Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქვეყანა ინდივიდუალობის დეფიციტით

20 აპრილი 2015

მიტინგების უწყვეტი ციკლი, "ჯოს!" - დრომოჭმული, მაგრამ დღემდე აქტუალური ფენომენი, მტრის ხატის ცნების ცვლილება და ბურუსით მოცული ნაცვალსახელი "ჩვენ"; რელიგია და ტრადიცია - არცთუ იშვიათად ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამამართლებელი არგუმენტი, ბელადის ქართული კულტის ტრანსფორმაცია, მედია, რომელიც "ლაპარაკობს და გადმოსცემს" და ქალაქი სივრცეების გარეშე, ამ თემებზე "ლიბერალი" ფილოსოფოს გიორგი მაისურაძეს ესაუბრა.

პროტესტი, ხალხის შეკრება, რეგიონებიდან მხარდამჭერების მობილიზება, მოწოდებები, ყვირილი ბოლო ხმაზე და ლაპარაკი საქმის ნაცვლად. როგორია ცხოვრება მიტინგების უწყვეტ ციკლში?

იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკოსები დროში არიან გაჩერებული, ძველი, ტრადიციული მიტინგები არ დასრულებულა. ახლაც, "ნაციონალური მოძრაობის" ბოლო მიტინგზე გამოჩნდა, რომ მეტყველება ისევ "ჯოს!" - გამოხატვის ოცდახუთი წლის წინანდელი ფორმის ენაზე გრძელდება. ეს არარსებული რეალობაა და პოლიტიკოსები ამ არარსებულ რეალობაში იმყოფებიან.

პრიუდონს აქვს ასეთი გამონათქვამი - "ვინც ახსენებს ღმერთს, ის ტყუის". ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას - ვინც გამუდმებით იმეორებს "საქართველოს გაუმარჯოს", პირდაპირ გვაფრთხილებს - "არ მენდოთ". წლებია, რაც არარსებული რეალობის ჩვენება და მისი რეპროდუქცია ხდება.

რაც შეეხება ზოგიერთ პატარ-პატარა აქციას; ეს თავისთავად ძალიან სასარგებლო მოვლენაა, თუმცა ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს მხოლოდ და მხოლოდ სანახაობის ფორმაა, მაგრამ ალბათ საჭირო. ამ აქციებზე რეალური პრობლემების საჯაროდ გამოტანა ხდება და მათი თვითმიზანი "საქართველოს გაბრწყინება" არ არის. აქცია, ქუჩაში გამოსვლა - ამას გაგრძელება უნდა მოჰყვეს, ქუჩაში გამოსვლით არ უნდა მთავრდებოდეს. ამ ბოლო დროს არაერთი ასეთი აქცია ვნახეთ. ძალიან კარგია, რომ ადამიანები სახლებიდან გამოდიან და მათთვის მიუღებელ საკითხებს აპროტესტებენ, იქნება ეს ძალადობის თემა, სოციალური ჩაგვრა, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხი და ა.შ. მაგრამ ამას სხვა ქმედებებიც უნდა მოჰყვეს, რადგან აქცია მხოლოდ ერთ-ერთი გამოხატულებაა, როდესაც ადამიანები საზოგადოებას მიმართავენ, მის მხარდაჭერას ითხოვენ და ცდილობენ ყურადღება რომელიმე აქტუალურ, მწვავე პრობლემაზე გაამახვილებინონ.

მტრის ხატის ფენომენის ცვლილება და "ჩვენ", ნაცვალსახელი, რომელზეც საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს სურთ მონოპოლიის მოპოვება...

დღეისთვის მტრის ხატის მნიშვნელობა ფაქტობრივად განტევების ვაცის ცნებამ ჩაანაცვლა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გადაბრალების პოლიტიკას იყენებს. ვთქვათ, მთავრობა უსუსურია და ვერ ახერხებს კონკრეტულ პრობლემას გაართვას თავი. ვისი ბრალია? - ნაციონალების. ვიღაცას კლავენ ან სცემენ. ვისი ბრალია? - ნაციონალების. განტევების ვაციც აღარ გამოდის, გადაბრალების ობიექტი უფროა. ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დღესდღეობით არსებობს, ხელისუფლებისთვის ეს ნამდვილი საჩუქარია - არსებობს პარტია, რომელსაც შეიძლება ყველაფერი დაბრალდეს, მათ შორის ისიც, რაც ალოგიკურია "სხვას" გადააბრალო.

