Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფემინსტრიმი ► რა კავშირშია ფემინიზმი ვეგანობასთან?

17 ოქტომბერი 2018

მოუსმინეთ ნანა გობეჯიშვილის პოდკასტს: 

„ფემინიზმზე საუბრისას პირველ სირთულეს მისი განმარტებისას ვაწყდებით, ვინაიდან არ არსებობს ერთი და შეთანხმებული ფემინიზმი, არამედ არსებობს ფემინიზმები, რომლებიც მჩაგვრელ სისტემებს სხვადასხვა კუთხით უპირისპირდება. ყველა ფემინისტურ იდეოლოგიას აერთიანებს ქალებისა და სხვა ჩაგრული ჯგუფებისთვის თანასწორი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებისთვის ბრძოლა, თუმცა კონკრეტული იდეოლოგიური მიკუთვნებულობიდან გამომდინარე, სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა ფოკუსი აქვს.

დააკლიკეთ ბმულს და შემოუერთდით ფემინსტრიმს

მაგალითად, მარქსისტი ფემინისტები ჩაგვრის ღერძად საზოგადოების კლასებად დაყოფას მიიჩნევენ, ხოლო ქვიარ ფემინიზმი უპირისპირდება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს გენდერსა და სექსუალობასთან მიმართებით. აქვე რეკომენდაციას გავუწევ ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ფემინისტურ პლატფორმას და ვიტყვი, რომ მისი მეშვეობით, საკითხით დაინტერესებულ მსმენელს ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან სტატიაზე წვდომის შესაძლებლობა აქვს.

რაც შეეხება ვეგანობას, ის, თავის მხრივ, ისეთ პოლიტიკურ იდეოლოგიას  განეკუთვნება, რომელთან მისასვლელადაც რამდენიმე გზა არსებობს. ზოგისთვის ვეგანობა მხოლოდ მცენარეულ ბაზაზე დაფუძნებულ, ჯანსაღი კვების რეჟიმთან ასოცირდება, ზოგისთვის - ნახშირბადის ნაკვალევის შემცირებასა და პლანეტაზე ზრუნვასთან, ზოგისთვის - ცხოველების სიყვარულსა და მათი საკვებად მოხმარების არაეთიკურობასთან.

ვეგანად ყოფნა ერთგვარი მემარცხენე აქტია, რომელიც უპირისპირდება ძალადობრივ სისტემას და აცხადებს, რომ ცხოველების ნებისმიერი სახით ჩაგვრა, ექსპულატაცია და მათზე ძალადობა უნდა შეწყდეს.

ვეგანობა მხოლოდ ადამიანების დიეტას არ განსაზღვრავს, იგი ცხოველების ინდუსტრიალიზაციის მავნებლობას უპირისპირდება. ვეგანობა სცილდება კვებით რაციონს და პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს ცხოველების საკვებად, ტყავისათვის, ექსპერიმენტებისთვის, გასართობად გამოყენებას და გვეუბნება, რომ ამ მჩაგვრელობითი პრაქტიკების მიღმა, როგორც წესი, პატრიარქალური და კაპიტალისტური სისტემები დგანან. სწორედ ამიტომ, ვეგანები  არ მოიხმარენ ცხოველურ პროდუქტებს, არ მიირთმევენ ხორცს (მათ შორის, თევზს), კვერცხს, რძის პროდუქტსა და თაფლს, არ იყენებენ ცხოველის ტყავით დამზადებულ ნივთებსა და ცხოველებზე გამოცდილ პარფიუმერულ პროდუქციას. მაგალითად, როცა გაციებული ვარ, ხშირად მირჩევენ ხოლმე თაფლიანი ჩაის დალევას, თუმცა მე ვპასუხობ, რომ ჩაის ლიმონით ვსვამ. ასევე, არ ვყიდულობ ცხოველებზე დატესტილ პროდუქციას, რადგან ამ ინდუსტრიისათვის სარგებლის მოტანაში ჩემი წვლილი არ შემაქვს და ა.შ.

