ქალაქში ცხოვრების კულტურა, საზოგადოებრივი სივრცე - როგორც უფლება და მოვალეობა, ხელისუფლება-პოლიტიკა-ქალაქი - „თბილისის მორფოლოგიაზე“ „ლიბერალს“ ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე ესაუბრა
რითაა გამორჩეული თბილისის ურბანული გარემო, რამდენად შეიცვალა ის ბოლო წლებში და რა ურბანული გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქალაქი?
თბილისი ძალიან თავისებური ქალაქია, როგორც ყველა ქალაქს, მასაც თავისი ხასიათი და განწყობა აქვს. თბილისი არ არის კლასიკური ანსამბლების ქალაქი და ვერც ვერასდროს გახდება, რადგან მეტწილად რელიეფს მორგებული განაშენიანებაა და ასეთიც უნდა იყოს, მაგრამ ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოშლილია.
თუ თბილისის ისტორიას თვალს გადავავლებთ, შეგვიძლია ქალაქის მორფოლოგიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი და მკაფიო ეტაპი გამოვყოთ. პირველი, ასე ვთქვათ, ფეოდალური ხანა, რომელიც თბილისის დედაქალაქად ქცევიდან, ვახტანგ გორგასლის პერიოდიდან, 1801 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ იწყება მეორე პერიოდი, რომელსაც შეიძლება რუსულ-ევროპული ქალაქმშენებლობის პერიოდი ვუწოდოთ. საინტერესოა, რომ რუსებმა ძველი ქალაქის ნგრევა კი არ დაიწყეს, გაიჭრნენ პლატოზე, რომელსაც დღეს რუსთაველის პროსპექტი ჰქვია. მანამდე ფეოდალური ქალაქი მელიქების განკარგულებით ზეპირსიტყვიერად, თავისუფლად იგეგმებოდა. 1801 წლიდან კი რეგულარული დაგეგმარება დაიწყო, შედგა იმ დროის შესაფერი განვითარების სქემა, თბილისის რელიეფზე ნაკლებად მორგებული, მაგრამ მაინც სწორი.
მაგალითად ავიღოთ ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა, შეიძლება მისი დახრილობა საკმაოდ დიდია, მაგრამ სწორედ მისმა მსგავსმა ქუჩებმა შექმნეს დერეფნები, რომლებითაც თბილისში სუფთა ჰაერი ჩამოედინება, განსაკუთრებით ზაფხულში. ჩვენ კი ასეთი ქუჩები ლამის სრულად ჩავქოლეთ.
მეფის რუსეთის პერიოდში არ შეიძლება არ აღინიშნოს მიხეილ ვორონცოვის როლი კონკრეტულად ქალაქმშენებლობაში, რადგან სწორედ მან ჩამოაყალიბა იმ დროის თბილისში ლამის ევროპული სტანდარტის, ურბანული, მუნიციპალური ცხოვრება. მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში პრაქტიკულად მან შექმნა თბილისი, რომელიც ჩვენ დღეს მოგვწონს.
ამის შემდეგ დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობის წლებია, რომელმაც ვერ მოასწრო ქალაქგანვითარებაზე საკუთარი კვალი დაეტყო. შემდეგ, გასაბჭოებულ თბილისში გაცილებით მეტი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო ვიდრე წინა წლებში, ე.წ. ფეოდალურ ეპოქაში. შემუშავდა პირველი გენერალური გეგმა, ისეთი, როგორიც კლასიკური გაგებით წარმოგვიდგენია და ვიცით. (თუმცა კი ამ პერიოდში ბათუმმა ქალაქგანვითარებით თბილისს ნამდვილად გაუსწრო, რადგან რუსული იმპერიული ძალები მას კონსტანტინოპოლის დასაპყრობ ტრამპლინად მოიაზრებდნენ.) წლების წინ შემუშავებული ქალაქმშენებლობის გეგმა წინა ხელისუფლების გადაჭარბებული ურბანული ძალისხმევის შედეგად, პრაქტიკულად, ჩვენს ხელში დამახინჯდა.