რაც შეეხება "ჩვენ"-ს, აქაც თითქმის იმავე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომ ჩემი პრობლემები სხვას უნდა გადავაბრალო, ვეძებო განტევების ვაცი, "ისინი", ვინც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიდუხჭირეში, ჩემს ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და ოჯახურ კონფლიქტებში არიან დამნაშავე.

შეიძლება მარტივად ჟღერს, მაგრამ ამას ღრმა, ფსიქოლოგიური საფუძვლები აქვს. ვფიქრობ, ეს თემა მეტ-ნაკლებად დროებითი იყო. უნდა გამოჩენილიყო ვიღაც ისეთი, ვინც იდეალურად მოერგებოდა ამ დამნაშავის, თუ მტრული ძალის ხატს. ამ შემთხვევაში ჰომოსექსუალობა იდეალური ვარიანტი იყო, თანაც იმ ფონზე, რომ საქართველოში არ არსებულა პოლიტიკური ძალა, ვისაც ამ თემაზე რაციონალური მსჯელობა შეეძლებოდა. ეს თემა ყველაში იწვევდა ემოციებს: "როგორ შეიძლება!", "ჩვენს ტრადიციებში არ ჯდება!" და ა.შ.

"ქართველები მხოლოდ მართლმადიდებლები არიან!" - ფრაზა, რომელიც საკმაოდ ხშირად ისმის, როგორც აქსიომა; რელიგია და ტრადიცია, რომელიც არცთუ იშვიათად, ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამამართლებელ არგუმენტად გამოიყენება.

ნაციონალიზმისა და რელიგიის ნაზავით საქართველოში ახალი ჰიბრიდი გამოიგონეს. ჰიბრიდი, რომელიც საკმაოდ საეჭვოა თავისი რელიგიური შინაარსითაც. ის, რასაც ზოგადად ეკლესია ხალხის შთაგონებითა და, შეიძლება ითქვას, ტელეპატიური ზემოქმედებით ახდენს, იდენტობის პოლიტიკაა. რასაც დღეს "მართლმადიდებლობას" უწოდებენ და ქართველობასთან აიგივებენ, ამ 15-20 წლის გამონაგონია და "მრავალსაუკუნოვან" ისტორიასთან საერთო არაფერი აქვს.

რამდენადაც საბჭოთა წარსული და ბავშვობა მახსოვს, ეს ყველაფერი ძალიან მაგონებს საბჭოთა ადამიანებს. ვინ იყვნენ ის ადამიანები 25 წლის წინ, ვინც დღეს მართლმადიდებლობის სახელით ძალადობენ? ისინი ჩვეულებრივი საბჭოთა ადამიანები იყვნენ და მექანიკურად გაიძახოდნენ იმ უაზრო ლოზუნგებს, რასაც საბჭოთა ხელისუფლება სთავაზობდა. ზუსტად ასევე დაუნდობლად შეეძლოთ ადამიანების შუაზე გაგლეჯა, თუკი ვინმე გაბედავდა და საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ ამოიღებდა ხმას, ან უბრალოდ რაიმე ანტისაბჭოთა მოსაზრებას გამოთქვამდა. სწორედ ეს ადამიანები და მათი წინაპრები იყვნენ ის ხალხი, სამშობლოს - საბჭოთა კავშირის მტრებს რომ ებრძოდნენ და ანადგურებდნენ. მათი მოწყობილია 1937 წელი და მგონია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით, თუ სახელების შეცვლით არაფერი იცვლება.

რაც შეეხება ტრადიციას, ამ ფენომენთან დაკავშირებით ჩემთვის ყველაზე მეტად რელევანტური თეორია ბრიტანელ ისტორიკოსს, ერიკ ჰობსბაუმს ეკუთვნის - "ტრადიცია არის ის, რისი გამოგონებაც ხდება დღეს". ტრადიციაზე საუბრისას, ის ტრადიცია, რასაც გულისხმობენ, იმ მომენტში იქმნება. რეალურად მას არანაირი ხანგრძლივი და ისტორიული საფუძველი არ გააჩნია.

