Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიძველედ ყოფნის უფლება

27 მარტი 2015

როგორია ისტორიული ევროპული ქალაქების თავისებურება, როგორ თანაარსებობენ ქალაქში სიძველე და სიახლე? და საბოლოოდ, როგორია ადამიანზე ორიენტირებული ქალაქის კონცეფცია - ამ თემებზე „ლიბერალი“ პროფესორ ჰარალდ ბოდენშაცს ესაუბრა,  რომელიც საქართველოში პროექტის "ქალაქი ნავთობის შემდეგ" ფარგლებში, გოეთეს ინსტიტუტის, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტისა (იფა) და არქიტექტურული და ქალაქგეგმარებითი ჟურნალის - ARCH+ -ს მოწვევით ჩამოვიდა. გერმანელი სოციოლოგი და ურბანისტი თბილისში ჩამოსვლის მეორე დღესვე,  სწორედ თბილისის ძველი უბნების დათვალიერების შემდეგ შეგვხვდა.

როგორია პირველი შთაბეჭდილება თბილისის არქიტექტურასა და ურბანულ გარემოზე?

ჩემი წარმოდგენები ჯერ მაინც შეზღუდულია, რადგან საკმარისი დრო არ მქონია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ძალიან შთამბეჭდავი ევროპული, ისტორიული ქალაქი, რომელიც აუცილებლად შესანარჩუნებელია. ვნახე მთავარი ქუჩები, რომლებიც კარგად ფუნქციონირებენ. ვნახე მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის სხვადასხვა პერიოდის ძალიან მნიშვნელოვანი განაშენიანება. როგორც ჩანს, თბილისს სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიის წარმომადგენელთა თანაცხოვრების შესანიშნავი ისტორია აქვს.

რა ურბანული გამოწვევები აქვთ დღეს თბილისის მსგავს ქალაქებს?

ასეთი ქალაქების მთავარი გამოწვევა მომავლის შესაფერისი მობილობის უზრუნველყოფაა. ვგულისხმობ „მომავლისუნარიან ტრანსპორტირებას“. ეს პირველ რიგში ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეთა ინტერესების დაცვას ნიშნავს. მათ შორის მთაგორიან ქალაქებშიც, რადგან მათ ყოველდღიურობაში ელექტროველოსიპედები მკვიდრდება.

ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელშეწყობა და მისთვის უპირატესობის მიცემა, ასევე ინდივიდუალური ავტოტრანსპორტისა და, ე.წ. „საზიარო“ ტრანსპორტის ხელშეწყობა.

ასევე ნელ-ნელა შემოდის და სამხრეთ ამერიკის გამოცდილებიდან კარგად ჩანს, რომ ისეთ ქალაქებში, რომლებშიც სიმაღლეთა განსხვავება ძალიან დიდია, საბაგირო საგრძნობლად განტვირთავს ქუჩებს. მაგრამ ასევე ძალიან საყურადღებო თემაა - ჩამოყალიბებული ქალაქის შენარჩუნებადი განახლება. ეს განსაკუთებით მნიშვნელოვანია იმ დედაქალაქებისთვის, რომლებიც ქვეყნის სახეს წარმოადგენენ და აუცილებელია, რომ ამ ქალაქების ისტორია შენარჩუნდეს და ვიზუალურადაც არ დაიკარგოს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, ე.წ. სოციალური ქალაქის თემაც. გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებისთვის, ისევე როგორც ბევრი განვითარებული ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია ისეთი ქალაქის აშენება ან შენარჩუნება, რომელშიც არ იქნება სივრცული სეგრეგაცია და მდიდრები და ღარიბები ერთმანეთისგან განცალკევებით არ იცხოვრებენ.

გამოწვევების შემდეგი საფეხური გარემოს დაცვაა - ქალაქებში ენერგოდაზოგვისკენ და გამონაბოლქვის შემცირებისკენ მიმართული ცხოვრების ხელშეწყობა. ეს ყველაფერი დიდწილად ტრანსპორტის ფუნქციონირებას და არა მხოლოდ მას უკავშირდება.

იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შესრულდეს, საზოგადოებრივი მმართველობაა საჭირო - ქალაქის ფუნქციონირებადი, უნარიანი მმართველობა, რომელსაც პროცესების სწორედ ამ პრინციპებით მართვა შეუძლია. ეს ყველაფერი ჩვენთვის თითქოს თავისთავად ცხადი იყო, რადგან ქალაქების საზოგადოებრივი მმართველობის ძლიერი ტრადიცია გვქონდა, მაგრამ ნეოლიბერალური ხაზის გაძლიერების გამო სამოქმედო არეალი ასეთ სოციალურ მმართველობას ჩვენთანაც შეუმცირდა. ახლა ჩვენი მიზანია ასეთი მმართველობის ისევ ძველ დონეზე აყვანა.

მთავარია, ხაზი გავუსვათ, რომ როდესაც ვსაუბრობთ მდგრადი ქალაქგანვითარების გამოწვევებზე, ვგულისხმობთ განვითარების ეკოლოგიურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ ასპექტებზე.

და ამ ოთხი ასპექტის გათვალისწინებით მოქმედი მმართველობა შეგვიძლია „კარგ მმართველობად“ მივიჩნიოთ?

რა თქმა უნდა, ასეთია მდგრადი ქალაქგანვითარების ხელშემწყობი მმართველობა. მაგრამ საზოგადოების ჩართულობის გარეშე არაფერი გამოვა. თუმცა, მეორე მხრივ, ილუზია იქნება იმის ფიქრი, რომ თუ ქალაქის მმართველობამ სპეციალური ინსტრუმენტები არ შეიმუშავა, შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებრივი აქტივობით მივაღწიოთ ასეთ შედეგებს.

როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ინსტიტუციური მექანიზმები და რა ეტაპზე უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში საზოგადოება?

ძალიან რთული საკითხია და ჩემი გამოცდილებით, ყველაზე ქმედითი და ეფექტური ისეთი ჩართულობა აღმოჩნდებოდა ხოლმე, როდესაც ადამიანები თვითორგანიზებით ახერხებენ რაღაცების მოთხოვნას. ქალაქმშენებლობის სხვადასხვა ღონისძიებაზე საუბრისას ინსტიტუციურმა ჩართულობამ შეიძლება ცუდადაც კი იმოქმედოს. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოთხოვნას - მოისმინონ ჩვენი ხმა. სულაც არ ვფიქრობ, რომ ფორმალიზებული, ინსტიტუციური ჩართულობა უმნიშვნელოა, მაგრამ გადამწყვეტი, როგორც ვთქვი, საკუთარ ინიციატივაზე დაფუძნებული ჩართულობაა.

ზოგადი პასუხის გაცემა კი შეუძლებელია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადოების ჩართულობა სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება აუცილებელი იყოს. ქალაქის მმართველობა ვალდებულია შეიმუშაოს საკითხის თუ პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტი და შემდეგ ჰკითხოს ხალხს, რას ფიქრობენ და რომელს აირჩევდნენ ამ ალტერნატივებიდან. ყველა კერძო ინიციატივის ოფიციალური და საჯარო განხილვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

რას პასუხობთ მათ, ვინც ფიქრობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის, სიძველეების კონსერვაცია ეკონომიკურ განვითარებას ეწინააღმდეგება?

როდესაც ეკონომიკაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა დავაკონკრეტოთ, არის თუ არა საუბარი კერძო მეურნეობაზე. ძალიან ხშირად ის, რაც კერძო პირისთვის მომგებიანია, მთელი გარემოსთვის წამგებიანი და დამღუპველიც კია. ამიტომ კერძო პირის ეკონომიკური საქმიანობა საზოგადოების მხრიდან სწორი პოლიტიკისა და მარეგულირებელი ნორმების საშუალებით უნდა იმართებოდეს.

თუკი სამშენებლო კოდექსი ნებას იძლევა, რომ არსებული განაშენიანების მოცულობა ორჯერ გავზარდოთ, ეს, რა თქმა უნდა, მიმზიდველია კერძო ინვესტორებისთვის, მაგრამ ფასეულობების შენარჩუნებისა და სახალხო მეურნეობისთვის, შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. თუკი ქალაქგეგმარების ნორმები უშვებს განაშენიანების ძალიან მაღალ კოეფიციენტებს. ეს პირდაპირ უწყობს ხელს ერთ საკადასტრო ერთეულზე დიდი მოგების ნახვას, და ამავე დროს დამანგრეველ ზეგავლენას მთელი დანარჩენი ქალაქის ცხოვრებაზე.