თვითონ საბჭოთა პერიოდიც რამდენიმე ეტაპად იყოფა. ამ ყველაფრის საუკეთესო მაგალითი იმელის შენობაა, რომელიც ახალგაზრდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტმა და ძალისხმევამ გადაარჩინა დანგრევას. საქმე ისაა, რომ ამ შენობის დაპროექტება საბჭოთა ისტორიის ორ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პერიოდში ხდებოდა. წყალგამყოფი 1934 წელი იყო. თბილისის გენერალური გეგმა სწორედ ამ წლით თარიღდება. 20-იან წლებში საბჭოთა ავანგარდი მეინსტრიმი იყო მსოფლიო არქიტექტურულ პროცესებში. საკმარისია ითქვას, რომ ტატლინის ინტერნაციონალის კოშკი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ არქიტექტურულ შედევრადაა მიჩნეული და თუ დაახლოებით 35 წლამდე საბჭოთა კავშირში საკმაოდ ლიბერალური მიდგომა იყო არქიტექტურის და ურბანისტიკის მიმართ, ამ პერიოდში მომხდარი გარდატეხის შემდეგ იდეოლოგია გამკაცრდა. ის კონსტრუქტივიზმის სტილის შენობა, რომელიც შუსევმა დააპროექტა, საბჭოთა პოლიტიკური ელიტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, და მან შენობის ფასადი შეცვალა. დღეს ვხედავთ, რომ უკანა ფასადს არაფერი აქვს საერთო წინა ფასადთან, თითქოს ორი სხვადასხვა შენობა, სამყარო, მიდგომა, არქიტექტურული პროგრამა და ხედვაა.
იმელის შენობა ერთდროულად არის ისტორიული პროცესების მოწმეც, ბრალმდებელიც და მსხვერპლიც. ასეთი შენობა ძალიან იშვიათია. მას არა მხოლოდ არქიტექტურული, არამედ ისტორიული ღირსებებიც აქვს და ვისურვებდი, რომ ახალგაზრდობამ ეს გაიგოს, სხვანაირად შეხედოს არქიტექტურას, როგორც საზოგადოებრივი პროცესების საუკეთესო გამომხატველს, რადგან ყველაფერი, რაც არქიტექტურაში ხდება, ბუნებრივია. ის სიმახინჯეც, რომლითაც გამოტენილია დღეს თბილისი, ჩვენი საზოგადოების ანარეკლია, იმიტომ რომ ქალაქი საზოგადოების მოდელია. უკეთესი არქიტექტურა ვერ გვექნება, სანამ საზოგადოება არ შეიცვლება.
ისტორიკოსებისთვის ეს პერიოდი ძალიან საინტერესო აღმოჩნდება და თავის დროზე ის, რაც დღეს ქალაქში ხდება, იკონოგრაფიის კატეგორიაშიც გადავა, და 5000 წლის შემდეგ, არქეოლოგები რომ გათხრიან თბილისს, არქიტექტურის მიხედვით მიხვდებიან, რა საზოგადოება ვიყავით.
დღეს რა ხდება ქალაქში ამ მიმართულებით?
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი პერიოდისთვის ჯერ საერთო სახელი არ დაგვირქმევია, თუმცა ფაქტია, რომ ეს ბოლო 25 წელი არის მომხმარებლური დამოკიდებულების პერიოდია - ყველა გლეჯდა ქალაქს, ნებისმიერი ხელისუფლება, დღევანდელის ჩათვლით, ჯგუფური, კერძო ინტერესები და ა.შ. ქალაქგანვითარების დღევანდელი მდგომარეობა საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ქართველმა კაცმა ვერ გაუძლო ფულის გამოცდას. თუკი ამ მომხმარებლური დამოკიდებულების მიზეზებს დავუწყებთ ძებნას, იქამდე მივალთ, რომ ქართული კულტურა, სამწუხაროდ, არ არის ურბანული კულტურა. ეს არის ტრადიციული, სოფლური, რურალური კულტურა, რომლისთვისაც ქალაქი ხანდახან თავშესაფარია, ხანდახან ეკონომიკური საქმიანობის გასამართი ადგილი, მაგრამ არასდროს არის დაცვის ობიექტი.
როდესაც ჩვენს თანამემამულეს ვთხოვ ჩამოთვალოს კულტურული მემკვიდრეობის 10 საუკეთესო ძეგლი, ასახელებენ ეკლესიებს, ციხე-სიმაგრეებს, მაგრამ ნაკლებად ასახელებენ ქალაქებს. თუმცა უკვე რამდენიმე თაობა გაიზარდა თბილისში, გვყავს მესამე-მეოთხე თაობის ქალაქელები და ეს იმედს მაძლევს, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ დავაგროვებთ ადამიანების იმ კრიტიკულ მასას, რომლებიც ძალიან კატეგორიულად დასვამენ საკითხს: ქალაქი ვართ ჩვენ - მოსახლეობა და არა სახლები და შენობები და ა.შ.
იმ ურბოციდს, რაც დღეს ქალაქში აშკარაა, საზოგადოება ერთხელაც აღარ დაუშვებს. გაიარეთ ვაკეში, ნახეთ რა ხდება. მაშინაც კი, როდესაც თითქოს სოციალური უთანასწორობა არ არსებობდა, ვაკე პრესტიჟული უბანი იყო, იქ ცხოვრობდა საბჭოთა პრივილეგირებული ინტელიგენცია, გენერალიტეტი. მაგრამ ამ უბანმა სახე იცვალა. დღეს ვაკე არის ისეთი შენობების თავმოყრის ადგილი, რომლებიც „ბეტონის კანიონებს“ ქმნიან. ბარნოვის, აბაშიძის, ფალიაშვილის ქუჩები მაგისტრალებად იქცა. არადა, ისინი ისე დაპროექტდა, როგორც შიდა სარაიონო ქუჩები. ჩაიქოლა ის ქუჩები, არხები, რომლებიც ზემო ვაკიდან ატარებდა ჰაერს და ქალაქს ანიავებდა. ამ ადგილებში სახლები ხუფებივითაა დასმული. უზარმაზარი შენობა აშენდა ყოფილი ეკონომიკის სამინისტროს ადგილასაც, აბაშიძის ქუჩაზე.