ასე მოიგონეს მართლმადიდებლობის დღევანდელი ფორმა სრულიად გაუგებარი ნიშნებით. ეს არის იდენტობის პოლიტიკა, რომლის უკანაც ძალაუფლების მექანიზმები დგას. ეს ძალაუფლება ყოველთვის ანონიმურია, ის არ იგივდება არცერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან. ეს არის ძალაუფლება, რომელიც თავისი ანონიმური საწყისით ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, მანიპულირებს ადამიანებით და მათ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, მიზნებისთვის, რომლებიც საკმაოდ ბუნდოვანი და აბსტრაქტულია. 

ამაში მათ ის პოლიტიკური ძალები უწყობენ ხელს, რომელთაც არანაირი პოლიტიკური ნება, იდეა, მიზანი, სტრატეგია არ გააჩნიათ. საქმე გვაქვს არაოფიციალურ შეთანხმებასთან. პოლიტიკოსებიც ზუსტად ამავე მიზნებით არიან ხელისუფლებაში, რომ საკუთარ კეთილდღეობაზე იზრუნონ და მართონ - მაქსიმალურად დიდხანს ეკავოთ მმართველობითი პოზიცია.

ბელადის კულტი საქართველოში და მისი ტრანსფორმაცია...

ბელადის ცნებამ მატერიალისტური სახე მიიღო. გამსახურდია - აღიქმებოდა მესიად, რომელსაც ბოროტი ძალისგან უნდა ვეხსენით; შევარდნაძე - რომელსაც ევროპული განვითარების გზაზე უნდა დავეყენებინეთ და მის ნაწილად ვექციეთ, მაშინ, როდესაც კაცმა არ იცოდა, რა იყო ეს ევროპა; სააკაშვილი - რომლის დროსაც გამომჟღავნდა რა იყო ევროპა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ უტილიტარისტული კუთხით, ისე, როგორც მას აღიქვამდა და დღესაც აღიქვამს "ნაციონალური მოძრაობა" - მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოდ. ფაქტობრივად მთელი ძალების კონცენტრირება ხდებოდა იმაზე, რომ "დასავლეთი გვინდა", რადგან ხალხი იქ კარგად ცხოვრობს. ის, რომ ამ კარგ ცხოვრებას სხვა ფაქტორებიც ახლავს თან, "ამოჭრილი" იყო.

რაც შეეხება ივანიშვილს, რითი ამოიცნობა ის გარდა ფულისა? ვფიქრობ საინტერესოა თანამედროვე კაპიტალიზმის ტენდენცია, როცა ფულის დაგროვება მის მფლობელს საკრალურ პიროვნებად აქცევს. საკრალურობა თავისი არსით ნიშნავს, რომ არ არის უტილიტარული, ვერ მოიხმარ, ვერ გამოიყენებ. როდესაც ადამიანი რამდენიმე მილიარდის ქონებას ფლობს, ის არ ექვემდებარება ხარჯვასა და მოხმარებას. ბერძნული მითოლოგიიდან ეს შეგვიძლია შევადაროთ მეფე მიდასის მითს, რომელიც რასაც ხელით შეეხებოდა, ყველაფერს ოქროდ აქცევდა. საბოლოოდ ეს ადამიანი შიმშილით კვდება, იმიტომ, რომ პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც კი არ შეუძლია.

