ებრაელები ცხოვრობდნენ: ვახტანგ VI-ის ქუჩა, „კიროვის ქუჩა“ და ჩაჩაშვილის ქუჩა (მიხეილ ჩაჩაშვილი ებრაელი ექიმი ყოფილა).   

ონის ებრაული თემი დღეს

ონში დღეს სულ რამდენიმე ებრაული ოჯახიღა შემორჩა. როდესაც სინაგოგა დაკეტილი დაგხვდა, იქვე მცხოვრებლებმა მიგვასწავლეს, რომ სინაგოგას „აბაკა“, იგივე აბრაამ შიმშილაშვილი გაგვიღებდა. ონში ამჟამად მცხოვრები ებრაელები ერთი დიდი ოჯახის წევრები არიან. აბრაამ და სიმონ შიმშილაშვილები ბიძაშვილები არიან.

სულიკო შიმშილაშვილიც მათი ნათესავია. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელიც მისი ოჯახიდან მოდიოდა, მაინც ქართველზე, ლობჟანიძეზე გათხოვილა. ოთხი დედმამიშვილიდან, მის გარდა, ყველანი ისრაელში წასულან. შვილებიც ისრაელში ცხოვრობენ. მამა, ბენო შიმშილაშვილი, მუშა იყო, დედა კი - დიასახლისი. როგორც თვითონ გვიყვება, დღესაც იცავს ებრაულ რელიგიურ რიტუალებს. მაცას (უმარილო ხმიადი, რომელსაც ებრაელები რელიგიური ჩვეულების მიხედვით ამზადებენ) აქ აღარ ვაცხობთ, ისრაელიდან ჩამოგვდისო, ამბობს. ონის ებრაული თემიდან მიშა ჩაჩაშვილს იხსენებს, რომელსაც ქართველი ცოლი ჰყოლია. ონელი ებრაელები ძირითადად ექიმები, ბუღალტრები, მეწაღეები, დალაქები იყვნენო, გვიყვება. ქართულ-ებრაულ ურთიერთობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ამბობს, რომ ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან. მან ონის მეორე საშუალო სკოლა დაამთავრა და მის ქართველ კლასელებს დღესაც დიდი სიყვარულით იხსენებს.

ონის სინაგოგის კარი სიმონმა გაგვიღო. ის მშენებელი ინჟინერია და პროფესიას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (იგივე გპი) დაეუფლა. მამა, აბრაამ შიმშილაშვილი, პროფესიით ეკონომისტი ყოფილა. გარდაცვალების შემდეგ ის ჯერ ონში დაუკრძალავთ, 2002 წელს კი, დანაბარებისამებრ, ისრაელში გადაუსვენებიათ. სიმონ შიმშილაშვილი რელიგიურად ცხოვრობს და სინაგოგის დათვალიერებაზე შაბათ დღეს უარს გვეუბნება, რადგან რელიგიური წესი ამის უფლებას არ აძლევს. ონის სინაგოგის აშენების ისტორიას იხსენებს. სინაგოგის მშენებლობა ოთხი წლის მანძილზე გრძელდებოდა და 1895 წელს დასრულდა. ხშირად მოისმენთ მოსაზრებას, რომ სინაგოგის მშენებლობაში ცნობილი ძმები ნობელები (ბაქოსა და ბათუმის ნავთობის ბიზნესის მფლობელები) და როთშილდებიც იყვნენ ჩართული. სინაგოგა ვარშავის დიდი სინაგოგის ნიმუშზეა აგებული, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა დაანგრიეს. რაბინი ელია ამშიკაშვილს ჩამოუტანია პროექტი ვარშავიდან ონში. ბერძენ ხელოსნებს სინაგოგა თეთრი კირქვით და უბრალო მთის ქვით აუშენებიათ.

ონის სინაგოგა

რაბი ონიდან ათი წლის წინ წავიდა. წირვა დღეს ონის სინაგოგაში მხოლოდ მაშინ ტარდება, როდესაც იქ ათი ებრაელი მაინც მოიყრის სალოცავად თავს. როგორც სიმონ შიმშილაშვილი გვიხსნის, ებრაული ლოცვა დღეში სამჯერ სრულდება: დილის ლოცვა - შახარიტ (Schacharit/Schaharit: დილის შუქი), შუადღის/ნაშუადღევის ლოცვა - მინხა (Mincha/Minha) და საღამოს ლოცვა - მაარივ/არვიტ (Ma’ariv/Arvit).