უცნაურია, მაგრამ საბჭოთა პერიოდი გაცილებით უკეთესი იყო ქალაქმშენებლობისთვის. ბევრი უცხოელი ექსპერტიც აღნიშნავს, რომ რეალიზების საუკეთესო სივრცედ ქალაქგეგმარებისთვის შეიძლება მიჩნეული იყოს სოციალისტური წყობა, რადგან აქ არ არსებობს კერძო საკუთრება მიწაზე. გასაგებიცაა, რომ ნებისმიერ კერძო მენაშენეს ცალკეული ნაკვეთის ფარგლებში აზროვნებს და ნაკლებად აწუხებს, რა ხდება მის გვერდით, თუ ეს მას არ ეხება.
და როგორ უნდა იცავდეს ასეთ ვითარებაში ქალაქის ინტერესებს დედაქალაქის ხელისუფლება?
სწორედ ესაა ჩვენი ყველაზე სუსტი მხარე. წინა ხელისუფლებამ სკანდალური გადაწყვეტილებები მიიღო. მაგალითად ის, რომ დაუშვა მშენებლობის კოეფიციენტების გაზრდა-შეძენა. თუკი შევარდნაძის დროს დამატებით თითო სართულში გადახდილი თანხა ჯიბეში მიდიოდა, შემდეგ ეს უკვე ბიუჯეტის ნაწილი ხდებოდა. მაგრამ ქალაქისთვის აბსოლუტურად სულერთია ეს კორუფციაა თუ ბიუჯეტის შევსების ხერხი - ქალაქი დამახინჯდა.
2009 წლიდან ჩვენ გვაქვს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც ფორმატით არაჩვეულებრივი, თანამედროვე და მოდერნისტული ტიპის დოკუმენტიც კია, გულისხმობს ჩართულობას და ა.შ. მაგრამ საქმე ისაა, როგორ იყო გამოყენებული ეს გეგმა, რამდენი განაცხადი შევიდა ბოლო წლებში ქალაქში კოეფიციენტების გაზრდაზე, სართულების დამატებაზე.
ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა ქალაქის წინა მმართველობის ბოლო პერიოდში, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება უკვე სხვა პოლიტიკური ძალის ხელში იყო. თვითმმართველობა კი დარჩა ძველ გუნდს და ფაქტობრივად, „სეილი“ გამოცხადდა კოეფიციენტებზე. ეს იყო გარკვეული შურისძიება ქალაქზე, რომელმაც უარი უთხრა წამყვან პოლიტიკურ ძალას.
ასეთი რამ შეიძლება სხვა ქვეყანაშიც მოხდეს, თუკი გარკვეული აქცენტირება გახდება საჭირო, მაგრამ ეს ყოველთვის შესაბამისად ბალანსდება ამავე კონკრეტულ უბანში მსგავსი ქმედებების შეზღუდვით.
ისევ ვაკეს რომ დავუბრუნდეთ, ისეთი განცდა რჩება, რომ ესაა თვითმკვლელი სახლები, ნებისმიერი სახლი, რომელიც კლავს გარემოს. ანუ თავისი და თავისნაირების არსებობით კლავს სწორედ იმ გარემოს, რომლის გამოც იქ მივიდა. მიკვირს მათი, ვინც მაინცდამაინც ვაკეში დაფუძნებას ცდილობს. თუკი ჩვენს ურბანულ ფასეულობებს შკალაზე დავიტანთ, აღმოჩნდება, რომ ჩვენთვის პირველ ადგილზე ეკოლოგია კი არა პრესტიჟია და ამ პრესტიჟს არ შეადგენს ეკოლოგია.
ქალაქგანვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზოგადოების კულტურულ პრიორიტეტებს. ევროპელებისთვის, განსაკუთრებით გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში წამყვანია ეკოლოგიური საკითხები, მათი ერთ-ერთი პირველი კითხვა შენობის ეკოლოგიურ გარემოს ეხება.
