Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ა. ჩხენკელის სიტყვა საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე

30 მარტი 2015

მოქალაქენო!

მე ბედად მხვდა პირველს საქართველოს ეროვნულს ყრილობას მოვახსენო საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს სახელით სიტყვა მილოცვისა და სიხარულისა.

ჩვენს სიხარულს საზღვარი არა აქვს. ან რატომ არ უნდა გვქონდეს, როცა ვხედავთ აქ საქართველოს სხვა და სხვა კუთხიდან თავმოყრილ პოლიტიკურ ორგანიზაციათა და საზოგადო დაწესებულებათა წარმომადგენლებს. მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთს  შეუერთდა, ეს პირველი ეროვნული ყრილობაა ჩვენი ხალხისა. დღევანდელი დღე - 19 ნოემბერი - არის დატა, რომელიც არ ამოიფხვრება ჩვენი ხსოვნიდან. მართალია, დღევანდელს ყრილობას ვერ დავუძახებთ საქართველოს ნამდვილ სახეს, მაგრამ თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ამ ყრილობაზე წარმოგზავნილნი არიან ყველა საკულტურო და საზოგადოებრივ დაწესებულებათა დელეგატები, რომ აქ არიან ჩვენი დაბა-ქალაქების ნორჩ დემოკრატიის და მის აღმასრულებელ კომიტეტთა წარმომადგენლები, რომ აქვე მონაწილეობენ საპროფესიო კავშირების და მუშათა და ჯარისკაცთა სარევოლიუციო ორგანიზაციების რწმუნებულნი, თუ ამას მივიღებთ მხედველობაში, მაშინ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ასეთი შემადგენლობის ყრილობა უეჭველად გამოსთქვამს ქართველ ერის ნამდვილს გულის თქმასა და ზრახვას.

აქვე არიან სტუმრები და ნება მომეცით თქვენი სახელით მივესალმო მათ, ჩვენ სტუმრებს, პირველ ყოვლისა ამიერ კავკასიის კომისარიატს, რომელიც სრულის შემადგენლობით აქ იმყოფება.

(ისმის ტაში)

მივესალმები აგრეთვე ამიერ კავკასიის რევოლიუციონურ ცენტრის დელეგატებს.

(ტაში)

აქვე არიან უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლები: ინგლისის, საფრანგეთის, ამერიკის, სპარსეთის და იტალიის. ნება მომეცით თქვენი სახელი მათ მივესალმო.

(დიდი ტაში)

აქვეა კავკასიის ფრონტის სარდალი პრჟევალსკი.

(ტაში, პაუზა)

მე ვიტყოდი თქვენს მაგიერ; გაუმარჯოს რუსეთის დიდ რევოლიუციას!

(ხმები: გაუმარჯოს! ტაში)

გაუმარჯოს აგრეთვე ყველა ერთა და სახელმწიფოთა სამართლიან დემოკრატიულ ზავს!

(ხმები: გაუმარჯოს! ტაში)

აქვე არიან მოქალაქენო, ჩვენ ძვირფას მეზობელ ერების წარმომადგენლები! სპარსეთის, რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის, აფხაზეთის, ებრაელების, სომხების, თათრების, ლიტვის.

(ტაში)

გაუმარჯოს ერთა სოლიდარობას!

(მხურვალე ტაში)

მოქალაქენო!

დღეს ჩვენ ფრიად საბედისწერო და საპასუხისმგებლო მომენტს განვიცდით. მთელი რუსეთი ომის ქარცეცხლითაა მოცული. მრავალი საკითხი უძევს მას წინ გადასაწყვეტად. დღიურ წესრიგშია დასმული რუსეთის სხვა და სხვა ერთა ყოფნა-არყოფნის საკითხი.

ჩვენ ფეხზე წამოდგომით პატივს ვსცემთ იმ გმირებს, რომელთა სისხლით და სიკვდილით მოვიპოვეთ დღევანდელი ბედნიერება და თავისუფლება. მუხლს ვიდრეკთ ჩვენ გმირ ძმათა უთვალავ საფლავების წინაშე. ისინი იბრძოდნენ მთლიანობისთვის. გაუმარჯოს რუსეთის დემოკრატიის ერთ მთლიან ფრონტს (ტაში).

მოქალაქენო!