აბრაამ შიმშილაშვილი სინაგოგაში შესვლისას ჯერ შესასვლელი კარის მარჯვენა მხარეს განთავსებულ მეზუზას (ებრაელთა სახლის მფარველი, მშვიდობისა და დოვლათიანობის მცველი. ის ლითონის თხელი ყუთია, რომელშიც ჩასვენებულია ფრაგმენტი თორიდან. ებრაული ტრადიციის თანახმად, ოჯახის ყველა წევრი სახლიდან გასვლისას და დაბრუნებისას გარკვეულ რიტუალს ასრულებს, რათა მშვიდობიანი დღისთვის მადლობა უთხრას გამჩენს) ადებს ხელს, შემდეგ ლოცვას იწყებს, ბოლოს კი ფულის შესაწირთან (ცედაკა/tzedakah) მიდის და ფულს სწირავს.

ონის სინაგოგა

სინაგოგის ეზოში განთავსებულია მაცას საცხობი ოთახი, რომელსაც ამჟამად რესტავრაცია უტარდება. ოთახში ნახავთ მაცას ცომის მოსაზელ და გასაბრტყელებელ აპარატებს და მაცას საცხობ ღუმელს. ონური მაცა თურმე გამოირჩეოდა თავისი განსაკუთრებული გემოთი - რაჭაში ხომ ტრადიციულად გემრიელი პური ცხვებოდა. სინაგოგის ეზოშივეა მიქვე (რიტუალური აბანო) და შეხიტას (ცხოველების და ფრინველების რიტუალური შეწირვა) შესასრულებელი ადგილი.

ონში ხანშიშესულ ქალბატონ, ლია ტატიკიშვილსაც ვესაუბრეთ. ლია (დედა - ფანია ბააზოვა, მამა - გერცელ ტატიკიშვილი) მარტო ცხოვრობს. საბჭოთა დროს სოფლის კოოპერატივში მუშაობდა, სადაც ღუმლების დანთება ევალებოდა. როგორც ამბობს, ფიზიკურად მძიმე სამუშაოს ასრულებდა (შეშის გადატანა), რამაც მის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედა. სკოლაში, სადაც მე ვსწავლობდი, ნაწილი ქართველი, ნაწილი ებრაელი იყოო, გვიყვება.

ებრაული სასაფლაო

ბააზოვის ქუჩის ბოლოს, მარჯვენა მხარეს, ებრაულ სასაფლაოს ნახავთ. მეორე, უფრო ძველი სასაფლაო ცოტა მოშორებით მდებარეობს და როგორც სიმონი გვიყვება, მცენარეებით ისეა დაფარული, რომ აღარც კი ჩანს. კულაშის ებრაული სასაფლაოს მსგავსად, აქაც ნახავთ, როგორც ძველი ებრაული საფლავის ქვებს (მაცევა), ასევე საბჭოთა პერიოდის საფლავებსაც, რომლების გარჩევა ქართული საფლავებისგან ძალიან რთულია. ხშირად ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი საფლავის ქვებზე ებრაულად დატანებული წარწერებია. ებრაული სასაფლაო საინტერესოა იმითაც, რომ ის ერთგვარი დამატებითი ისტორიული წყაროა ონში მცხოვრები ებრაელების ისტორიის შესწავლისთვის. აქ ასვენია რაბი იომტობ შალომის ძე ბუზუკაშვილი 1909-1985; ონელი ებრაელები ილია არონის ძე ხასიაშვილი 1912-1990; ისრაელ შაბათის ძე შიმშილაშვილი 1907-1965 და სხვები.

ებრაული სასაფლაო

რაჭის მიწისძვრა და აგვისტოს ომი ებრაულ-ქართულ მეხსიერებაში

ონის ებრაელი თუ არაებრაელი მოსახლეობის მეხსიერებაში დღესაც ძალიან მძაფრად არის მოგონება 1991 წლის 29 აპრილს დილას მომხდარ, ე.წ. რაჭის მიწისძვრაზე. მიწისძვრის, რომლის ეპიცენტრი რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში მდებარეობდა, მაგნიტუდა 6.9 იყო, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში 9 ბალს აღწევდა. მიწისძვრა ონის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ცენტრალური მოვლენაა. როგორც სიმონ შიმშილაშვილი იხსენებს, მიწისძვრის სამი დარტყმა 19 წამი გრძელდებოდა. მისივე თქმით, მიწისძვრას მარტო ონში 8 ადამიანი ემსხვერპლა. მთლიანად რეგიონში მიწისძვრის გამო 200-მდე ადამიანი დაიღუპა და 100 000-მდე უსახლკაროდ დარჩა.

მიწისძვრამ საგრძნობლად დააზიანა ონის სინაგოგის გუმბათი, მისი წინა მხარე და თაღოვანი შესასვლელი, რომელსაც სინაგოგის თავზე განთავსებული დაფა დაეცა. დაფაზე ათი მცნება არის ამოტვიფრული. სინაგოგის წინა მხარის რესტავრაცია მალევე მოხერხდა. ონის ძველი პატარა ხის სინაგოგა (სახ. პატარა ლოცვა) კი მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია. დღეს ძველი სინაგოგის ადგილას დიდი ქვის ლოდი დევს, რომელიც მნახველებს ხის ნინაგოგაზე მიუთითებს.

