Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფრაგმენტები ნარკომომხმარებელი ქალების ცხოვრებიდან

03 სექტემბერი 2018

ოპერაციამდე თავად ვუთხარი ექიმს, რასაც მოვიხმარდი. თავიდან გაიცინა, შენ არაფერი გეტყობა ნარკომანისო... ამის მერე ყველა სათითაოდ შემოდიოდა პალატაში... აი, ესაა... მაიმუნივით მათვალიერებდნენ, საშინლად ვიგრძენი თავი“…

„შვილმა მითხრა, იმ პროგრამაში მისული რომ დაგინახო, თავს მოვიკლავო“

„ჩემთვის უთქვამ, რომ, გთხოვ, თავი შეიკავე... ვგრძნობ, რომ ჩემს შვილს არ სიამოვნებს; ჩემ ნათესავებს არ სიამოვნებს; ყველამ კარი მომიხურა, ძველმა მეგობრებმა. და მეც ვცდილობ, თავი ავარიდო ასეთ ხმამაღალ განცხადებებს

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილს ყველაფერი მე გავუკეთე, განათლება მივეცი, ბინა ვუყიდე, ფინანსურად ვინახავ მასაც და მის ქმარსაც, მაინც ნებისმიერი პირადი, თუნდაც პატარა წარუმატებლობის დროს, მე მადანაშაულებს, რომ ცხოვრება დავუნგრიე, და მე რომ ასეთი არ ვიყო, მის ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ახლაც ცრემლები მაწვება... რატომ უნდა იყოს ასე, რამდენმა დედამ შეძლო იგივე გაეკეთებინა შვილისთვის ამ ასაკში?... სიკვდილი მინდა ხანდახან, მერე ყველა დაისვენებს“…

სახლი, სამეგობრო, სამსახური, სამედინიცო დაწესებულება, პოლიცია - სტიგმისა და საზოგადოების მიუღებლობის გამო ნარკომომხმარებელი ქალები ყოველი ფეხის ნაბიჯზე დამცირებას, გარიყვასა და დისკრიმინაციას აწყდებიან. ნარკომომხმარების სტატუსის გამო ოჯახში ძალადობა მათი ყოველდღიურობაა. ექიმების გულგრილი დამოკიდებულება აიძულებთ იშვიათად მიმართონ მათ. არ ამხელენ საკუთარ სტატუსს. ძალადობის შემთხვევაში არ აქვთ იმედი, რომ სამართალდამცველები მათ პრობლემებს ადეკვატურად მიუდგებიან.

„ორსულობის დროს, მივედი ექიმთან, აღრიცხვაზე რომ ავეყვანე. მისვლისთანავე შემექმნა პრობლემა, იმის გამო, რომ ნარკომომხმარებელი ვიყავი. ექიმმა მითხრა, რომ აბორტი უნდა გამეკეთებინა, რადგან ბავშვი ავადმყოფი იქნებოდა, მილიონი მიზეზი მოიყვანა. ჩემი მიღებაც არ უნდოდა, რომ გაიგო ნარკომომხმარებელი ვიყავი. ერთ კვირაში რომ მივედი, გაკვირვებულმა მკითხა, გადაწყვიტე, რომ იტოვებ ნაყოფსო? ვუთხარი, ვიტოვებ-მეთქი. შევხედოთ, თუ დარჩება, დარჩებაო“, - ამბობს ნარკომომხმარებელი ქალი ნინო (სახელი შეცვლილია);

როგორც ნინო ნარკოტიკების მომხმარებელ/ყოფილ მომხმარებელ ქალთა თვითორგანიზაცია „აკესოს“ მიერ მომზადებულ ვიდეოში ჰყვება, ექიმების გულგრილი დამოკიდებულების გამო პრობლემები მშობიარობის დროსაც შეექმნა.  

„მშობიარობის დრო რომ მოვიდა, საკეისრო გამიკეთეს. გაუტკივარებამ არ იმოქმედა. მიზეზად დამისახელეს, რომ ვინაიდან ნარკომომხმარებელი ვიყავი, ამის გამო არ იმოქმედა გამაყუჩებელმა. ჩვეულებრივ გადავიტანე გაჭრა. არანაირი შემოწმება არ ყოფილა. გამიკეთეს 3 ნემსი და გამჭრეს. გაუყუჩებლად გადავიტანე საკეისრო და ამოიყვანეს ბავშვი. ტკივილისგან რომ ვითიშებოდი, შემდეგ უკვე სრული ნარკოზი გამიკეთეს.