ჩვენ, ამიერ-კავკასიის ერებს, შეგვიძლიან თავი მოვიწონოთ იმ როლით, რომელიც მივიღეთ და დღესაც ვიღებთ რუსეთის რევოლიუციაში. და დღეს, როცა რუსეთს არა ჰყავს ერთი ცენტრალური მთავრობა, ჩვენ მაინც ვიტყვით იმას, რაც გვითქვამს: გაუმარჯოს რუსეთის მთლიან დემოკრატიულ რესპუბლიკას!

ის ძლიერი ტალღა, რომელიც 25 ოქტომბერს გადმოსროლილია ცენტრიდან და პერიფერიებს დაღუპვას გვიქადის, გვიკარნახებს დაღუპვის ასაცდენათ სწორედ ამ პერიფერიების გამაგრებას. ჩრდილო კავკასიაში უკვე გაჩნდნენ ეროვნულ-პოლიტიკური ერთეულები, რომელნიც ლამობენ თავის საკუთარი ძალ-ღონით საკუთარ საქმეების გაძღოლას. მაშ აუცილებელია ჩვენთვისაც ეს გზა და კავშირი ერებს შორის, საჭიროა ერთი პირით შევიკრათ, ერთად ვიაროთ საფრთხის თავიდან ასაცდენათ. ამიერ კავკასიის კომისარიატი ვერ შესძლებს თვის დანიშნულების შესრულებას, თუ იგი არ დაემყარა ამიერ-კავკასიის ერთა ძალას, ერთა სოლიდარობას. მე დიდი სიამოვნებით წავიკითხზე მოწოდება-დეკლარაცია კომისარიატისა ამიერკავკასიის ერებისადმი. ის ადგილი დეკლარაციისა, რომელიც ეხება  ეროვნულ საკითხს, მეტად დამაკმაყოფილებელია. ყველა ერი ამის ძალით წარუდგენს თავის მოსაზრებებს იმისას, თუ როგორ უნდა მოგვარდეს და მოეწყოს მათი ბედი და იღბალი.

თუ ვინიცობაა დამფუძნებელი კრება არ შესდგა, ჩვენ ვირჩევთ დეპუტატებს, რომელნიც ჩვენ ბედს ისე გადასწყვეტენ როგორც ჩვენ მოვისურვებთ და დავავალებთ. ყოველ ერს უნდა ჰქონდეს რევოლიუციურ-დემოკრატიული პრინციპი, ხოლო ასეთი პრინციპის ერთა თვითგამორკვევა, რომელიც უნდა განახორციელოს ყველა ერმა სხვა ერთა დახმარებით.

თქვენ კარგათ იცით, მოქალაქენო, თუ რას ჰგულისხმობს ეს პრინციპი და როგორ უნდა გადაწყდეს ჩვენში ეს საკითხი. ეს არის ეროვნულ-პოლიტიკური თვითმართველობა საკუთარის კანონმდებლობით და

(ძლიერი ტაში)

და მართებლობით. ამ საგანზე შემდეგ ყრილობას წარმოედგინება ცალკე მოხსენება ამხანაგ ნ[ოე] ჟორდანიას მხრივ.

მეორე საკითხი, ამ ყრილობაზე გამოსარკვევ-გადასაწყვეტი, შემდეგია: მისაღები გვაქვს ქართველ თავად-აზნაურთაგან მამული, რაც საისტორიო მოვლენაა მთელ რუსეთში.

(ტაში მარჯვენა ფრთაში)

რუსეთის თავად-აზნაურთა შორის ქართველ თავად-აზნაურობამ პირველი ადგილი დაიკავა რა თქმა უნდა.

თუ ღრმათ დავაკვირდებით ამ მოვლენას, დავინახავთ, რომ ეს მიეწერება ქართველი ერის სიძლიერეს, მის დემოკრატიის მნიშვნელობას და გავლენას. ქართველი ერი და დემოკრატია არის ისეთი ძლიერი ფაქტორი, რომლის წინაშე თავად-აზნაურობას ქედი უნდა მოეხარა.

(ტაში)

დღეს დღეობით უკუღმართ პირობების წყალობით ქართველ ერს, როგორც ასეთს, არ აქვს საკუთრება, საკუთრება აქვს მარტო წოდებას, შემდეგში მას ქონება უეჭველად ექნება და ის მამული, დღეს რომ გადმოდის ქართველ  თავად-აზნაურთაგან, იქნება პირველი ფონდი ქართული ეროვნული ქონებისა.