ონის მცხოვრებთა მეხსიერებაში ასევე მკვეთრადაა აღბეჭდილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩამოვარდნილი ბომბები - ორი ბომბიდან მხოლოდ ერთი აფეთქებულა. აგვისტოს ომს ონში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა გოგო, რომელიც ონის ცენტრში, სასტუმროს გვერდით მდებარე ავეჯის მაღაზიაში მუშაობს, ხელზე უზარმაზარ ნაიარევს გვაჩვენებს, რომელიც აგვისტოს ომმა დაუტოვა. ონშივე შეხვდებით ახალ აშენებული კოტეჯის ტიპის სახლებს, რომლებიც ომის დროს დაზარალებულებს საკომპენსაციოდ აუშენეს.

რას იხსენებენ ქართველი ონელები:

ქეთევან მაისურაძემ ბააზოვის ქუჩაზე ებრაელებისგან სახლი 1974 წელს იყიდა და ონთან ახლომდებარე სოფლიდან ქალაქში გადმოსახლდა. სახლი ხანძრის დროს დაეწვა, ახალაშენებული სახლი კი მიწისძვრას სასწაულებრივად გადაურჩა. 1991 წლის 29 აპრილის დილა მის მეხსიერებაში ძალიან ნათლად აღიბეჭდა. როგორც ჰყვება, იმ დროს საავადმყოფოში მუშაობდა, შესვენება ჰქონია და ქსოვდა. საავადმყოფოდან სახლისკენ გაქცეულს ვერც კი შეუმჩნევია, რომ მთელი გზა საქსოვი ძაფი კვალად მოსდევდა.

მიწისძვრის შემდეგ ონი სულ მთლად დაცარიელებულა. ამას 90 წლებში, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ებრაელების ისრაელში ემიგრაციაც დაემატა. „ონი ის ონი აღარ არის, რაც ებრაელები წავიდნენ“, - ამბობს ქეთევანი. ებრაელებს ძალიან ჰყვარებიათ რაჭული საჭმელი „წო“ (ტყემალი როცა დაიწურება და ტყლაპი მომზადდება, დარჩენილი წვენი კარგად უნდა დადუღდეს, სანამ სქელ მასად არ გადაიქცევა.) წოს მისი მომჟავო არომატის გამო, ძირითადად ჩაიში ლიმონის ნაცვლად იყენებენ. წოს გამო ჩამოდიან ძველი ებრაელი ონელები და მიაქვთო, გვიყვებიან ონში.

დღეს ონი, როგორც მისი მეზობელი ამბროლაური და ტყიბული, ძალიან ღარიბი ქალაქია. მოსახლეობა ძირითადად მეურნეობით ირჩენს თავს. ახალგაზრდები კი დიდ ქალაქებში გადადიან საცხოვრებლად.

მეზუზა

ებრაული სახლები ონში

ძნელია იმის გარჩევა, თუ როდის დაინგრა ებრაული სახლების ნაწილი - მიწისძვრის შემდეგ, თუ იმის გამო, რომ წლებია იქ უკვე არავის უცხოვრია. ონის ცენტრში ერთი, უკვე თითქმის დანგრევის პირას მისული სახლი იქცევს ჩვენს ყურადღებას. სახლს წინა მხარეს ქვის დაფა აქვს მიმაგრებული, რომელზეც სახლის აშენების წელი (1918) და დავითის ვარსკვლავია (ექვსქიმიანი ვარსკვლავი/მაგენ დავიდ) გამოსახული. სახლის მოპირდაპირე მხარეს, ბენზინგასამართი სადგურთან შუა ხნის ონელი მამაკაცები სხედან. ერთ-ერთი მამაკაცი გვიხსნის, რომ ამ სახლში 105 წლის ქალი ცხოვრობდა, რომელიც გარადაცვალებამდე ისრაელში წასულა. აბრაამ შიმშილაშვილის ცოლის ბებიას, რომელსაც აქაურები ზედმეტსახელ „ბაჩი-ბაყით“ მიმართავდნენ, მერი შიმშილაშვილი რქმევია. „ბაჩი-ბაყის“ ხსენებაზე ყველას თბილად ეღიმება.

მერი შიმშილაშვილის სახლი

ამ სახლის გვერდით ხის ერთსართულიანი სახლი შევამჩნიეთ, ქართული ტრადიციული ორნამენტებითა და კარებთან მიმაგრებული მეზუზით. აქ ადრე ებრაელი ბუღალტერი და ღუმლების კარგი ოსტატი ცხოვრობდა. 