ჩვენი საზოგადოებრივი აზრი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იცვლება. ჩატარდა ერთი პანელური კვლევა, რომელიც დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო და სწავლობდა იმ პერიოდში სახლების გასაყიდად გამოქვეყნებულ განცხადებებს. რა მახასიათებლებს იყენებდნენ გამყიდველები მყიდველების მოსახიბლად. თავიდან ეს იყო რკინის კარი, სარდაფი, ჩაშენებული კარადები. წლების შემდეგ პირველ პლანზე კარგი ხედი, ბუხარი და ზოგადად ესთეტიკური კატეგორიები წამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება ნელ-ნელა ნამდვილად ქალაქური საზოგადოება ხდება.
ეს ჯერ გარე ატრიბუტებს ეტყობა ხოლმე, შინაგანი ქცევის მოდელები, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისევ რურალური ყოფისთვის დამახასიათებელი გვაქვს.
ყველაზე დამახასიათებელი ისაა, რომ მათთვის, ვინც საკუთარ ბინას უვლის და უფრთხილდება, აბსოლუტურად სულერთია რა ხდება მისი სახლის კარს მიღმა. თუმცა, ეს შეიცვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტის მეშვეობით, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო და თუ მაშინ არც ერთი ასეთი ამხანაგობა არ არსებობდა, დღეს 5 000-ზე მეტი ამხანაგობა გვაქვს. სხვა საკითხია როგორ მუშაობს, მაგრამ თანადაფინანსების ფარგლებში ნელ-ნელა იცვლება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფიზიკური გარემო, ლიფტები გადახურვები.
ნაბიჯ-ნაბიჯ იცვლება ცნობიერება, და ვიგებთ, რომ გარემო ჩვენია და პასუხს ვაგებთ ამ გარემოზე. სამწუხაროდ, ამ პროექტში ახალგაზრდები ნაკლებად არიან ჩართულნი. მაგრამ ეს დროც მოვა, მთავარია პრიორიტეტები იყოს სწორი და გარემოც ჩვენი იდენტობის ნაწილი გახდეს. ის ახალგაზრდული ორგანიზაციები და გაერთიანებები, რომლებიც დღეს ქალაქის მწვანე გარემოს შესანარჩუნებლად თუ კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად იბრძვიან, მიუთითებს, რომ ასეთი ძვრები დაწყებულია და დამოკიდებულება იცვლება.
როგორ და რატომ დამკვიდრდა ქალაქის სინამდვილეში ის „მომხმარებლური დამოკიდებულება“ , რომელზეც საუბრობთ და კონკრეტულად რას ნიშნავს ეს?
არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ, ყველას ერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს ქალაქისადმი: ქალაქი - როგორც თავისთავადი საშუალება, ასე იყო გამოყენებული და არა საშუალება ურთიერთობის, თანაცხოვრების. წინა ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით, მათთვის ეკონომიკური სარგებლის მიღების გზა იყო ქალაქი.
ჩვენს უახლეს ისტორიაში ყველა ხელისუფლებამ გამოიყენა ხერხი, რომელსაც შეგვიძლია ჯინის ბოთლიდან გამოშვება ვუწოდოთ: გარკვეული გარიგება, კონვენციური ურთიერთობები, დათქმა, დაშვება ქალაქში ისეთი ქმედებებისა, რომლის უკან, ბოთლში ჯინივით მობრუნება, ძალიან რთულია.
ეს დაიწყო მიშენება-დაშენებების ნებართვით, რომელიც გამოიცა 1989 წლის მაისში. ერთი თვე იყო გასული 9 აპრილიდან, კომუნისტები აგონიაში იყვნენ, ცდილობდნენ საზოგადოების გულის მოგებას და დაუშვეს ის, რაც ქართველი კაცის ოცნება იყო, მას ხომ მშენებლობის პროცესიც კი მოსწონს. ეს იყო პირველი ჯინი. 1989 წლიდან თბილისი მახინჯი მიშენება-დაშენებებით დაიფარა. რომელთა მსგავსიც, არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ გვხვდება. ესაა დასტური იმისა, როგორ იკვრება ხელისუფლება-პოლიტიკა-ქალაქი - სამკუთხედი და რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს, როდესაც ხელისუფლება ძლიერი სამოქალაქო კონტროლის ქვეშ არ არის. ჩვენ ძალიან გვიჭირს ლაგამის ამოდება და მათთვის იმის ჩვენება, რომ ჩვენ უნდა გვემსახურებოდნენ. თუმცა აქ ისევ ის ფაქტორია, რომ ეს მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჯერ ჩვენთვისაც არაა. ამიტომ ჯერ ქალაქის კულტურა უნდა გაჩნდეს ჩვენს ცნობიერებაში, ქალაქი ჩვენი იდენტობის ნაწილი გახდეს და არა მხოლოდ პოეზიისა და სადღეგრძელოების სუბიექტი.
