Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლუდი მთად და ლუდი ბარად

23 მარტი 2015

დღევანდელ სამყაროში ლუდი და ღვინო ერთმანეთთან ოპოზიციაშია. ლუდმა დაიკავა საკუთარი, „ახალგაზრდული“ ადგილი.

საქართველოში ბევრი რამ იცვლება, მათ შორის, აშკარად იცვლება დამოკიდებულება სუფრის მიმართ და ამ დამოკიდებულების ცვლილება, უპირველეს ყოვლისა, სასმელის მიმართ დამოკიდებულების შეცვლამ გამოიწვია.

ტრადიციული ქართული სასმელი იყო, არის და, რა თქმა უნდა, დიდი ხნის განმავლობაში იქნება ღვინო, რომელიც სპეციფიკურ სუფრულ წესებს: სადღეგრძელოებს, მიმდევრობას და, ერთი სიტყვით, რიტუალს ითხოვს, ამას კი დიდი დრო სჭირდება.

ამავდროულად, ამ რიტუალის შესასრულებლად გარკვეული ცოდნაა აუცილებელი, დაახლოებით ისევე, როგორც ზოგიერთ შემთხვევაში ნახატის აღქმისას. ჩვეულებრივ მუსიკას შესაძლოა არ სჭირდება მუსიკის თეორიაში გარკვევა, მაგრამ, მაგალითად, ატონალურ მუსიკას განათლება არ აწყენს, ისევე, როგორც ზოგიერთი წიგნის წაკითხვას. 

დღევანდელ სამყაროში ლუდი და ღვინო ერთმანეთთან ოპოზიციაშია. ლუდმა დაიკავა საკუთარი, „ახალგაზრდული“ ადგილი.

საქართველოს მთიანეთი ლუდის გავრცელების მხარეა და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სინამდვილეში ქვეყნის მთად და ბარად დაყოფა სწორედ ასე ხდება -ბარი ის ადგილია, სადაც ვენახი ხარობს და სადაც ღვინოს სვამენ, მთა კი -ადგილი, სადაც აქვთ ღვინო, მაგრამ მთავარი სასმელი ადგილობრივი ლუდია.

ქართულ ლუდს ინდოევროპული სახელი  ჰქვია - პროტო. ინდოევროპულ ენაში ეს იყო ჰელუტი. იმ ენებში, საიდანაც როგორც ჩანს ჩვენ ეს სახელწოდება ვისესხეთ, ლუდს -ალუტი ჰქვია, გერმანულად ალუ, მრავლობით რიცხვში -ალუპი, ინგლისური -ეილ სწორედ აქედან მოდის. ლუდის სახელი ჩვენ ირანული ენიდან, კერძოდ ჩრდილო კავკასიიდან -ოსური, ალანური, ანუ წინაოსური ენიდან უძველესი დროიდან გვაქვს ნასესხები.

ლუდი ძველი ამბავია, იმ ხნისაა, რა ხნისაც თვითონ მარცვლეულია, დაახლოებით 9000-9500 წლის. მცოდნე ხალხი მარცვლეულზე ამბობს, რომ მისი პოპულარობა არა პურის გამოცხობამ, არამედ ლუდის დამზადებამ გამოიწვიაო.

ახლა რაც შეეხება განსხვავებას კულტურაში. ტრადიციული წარმოდგენები გვაქვს იმაზე, თუ როგორია ლუდის მოხმარების კულტურა ქალაქში. მე ბათუმელი ვარ და ვიცი, რას ნიშნავდა ლუდი ბათუმში -ჯერ ერთი, ბათუმს საკუთარი მითოლოგია ჰქონდა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი ლუდი სხვებს სჯობდა. ცნობილი იყო ბათუმის, ე.წ. „პივზავოდის“ ლუდი.

ლუდი იყო არაფორმალური ურთიერთობის ნიშანი, მაშინ როდესაც მთაში მას ზუსტად ის ადგილი უჭირავს, რაც ბარში ღვინოს -თუ ღვინოსთან დაკავშირებით გვაქვს ზედაშე, რელიგიური რიტუალები ქართულ მთაში მჭიდრო კავშირშია ლუდთან. მთაში ლუდი ტრადიციასთან, რელიგიასთან არის დაკავშირებული. ხევისბერი მასთან პირდაპირ და უშუალო კავშირშია. 

მთაში ლუდი ისეა წარმოდგენილი, როგორც ბარში ღვინო და აქ ის ერთადერთი და მნიშვნელოვანი სასმელია. ბარში ლუდი ისეთი დიდი სასმელების კონკურნეტია, როგორიცაა ღვინო, არაყი და ა.შ. რიტუალური თვალსაზრისით ლუდი ბარში არ განიხილება, აქ ის სახუმარო რიტუალებში მოიაზრება. ჩვენ შეიძლება გვითხრან, რომ ბარშიც ისე მოვექცეთ ლუდს, როგორც მთაში და ლუდით ვთქვათ სადღეგრძელოები, თუმცა ეს ამბავი მაინც არ გამოვა, იმიტომ რომ არსებობს კულტურული წარმონაქმნი, რომელმაც უკუღმართი სადღეგრძელოები წარმოშვა.