გერმანიაში არქიტექტორების ჰონორარი მშენებლობის ფასის მიხედვით გამოითვლება. შესაბამისად, არქიტექტორი დაინტერესებულია, რომ მშენებლობა რაც შეიძლება მეტი დაჯდეს. გვქონია მაგალითები, როდესაც კონკრეტული შენობების ფუნქციის შეცვლისას მას მთლიანად ანგრევენ და სულაც არ ცდილობენ არსებული კედლების ფარგლებში შეიტანონ ცვლილებები. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, როგორ არასწორად შეიძლება იმართოს პროცესები.

რამდენად სწორი მიდგომა აქვთ თანამედროვე ქალაქებში სიძველეების მიმართ?

ეკონომიკურ საკითხებზე მეტად მნიშვნელოვანი მართლაც საზოგადოების ცნობიერების საკითხია. მეოცე საუკუნის 60-იანი წლების ჩათვლით ჩვენთან ყველაფერი ძველი ცუდთან და არაჯანმრთელთან ასოცირდებოდა. მაგრამ შემდეგ სიძველესთან დამოკიდებულება შეიცვალა და შესაძლებელი გახდა, ე.წ. შენარჩუნებადი განახლების დაწყება. ეს ნიშნავს ქალაქის ისეთ განახლებას, რომელიც შენარჩუნებას ეყრდნობა. ამ მდგომარეობამდე მარტივად არ მივსულვართ.

ახლა კი უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოებას ძველი ურჩევნია ახალს. და შემდეგი კითხვაა, რა არის ეკონომიკურად მომგებიანი. როცა საზოგადოებას სიძველის შენარჩუნებადი განახლება ურჩევნია, შემდეგ წყვეტს, როგორ მიიღოს ის სარგებელი, რაც უნდა. როდესაც ვხედავთ, რომ განვითარების შედეგად ძველი შენობაც შეიძლება ისეთივე კომფორტული და თანამედროვე ცხოვრებისთვის შესაბამისი იყოს, როგორც ახალი, ეს სულ სხვა ატმოსფეროს ქმნის ქალაქების მდგრადი განახლებისთვის.

შეფასება რომ გამოვრიცხოთ და არ ვისაუბროთ გემოვნებაზე, სად გადის ობიექტური ზღვარი სიძველისა და სიახლის სუბიექტურ აღქმას შორის?  შესაძლებელია თუ არა იმის განსაზღვრა, როგორია ისეთი სიახლე, რომელიც არ არღვევს ძველი უბნების ჰარმონიას?

ცხადია, რომ რადგან გვაქვს ძველი ნაგებობა, მას აქვს არსებობის უფლება. ჩვენი მთავარი ფასეულობა სწორედ ისაა, რომ ეს ძველი დგას და გვინდა, რომ იდგეს. ყოველთვის შეიძლება მის გვერდით ახალი გაჩნდეს, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ეს ახალი ჩნდება, სწორედ მან უნდა დაასაბუთოს, რომ  იქ ყოფნის უფლება მასაც აქვს და არა პირიქით. ძველმა კი არ უნდა დაიცვას თავი და ამტკიცოს, რომ იქ მისი ადგილია. ეს თავისთავად ცხადია, ის დგას და მხოლოდ ამითაც აქვს უფლება, რომ გააგრძელოს დგომა. ახლის შემოტანა უნდა იყოს გონივრული და დასაბუთებული. მან უნდა დაამტკიცოს, რომ აზრიანია ქალაქისთვის, საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის და აქვს ძველთან თანაარსებობის უფლება.

ყველა იმ ადგილას, სადაც ახალი ნაგებობა უნდა გაჩნდეს, ის მოვალეა მოერგოს ძველს, ჩაეწეროს კონტექსტში. მას არ აქვს უფლება გააფუჭოს და დამანგრევლად იმოქმედოს ძველზე.

ამ პრინციპებზე ყველა ხმამაღლა საუბრობს, მაგრამ ცხადია გვაქვს მაგალითები, რომ ყველაფერი ასე არ ხდება, თუმცა ამით პრინციპების ჭეშმარიტება არ იცვლება.

რა როლი აქვს გამწვანებულ ტერიტორიებს განვითარებული ურბანული ქალაქების მცხოვრებთათვის?

დიდი ქალაქებისთვის ყოველთვის ძალიან აქტუალური იყო მწვანე ტერიტორიების არსებობა და ამ კითხვამ კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა ბოლო წლებში, რადგან ეს საკუთრივ ქალაქური მოვლენაა. ჩვენ გვაინტერესებს რამდენად ბევრია გამწვანებული ტერიტორია და რამდენად კარგადაა ისინი მოწყობილი.