ვეგანობასა და ფემინიზმზე როცა ვსაუბრობთ, ჩაგრული ქალებისა და ცხოველების გამოცდილებების ერთსა და იმავე სიბრტყეზე განთავსება არაა მართებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პატრიარქალურ სამყროში დამკვდირებული მიზოგინური ტენდენციები, გარდა ქალების ჩაგვრისა, კვებავს ცხოველთა ექსპლუატაციის კვლავწარმოებას. აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ,  რომ, თუ ერთი სახის ძალადობა ნორმალიზდა საზოგადოებაში, გარემო ხდება ძალადობრივი და წაახალისებს ძალადობის სხვა ფორმებსაც. ამ შემთხვევაში საუბარია ქალებსა და ცხოველებზე _ ერთი სახის ჩაგვრა დამოკიდებულია მეორეზე და პირიქით.

სიახლე არაა, რომ ანდროცენტრულ, კაცებზე ფოკუსირებულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რაც კაცის უპირობო დომინაციას გულისხმობს და გამორიცხავს არაჰეტეროსექსუალ, თეთრკანიან, სისგენდერად მონიშნული სხეულების იერარქიის სათავეში მოთავსებას.

საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმები ადამიანებს გენდერული როლების მორგებას აიძულებს. მაგალითად, კაცები, რომლებიც სენსიტიურებად და უინიციატოებად მოიაზრებიან, იერარქიის სათავეში ვერასოდეს მოექცევიან. ხორცისმჭამელ და ქალთმოძულე საზოგადოებაში ბევრი სხვა სტერეოტიპია დამკვიდრებული. მათ შორის ისიც, რომ კაცებს მასკულინობის შესანარჩუნებლად აუცილებლად ესაჭიროებათ ხორცის დიდი რაოდენობით მიღება. სწორედ მასკულინობის სადარაჯოზე იდგნენ 2016 წლის მაისში ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის წევრები, როდესაც თბილისში  ერთადერთ ვეგანურ კაფეს  დაესხნენ თავს. მომხდარის შესახებ, მობიმ, ვეგანმა აქტივისტმა და კომპოზიტორმაც დაპოსტა და, ზოგადად, ამბავს, მსოფლიო მასშტაბით, დიდი გამოხმაურება ჰქონდა, მაგრამ ვისაც არ გსმენიათ ამის შესახებ, ნაციონალისტებმა ვეგანურ კაფეში მწვადები და სოსისები შეყარეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რამდენიმე ადამიანს.

ხორცზე უარის თქმის გამო, ვეგანებსა და ვეგეტარიანელ კაცებს ხშირად არასაკმარისად კაცურად აღიქვამენ და ფემინურობის ბრალდებით ესხმიან თავს. ამ ნიშნით ვეგანებზე თავდასხმა ხშირად ჰომო/ბიფობიისა და მიზოგინიის აშკარა გამოვლინებაა ხოლმე.

კარნისტი ადამიანების მიერ დამკვიდრებულ მითებზე რადგან ვსაუბრობთ, აქვე უნდა აღვნიშნოთ რძისა და ხორცის ინდუსტრიის მიერ მითების სინამდვილედ წარმოდგენის ტენდენციაც. ჩვენ თავს მოგვახვიეს, რომ რძე კალციუმის ყველაზე მდიდარი წყაროა; რომ ადამიანებს სჭირდებათ რძის პროდუქტი ჯანსაღი ძვლებისათვის და რომ ძროხის რძის ალტერნატივა არ არსებობს. სინამდვილეში მსხვილი კორპორაციები, თავიანთი ინტერესების შესაბამისად, აფინანსებენ კვების რაციონის შესახებ კვლევებს, რაც მეტისმეტად მარტივს ხდის საკითხით მანიპულირებას. მსგავს შემთხვევებს შორისაა "გარდიანის" მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც გვამცნობდა, რომ ყველის მოხმარება  გულის შეტევის ალბათობას არ ზრდის. კვლევა ეყრდნობოდა ბრიტანეთის, დანიისა და ნიდერლანდების კვლევით ცენტრებს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კვლევას აფინანსებდა რძის პროდუქტების გლობალური პლატფორმა ავსტრალიიდან. “გარდიანის” სტატია კვლევის შედეგებს აბსოლუტურად უცვლელად აწვდიდა მკითხველს, თუმცა პრობლემა თავად კვლევაში იყო, რომელიც არ იყო მიუკერძოებელი და ობიექტური _ მის სპონსორებს შორის არსებობდა დაინტერესებული მხარე, რომლსთვისაც მნიშვნელოვანი იყო რძის პროდუქტების გაყიდვების გაზრდა. ამიტომ, შემდეგში, როცა ცხოველური პროდუქტების შესახებ კვლევას გაეცნობით, რომელიც აცხადებს, რომ მათი ჩანაცვლება შეუძლებელია, თვალი გადაავლეთ სპონსორებს _ დამფინანსებლებს შორის, პირდაპირ ან ირიბად, აუცილებლად იქნება ჩართული კორპორაცია, რომელიც ცხოველურ პროდუქციას აწარმოებს და თავადვე სჭირდება ამ პროდუქციის პოპულარიზაცია.

