Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართველი გლეხი და ინტელიგენცია

20 აპრილი 2015

ინ-სანი - ქართველი გლეხი და ინტელიგენცია

„ჩვენი ქვეყანა“, #34, კვირა, 28 მაისი, 1917 წ.

 

დიდებულ მომენტს ყოველთვის დიდებული რეფორმები მოჰყვება ხოლმე, ფორმები არსებითი და საფუძვლიანი. ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც გლეხის ცხოვრებას გაუმჯობესება დაეტყობა, რადგან გლეხი არის საფუძველი, მაცოცხლებელი ძალა სახელმწიფოსი თუ ერისა. თუ გლეხი აქამდის უმთავრესად ეკონომიურს ცხოვრებაში ჩანდა, ამიერიდგან იგი უკვე აქტიურ როლს ითამაშებს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. ამიტომ ბუნებრივიც არის და აუცილებელიც, რომ ისტორიული ცხოვრების ახალმა წევრმა – გლეხმა მეტი ყურადღება მიიზიდოს სწავლულთა მხრივ და შეიქმნეს საგანი ღრმა და ყოველმხრივი შესწავლისა.

აშკარაა, რომ ეს შესწავლა ჩვენმა ინტელიგენციამ უნდა იდვას თავს და ამ შესწავლას უნდა შეუფარდოს კიდეც, როგორც თვისი საზოგადოებრივი მსოფლმხედველობა, ისე თვისი პოლიტიკური მრწამსი, მრწამსი არა განყენებულ თეორიათა დოგმებზე აგებული, არამედ სოციალურ ცხოვრების ჭეშმარიტ მოვლენათა შესწავლაზე აშენებული.

ეს ნათელი აზრი განსაკუთრებით ქართველ ინტელიგენტს უნდა ახსოვდეს. ყველამ ვიცით, რომ ქართველი ინტელიგენტისთანა ფანტაზიორი და უნიადაგო არც ერთი ნაწილია ქართველი ერისა. მიზეზი, რა თქმა უნდა, მის ეროვნულ გადაგვარებაში უნდა ვეძიოთ.  ამიტომაც არის სწორედ, რომ ქართველი ინტელიგენტი სრულებით ვერ იცნობს გლეხს და ისეთ რამეებს აჩრის მას მეტ წილად პირში, რომ განცვიფრებაში მოდიხარ.

საუკეთესო ილუსტრაცია ამ აზრისა ჩვენში არსებულ ზოგიერთ პარტიათა პროგრამა არის. დრო მოვა და დოგმატიზმის გარშემო სიცარიელე დარჩება, რადგან ბოლოს და ბოლოს გაიგებს ქართველი გლეხიც, რომ სოციალისტური მსოფლმხედველობა სრულებით არ შეეფერება მის ცხოვრებას.

ბევრი თქმულა და დაწერილა მიწის კითხვის გარშემო ჩვენშიც, მაგრამ ჯეროვნად მაინც ვერ გადაწყვეტილა. ქართველ ერს ძლიერი ინტელიგენცია ჰყავს, მაგრამ გი სულიერადა და ფიზიკურადაც დაშორებულია გლეხის არსებასთან. მრავალი ჩვენი ინტელიგენტი–სოციალისტი გულუხვად ასაჩუქრებს მიწებს და დადის რიხით გაიძახის სიტყვიერად თუ პარტიულის პროგრამით, მიწა მიწის მუშასო, რაც ეგოდენ ესაჭიროება ჩვენს გაღატაკებულ და დამშეულ გლეხობას, მაგრამ გლეხი მაინც ვერ ეგუება ასეთ პროგრამებს; მის სულსა და გულში ვერ ჩასწვდა სოციალისტური მსოფლმხედველობა.

რად ხდება ეს?

ნუ თუ მარტო ის არის ამის მიზეზი, რომ გლეხი გონებრივად უფრო დაბალ საფეხურზე სდგას, ვინემ ინტელიგენტი? მაგრამ გერმანელი გლეხი ხომ მაინც შეგნებულია, ცხოვრებაში, გარკვეული, პოლიტიკურად მომწიფებული და ის ხომ მაინც ვერ გაუქანებია თავისკენ სოციალისტებს? რუსის გლეხზე არას ვიტყვით, ვინაიდგან ისინი სულ სხვა პირობებში სცხოვრობენ ვინემ გერმანელი თუ ევროპიელი გლეხები საზოგადოდ. ჩვენი და რუსის გლეხის ცხოვრებაც ხომ არსებითად განსხვავდება.

შესწავლილი აქვს თუ არა ჩვენს ინტელიგენციას ეს ცხოვრება?

ვგონებ არა. უკიდურეს შემთხვევაში არც სოციალიზაციას მიაწვდიდნენ მას.  

რათ მოხდა ეს?