თანამედროვე ქალაქები დღეს სწორედ იმდენად არიან მიმზიდველნი, რამდენად მიმზიდველი მწვანე სივრცეებიც აქვთ. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის ხარისხი სწორედ ამით განისაზღვრება.

ბოლო წლებში ბერლინში ახალი პარკებიც დავაარსეთ, რომლებიც ხალხს ძალიან უყვარს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პარკები იყოს კარგად დაგეგმილი და გაფორმებული. აუცილებელია ლანდშაფტის არქიტექტორების და დიზაინერების მუშაობა. ეს არაა მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ისინი სასიამოვნო უნდა იყოს კულტურული თვალსაზრისითაც.

60-იან წლებში, როდესაც სუბურბანიზაციის პროცესი აქტიური გახდა, ოჯახები ქალაქგარეთ დასახლდნენ, მაგრამ შემდეგ სახელმწიფო პოლიტიკით მდგომარეობა შეიცვალა. ამიტომ სწორედ დიდ ქალაქებში პარკების არსებობასა და კეთილმოწყობას არსებითი მნიშვნელობა მიენიჭა არამარტო ბავშვებიანი ოჯახებისთვის, არამედ ხანდაზმულებისა და მარტოხელა ადამიანებისთვისაც. კონკრეტულ უბანში მცხოვრებ ადამიანებს ახლოს უნდა ჰქონდეთ საქალაქო პარკი, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ქალაქის ხარისხს. ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს სუფთა ჰაერისა და დასვენებისთვის 5 კილომეტრის მოშორებით წასვლა.

50-იან წლებში ჩვენი მშენებლობის ერთ-ერთი მახასიათებელი სწორედ ის იყო, რომ შენობებს შორის დიდი დაშორებები სიმწვანით იყო შევსებული, თუმცა ეს არ აღმოჩნდა გამართლებული. გაცილებით სწორია, როდესაც არსებობს კომპაქტური კვარტლები, რომელთა სიახლოვესაც კარგი პარკია.

ქალაქებში დასახლების სიმჭიდროვეც მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგ შემთხვევაში ეს დამანგრეველია, როგორიცაა მაგალითად, მაიამი ბიჩის ახლო-ახლოს აშენებული მაღალი ნაგებობები. არაფერი ვიცი უფრო არაქალაქური, ვიდრე ეს ადგილებია. მაგრამ არსებობს სხვაგვარი სიტუაციაც. მაგალითად, ბერლინში არის მე-19 საუკუნის 70-იანი წლების განაშენიანების, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული უბნები, რომლებიც თავისებურ ქალაქურ ატმოსფეროსაც კი ქმნის და ყველაზე მიმზიდველი დასახლებაა. ასეთი ადგილების „გასაწონასწორებლად“ კი მათ სიახლოვეს სწორედ კარგი, დიდი პარკების გაშენება და მოწყობაა აუცილებელი.

როგორია ადამიანზე მორგებული ქალაქი? ურბანული სივრცე, რომელში ცხოვრებაც სასიამოვნო და კომფორტულია?

ასეთი ქალაქი არა მარტო დღევანდელ, არამედ „მომავლის ადამიანზეც“ უნდა იყოს ორიენტირებული.

ადამიანზე ორიენტირებულია ქალაქი, რომელიც საზოგადოებრივი სივრცეებით მდიდარია - ქუჩები, მოედნები, მწვანე ადგილები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ძალადობის გარეშე, ერთმანეთის პატივისცემით, თანასწორად ერთმანეთთან ურთიერთობა; სადაც აქვთ შესაძლებლობა - არა მხოლოდ გამოიყენონ ასეთი სივრცეები, არამედ გაიხარონ იქ ყოფნით. აი ასეთია ნამდვილი ქალაქი. საცხოვრებელი ადგილი ყველგან არსებობს, მაგრამ ის, რითიც ჩვენი, ევროპული ქალაქის კულტურაა გამორჩეული და მნიშვნელოვანი, სწორედ საზოგადოებრივი სივრცეებია. კარგი საზოგადოებრივი სივრცეების სისტემა კარგ ქალაქს ნიშნავს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ თაობებს დავუტოვოთ და გადავცეთ ის ისტორია, რომელიც ჩვენ გვერგო, და ის ქალაქური სივრცეები, რომლებიც ამ ისტორიას „ატარებენ“, რომ მათაც განიცადონ ის ისტორია, რომელშიც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^