ბოთლიდან გამოშვებული მეორე ჯინი იყო ბინების ისეთი ფორმით პრივატიზება, როგორითაც განხორციელდა. ესეც 1992 წლის 2 თებერვლის ბრძანებით, როდესაც პრეზიდენტი ქვეყნიდანაა გაძევებული, შევარდნაძე ჯერ არ ჩამოსულა და სამხედრო ხუნტას პოპულისტური ნაბიჯი სჭირდება მხარდაჭერის მოსაპოვებლად. პრემიერი თენგიზ სიგუა გამოსცემს დეკრეტს საქართველოს ბინების პრივატიზების, ანუ უსასყიდლო გადაცემის შესახებ. ბინები მივიღეთ სრულიად უსასყიდლოდ, და არა ისე, როგორც მანამდე გამსახურდიას კანონპროექტით იგულისხმებოდა: საშუალო შეძლების ოჯახი 2 წელიწადში შეძლებდა ამ ბინების გამოსყიდვას. ჩვენ გვაჩუქეს ცხენები, რომელთა ჯირითმაც ცუდი შედეგი მოგვიტანა, რადგან არ იყო განსაზღვრული ამ ბინების მართვის მექანიზმები, როგორ გვემართა ეს საკუთრება.
მესაკუთრეობასაც სჭირდება თავისი კულტურა, ეს კი ქართული საზოგადოებისთვის უცხო გამოდგა. ძალიან სწრაფად ავითვისეთ მესაკუთრის უფლებები, მაგრამ ვალდებულებები არც კი გვაინტერესებდა. ვალდებულება კი ისაა, რომ იცხოვრო ისე, რომ სამეზობლოს სცე პატივი და მოუარო საერთო საკუთრებას.
რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით შემთხვევები, როდესაც ჩვენი შეძლებული მეზობლები სადარბაზოს დასუფთავების 2 ლარის გადახდაზეც უარს ამბობენ. საქმე ისაა, რომ შეძლება კი არა, შეგნება არ გვაქვს, სინამდვილეში ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.
შემდეგი ჯინი ქალაქის გენერალური გეგმის პრობლემები იყო. შევარდნაძემ რამდენჯერმე გააგრძელა 1970 წელს შემუშავებული გეგმის მოქმედება, რომელიც ქალაქის განვითარების ეტაპს აღარ შეესაბამებოდა.
1992 წელს კი დაუშვა ქუჩის ვაჭრობა. რაც ცივილიზებულ ქალაქებში ნაკლებად ხდება, მაგრამ თუ ხდება, დილის 12 საათისთვის ყველაფერი მოსუფთავებულია. ჩვენ კი მთელი დღე და თითქმის ყველგან ვხედავთ მიწაზე დაყრილ პროდუქტებს. ამ ჯინის უკან დაბრუნებაც ძნელია, რადგან ბევრი ადამიანისთვის, ვისაც ბაზარში ადგილის ყიდვა არ უღირს, ესეც მნიშვნელოვანი საშუალებაა.
შემდეგი - ტროტუარებზე პარკინგი იყო, რომელიც უკვე წინა ხელისუფლებამ დაუშვა დათქმით, რომელიც არასდროს მუშაობს: თუ ის არ უშლის ფეხით მოსიარულეებს. ჩვენ შევეჩვიეთ იმასაც, რომ გაჩერებაზეც კი მანქანის სავალ ნაწილს გვიხდება დგომა, რადგან ტროტუარზე ჩვენს ადგილას მანქანები დგას. ეს აჩვენებს, რომ ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს ათვისებული ქალაქის ენა. ქალაქის ენა ეს არის შუქნიშანი, საზოგადოებრივი სივრცე - ტროტუარი, რომელიც გვეუბნება, მე შენთვის ვარ.
რას პასუხობთ მათ, ვისაც მიაჩნია, რომ კულტურული მემკვიდრეობის, საზოგადოებრივი სივრცეების შენარჩუნება ეკონომიკურ განვითარებას ეწინააღმდეგება?
ქალაქში რაც ხდება, ამის ერთი მიზეზი პოპულისტური გადაწყვეტილებებია, მეორე კი ეკონომიკა - სურვილი რაც შეიძლება მეტის გაყიდვის.
ზღვარი განვითარებასა და შენარჩუნებას შორის ისევ და ისევ კულტურაზე გადის. თუ ხელისუფლება ქალაქური, ურბანული კულტურით აღჭურვილი ადამიანების ხელშია, ყველაფერი რიგზეა. ესაა მდგრადი განვითარება - ეკონომიკა სოციალური, კულტურული და ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით. ეკოლოგია და კულტურა თითქმის მთლიანად დაკარგული გვაქვს.
ნეოლიბერალური მიდგომა, რომ ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებს, უკვე დასავლეთშიც უარყვეს. ფაქტია, რომ ასე ვერ მოხდება. თვით მსოფლიო ბანკიც კი, რომელიც წლების წინ გაყიდვებისკენ მოგვიწოდებდა, ახლა აფინანსებს კვლევებს, ქალაქის განვითარების სტრატეგიებს. თუმცა ამასობაში ჩვენ დავკარგეთ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესვლის ძალიან დიდი შანსი.
