Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო/ტექსტი ►ლაშა ბუღაძის სიტყვა ფრანკფურტში, პრემია "საბას" დაჯილდოებისას

13 ოქტომბერი 2018

დასრულდა ფრანკფურტში ლიტერატურული პრემია „საბას" დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც გამარჯვებული ავტორები გამოვლინდნენ. "საუკეთესო რომანის" ნომინაციაში პრემია მიიღო ლაშა ბუღაძემ, რომანისთვის - "პატარა ქვეყანა". 

მწერალმა სიტყვით მიმართა აუდიტორიას, რომელსაც „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

თითქოს ჩემს ამბავს აღვწერდი, მაგრამ პრინციპში, გამოვიდა ჩემი ქვეყნის ამბავი, ჩემ მიერ დანახული, ოთხმოციანი წლებიდან დღემდე. ამიტომ, თუ ძალიან ფამილარულად არ გაიჟღერებს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ძალიან საყვარელ, პატარა ქვეყანას - საქართველოს. რომელიც მართლაც ყველას ძალიან გვიყვარს, გვასაზრდოებს, მართალია გვღლის კიდეც ზოგჯერ თავისი პრობლემებით, მაგრამ მწერლებისთვის და უბრალოდ ადამიანებისთვის ის ძალიან სათუთია.

ეს პატარა ქვეყანა არის პრინციპის განსახიერება. ჩვენ ვლაპარაკობდით, ვახსენებდით და ვსაუბრობდით ქართულ ლიტერატურაზე, რომელიც თხუთმეტ საუკუნეს ითვლის. ქართული ლიტერატურა დაიწყო მეხუთე საუკუნეში ტექსტით - „შუშანიკის წამება“, სადაც ასევე, ამბავი არის პრინციპზე, რწმენაზე. სადაც ადამიანი საკუთარ რწმენას, საკუთარ სიმართლეს, საკუთარ ჭეშმარიტებას იცავს ექსპანსიიგან, აგრესიისგან; ამ შემთხვევაში ქრისტიანობას და ზოგადად - ღირებულებებს.

როგორც შუშანიკს ესხმის თავს იმპერია და იმპერიები, დღემდე გრძელდება თავდასხმა საქართველოზე ველური ძალებისგან და კონკრეტულად დღევანდელი პუტინის რუსეთისაგან და ჩვენ, დღევანდელი ლიტერატურა, ვცდილობთ, რომ რეფლექსირება მოვახდინოთ ამ პრობლემისა და რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ჩვენი ამბავი, რომ ჩვენ ვარსებობთ, და ჩვენ გვჭირდება გაფრთხილება და ეს პატარა ქვეყანა არის დიდი კულტურის მქონე. 

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დიდ ქვეყანას, რომელიც ჩვენთვის მეორე სულიერი სამშობლოა, გერმანიას, რომელმაც ასეთი დიდი შესაძლებლობა მოგვცა, რომ გაგვეფართოებინა ლიტერატურისა და ზოგადად საქართველოს კულტურის საზღვრები. ასი წლის წინაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა გერმანიის ძალიან დიდი მხარდაჭერით.

ჩემს ქვეყანაში მართლაც ძალიან ბევრი რამ საინტერესო ხდება და ყველა ჩემს კოლეგას დიდ მადლობას მოვახსენებ. მე მათი მკითხველიც ვარ, ბუნებრივია. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ბევრი ამბავი გვაქვს მოსაყოლი, და ქართული ლიტერატურა არის ძალიან გულწრფელი და მართალი. 

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე

ქართული ლიტერატურა ყოველთვის რეფლექსლირებს თავის დროს. ახლაც, ამ დღეების განმავლობაში, როდესაც ჩვენს წიგნებს წარვადგენთ, ჩვენ ვახსენებთ იმ დიდ ქართველ მწერლებსაც, რომელთაც ისტორიული უსამართლობისა და რკინის ფარდის გამო, რომელიც ბოლშევიკებმა ჩამოკიდეს საქართველოსა და დანარჩენ სამყაროს შორის, 70 წლით დააგვიანეს ევროპაში მოსვლა.

და ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენს წიგნებთან ერთად 37 წელს დახვრეტილ მიხეილ ჯავახიშვილზე, პაოლო იაშვილზე, ტიციან ტაბიძეზე, ტრაგიკული ბედის მქონე გალაკტიონზე და უამრავ დიდ ავტორზე, რომლებიც წლები ელოდნენ ამ დიდ შესაძლებლობას, რომ დღეს აქ მოსულიყვნენ. ჩვენს წიგნებთან ერთად მათაც წარვადგენთ, როგორც დებიუტანტებს - დავით კლდიაშვილს თუ თუნდაც შოთა რუსთაველს.

ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემური ამბავი გვაქვს მოსაყოლი, რომელიც დღეს საქართველოში ხდება. ქართველი მწერალი ყოველთვის იქნება იქ, სადაც, როგორც აკა მორჩილაძემ თქვა, „ყველა არასდროს არ არის და ამავდროულად იქ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავს“.

ქართველი მწერალი ყოველთვის დაიცავს სამართლიანობას. ხშირად შეიძლება ეს იყოს ყოვლად მიუღებელი კონკრეტული ადამიანებისთვის, რომლებიც კონკრეტულ პრობლემებს ქმნიან ხოლმე საქართველოში მწერლებისთვის. ჩვენი ქვეყანა პარადოქსებით არის სავსე - მე ამ დღეების განმავლობაში ვუყურებ ადამიანებს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც კეკლუცობენ ქართველი პოეტების პლაკატებთან ერთად. მაშინ, როდესაც ქართულმა ხელისუფლებამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა თანამედროვეობის დიდი ქართველი პოეტის, ზვიად რატიანის ბედზე. დღეს აქ ზვიად რატიანის ლექსებს კითხულობენ, მისი წიგნები პრეზენტაცია ხდება, მაგრამ ზვიად რატიანს მოუხდა საქართველოდან წასვლა. ვინაიდან არანაირი სამართლებრივი რეაქცია არ მისცა საქართველოს ხელისუფლებამ და მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრმა. ეს ეხებათ ასევე ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რომლებიც ახლაც კეკლუცობენ პოეტებთან ერთად. და აქ იდგა ზურა რთველიაშვილი, რომელსაც ასევე დიდი პრობლემები შეექმნა წინა ხელისუფლების მიერ.

ქართველი მწერალი, მიუხედავად ყველაფრისა, თავის სიტყვას იტყვის, თავის სიტყვას გაიტანს, პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან. სიტყვა კი რჩება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^