Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნოე ჟორდანიას სიტყვა ფილიპე მახარაძის წინააღმდეგ | დავით კასრაძე - ქართლოსიანებს

07 მაისი 2015

ნოე ჟორდანიას სიტყვა ფილიპე მახარაძის წინააღმდეგ

 

ალიონი“, # 61, კვირა, 26 ნოემბერი,  1917 წ.

 

როგორც იცით, ეროვნულ ყრილობაზე ბოლშევიკების ლიდერმა ფ. მახარაძემ თავისებურათ “რევოლიუციონურათ“  კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა როგორც ინტერპარტიული საბჭო და მისი მოღვაწეობა, ისე თვით ეროვნული ყრილობა და მისი ხელმძღვანელნი. ფ. მახარაძეს მთელი ყრილობის ხელმძღვანელთა სახელით უპასუხა ნ. ჟორდანიამ, რომელმაც შემდეგი სთქვა:

მოქალაქენო!

რადგანაც ჩემი მოხსენების შესახებ  კამათი არ ყოფილა, ხოლო ის ორატორი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ გამოვიდა, არსებითად არ შეხებია ჩემს მოხსენებას, მინდოდა უარი მეთქვა სიტყვაზე. მაგრამ საკითხის ზოგიერთი მხარე მაინც დარჩა გამოურკვეველი და ამიტომ მინდა ვისარგებლო სიტყვის უფლებით.

მახარაძემ სთქვა, არა მგონია ნოე ჟორდანიას ღირსებას რაიმე მოუმატოს იმ გარემოებამ, რომ მის მოხსენებამ აქ გააერთიანა ყველა პარტიებიო. მე ვიტყოდი, რომ ეს სწორეთ დიდი ღირსებაა, მაგრამ მე ამას ჩემს თავს არ მივაწერ, ეს თვით პარტიების ღირსებათ უნდა ჩაითვალოს. ჩვენ თავიდანვე გვინდოდა ნაციონალური კითხვის, ე.ი. ისეთი კითხვის, რომელიც მთელს ნაციას ეხება, გადაჭრა შეთანხმებით და არა ბრძოლით. ჩვენ ვიბრძოდით მაშინ, როცა პრესაში, ლიტერატურაში ვიკვლევდით მას. დღეს სიტყვის დრო წავიდა დღეს საქმის კეთების დროა, დღეს რღვევისა და შენების დროა და რასაც დღეს ვერ მოვასწრებ, შეიძლება ვერასოდეს ვერ მოვასწრო იგი.

(ტაში)

საჭირო და სასურველია არა მარტო ნაციონალური ძალების  შეთანხმება ამ საკითხის გარშემო, ჩვენ გვინდა ერების შეთანხმებაც. და მაკვირვებს, როცა სოციალ-დემოკრატული პარტიის წარმომადგენელი გამოდის და ამ ელემენტარული ჭეშმარიტების შესახებ დავობს.

მოგახსენებთ კიდევ ერთი ფაქტის შესახებ, რომელიც ჩემმა ოპონენტმა სადავოთ გახადა. მან სთქვა, ვითომც ჩვენ მომხრე ვიყავით კერენსკის მთავრობისა.

ეს არ არის მართალი.

კავკასიის დემოკრატიამ თავის წარმომადგენლების პირით თავის დროზე მოითხოვა [მოსკოვის] დემოკრატიულ თათბირზე უფრო დემოკრ[ატიული] მთავრობა [პეტერბურგის თათბირზე]. იქ  მაშინ  ჩვენთან ერთად იდგა სხვა ქართული პარტიების წარმომადგენლებიც.

შემდეგ მახარაძემ სთქვა, დღევანდელ ყრილობაში არ არის მუშათა და გლეხთა წარმომადგენელიო.

ესეც არ არის მართალი.

აქ წარმოდგენილია მთელი კავკასიის მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭოთა ცენტრები, გლეხების მიერ არჩეული სამაზრო აღმასრულებელი კომიტეტები.  მართალია, აქ შეიძლება იყოს წარმოდგენილი ისეთი საზოგადოებები, რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ, მაგრამ იმის თქმა, რომ დღევანდელ ყრილობაზე არ არის ქართველ ხალხის  წარმომადგენლები - ფაქტის დამახინჯებაა, და არ ვიცი რათ დასჭირდა ეს მახარაძეს.

მახარაძე გვირჩევს მხარი დავუჭიროთ ლენინის მთავრობას. ეს ავანტიურა იქნებოდა. ლენინის მთავრობა არ უცვნია არც ერთ ერს, იგი არ უცვნია არც თვით რუსეთის ერს, ეს რომ ასე არ ყოფილიყო, დღეს რუსეთში სამოქალაქო ომიც არ იქნებოდა. ახლა უნდათ - ჩვენც მოვექცეთ ამ სამოქალაქო ომში და თუ რას ნიშნავს ეს - თქვენ კარგად იცით.

ჩვენ ვიცნობთ იმ მთავრობას, რომელსაც იცნობს რუსეთი. მახარაძე კი სეპარატიულ გზას ადგია, - რუსეთს არ უცვნია ლენინის მთავრობა და ჩვენ ვიცნოთო. ეს ავანტიურაა და ამ გზაზე შედგომა ერს დაღუპავს.