რამ დაგვაკარგინა ეს შესაძლებლობა?
2000 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ველოდებით იუნესკოს გადაწყვეტილებას. მაშინ ექსპერტებმა გვითხრეს, რომ გვჭირდებოდა შესაბამისი კანონმდებლობა და ძველი ქალაქის მენეჯმენტის გეგმა. ამასთან უნდა შეწყვეტილიყო მახინჯი და აგრესიული შეჭრები ძველ თბილისში. კანონმდებლობა მეტ-ნაკლებად შევიმუშავეთ, აღსრულების პრობლემა ცხადია გვაქვს. ამ ყველაფერმა თბილისის შესახებ კანონში მოიყარა თავი. თუმცა ძველი თბილისის პრობლემატიკა უგულავას პერიოდში კულტურის სამინისტროს პრეროგატივა გახდა. ვფიქრობ, ჯობს ეს ფუნქცია თვითმმართველობამ დაიბრუნოს.
სამწუხაროა, რომ საბაზრო კანონებზე ორიენტირებულმა ქალაქმშენებლობამ რამდენიმე ძვირფასი თვისება დაკარგა.
პროფესიული არსენალიდან ამოიკვეთა კომპოზიციის საკითხი, ანუ მეტ-ნაკლებად ანსამბლურობა, განშლა ქალაქის მიმართ, რაც გენგეგმით უნდა რეგულირდებოდეს. მაგრამ ვინ გადაიხდის ამის ფულს? მენაშენესთვის ეს სულაც არაა ხელსაყრელი, ქალაქს კი ამის საშუალება არ აქვს. ამიტომ დავრჩით ცალობრივი ფილოსოფიის ამარა, ერთი სახლი, მეორე, მესამე. ეს ხომ ძალიან კარგად იგრძნობა ქალაქში. ჭავჭავაძის გამზირი მეტ-ნაკლებად ერთგვარი იყო, არ იყო ისეთი ეგოისტური შენობები, როგორიც ახლაა. ახლა ქალაქის მიმართ ეგოისტური დამოკიდებულება აშკარაა.
ხელისუფლება მუდამ ალტერნატივის წინაშეა - შემოსავალი თუ არამატერიალური სიკეთე. არამატერიალურ სიკეთეს, ცხადია, შეუძლია ეკონომიკური სარგებლის მოტანა, მაგრამ არა დღეს. ტურიზმი იქნება ეს თუ სხვაგვარი განვითარება, ნელ-ნელა ხდება. პოლიტიკოსებს კი ყველაფერი დღეს სჭირდებათ, უახლოეს არჩევნებამდე. არქიტექტურის ხარისხი კი ისევ საზოგადოების ხარისხზეა დამოკიდებული. ის, რაც ხდება, ფილოსოფიური თვალსაზრისით სულაც არ მაშინებს, რადგან ყველაფერი ნორმალურია, რაც საზოგადოების მდგომარეობის ადეკვატურია. გააჩერეთ ქუჩაში ადამიანები, ვინმე გეტყვით, რომ ეს მათ დისკომფორტს უქმნის? „ბეტონის კანიონში“ ცხოვრება რეალურად მიაჩნიათ პრობლემად?
თუ იცნობთ „პანორამა თბილისის“ პროექტს და რამდენად შეესაბამება ის თბილისის ურბანულ გარემოს?
ეს პროექტიც ერთ-ერთი ასეთი საჯილდაო ქვაა ეკონომიკასა და ესთეტიკა-ისტორიას შორის. არ შეიძლება ამ პროექტის ერთიანი განხილვა. სამი ნაწილიდან თითოეულს შეიძლება ჰქონდეს პლუსები და მინუსები და საზოგადოებისთვის ამის სწორად მიწოდებაა საჭირო.
ვფიქრობ, ქალაქმა არ უნდა დაკარგოს ძალიან დიდი ინვესტიცია, მაგრამ არა მისი დაზიანების ხარჯზე.
ყველაზე მეტად მე ის შენობა მაწუხებს, რომელიც თავისუფლების მოედანზე შენდება. თავად ცეკავშირის შენობა, რომელიც დაანგრიეს, ძალიან საინტერესო მაგალითი იყო გარემოს მიმართ პატივისცემისა: შეგნებულად სტერილური, ნეიტრალური და უპრეტენზიო არქიტექტურა ხაზს უსვამდა მუზეუმის სვეტებს, ჯდებოდა იმ მასშტაბში. გარკვეულწილად შეფარდებული იყო რუსთაველის პირველი ნომრის საცხოვრებელ სახლთანაც, მას არ გაუჭყლეტია თბილისის საკრებულოს შენობაც, როგორც ეს კოტე აფხაზის ქუჩის კუთხეში აგებულმა შენობამ გააკეთა. მან გასრისა საკრებულოს შენობა, როდესაც მოედანს უყურებ, ამ შენობების მაკრატლით შეკრიჭა გინდება.
