Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაბიჯი გენდერული თანასწორობისკენ

05 აპრილი 2015

ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე წლებია გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის დანერგვაზე მუშაობენ. პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს გასულ წელს პრემიერ მინისტრთან არსებული ადამიანის უფლებათა საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო დაემატა. ამჟამად კი საუბარია, ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის მექანიზმის ამუშავებაზე. მომზადდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის განხილვაც პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.

იმისათვის, რომ ქვეყანაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ეფექტურად განხორციელდეს, საჭიროა აღსრულების მექანიზმის არსებობა როგორც აღმასრულებელ გუნდში, ისე პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში. სხვა შემთხვევაში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა მხოლოდ ფურცელზე დარჩება - ამ მოსაზრებას იზიარებენ ქალების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, რომელთა ძალისხმევით გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის დახვეწაზე მუშაობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.

დღეს პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭო მოქმედებს, რომელიც პირველად პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის დროებითი საკონსულტაციო საბჭო იყო, მაგრამ 2009 წლიდან მუდმივმოქმედი მექანიზმია საკანონმდებლო შტოში. საბჭოს მიზანი გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის კოორდინაცია და მონიტორინგია. ასევე, კონკრეტული წინადადებების შემუშავება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე გენდერულ თანასწორობას უზრუნველყოფს. 2013 წლიდან პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა რიგებში ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩევლის თანამდებობაც გაჩნდა, რომლის ფუნქციასაც ამჟამად სოფო ჯაფარიძე ასრულებს. ის  ასევე კოორდინირებას უწევს გასულ წელს მთავრობაში შექმნილი ადამიანის უფლებათა საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს მუშაობას. უწყებათაშორის საბჭოში ქალთა ორგანიზაციებს სათათბირო ხმის უფლებით "ქალთა საინფორმაციო ცენტრი" წარმოადგენს. გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი მუშაობს სახალხო დამცველის აპარატშიც.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“,  საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM– ის მხარდაჭერით, 2013 წლიდან ახორციელებს პროექტს „გენდერული სამართლიანობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით“, რომლის მიზანიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა თანამონაწილეობის გაზრდაა. ამ პროექტის ფარგლებში, „ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერებისათვის“ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც გენდერული თანასწორობის კანონში შესატანი ცვლილებები და  საკრებულოსთან არსებული  გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მრჩევლის უფლებამოსილებების სამუშაო ვერსია მოამზადა.

„გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოს, როგორც საკონსულტაციო - სათათბირო ორგანოს შექმნას გულისხმობს. საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება  საკრებულოს რეგლამენტით და საბჭოს დებულებით განისაზღვრება, რომელსაც  მუნიციპალიტეტის საკრებულო დაამტკიცებს.

საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს მიზანი მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის დაცვა, გენდერული დისკრიმინაციის გამოვლენა  და მის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ასევე, გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება იქნება. კანონპროექტის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობებში გამგებელს, მერს ან საკრებულოს თავჯდომარეს შეუძლია დანიშნოს მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში, რომელიც შეისწავლის და დაგეგმავს კონკრეტულ საქმიანობებს, უზრუნველყოფს საბჭოს სხდომებზე განსახილველი საკითხების მომზადებას.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ელენე რუცესკაია ამბობს, რომ ორგანიზაცია გენდერული თანასწორობის საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან დიდი ხანია მუშაობს. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით,  თვითმმართველობის არჩევნების წინ,  რამდენიმე  საპილოტე რეგიონი შეირჩა.  ერთ-ერთი იყო გორი, სადაც გენდერული თანასწორობის მრჩევლის თანამდებობა შეიქმნა. მოგვიანებით სხვადასხვა რეგიონებში კი 49 მრჩეველი დაინიშნა. თუმცა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნების შემდეგ ეს თანამდებობა უმეტეს რეგიონში გაქრა. გენდერული თანასწორობის მრჩეველი მხოლოდ იმ მუნიციპალიტეტებში შემორჩა, სადაც მათთვის შტატი გამოიყო. ელენე რუცესკაია ამბობს, რომ  ნებაყოფლობითი მექანიზმი არამდგრადი აღმოჩნდა, რადგან  შესაბამისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა არ გააჩნდა, ამიტომ საჭირო გახდა გენდერული თანასწორობის კანონში შესატანი ცვლილებების მომზადება.