თანამედროვე სამყაროს მილიარდელებიც ასეთ ფიგურებად იქცნენ. მათთვის გამოსავლად რჩება ის, რომ თანხა რაღაც ტიპის ქველმოქმედებას მოახმარონ, რაც გარკვეულწილად ზეადამიანობის აურას ქმნის. დიდი ფულის ქონა ქართველებს მათ გონებრივ შესაძლებლობებში აჯერებს. შესაბამისად, რადგან ფული აქვთ, ფიქრობენ, რომ საბოლოო სიტყვაც მათ ეთქმით, პოეტებიც არიან, ფილოსოფოსებიც, თეოლოგებიც და უნდა გვასწავლონ. წარმოუდგენიათ, რომ ამ ყველაფრის ყიდვა შეიძლება და საქმეც ის არის, რომ გასდით კიდეც. ხალხი მათ ზეადამიანებად აღიქვამს. თუმცა საბოლოო ჯამში, მოლოდინი, რომ ეს ზეადამიანი მე რაღაცას მიწილადებს, საკმაოდ მალე, დიდი გაწბილებით სრულდება და ამ ხალხს ზეადამიანების წინააღმდეგ მიმართავს.

რთულია მათი მოღვაწეობის დასასრულის წარმოდგენა, მაგრამ არ მგონია ბატონობის პერიოდი მათთვის მაინცდამაინც კომფორტულად სრულდებოდეს.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხალხის აღქმა არ შეცვლილა. საზოგადოება კვლავ ელის ზეადამიანს და პრობლემები აქვს, ვერ აღიქვამს ისეთ პოლიტიკოსს, რომელიც ამ ზეადამიანური შესაძლებლობების ინსცენირებას არ ახდენს. მაგალითად, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც შეიძლება წინდებს ქსოვდეს, გაურემონტებელ ბინაში ცხოვრობდეს და არ სარგებლობდეს ამ ინსცენირებებით. ის საზოგადოებისთვის ნაკლებად აღქმადია. ისევ და ისევ ენატრებათ ბრწყინვალება, ძალაუფლების სპექტაკლი, რასაც ისინი წინა მმართველებმა მიაჩვიეს.

 "ყურადღება, ყურადღება, ლაპარაკობს და გადმოსცემს..." რას ლაპარაკობს, წერს და გადმოსცემს მედია?

ტელევიზიაც და პრესაც აყალიბებს სტერეოტიპებს, რომელსაც მოსახლეობა ისე იღებს, როგორც ჭეშმარიტებას. ხშირ შემთხვევაში სწორედ მედიას ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის ყველაზე მდარე ხარისხის ემოციების ამოძრავების გამო. ფრაგმენტების დონეზე მინახავს ზოგიერთი ტელეშოუ... ადამიანები იმ სიბინძურითა და ტყუილით იკვებებიან, რასაც მათ აწვდიან და თან, არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით.

ის, რასაც მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი, ყველაზე აქტიურად კი გაზეთი "ასავალ-დასავალი" აკეთებს, საბჭოთა პერიოდის დიდ, ცისტერნიან მანქანებს, "Говновоз"-ებს მახსენებს - ტუმბავენ ექსკრემენტებს, სადაც პოულობენ და ამას ადამიანებს აწვდიან. ეს კოლექტიური კოპროფაგია, როგორც ჩანს, დღეისათვის ყველაზე მასშტაბური, მასობრივი პერვერსია საქართველოში - სიამოვნების მიღება ექსკრემენტებით. ამ ყველაფრის ფონზე, ყველაზე წარმატებული ის მედიასაშუალებაა, რომელიც ყველაზე მეტ ექსკრემენტს აწვდის აუდიტორიას, აუდიტორიას, რომელმაც არ იცის, რომ სხვა გემოც არსებობს. ხალხს ის სიამოვნებს, რაც უფრო ხშირად მოატყუებ, რაც უფრო მეტ სიბინძურეს ეტყვი, და ფაქტობრივად, თაობების გემოვნება ამ გემოზე ჩამოყალიბდა.

თავისთავად საინტერესონი არიან ის ადამიანებიც, ვინც ამ ყველაფერს იგონებს. ფსიქოლოგიური კუთხით თუ შევხედავთ, ნებისმიერი ფანტაზია განხორციელებულ, რეალიზებულ სურვილს გულისხმობს. ანუ იმ სურვილს, რომელიც ვერ ხორციელდება რეალობაში, რეალიზდება ფანტაზიაში და ეს ფანტაზია გამოხატვის სხვადასხვა ფორმას იძენს. რა დონის მანიაკალური მიდრეკილებები უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, რომლებიც ამას თხზავენ?!