ებრაული სახლი

დავით აღმაშენებლის ქუჩაზეც ყოველ ნაბიჯზე ებრაული სახლები გვხვდება. მეზუზები ან მათი კვალი სახლების პირველი და მეორე სართულების კარებზე ჩვენთვის ის მნიშვნელოვანი მინიშნებაა, რომელიც ონში ებრაული კვალის აღდგენაში გვეხმარება. მორიგ სახლზე აღმოვაჩინეთ მეზუზა. ქართველი მეზობლები გვიყვებიან, რომ სახლში სონა ხასიაშვილი ცხოვრობდა, რომელიც 90-იან წლებში ისრაელში წასულა. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ მოუკითხავს სონას რძალს სახლის ამბავი.

ებრაული სახლი

ონის ებრაელების სახლების საწვიმარი მილები, სახურავის მორთულობა თუ სახლების წინა ფასადებზე დატანებული თუნუქიდან გამოჭრილი დეტალები განსაკუთრებულად იქცევს ჩვენს ყურადღებას. დეტალები იმ მასალიდანაა გამოჭრილი, რომელსაც ხელოსნები სახლების გადასახურად იყენებენ. როდესაც სახლის სახურავებზე დამაგრებული, ვარსკვლავების, მტრედებისა და ირმების, თუ სხვადასხვა ორნამენტების შესახებ ვიკითხეთ, ონელებმა გერშომ ჩაჩაშვილი გაიხსენეს. ონელ ებრაელ ხელოსანს გადაუხურავს ონში თითქმის ყველა სახლი. სინაგოგის ახალი სახურავიც მისი გაკეთებულია. ფიგურები და სახლებზე დატანებული დეტალები განსაკუთრებული ხელწერით გამოირჩევა და ონის ებრაული უბნის სახლებს განსხვავებულ იერ-სახეს სძენს.

გერშომ ჩაჩაშვილის ნაკეთობები 

ებრაელების წასვლა:

სიმონ შიმშილაშვილი ათი კულაშელი ებრაული ოჯახის ამბავს მიყვება, თუ როგორ მოახერხეს მათ და 70-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებისგან ისრაელში წასვლის თანხმობა მიიღეს. მათ მოსკოვში პროტესტის ნიშნად იშიმშილეს და უამრავ სხვა ებრაელსაც გაუხსნეს გზა. სიმონი გვახსენებს ებრაულ ტრადიციულ სურვილს, რომელიც შემდეგი ფრაზით გამოიხატება - შემდეგ წელს იერუსალიმში (L’Shana Haba’ah B’Yerushalayim). როდესაც ედუარდ შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, ებრაელებისთვის ისრეალში წასვლა გაადვილებულა. ებრაელებს ემიგრაციის წინ აწერინებდნენ წერილს, სადაც ისინი ადასტურებდნენ, რომ უკან დაბრუნებაზე პრეტენზიას არ გამოთქვამდნენ. ისრაელში ემიგრაციის პროცესი 1968 წლიდან დაიწყო და ბოლო ნაკადი 90-იანი წლებში წავიდა. ონის სასაფლაოსა და სინაგოგას ისრაელის ქართველი ებრაელების სათვისტომო პატრონობს. ზაფხულობით ისინი ხშირად სტუმრობენ ონს. ზოგი მათგანი მათ ძველ სახლებშიც კი ჩერდება.  

ებრაული სახლი 

საბჭოთა რეპრესიები

ონის სინაგოგის დანგრევა საბჭოთა ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებს 1933 წელს უცდიათ. როდესაც ქალაქში ეს ამბავი გავრცელებულა, პროტესტის ნიშნად ქართველი და ებრაელი ქალები სინაგოგაში ჩვილ ბავშვებთან ერთად ჩაკეტილან. პროცესი სამი-ოთხი დღე გაჭიანურებულა, სანამ საბჭოთა ხელისუფლებას ბრძანება არ შეუცვლია. ასე შეჩერებულა სინაგოგის დანგრევა. ონში ამ ამბის ბევრ განსხვავებულ ვერსიას მოისმენთ, თუმცა ყველა მთხრობელი ერთმნიშვნელოვნად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ სინაგოგის დასაცავად ებრაელ ქალებთან ერთად მათი ქართველი მეზობლებიც გამოვიდნენ.

ონთან ახლოს მდებარეობს სოფელი ლაილაშიც, სადაც ძალიან საინტერესო ებრაული კვალი იკვეთება. ამ მაღალმთიანი სოფლის ისტორია ვრცელ წერილს იმსახურებს. 

© ფოტო/ტექსტი: ირინე ბერიძე  

აგვისტო, 2018

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^