პასუხი იოლია. ქართველი ინტელიგენტის შეგნებისა და განვითარების პროცესი უცხოეთის ჭერქვეშ მოხდა და ამიტომაც შეითვისა მან უცხო აზროვნება. აშკარაა, რომ თავის ნააზროვნებს განაღდებასაც მოუნდომებს. იშვიათია ისეთი ქართველი ინტელიგენტი, გლეხთა მასაში, მის შუა გულში რომ შეჭრილიყოს, მისი ავლა–დიდება, სულისკვეთება, მსოფლმხედველობა, ზნე–ჩვეულება, ადათები, ტრადიციები, მისი აზროვნებ რომ შეისწავლოს, გამოუკვლიოს მეცნიერულად და ამის და მიუხედავად (!) მიეწოდებიოს მისთვის ესა თუ ის პროგრამა. ერთ პარტიას გერმანიის ნიადაგზე აღმოცენებული მზა–მზარეული პროგრამა მოაქვს ჩვენთვის წამლად, მეორეს რუსეთისა და მესამეს კიდევ ქართულად დაწერილ, რუსულიდან გადმოღებული პროგრამით მოდის ქართველ გლეხთან და ხიბლავს საჩუქრით.

ის კი დავიწყნია ყველას, რომ ქართველი გლეხი, თუ საზოგადოდ ქართველი, არ არის გერმანელი, არც რუსი, რომ ქართველი გლეხი უაღრესად ქართველია და რომ მასაც ქართულად და საქართველოში  აღმოცენებული მიწის კითხვის გადაჭრა ესაჭიროება. თუ ეს ვერ გაითვალისწინა ჩვენმა ინტელიგენტმა, [ის] ყოველთვის და საქართველოს ყოველ კუთხეში საშინელი დამარცხებისთვის მზად უნდა იყოს.

ამ დამარცხების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მეტი სიფხიზლე, მეტი შორსმჭვრეტელობა, მეტი შესწავლა ქართული, ადგილობრივი პირობებისა, გაგება იმისა, თუ რა სჭირია ქართველ გლეხს, რა აკლია მას და ამისდა მიხედვით უნდა გადიჭრას მიწის კითხვაც.

ერთი გარემოება კი მუდამ სახსოვარია ჩვენი ინტელიგენციისათვის; ქართველი გლეხი უკიდურესად კერძო მესაკუთრე არის და მას რომ ვინმემ მიწის ჩამორთმევა დაუპიროს, ის სისხლის დაღვრასაც არ მოერიდება თავის უფლების დასაცავად. მიწა არის მისი იმედი, მისი ზნეობრივად მასაზრდოებელი, გამაკეთილშობილებელი, და ცხოვრების ფუძე.  ქართველი გლეხი უკიდურეს ზომას მიმართავს, ცოლ–შვილს, მშობელ მხარეს, სახლ–კარს სტოვებს და ქალაქად ფულის საშოვნად მიდის, რომ ამ ფულით შემდეგ მიწა შეიძინოს. ქართველ ინტელიგენტს უნდა ახსოვდეს, რომ გლეხს არაფრად ეპიტნავება მიწის განსაზოგადოებრივობა, სახელმწიფოს ხელში გადასვლა, რაგინდ პრივილეგიებით არ აღჭურვონ იგი, თუ თვით არ იქნება ბატონ-პატრონი, მფლობელი მიწისა. ქართველი გლეხი ვერ შეურიგდება იმ აზრს, რომ მას საკუთარი მიწა აღარ ექნება, რომ თვის საკუთრებას ის ღობეს ვეღარ შემოავლებს და ვეღარ იტყვის: აქედან აქამდე მე ვფლობ ამ მიწასა და ამდენი ქცევა მე მეკუთვნისო.

ჩვენს პარტიებს უდა ახსოვდეს და უნდა შეიგნონ, რომ გლეხმა თვით უნდა გადასწყვიტოს თვისი ბედი, რომ მისი კითხვის გადაჭრა მარტო ინტელიგენციის საქმე არ არის, არამედ ამ კითხვის გარკვევაში ფართო მასამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ამისათვის საჭიროა არა მარტო გლეხის ცხოვრების შესწავლა, არამედ თვით შეგნება გლეხისა.

მხოლოდ ამნაირად გადაწყდება ესეთი დიდი და რთული კითხვა.

ქართველი ინტელიგენტის უახლოვესი მიზანი ეს უნდა იყოს. ის უნდა ჩაუკვირდეს გლეხის სულს, გულს, ის უნდა ჩასწვდეს გლეხის აზრს და ამის შემდეგ კი მივიდეს მასთან პროგრამებით. თეთრზე შავით ადვილად დაიწერება, მაგრამ კაბინეტებში შემუშავებულ განყენებულ აზრებით შორს ვერ წავალთ.

ნუ აუცრუებთ გლეხს გულს უტოპიური მსჯელობით.

ჯერ თვით ვისწავლოთ, და შემდეგ სხვებს ვასწავლოთ, თვარა ის, რაც დღეს სამოთხე გვგონია, ხვალ აუტანელ ჯოჯოხეთად მოგვევლინება.

 

 სტილი დაცულია

სპეციალურად "ლიბერალისთვის" მასალა მოამზადა პარლამენტის არქივის გამგემ - ირაკლი იაკობაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^