 ასე მივდივართ ვეგანობისა და ფემინიზმის თანაკვეთასთან. ძალადობრივ გარემოსთან დასაპირისპირებლად, მხოლოდ ერთი ჩაგრული ჯგუფის მხარდაჭერა არაა საკმარისი, იმიტომ, რომ ხორცისმჭამელ საზოგადოებას ცხოველებისადმი გამოყენებული აქვს ჩაგვრის იგივე მექანიზმი, რომელიც ქალებისა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ გამოიყენება.

როცა წელიწადში 150 მილიარდზე მეტ ცხოველს ვხოცავთ მსოფლიოში, საჭირო ხდება პასუხისმგებლობის აღება მათზე, ვინც თავის დროზე ჩვენი კმაყოფისთვის მოვიშინაურეთ. თუ, ერთი მხრივ, ქალების უფლებების დაცვისა და განხორციელებისათვის ვიბრძვით, მეორე მხრივ, არ უნდა ვაქეზებდეთ ბოროტებით სავსე ინდუსტრიას, რომელიც ხოცავს ცხოველებს და ბუნებით განსაკუთრებით ძალადობრივია მდედრი ცხოველებისადმი. შესაბამისად, თუ ჩვენს ამოსავალ წერტილად სოლიდარობასა და მარგინალიზებული ჯგუფების გაძლიერებას მივიჩნევთ, მართებულია, რომ გადავიაზროთ ვეგანური აქტივიზმის მიზნები. ვეგანი აქტივისტები ჩაგვრის ერთ-ერთ ფორმაზე ფოკუსირდებიან, თუმცა ამ ბრძოლით უპირისპირდებიან გარემოს, რომელშიც სხვადასხვა ძალადობრივი პრაქტიკის წარმოება ნორმალიზებულია, როგორც ცხოველების, ასევე ქალების მიმართ.

საკითხი, რომლზეც დღეს ვსაუბრობდით საკმაოდ კომპლექსურია და ბევრი სხვადასხვა თემის ჩაშლაა შესაძლებელი, რასაც მომდევნო პოდკასტებში განვაგრძობთ.  მოგვიწევს  საინტერესო და საკვანძო თემების განვრცობა.  ამიტომ დაგველოდეთ ყოველ ოთხშაბათს, მე კი დროებით დაგემშვიდობებით."
 

ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოგიდგენთ პროექტს “ფემინსტრიმი”. პროექტის მიზანია ქართულ მედიასივრცეში ახალი სადისკუსიო ნიშის გაძლიერება ფემინისტური აუდიო პოდკასტების შექმნის გზით.

პოდკასტების ყოველ ოთხშაბათს ფემინსტრიმის  Facebook  გვერდზე და „ლიბერალზე" გამოქვეყნდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 მარტი
22 მარტი

ვერასოდეს იქნები ისეთი, რომ ყველამ მიგიღ ...

გთავაზობთ „ლიბერალის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ მეცხრე ბლოგპოსტს ბლოგპოსტების კონკურსის პირველი ე ...
22 მარტი
22 მარტი

არაქართულენოვან სკოლებში დაწყებით დონეზე ...

არაქართულენოვან სკოლებს დაწყებით დონეზე ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოები არ აქვთ. როგორც „ლიბერალს&ld ...
21 მარტი
21 მარტი

მშობიარე დედათა პრობლემები და სიკვდილია ...

ორსულობისა და მშობიარობის დროს განვითარებული ისეთი გართულებების გამო, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია, ყოველდღე &nb ...

მეტი

^