Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მონოლოგი სიკვდილზე... პოეზიისა და პლასტიკის ენით

21 სექტემბერი 2018
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ლეგენდარულ მიხეილ ბარიშნიკოვს მასპინძლობს

თბილისის მეათე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ცნობილი ლატვიელი რეჟისორის, ალვის ჰერმანისის New Riga თეატრში, ორი წლის წინ დადგმული სპექტაკლით - „ბროდსკი/ბარიშნიკოვი“ - გაიხსნა. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ლეგენდარული მოცვეკვავე მიხეილ ბარიშნიკოვი დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში კითხულობს იოსიფ ბროდსკის ლექსებს  და თან საკუთარ პლასტიკურ შესაძლებლობებს  მინიმალური ხერხებით და მაქსიმალური შესაძლებლობებით ავლენს.

მოცეკვავემ, რომელსაც ბროდკისთან ერთად, ხშირად „ნევაზვრაშენეცის“ სახელითაც მოიხსენიებენ, თავისი მკაცრი პირობა ნაწილობრივ დაარღვია და 70-იანი წლების ემიგრაციის შემდეგ, პირველად პოსტსაბჭოეთს ეწვია... თუმცა მხოლოდ მშობლიურ რიგაში და არა რუსეთში, სადაც სპექტაკლს მაყურებლის დიდი სურვილის მიუხედავად, დღემდე არ უჩვენებენ... ასე რომ, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის წყალობით  მაყურებელს დიდი მოცეკვავის ნახვისა და მოსმენის საშუალება მიეცა.

დრამატული პაუზებითა და პოეზიით გაჯერებულ წარმოდგენაში ბარიშნიკოვი ზოგჯერ ოდნავ უცნაურ, მისტიკურ და ცეკვასთან მიახლოებულ ელემენტებსაც იყენებს, თუმცა მაყურებელი ინტუიციით მაინც ხვდება, რომ მთავარი პერსონა სცენის მიღმაა. ეს ბარიშნიკოვის მეგობარი, დიდი პოეტი იოსიფ ბროდსკია, რომელიც მან გასული საუკუნის 70-იანი წლებში, უკვე ემიგრაციაში, ნიუ-იორკში გაიცნო.

სცენაზე შემინული ძველი ხის ვერანდაა (ან იქნებ მეზონინი?) რომელიც ბუნებრივად ბადებს XIX საუკუნის რუსულ ლიტერატურულ თუ თეატრალურ ასოციაციებს. ბარიშნიკოვი ძველი ჩემოდნით ხელში გაივლის მას და ავანცენაზე აღმოჩნდება. ჩემოდნიდან მაღვიძარას, სიგარეტს, წიგნებსა და სასმელს ამოალაგებს (პატარა ბოთლი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბროდსკის საყვარელი ვისკია - „of Jameson). იქვე,  ავანსცენაზე 70-იანი წლების „ბაბინებიანი“ მაგნიტოფონი დევს, რომელზეც ბროდსკის ხმაა ჩაწერილი და რომელიც მართლაც ქმნის გარკვეულ მისტიკურ ატმოსფეროს.

თუ დიდ სკანდინავიელ დრამატურგს დავესესხებით „ბროდსკი/ბარიშნიკოვი“ უფრო „სიკვილის როკვას“ ჰგავს, რადგან სიცოცხლე სწორედ სიკვდილის მოგონებებითაა სავსე და გაჯერებული. სიკვდილი, როგორც გახრწნა, მტვერი, ნაცარი... რომ სიკვდილის შემდეგ ჩვენ სხვა სამყაროს ნაწილი ვხდებით. ბროდსკის პოეზიიდან რეჟისორმა სცენაზე ერთგვარად „სიკვდილის ქსელის“ მომცველი ლექსები მოქსოვა, რომელშიც ადამიანის სხეული დროებითაა გახლართული.

რასაკვირველია, დრამატული სიმწკლარტით ჟღერს სამშობლოდან განდევნის, უარყოფის, გაქცევისა და მარტოობის თემებიც. რუსეთი რომელშიც დაბრუნება შეუძლებელია; სამოთხე, რომელიც დაკარგულია; და სამშობლო, რომელიც ჯოჯოხეთია - ეს ყველაფერი სპექტაკლში გამოყემებულ ლექსებშია განფენილი, რომელთაც  ბარიშნიკოვი აუღელვებლად, თითქოს ხაზგასმულად ჩუმად, უბრალოდ და ნეიტრალურად კითხულობს.  პარალელურად კი ჩაგვესმის თავად ბროდკის ხმა, რომელიც ლექსებს წამღერებით, უცნაური ინტინაციით კითხულობს... როგორც  დავითის „ფსალმუნებს“, ან როგორც მძიმედ გაშლილ თორას. თუმცა, იქვე ჟღერს რუსული „წმინდა იამბიც“, როგორც პოეზიის უკვდავების დადასტურება.

თითქმის საათნახევრიანი სპექტაკლის განმავლობაში ბარიშნიკოვი სამოსს ნელ-ნელა იხდის სცენაზე და ჩვენ თვალწინ იცვლება, ბერდება, თითქოს ძველდება. ხაზგასმით გვეუბნება თუ გვახსენებს - „შიშველი მოველ ამ ქვეყნად“. უცნაურია, მაგრამ ბარიშნიკოვის საოცარ პლასტიკას და ეკონომიურ მოძრაობებს მხოლოდ ვერანდის მინებს მიღმა ვხედავთ, რადგან ავანსცენა მხოლოდ ლექსებს აქვს დათმობილი. სივრცეების ეს ხაზგასმული გამიჯვნა - პოეზიასა და ცეკვას, სხეულსა და სულს შორის ქმნის ხილულ, თუმცა, ჩვენი აზრით, ოდნავ დამძიმებულ და გაწელილ თეატრალურ სანახაობას... რომელშიც ბროდსკი და ბარიშნიკოვი საბოლოოდ, გამიჯნულნი კი არა, გარითმულნი არიან!

ფოტოები: თბილისის საერთაშორიოს თეატრალურო ფესტივალი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

გოგოს ისტორია, რომელიც ამბობს, რომ ტაქსი ...

25 აგვისტოს მეგობრის დაბადების დღიდან შინ ბრუნდებოდა, ტაქსი გააჩერა და მძღოლს მისამართი უთხრა. თათია ცაგურიშვილი ჰყვება, ...
17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

ბერეზოვსკიდან ვირსალაძემდე... კორსანტიაზ ...

თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ელისო ვირსალაძის მიერ შესრულებული ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტებით დასრულდა თ ...
17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

ფემინსტრიმი ► რა კავშირშია ფემინიზმი ვეგ ...

მოუსმინეთ ნანა გობეჯიშვილის პოდკასტს:  „ფემინიზმზე საუბრისას პირველ სირთულეს მისი განმარტებისას ვაწყდებით, ვ ...

მეტი

^