პოლიტკორექტულობა, ნეგატიური და პოზიტიური დისკრიმინაცია...

სიტყვებით თამაშში გავერთეთ და შინაარსზე არ დავფიქრებულვართ. როგორი პოლიტკორექტული ფორმაც არ უნდა მოვიფიქროთ, რეალურად მაინც გრძელდება მოწყვლადი ჯგუფების ნეგატიური თუ პოზიტიური დისკრიმინაცია. პოლიტკორექტულობა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ეფექტური, როდესაც ტერმინის გამოყენებამდე მისი გაცნობიერება ხდება.

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ფაშისტურად გავიზარდეთ. "ევგენიკა" - ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, ცრუ, ფსევდომეცნიერება, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ სილამაზე ნორმატივებითაა დადგენილი, ჩვენთან დღესაც აქტუალურია. საზოგადოებას ჩანერგილი აქვს, რომ "ეს" სწორია, "ის" არასწორი.

ფუნდამენტურია ინდივიდუალური ხედვის არსებობის აუცილებლობის საკითხი. ის, რომ შესაძლოა უმრავლესობისთვის რაღაც არ იყოს ლამაზი, მაგრამ მე მომწონდეს და ამის უფლება უმრავლესობისგან ლეგიტიმაციის მიღების გარეშეც მქონდეს. ქვეყანაში ინდივიდუალობის დეფიციტია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომ ვერ ხდება იმ შინაარსის გაცნობიერება, რაც ამა თუ იმ სიტყვის უკან დგას.

ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობთ, ქალაქი სივრცეების გარეშე და მისი არქიტექტურა...

თბილისი უკვე აღარ ჰგავს ქალაქს. შეგვიძლია შევადაროთ შავ ხვრელს, სადაც ყველაფერი ცენტრშია კონცენტრირებული. ამ საცხოვრებელ ბუნაგში არ არსებობს არანაირი სივრცე, სადაც სახლიდან გამოსული მომენტალურად ამჩნევ პათოლოგიურად დიდ მანქანებს. ეს იმ ადამიანების ფსიქიკის ლუსტრაციაა, ვინც ამ მექანიზებური, მოსიარულე ამორალიზმით გადაადგილდება.

თბილისი ამ ამორალურობის განსაკუთრებული არენაა. არენა, სადაც ადამიანები არ განიცდიან არანაირ სინდისის ქენჯნას, როდესაც ფეხით მოსიარულეთა სივრცე აქვთ დაპყრობილი. ბერლინში ვინმემ ავტომობილის ტროტუარზე დაყენება რომ გაბედოს, გამოჩნდებიან ახალგაზრდები, რომლებიც მფლობელს იმ დღესვე გადაუწვავენ მანქანას. არ ვამბობ, რომ ასე უნდა ვიქცეოდეთ, მაგრამ ვიღაცას მაინც ხომ უნდა გაუჩნდეს სურვილი, რომ მძღოლებს ავტომობილების ტროტუარიდან "ჩამოსვლა" აიძულოს?!

სრული განუკითხაობაა არქიტექტურის კუთხით და სამწუხაროა, რომ გადაწყვეტილების მიღების უფლება იმ ადამიანებს ჩაუვარდათ ხელში, რომელთაც გარდა იმისა, რომ არანაირი ესთეტიკური გრძნობა და მორალური ზღუდეები არ გააჩნიათ, (შეიძლება სასაცილოც იყოს) საერთოდ არ აინტერესებთ არც ქვეყანა და არც ქალაქი. ქალაქს არ ჰყავს მთავრობა. ის მთავრობა, რომელიც ცალკე არსებობს, თავს იჯილდოვებს და პრემიებს იწერს. საერთო ჯამში, ინერტული და უსუსურია საზოგადოებაც, რომლის პროტესტის გრძნობაც ვიწრო, სალონურ საუბრებს არ სცდება. ამ არაკომფორტულ, არაჯანსაღ სიმახინჯეში ცხოვრება კი დღითიდღე გაუსაძლისი ხდება და მძაფრდება შთაბეჭდილება, რომ თანამედროვე ქართველებს ესთეტიკური გრძნობის ორგანო ამოკვეთილი აქვთ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^