პალატაში რომ გადავყავდი, მესმოდა ექიმი როგორ ეუბნებოდა ანესთეზიოლოგს, რომ იცოდე, ჩვენთან „ნარკამანკა“ წევს, მაგიტომაც არ იმოქმედა გამაყუჩებელმაო. ეს ყველას ესმოდა, მთელმა საავადმყოფომ გაიგო, რომ ნარკომომხმარებელი ვიყავი. არანაირი კონფიდენციალობა... ქედმაღლური დამოკიდებულება... ძალიან გაუკვირდა, ბავშვი ჯანმრთელი რომ იყო.

რამდენიმე საათში დედაჩემი მოვიდა. ძალიან ცუდად ვიყავი, ძლივს ავდექი და ექიმთან გავედი. ვუთხარი, რომ დედაჩემი მოდის და ისე ქენით, რომ რომელიმეს დედაჩემთან არ წამოსცდეს-მეთქი. დედაჩემისთვის არ უთქვამთ, მაგრამ მე ვგრძნობდი ჩემ მიმართ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ, ნაკლები ყურადღება და ა.შ. ძალიან ძნელი იყო ამის ატანა“, - ამბობს ნინო.

„აკესოს“ კვლევაში აღნიშნულია, რომ სწორედ ამგვარი დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად ნარკომომხმარებელი ქალები სამედიცინო სერვისით სარგებლობის დროს, ძირითადად, თავს იკავებენ სტატუსის გამხელისგან, ხოლო თუ სამედიცინო პერსონალი მიხვდება, რომ საქმე ნარკომომხმარებელ ქალთან აქვს, დამოკიდებულება მაშინვე ხდება გულგრილი, მატულობს დამცინავი, შეურაცხმყოფელი კომენტარები („აკესოს“ კვლევაში მონაწილეობდა 27-54 წლის 46 ქალი რესპონდენტი, მათ შორის მეტადონით ჩანაცვლებითი პროგრამის, შპრიცების პროგრამის ბენეფიციარები, აგრეთვე, ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ქალები).

კვლევაში ვკითხულობთ, რომ უხეში ან ღირსების შემლახველი დამოკიდებულება სამედიცინო პერსონალის მხრიდან პირდაპირ აისახება მიმართვიანობის მაჩვენებელზე. ნარკომოხმარების სტატუსის გაუმჟღავნებლობა კი რიგ შემთხვევაში პირდაპირ კავშირშია მკურნალობის ხარისხთან.

რაც შეეხება ზიანის შემცირების პროგრამებს, კვლევაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან ზიანის შემცირების პროგრამის ბენეფიციარობა ავტომატურად ნიშნავს, რომ მოიხმარდი/მოიხმარ ნარკოტიკს, შესაბამისად, ოჯახის წევრებს ურჩევნიათ, საზოგადოებისათვის ეს ფაქტი უცნობი დარჩეს, ვიდრე „მათმა დედამ, დამ, მეუღლემ, შვილმა იგრძნოს შვება“ - „შვილმა მითხრა, იმ პროგრამაში მისული რომ დაგინახო, თავს მოვიკლავო“.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ბენეფიციარი ქალები ხშირად ყოფილან ფიზიკური/სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლნი, მათ შორის, თავად სერვისის მიმღები კაცი ბენეფიციარების მხრიდან, შესაბამისად, ისინი აქცენტს აკეთებდნენ, მინიმუმ, ცალკე შესასვლელის და/ან ქალებისთვის სერვისის ალტერნატიული საათების საჭიროებაზე.