თუმცა ძალიან მტკივნეულია სოლოლაკის ქედზე მშენებარე შენობაც. ამ ადგილას კანონმდებლობა ჯერ კიდევ მაშინ დაირღვა, როდესაც ივანიშვილის ბიზნესცენტრი აშენდა. იქ იყო საქართველოში ლამის ერთადერთი ავედუკი, რომელსაც წავკისის წყაროებიდან ნარიყალაში წყალი გადმოჰქონდა.
ამ არქეოლოგიურ ზონაში დაჯდა ეს აკვარიუმი და აქ რეპორტაჟიც დასრულდა. ეს მასშტაბი ქალაქში შემოვარდა, ამან თავის მხრივ ნარიყალა გასრისა. ცხადია, რომ ლანდშაფტის შენარჩუნება უკეთესი იქნებოდა. იქ ახალი შენობის მოსამზადებელი სამუშაოები პრაქტიკულად უკვე დაწყებულია, მოჭრილია მიწის ნაწილი. აქაც ცვლილებებია შესატანი, მოცულობის შემცირება, მწვანე თემის განვითარება, თუმცა ეს მხოლოდ ლოკალური გადაწყვეტა იქნება.
თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან თბილისის ცენტრზე გაგრძელდება შეტევა, ფულის, კაპიტალის შეტევა. ბუნებრივია, რომ ცენტრისკენ მიილტვის ყველა და არა პერიფერიისკენ. ამიტომ ერთადერთი გრძელვადიანი, სტრატეგიული გამოსავალი რკინიგზის თბილისის ზღვის გადაღმა გადატანა და გამოთავისუფლებული ზოლის თბილისის ახალი ბიზნესცენტრის უბნის განვითარებისთვის გამოყენებაა.
ეს ბუნებრივად გამოიწვევს თბილისის მანჰეტენიზაციას, ეს ყველგან ხდება. არის ქალაქები, რომლებიც აჯგუფებენ ამ ცათამბჯენებს, და ეს სწორი მიდგომაა, მაგ. ფრანკფურტი, ვილნიუსი. მაგრამ არის ქალაქები, რომლებიც უშვებენ ამას და ისინი ლურსმნებივითაა ჩარჭობილი ქალაქის გულში. ეს გაცილებით უარესი გზაა. ლონდონმა, მაგალითად, ვერ მოუარა თავის გარემოს. პარიზში საუკეთესო მაგალითია დე ფრანსის ვეებერთელა მრავალფუნქციური ცენტრი, სადაც ყოველდღიურად სამუშაოდ, დასასვენებლად თუ გასართობად 250 000 ადამიანი შედის. სამაგიეროდ დანარჩენი პარიზი უცვლელია. ერთადერთი მონპარნასის ცათამბჯენი დატოვეს და პარიზელები უკვე ფულს აგროვებენ მის დასაშლელად. აქ პროცესი შორს არ წავიდა.
ჩვენთან რა ხდება, სადღაც „აქსის ტაუერი“, იმელის უკან უზარმაზარი შენობა შენდება და ა.შ. ქალაქის ხელმძღვანელობამ უნდა მიიყვანოს ეს იდეა ბოლომდე და გადაიტანოს რკინიგზა. ეს პროცესი უკვე საკმაოდ დაგვიანდა, რადგან თავიდანვე პოლიტიკური კინკლაობის საგანი იყო. ეს არაა აბსურდული პროექტი. პირობითად დიდუბეში გამოთავისუფლებულ ადგილას საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურის აშენება შეიძლება.
თუმცა ისიც არ შეიძლება ეს გამოთავისუფლებული ტერიტორია ძეხვივით დაჭრა და ნაკვეთებად გაყიდო. აქ უნდა ჩატარდეს საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი, რომელიც ამას გადაწყვეტს, როგორც თბილისის კიდევ ერთ ხაზოვან სტრუქტურას, რომელიც კი არ გაჰყოფს თბილისს, არამედ იმ ორი ზოლის ინტეგრაციას მოახდენს.
სად გადის ზღვარი გემოვნებას, ესთეტიკურობის სუბიექტურ აღქმასა და ძველი ქალაქისთვის ობიექტურად შეუფერებელ სიახლეს შორის?
ეს ყველაფერი გაწერილია კანონმდებლობით. დაცვის ზონები მრავალი ადამიანის ნააზრევი, განხილვისა და შეთანხმების საგანია. მთავარი ამის აღსრულებაა. თუ ადამიანების ჯგუფი ამას არ ეთანხმება და ადასტურებს, რომ ზონები უნდა შეიცვალოს, არსებობს პროცედურები, როგორ შეიძლება კორექტირდეს ზონა.
