წინა თვეს ფეხბურთს გამოეთხოვა საოცარი არგენტინელი ფეხბურთელი ხუან რომან რიკელმე. ის ოცდათექვსმეტი წლისა იყო და ბოლო ოცდაათი მატჩი ძველი ბუენოს აირესის ცნობილ კლუბში „არგენტინოს ხუნიორსში“ ითამაშა. ეს გამოსათხოვარი სეზონი იყო.
რიკელმეს ცხოვრება პროფესიულ ფეხბურთში ლამის ოც წელიწადს გაგრძელდა და ის აუცილებლად მოიცავდა მშობლიური „ბოკა ხუნიორსიდან“ ევროპაში წასვლას, იქიდან კი კვლავ „ბოკაში“ დაბრუნებას. რიკელმეს საფეხბურთო ცხოვრებაში ყველაზე დიდი გადასვლა, „ბოკადან“ „ბარსელონაში“, მას შემდეგ, რაც ბანდიტებმა მისი ძმა მოიტაცეს და ფეხბურთელმა გამოსასყიდიც გადაიხადა, თითქოს ახალი გზის, რიკელმეს გალაქტიკურ კაბადონზე გაყვანის დასაწყისს მოასწავებდა, მაგრამ სულ პირიქით კი მოხდა. „ბარსელონაში“ მაშინ მწვრთნელად მყოფმა ლუის ვან გაალმა რიკელმეს მოსვლას პოლიტიკური ტრანსფერი უწოდა და თუ დააყენებდა, სადმე ფლანგზე. მერე კი გუნდში რონალდინიო მოიყვანეს და რიკელმე „ვილიარეალში“ გაანათხოვრეს.
ეს ცნობილი ამბავია. თუმცა ისიც ყველას ახსოვს, რომ „ბარსელონაში“ ხშირად ხდება საუცხოო ფეხბურთელთა გაუფერულება, რის შემდეგაც ისინი უფრო პატარა კლუბებში მიდიან, ან სამუდამოდ იკარგებიან თვალთახედვიდან.
რიკელმეს შემთხვევაში ასე არ მოხდა. მის შემთხვევაში უბრალოდ გამოჩნდა, რომ „ბარსელონაში“ ის არ უნდოდათ, თორემ თავად მის ფეხბურთს არაფერი დაჰკლებია. საერთაშორისო საფეხბურთო რუკას „ვილიარეალი“ სწორედ ხუან რომან რიკელმესა და მისი მაშინდელი მწვრთნელის, მანუელ პელეგირნის წყალობით დააჩნდა. იქვე იყვნენ მაშინ დიეგო ფორლანი და სხვა მაგარი ბიჭებიც, მაგრამ რიკელმე...
როგორი ფეხბურთელი იყო ხუან რომან რიკელმე?
ყველაზე კარგად მის შესახებ ხორხე ვალდანომ, ერთ დროს საუცხოო მოთამაშემ, აწ კი ნიჭიერმა მწერალმა თქვა:
„როცა ერთი ქალაქიდან მეორეში მიდიხარ, ჩვეულებრივ უმოკლეს გზას ირჩევ, გაჭრილ ტრასას, ავტოსტრადას. ჩადგები რიგში და ორ საათში ადგილზე ხარ. რიკელმე კი არასდროს მიდის ამ ცნობილი მანქანმრავალი ტრასით. ის ვიწრო, მთებში ამავალ და მტვრიან გზას ირჩევს. სანამ დანიშნულების ადგილამდე ამ გზით მიხვალთ, ალბათ ექვსი საათი დაგჭირდებათ, მაგრამ გზად შეიგრძნობთ ბუნების მთელ სიმშვენიერეს, მთების სილამაზეს, ხარბად შეისუნთქავთ სუფთა ჰაერს, იოცნებებთ და უბრალოდ კარგად იქნებით“.
ასეთი იყო ხუან რომან რიკელმეს ფეხბურთი. ალბათ უკანასკნელი რომანტიკული ფეხბურთი დედამიწის ზურგზე. ფეხბურთი იმ დროიდან, როცა მას ხელოვნებას ადარებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ამაზე კამათი შეიძლებოდა. ძველ დროს წამოიწყებოდა ხოლმე ასეთი კამათები: რატომ არ გინდათ აღიაროთ, რომ ფეხბურთი არა მხოლოდ სპორტი, არამედ ხელოვნებაცააო.
დღეს ასეთი კამათები აღარსად ისმის. ფეხბურთი ვერ არის ხელოვნება და იმიტომ. მაშინაც, თუკი ატყდებოდა ასეთი კამათი, სწორედ რიკელმესნაირების გამო იყო. ისინი უბიძგებდნენ ადამიანებს, რომ ფეხბურთი ხელოვნებასთან დაეკავშირებინათ და არა მხოლოდ ოსტატობასთან და ნიჭთან.