„საქართველოში ქალი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს, ამოვარდნილია, ჩვენი გაგებით, ნორმალური გენდერული ნორმის აღქმიდან, რომ ავტომატურად სტიგმა და დისკრიმინაცია და ნეგატიური დამოკიდებულება მოდის ამ ქალის მიმართ, მისი ოჯახის მიმართ, გარემოცვის მიმართ და ამის გამო ეს ქალები ერიდებიან ამ სერვისებში ჩართვას იმიტომ, რომ ავტომატურად მათი სტატუსი გახსნილია“, - ვკითხულობთ კვლევაში.

სტატისტიკური მონაცემებიც ცხადყოფს, რომ ნარკოლოგიურ სერვისებში ქალების ჩართულობა დაბალია. მაგალითად, ნარკოვითარების ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში ჩართული იყო 4827 ადამიანი, მათ შორის 35 ქალი, ხოლო 2017 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით მეთადონით ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართული იყო 5,218 პაციენტი, მათ შორის 37 ქალი.

ნარკომოხმარებასთან დაკავშირებული სტიგმის გამო ექიმთან მისვლისგან თავი შეიკავა ტასო ბარნოვამაც. როგორც ტრანსგენდერი ნარკომომხმარებელი ქალი „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, მასაც ჰქონდა პერიოდი (წარსულში), როდესაც ნარკოტიკს სისტემატურად მოიხმარდა. შემდეგ დეპრესიაც ჰქონდა და უნდოდა ექიმთან მისვლა, თუმცა არ ჰქონდა მოლოდინი, რომ მის პრობლემებს გულდასმით მიხედავდნენ.

„ექიმთან არ მივსულვარ. საქართველოში ექიმთან რომ მიდიხარ და ეუბნები, რომ ნარკომომხმარებელი ხარ, მათი მხრიდან არ მოდის ისეთი დამოკიდებულება, რომ დაუჯდე, გაისხნა მასთან და ესაუბრო. თავი შევიკავე, რადგან ვიცოდი, რომ საზოგადოება სხვანაირად უყურებს ამ ყველაფერს“, - ამბობს ტასო.

სერვისების მიღების მხრივ არსებულ პრობლემებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰეპა პლიუსის“ მიერ ჩატარებულ კვლევაშიცაა საუბარი. კვლევაში -„ტრანსგენდერების საჭიროებების კვლევა თბილისში“, წერია, რომ ტრანსგენდერთა პოპულაციაში ძალიან დაბალია მათი ჩართულობა ზიანის შემცირების, ალკო/ნარკო რეაბილიტაციის პროგრამებშიც, რადგან არსებული ფორმატით პროგრამები ვერ აკმაყოფილებს მათ კომპლექსურ საჭიროებებს.

ოჯახში ძალადობა

„ნარკოტიკს მოვიხმარ უკვე 10-12 წელია. ჩემმა შვილებმა არ იცოდნენ ჩემი სტატუსის შესახებ, სანამ არ მოვიდა პოლიცია და არ დამაპატიმრა. ციხეში გატარებული 6 წლის მიუხედავად, როცა გამოვედი, ჩემმა შვილებმა ძალიან კარგად მიმიღეს. მათი მხრიდან არანაირ წამოძახებას ადგილი არ ჰქონია, პირიქით, ცდილობდნენ ჩემს მხარდაჭერას. თუმცა ასე არ იქცეოდა ჩემი ოჯახის ყველა წევრი, კერძოდ, ჩემი დედამთილი, მისთვის წარმოუდგენელია ამ თემაზე ლაპარაკი, ან საერთოდ  იმის წარმოდგენა, რომ ქალი იღებდეს ნარკოტიკს. იყო შემთხვევები, როდესაც ჩემს შვილებს ჩემ წინააღმდეგ განაწყობდა“, - ამბობს ნარკომომხმარებელი ქალი ანა (სახელი შეცვლილია).

„აკესოს“ კვლევაში აღნიშნულია, რომ ნარკომომხმარებელი ქალებისთვის პრობლემა მძაფრდება, როდესაც ოჯახში ძალადობა ციკლურ სახეს იძენს. ამ შემთხვევაში მათი მომხმარებლის სტატუსი ართულებს თავდაცვის მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობას. ამ მხრივ მომხმარებელი და სექსმუშაკი ქალები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. როგორც წესი, ძალადობის შემთხვევების დროს არცერთ რესპონდენტს არ მიუმართავს სამართალდამცავი უწყებებისთვის, რადგან, მაღალი სტიგმის გამო, მათ არ აქვთ პრობლემაზე ადეკვატური რეაგირების მოლოდინი; ეშინიათ, თავად არ აღმოჩნდნენ დევნის ობიექტი.