ბოლო დრომდე საბჭოთა არქიტექტურა ჩვენთან არავის აინტერესებს, არადა მსოფლიო დღეს გატაცებულია ტოტალიტარული არქიტექტურის შესწავლით, ხელისუფლებისა და არქიტექტურის კავშირის კვლევით. ჩვენი წინა ხელისუფლების ბრალია, რომ არქიტექტურის ზედმეტი პოლიტიზება მოახდინა. ვითომდა ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობას ამ ძალიან საინტერესო პერიოდის კულტურული მემკვიდრეობა გადააყოლეს.
მაგრამ შემთხვევები, როგორც მაგალითად სოლოლაკის ქედისთვის სტატუსის შეცვლა იყო, ესეც პოლიტიკური კონიუნქტურის ამბავია.
ქართული კულტურა ბიზანტიურია. გამსჭვალული ვართ ბიზანტიზმით, რაც არაფერია გარდა იმისა, რომ ერთგულება გამოუცხადო არა პროფესიას, პრინციპებსა და კანონებს, არამედ პიროვნებას, მმართველს. უნდა გამოიცნო მისი სურვილები და ასიამოვნო, არ გადაიხარო სხვა მხარეს. ესაა ის ვერტიკალი, რომელიც გვღუპავს, ჩვენც, რუსეთსაც, მიუხედავად მასშტაბისა, უკრაინასაც და ბევრს.
როგორია კანონმდებლობა, რომელიც ურბანული კუთხით არეგულირებს ხელისუფლებისა თუ მოქალაქეების ქმედებებს?
გვაქვს ამ მიმართულებით „სეფე კანონი“ - სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ. რომელიც ახლა იცვლება სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო კოდექსით. იმედი გვაქვს აპრილში ეს პროცესი დასრულდება. მაგრამ სამწუხაროდ, აქაც აქცენტი მიწათსარგებლობაზეა გაკეთებული. ამას ინსტიტუციური დანაშაულიც ემატებ - ის რომ ურბანისტიკა არის ეკონომიკის სამინისტროს წიაღში ჩაძირული, სადაც მას არაფერი ესაქმება. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი დარგი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უნდა ეკუთვნოდეს და არა ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც წინა პლანზე ყოველთვის ეკონომიკურ ინტერესებს აყენებს და ცხადია, რომ ასეც იქნება, ესაა მისი ფუნქცია.
მაგალითად, გამოცხადდა საქართველოს სივრცითი მოწყობის სქემაზე კონკურსი, რომელშიც წერია, რომ „სახელმწიფო რეფორმებმა ხელი შეუწყო ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, სახელმწიფო ფინანსების გაძლიერებას, ინფრასტრუქტურული გარემოს მოდერნიზაციას და ეკონომიკის ლიბერალიზაციას. შედეგად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ასევე მოხდა კაპიტალის დაგროვება, რამაც უზრუნველყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა“ - სადმე ხედავთ ქალაქს და ურბანიზაციას? ესაა სივრცითი მოწყობის შესახებ საერთაშორისო კონკურსის ტექსტი? ეს აბსოლუტურად მიუღებელია, რომ წინა პლანზე ისევ ეკონომიკა იდგეს და არა სივრცითი მოწყობა,
სივრცითი მოწყობა ის საქმიანობაა, რომელიც ყველა ინტერესს აჯერებს და ისე ალაგებს მათ ტერიტორიაზე. ძეგლთა დაცვა არ შეიძლება განიხილო ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, მწვანე სივრცის, ტრანსპორტის გარეშე. ეს ყველაფერი ურბანისტიკაში იყრის თავს, ხდება ჰარმონიული გაანალიზება და რუკაზე განთავსება. ესაა ამ დარგის საქმე და ისინი კი გვეუბნებიან, რომ სივრცითი მოწყობა ყოფილა ინვესტიციების მოზიდვა.
სისტემური კატასტროფა გვაქვს ურბანისტიკაში. ადგილობრივ დონეზე არსებობს განაშენიანებისა და რეგულირების წესები, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჩვენთან პრაქტიკულად არავინ იყენებს ურბანულ ინდიკატორებს, რომლებსაც შეუძლია ეკოლოგიის თუ სხვა პარამეტრებით შეაფასოს, რამდენად კარგია საცხოვრებლად ესა თუ ის ურბანული დასახლება.
როგორია ურბანულად განვითარებული, ადამიანზე ორიენტირებული ქალაქი?
ამ კითხვის პასუხი თავად კითხვაშივეა. კარგი ქალაქი ადამიანზე ორიენტირებული ქალაქია. და მაინც, მთავარი ხელისუფლებისა და ქალაქის, როგორც სამართავი ობიექტის ურთიერთობის საკითხია. ტომას ჯეფერსონის სიტყვებით რომ ვთქვათ: „მართვის ხელოვნება არაფერია, გარდა ხელოვნებისა იყო პატიოსანი“.