ილუსტრაცია:რუსლან ბერიძე

როდესაც ქალაქში ადამიანს ლუდით ადღეგრძელებ, ამით მას არ ლოცავ, ხოლო როდესაც ლუდით დაიწუნებ, ამით დალოცვა გამოგდის. ეს ჩვეულება იმ სიტყვების გამოთქმის მაღალმხატვრულ საშუალებას იძლევა, რომლებიც გიხარია და თან დაცული ხარ -იმას არ გულისხმობ, რასაც ეს სიტყვები გამოხატავს. მოკლედ, ბარში ლუდი თამაშის საშუალებაა და აქ უცნაურად ხვდება ერთმანეთს ორი სიტყვა, ქართული -ლუდი და ლათინური -ლუდუს, ლუდუმ -რაც თამაშს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ამ სიტყვებს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს, უბრალო შემთხვევითობაა, მაგრამ ფაქტია -ბარში ლუდმა თამაშის საშუალება მოგვცა, ლუდი -ლუდურად, ანუ ლუდუსურად, ლუდუმურად იქცევა.  „Hომო Lუდენს”- მოთამაშე კაცი, ამავე დროს ლუდის მსმელი კაცია, იოჰან ჰოიზინგას ცნობილი წიგნის სათაურია...

ლუდი, როგორც ვთქვით, ახალგაზრდობის სასმელია. ის ამავდროულად, ე.წ. თანმხლები სასმელიცაა. ღვინო ვერ იქნება თანმხლები, ღვინო ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრულია. ლუდიც ასეა მთაში, მაგრამ ბარში მას თანმხლები სასმელის მნიშვნელობა აქვს, ისე შეიძლება დაილიოს, რომ არ ითქვას არც პირდაპირი, არც პირუკუ სადღეგრძელო. ასეთ დროს მას თავისი ტიპის სანახაობა სჭირდება.

მოგეხსენებათ, სანახაობა სულ მცირე ორ ნაწილად იყოფა: ერთი, ასე ვთქვათ, თეატრალური, ესთეტიკური სანახაობა -ამ დროს სიამოვნების მისაღებად ფულს იხდი, ხოლო მეორე -სანახაობა, რომელშიც ფულს იხდი, მაგრამ კაცმა არ იცის სიამოვნებას მიიღებ თუ ინფარქტით წამოხვალ ან გამოგიტანენ სტადიონიდან. არსებობს თეატრი და არსებობს სპორტი. ლუდი სპორტის თანხმლები სასმელია. ახალ რელიგიას რომ ვქმნიდე, ლუდის ღმერთს სპორტის ღმერთთან დავაკავშირებდი, თუნდაც ცოლ-ქმრად გამოვიყვანდი.

ლუდს თანმხლებობის უნარი აქვს, მაგრამ არამც და არამც საზოგადოების თავშეყრის ადგილას -სტადიონზე ემოციები პიკს აღწევს და ლუდით სავსე ბოთლიც, ცელოფნის იქნება ის თუ პლასტმასის, საშიში ხდება. მორუმბის სტადიონზე ბრაზილიის ნაკრებს ლუდის ბოთლები რომ დაუშინეს, ჩემ ირგვლივ არავის უთქვამს, კიდევ კარგი შუშის არ არისო. პლასტმასის ბოთლებიც გვარიანად საშიში აღმოჩნდა.

ლუდი თან ახლავს ტელევიზიას, ანუ სპორტული სანახაობის გაშუალებულ ხილვას. როგორც ჩანს, ეს უბრალო ამბავი არ არის, ანუ ლუდი ახალგაზრდობაა, შეჯიბრებაა, მათ შორის შეჯიბრი თვითონ ლუდთან მიმართებაშიც - ვინ მეტს დალევს და ა.შ.  -  ჩვეულებრივი შეჯიბრია, მაგრამ ამავდროულად ლუდი მუდმივად უკავშირდება თამაშს.

წელიწადში ერთხელ, გერმანიაში, ერთ შესანიშნავ ადგილას, თამაშის მონაწილეები ჩაიცვამენ სპეციალურ ტყავის სამოსს, ბავარიის მეფის მიერ XVIII საუკუნეში გამოცემული კანონით დადგენილი წესებით მოიხარშება ლუდი -ვაიცენი, დაასხამენ ლუდს სკამებზე, დასხდებიან „ლუდისტყაოსნები“, გაქანდებიან თავიანთი მძლავრი სხეულებით და წამოდგომისას სკამი თუ აჰყვათ, ითვლება, რომ კარგი ლუდი მოუხარშავთ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ლუდს სულ სხვა ტიპის ურთიერთობები უკავშირდება, შესაბამისად, იქ, სადაც ლუდი რიტუალური არ არის -ის დემოკრატიული სასმელია და ყველა სასმელზე მეტადაა შეჯიბრზე ორიენტირებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

მოლიერი, ჩეხოვი და სხვანი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - კლასიკური ტექსტებიდან სხეულის უსაზღვრო შესაძლებლობამდე
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქართული ფორუმის ძალა

2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვინ დაუკრავს მუსიკას

ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობა ...

მეტი

^