მახარაძე აცხადებს, რომ ისინი მომხრენი არიან ერთა თვითგამორკვევის. მარა ეს სიტყვით, -  და როცა ჯერი საქმეზე მიდგება, ისინი არასოდეს უჭერენ მხარს ერთა თვითგამორკვევის უფლებას: „სიტყვა სხვაა, საქმე სხვაა, შუა უდევს დიდი ძღვარი“.

(ხანგრძლივი ტაში და ოვაციები).

 

 დავით კასრაძე - ქართლოსიანებს

"საქართველო", #261, კვირა, გიორგობისთვის 26(9),  1917 წ.

მზეობს ტანჯვის დღე. ტოკავს ბრგედ გული,

ცეცხლში ეხვევა კავკასიონი

ელვარებს დროშა განახლებული,

ვით ვარსკვლავედში ცეცხლის სიონი

ჰეი, მებრძოლნო, სისხლის წარღვნაში

 

ფარშუბ ნამხვევი რას სდგეხართ განზე?

რას დასდევთ მკვდრებსა ცეცხლის ავდარში,

მერნებს რად აფრთხობთ ლანდთა საფლავზე ?

სლავთა და ტევტონთ პირქუშ ბრძოლაში

აამწვანებდით სისხლის უდაბნოს,

მაგრამ ყოველთვის გხედავდით ალში

შეშლილს, შეძარცულს, ნალახს, უდაფნოს ...

უცხო მიწამან თავისთან ერთად

თქვენი სახელიც დაასამარა,

აქ კი ქართლოსი მარილის სვეტად

შორით გიმზერდათ ცრემლის ამარა.

ხანგრძლივმა ბრძოლამ მთლად მიგავიწყა,

გმირო ლაშქარო, შენ შენი ერი.

რაა გმირობა თუ უმიზნობა ?

საზარელია თვით მშვენიერი !

მაშ , ჰეი, გმირნო თქვენს მფრინავ რაშებს

მოსწით, განშორდით მძოვთა საფარსა,

აფრიალებდეთ ქართლოსის დროშებს,

ვით მძაფრ ქარცეცხლში მერანთ ფაფარსა,

დაჰკარით ბუკსა! აქეთკენ მქროლნი

გრიგალის ეტლით დაენთეთ ცეცხლად,

გულს აიწყვიტეთ სურვილის ორბნი,

გამოაფრინეთ აქ პირველ მერცხლად,

რომ არწივებმა დახრილი თავით

გიძღვნათ გვირგვინი, ვით თქვენს წინაპრებს,

ცა მათ უნთებდნენ ვარსკვლავთა თვალით

ახალ სიცოცხლის დიდებულ ლამპრებს !

მზეობს ტანჯვის დღე ...

ვერ შეგაშინოთ ბედის რისხვამა,

ვერც ქარიშხალის ავყია სვავმა,

ფურთი თვით მათ ბედს, თუ იგი ჰბადებს

თქვენ სილაჩრის მუხანათ ბადეს!

დაე, მყობადიც იქცეს მთლად წყევად,

ჩაჰქრეს სიცოცხლის და ნათლის სვეტი,

თვით ზეცის ძალებს   ჩამოსაქცევად

მოჰხვდეთ ნამსხვრევი მახვილის სვეტი,

თუ უზენაესს მშობლიო (!) კერას

ელის გაქრობა, ელის ხუნდები,

თუ კვლავ ას წლობით მონობის ცქერას,

გმირო ლაშქარო, დაუბრუნდები!

შურის ციხის წინ ზღაპრულ გმირებმა

სძლიეთ თვით მხრებთან მსრბოლი  ზვირთები,

რომ ნორჩ თაობის ახალ შვილებმა

აღარა ჰზიდონ ძველი კირთები.

ყოველი წვეთი ოკეანესი

მას შეეწიროს სხივ მოსილ მტევნად,

ყოველი თხემი უმწვერვალესი

მას გარდაეცეს მზიურ ტახტრევნად.

დიდება ერის, წარსულის ძეგლი,

იმედი სხვისი ძალით ჩამქრალი,

კვალად აცისკრდეს ვით საღმრთო ფერფლი

და განთიადის კისკასა ალი.

მაშ, ჰეი, გმირნო,  მოსწიეთ ლაგამს,

ნუ უშინდებით მზის დაბნელებას,

მერნები ფრთქვენით ეტრფიან არაგვს,

მის წყალთა შესმას და დასვენებას !..

*

მზეობს ტანჯვის დღე. ტოკავს ბრგედ გული,

ცეცხლში ეხვევა კავკასიონი.

ელვარებს დროშა განახლებული

ვით ვარსკვლავედში ცეცხლის სიონი !..

 

 

სტილი დაცულია

 

სპეციალურად "ლიბერალისთვის" მასალა მოამზადა პარლამენტის არქივის გამგემ - ირაკლი იაკობაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

მოლიერი, ჩეხოვი და სხვანი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - კლასიკური ტექსტებიდან სხეულის უსაზღვრო შესაძლებლობამდე
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქართული ფორუმის ძალა

2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვინ დაუკრავს მუსიკას

ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობა ...

მეტი

^