რიკელემე, როგორც ბოლო რომანტიკოსი, თავისი იერით, აღნაგობით, ქცევით, საფეხბურთო აზროვნებით, სრულიად შეესაბამებოდა ფეხბურთის დიად სურათებს, კლასიკას. მისი თანაგუნდელები და სხვანიც, ხშირად ამბობდნენ, რომ თანამედროვე ათიანისთვის ის საკმაოდ დიდი და მძიმე იყო და თითქოს მოუხერხებლობის მიჯნაზე აკეთებდა ყველაფერს. თუმცა იმავდროულად ვერავინ აზროვნებდა მასზე სწრაფად, იშვიათად თუ ვინმე კითხულობდა თამაშს იმ კუთხით, როგორითაც ის; თითქმის ვერავინ ფლობდა და ფარავდა ბურთს მასზე მოხერხებულად და ძნელად თუ ვინმე იძლეოდა ისეთ პასებს, როგორსაც ის.
პასს გააჩნია. ფეხბურთელებმა კარგად იციან ასეთი რამეები: თანაგუნდელი გაძლევს სწორ და ზუსტ პასს, მაგრამ ბურთი მაინც უხერხულია ხოლმე. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ეს პასი მაღალკულტურული იყოს. სხვანაირად რომ ვთქვათ, კომფორტის იმგვარ ნიშნებს შეიცავდეს, რომ პარტნიორი ამით ბედნიერებას განიცდიდეს. ერთხელ სტენ მორტენსენმა იხუმრა, მეთიუზი ნამდვილი ჯენტლმენიაო, თავზე ისე მასვამს ბურთს, რომ ბურთის თასმა არასდროს მხვდება შუბლშიო. მაშინ, მოგეხსენებათ, ბურთი თასმით იყო შეკრული.
აი, სწორედ ამ მჭიდიდან იყო რიკელმე. და ის მაგარი იყო. თითქოს ფეხბურთის გონების საუკეთესო ტრადიციას განასახიერებდა. აგებულებითაც, ნიჭითაც, აზროვნებითაც, ალბათ ხასიათითაც, ის სამოცდაათიანი წლებიდან გადმოვარდნილ ჭკვიან ფეხბურთელს ჰგავდა, ხოლო იმ სამოცდაათიანებში კი ალბათ კიდევ საიდანღაც იყო გადმოვარდნილი.
როგორც ბევრ ხელოვანს დამართნია ხოლმე, რომან რიკელმესაც მსოფლიოში მეტი სახელი აქვს, ვიდრე საკუთარ ქვეყნაში. არგენტინაში ის „ბოკას“ გმირად, მის ლიდერად და გონებად რჩებოდა, მაშინ როცა დანარჩენ მსოფლიოში, „ბარსელონადან“ ამოძირკვის და პრაქტიკულად მეორეხარისხოვანი კლუბის გამთამაშებლის თავმდაბალი როლის მიუხედავად, რიკელმე ყოველთვის საყოველთაო აღტაცების ობიექტი იყო.
ის ამას იმსახურებდა. ის ფეხბურთის ერთ-ერთ უკვდავ სულს განასახიერებდა. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ როცა მობერებული ვარსკვლავი ფეხბურთიდან წავიდა, ევროპულ სპორტულ მედიაში ისეთი ამბავი ატყდა, რომ არც ვიცი, ბოლოს ვის წასვლაზე გადაირივნენ ასე. რიკელმესადმი მიძღვნილი წერილები ნეკროლოგებს გავსო, იხუმრა ერთმა და მართალი ხუმრობაცაა. რაღაც ძალიან დიდი გამოაკლდა ფეხბურთს, იმის მიუხედავად, რომ რიკელმე კარგა ხანია დანებების ასაკში იყო. მგონი, იმის ცოდნაც გვყოფნიდა, რომ სადღაც, ჩვენგან შორს, ის კვლავ თამაშობს. ამის ცოდნა კარგ შეგრძნებებს და გასაოცარ მოგონებებს აღძრავდა, მთელ საფეხბურთო სამყაროს აცოცხლებდა ადამიანში.
არის ხოლმე ასე: დღევანდელ მსოფლიოში პოეზიას თითქმის არ კითხულობენ, პოეტებს სახალხოდ არ იცნობენ, მაგრამ როგორც კი პოეტი რომელიმე დიდ პრემიას, ვთქვათ ნობელს მიიღებს, მედია მის შესახებ ატეხს წერას და ლაპარაკს და ხალხი უცებ შეიტყობს, ეს რა კაცი ყოფილაო. რაღაც ამის მსგავსი მოხდა რიკელმეს წასვლის გამოც.
ის კი მართლა მაგარი იყო, სხვანაირად მაგარი და ასეთების გარეშე ფეხბურთი ალბათ იმის ნახევარიც ვერ იქნება, რაც არის.