გამოქვეყნებულ დეკლარაციის ძალით ჩვენ ველით, რომ დაუყოვნებლივ შემოღებულ იქნება ერობა, მოხდება სასამართლოს სრული რეორგანიზაცია მისი ნაციონალიზაციის სახით, შემოიღება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. ველით აგრეთვე სკოლის ნაციონალიზაციას.

მაგრამ რომ ყველა აქ ხსენებულ საკითხებს რიგიანათ გაუძღვეს ქართველი ერი, საჭიროა ეროვნულმა ყრილობამ აირჩიოს ორგანო, რომელიც დაიჭერს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ადგილს და, ერთის მხრივ, გაუძღვება, უპატრონებს მიღებულ ქონებას, ხოლო, მეორეს მხრივ, ფხიზლათ მოეპყრობა ყველა იმას, რასაც წარმოშობს დრო და გარემოება.

ეს ყრილობა ერთი არ იქნება, ამ ყრილობას უნდა მოჰყვეს საქართველოს დამფუძნებელი კრება.

(ტაში).

საქართველოს ინტერპარტიულ საბჭოს სახელით გაგზავნილი იყო ქ. პეტროგრადში მომხდარ დემოკრატიულ თათბირზე საგანგებო წარმომადგენელი, რომელიც თათბირს მიესალმა და რომელმაც გამოუცხადა მას ქართველ ერის გულისნადები.

საბჭოს შექმნაში, ჩვენს ეროვნულ თვითგამორკვევის დაჩქარებაში დიდი როლი უძევს ქართველ ჯარის სარდალს სტეფანე ახმეტელაშვილს!

(ტაში).

ამ ჯარის საქმეთ დაცვა, რევოლიუციის დროს მოპოებულ თავისუფლებათა დაცვა ერთა შორის სოლიდარობისა და სხვა.

ჩვენ გვაქვს ურთიერთობა და მიმოსვლა სხვა მეზობელ ერებთან. ჩვენ გავაგზავნეთ წარმომადგენელი საბჭოსი აფხაზთა სიეზდზე (ყრილობაზე) დასასწრებლად და მისასალმებლად, აგრეთვე სამაჰმადიანო საქართველოში. აფხაზეთის შესახებ ჩვენ ვიყავით და ვართ ერის თვითგამორკვევის პრინციპის მოზიარენი და ეროვნულ საკითხს ისე გადავსწყვეტთ, როგორც ამას მოითხოვს მისი არსებითი ინტერესები. ასეთივე სიტყვები ეთქვა ჩვენს მოძმე მაჰმადიან ქართველებს, ჭირი და ვარამო მათ რომ გადაიტანეს, აუტანელია და ნება მომეცით თქვენს მაგიერ და თქვენის სახელით მივესალმოთ: ვაშა აფხაზეთს, ვაშა აჭარას!

მოქალაქენო !

ჩვენ უნდა შევუდგეთ ჩვენს წმინდა საქმეს. საჭიროა ამისათვის ვიქონიოთ მხედველობაში ჩვენი წარსული და აწინდელი საარსებო ინტერესები. იყო თქმული ხშირად, რომ ქართველი ერის ბედი რუსეთთან არის დაკავშირებული. ეს ნამდვილია, მაგრამ ქართველი ერის ბედ-იღბლის გამომჭედი არის მისი დემოკრატია.

(ტაში).

ქართველ ერის სიწმინდით დაცვისთვის ბრძოლას, აქამდე სოციალურ ნიადაგზე რომ ვაწარმოვებდით, დავუმატოთ ეროვნულ ნიადაგზე ბრძოლა. აწ განსვენებულმა ბებელმა სთქვა:  ვინ არის ერი? ვინ არის ნაცია ? ჩვენ ვართ ნაცია, დემოკრატიაო და ჩვენ შეგვიძლიან ვსთქვათ თამამად, რომ დემოკრატია არის სასიქადულო მემკვიდრე ერისა.

საქართველოს ეროვნულ  ყრილობას ვაცხადებ გახსნილად.

 

„ალიონი“, #60, ხუთშაბათი, 23 ნოემბერი,  1917 წ.

სტილი დაცულია

სპეციალურად "ლიბერალისთვის" მასალა მოამზადა პარლამენტის არქივის გამგემ - ირაკლი იაკობაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^