„სტატუსის გაუმჟღავნებლობა ნარკომომხმარებელი ქალების მთავარი დაცვის მექანიზმია, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და განსაკუთრებით სოციო-კულტურულად ქალების მიერ ნარკოტიკების მოხმარების მიუღებლობა ოჯახში ძალადობის შემთხვევაშიც არ აყენებს მათ თანაბარ პირობებში არამომხმარებელ ქალებთან. „ჩვენ არავის შევეცოდებით. ჩვენ საზოგადოებისთვის ქალები არ ვართ“, - ნათქვამია კვლევაში.

ნარკომოხმარების გამო არამარტო ქალები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც ექცევიან გარიყვისა და სტიგმის ქვეშ. ნარკომომხმარებელი ქალის შვილი ნანა (სახელი შეცვლილია) იხსენებს, რომ დედის სტატუსის გამო მასთან უერთიერთობა გაწყვიტეს მეგობრებმა, პრომლემები შეექმნა შეყვარებულთან ურთიერთობისასაც.

„ჩემთან ძალიან ხშირად მოდიოდნენ მეგობრები... შემდეგ მოხდა ისე, ამ ბავშვებმა მოუკლეს ჩემთან მოსვლას... მამიდაჩემმა მითხრა, რომ დედაშენი ნარკომანიაო, ასე პირდაპირ, უხეშად...

5 წელი მყავდა შეყვარებული, როცა საქმე იქამდე მივიდა, რომ ან უნდა დავქორწინებულიყავით ან ერთად გვეცხოვრა, რომ რაღაც სტატუსი მისცემოდა ჩვენს უერთიერთობას, ამ ბიჭმა მითხრა, რომ მე და შენ უნდა დავიშალოთ, დედაჩემის მიზეზით. პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ნათელი იყო, რასაც მეუბნებოდა და ჩვეულებრივად დავიშალეთ“, - ჰყვება ნანა.

ომბუდსმენი ნარკომომხმარებელი ქალების პრობლემებზე

ყოველწლიურ ანგარიშებში ნარკომომხმარებელი ქალების მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას სახალხო დამცველიც.

ომბუდსმენი წერს, რომ ნარკომომხმარებელი ქალებისთვის ორმაგ ბარიერს წარმოადგენს მკურნალობის ან ზიანის შემცირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობა. ამას ემატება მთელი რიგი სისტემური, სოციალური, კულტურული თუ სხვა ტიპის ბარიერები.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დაბრკოლებას წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული ორმაგი სტანდარტი ნარკოდამოკიდებული ქალებისა და კაცების შესახებ, რომლის მიხედვითაც კაცების შემთხვევაში დიდია ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა. ნარკომომხმარებელი ქალები კი სრულიად დაუცველნი და სტიგმატიზებულნი არიან ოჯახებისა და, ზოგადად, საზოგადოებისგან.

ომბუდსმენის რეკომენდაციით, საჭიროა „ნარკომომხმარებელი ქალების უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით შემუშავდეს და დაინერგოს გენდერულ საჭიროებებზე მორგებული სამკურნალო სერვისები, რომლებიც ორიენტირებული იქნება ზიანის შემცირებაზე და გაზრდის ქალთა ხელმისაწვდომობას, რათა განხორციელდეს ეროვნული კვლევა და დადგინდეს ნარკომომხმარებელ ქალთა რაოდენობა, მათ შორის დადგინდეს რამდენი ქალი საჭიროებს მკურნალობას, ასევე ზიანის შემცირების, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებს, გაითვალისწინოს გენდერული ასპექტები და ქალთა საჭიროებები ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიაში".

მასალა მომზადდა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის  მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს  გაეროს ასოციაციის მიერ, მედიის განვითარების ფონდთან (MDF) პარტნიორობით  და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.  პუბლიკაციაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის  ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო  განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^