„გენდერული თანასწორობა რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ ვერ განხორციელდება ინტიტუციური მექანიზმის გარეშე.  მნიშვნელოვანია, რომ იმპლემენტაცია მხოლოდ ცენტრალურ დონეზე  არ ხდებოდეს და ის რეგიონებში იშლებოდეს.  ამ მექანიზმმა უნდა უზრუნველყოს ქალების უფლებების დაცვა, მათი გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციით უზრუნველყოფა. ეს გულისხმობს გენდერულ მეინსტრიმინგს თვითმმართველობებში, რადგან პროგრამები, რომელსაც თვითმმართველობა შეიმუშავებს გათვლილი უნდა იყოს  საზოგადოების ყველა ჯგუფზე“, - ამბობს  ელენე რუცესკაია.

საკანონმდებლო ცვლილებების წინ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობდა. შესაბამისად, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, ცვლილებათა საბოლოო ვარიანტი ყველა მხარესთან შეთანხმებით მომზადდა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების სპეციალისტი თამარ საბედაშვილი ამბობს, რომ ეს მექანიზმი უკვე არსებულ გამოცდილებას  ეყრდნობა და ამიტომ ეჭვის საფუძველი, რომ არ იმუშავებს, არ არსებობს, რადგან სამ მუნიციპალიტეტში ქუთაისში, ოზურგეთსა და თელავში გენდერული თანასწორობის საბჭოები უკვე მოქმედებს.

„ეს არ ნიშნავს რომ ამ საბჭოების შექმნა ადვილი იქნება, ჰარმონიულად სწრაფად შეიქმნება და ამუშავდება. მაგრამ მოდელი არის რეალობასთან მორგებული. საჭიროა თანაშრომლობის გაგრძელება, კადრების მომზადება, ტრენინგების ჩატარება და ა.შ. ეს პროცესი ამ ცვლილებებით არ დასრულდება. ადგილობრივ ხელისუფლებას უფრო მჭიდრო, აქტიური შეხება აქვს მოსახლეობასთან თავის მუნიციპალიტეტში. ამიტომ მათი გასაჭირი, საჭიროებები,  პრიორიტეტები უკეთ იცის.  თუნდაც როცა ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვისას პრიორიტეტების სწორად შერჩევა ხდება,  გენდერული ნიშნით  გარკვეული საკითხების ინტეგრირება, ეს გაცილებით აადვილებს და ეფექტიანს ხდის ეროვნულ დონეზე შემუშავებული პოლიტიკის განხორციელებას“, - ამბობს თამარ საბედაშვილი. 

საკანონმდებლო ცვლილებები დამატებით საბიუჯეტო უზრუნველყოფას არ საჭიროებს. პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი მანანა კობახიძე ამბობს, რომ როგორც პარლამენტის საბჭო შედგება დეპუტატებისგან, რომლებიც თავიანთი მანდატის ფარგლებში ეწევიან საბჭოში საქმიანობას, ასევე, თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც კი ცვლილებების დამტკიცების შემდეგ გენდერული საბჭო შეიქმნება, საკრებულოს წევრები ამ საბჭოს ფარგლებში  გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმუშავებენ.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავჯდომარე ამბობს, რომ ქვეყანაში გენდერული თანასწორობა ყველა დონეზე უნდა დამკვიდრდეს, იქნება ეს სოციალური სფერო, ეკონომიკა, განათლება თუ სხვა. ამის მიღწევას კი საკანონმდებლო გარემო უნდა უწყობდეს ხელს. მისი თქმით, ერთ კვირაში დაგეგმილია ცვლილებების გაცნობა და განხილვა  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან. „ვფიქრობ, პარლამენტში არ იქნება წინააღმდეგობა, რადგან ცვლილებები დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს არ მოითხოვს“.

 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ პროექტის „გენდერული სამართლიანობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით“ ფარგლებში აგრძელებს მუშაობას ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის მრჩევლებთან და საბჭოებთან. პროექტის კოორდინატორი ნათია კაპანაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების კუთხით გარკვეული პრობლემები არსებობს, თუმცა მათთან მუშაობა შედეგიანია. მას შემდეგ, რაც პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს მიიღებს, ორგანიზაციის მიერ გათვალისწინებულია კვლევის ჩატარება უშუალოდ მუნიციპალიტეტებში დანიშნულ საბჭოს წარმომადგენლებთან, თუ როგორ ხედავენ ისინი თავიანთ უფლებამოვალეობას. პარალელურად კი მომზადდება მოდული, რომლის საფუძველზეც გენდერული თანასწორობის მრჩევლების გადამზადება დაიწყება. 

 

სტატია მომზადებულია პროექტის ”გენდერული სამართლიანობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-ის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერების მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^