Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბერეზოვსკიდან ვირსალაძემდე... კორსანტიაზე გავლით

17 ოქტომბერი 2018

თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ელისო ვირსალაძის მიერ შესრულებული ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტებით დასრულდა

თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დიდი ხანია ჩვენი საშემოდგომო არტ-ვნებების განუყოფელ ნაწილია. წლევანდელი ფესტივალიც (3-13 ოქტომბერი) გამონაკლისი არ ყოფილა. ათი დღის განმავლობაში თელავის დრამატული თეატრის სცენაზე ერთმანეთს მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტები - ბორის ბერეზოვსკი, ალექსანდრე კორსანტია, ელისო ვირსალაძე და ახალგაზრდა, მაგრამ უკვე აღიარებული პიანისტი, არტურ რუბინშტეინის 2017 წლის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის მეორე პრემიის ლაურეატი - დანიელ ჩობანუ - ენაცვლებოდნენ.

კლასიკური მუსიკის მოყვარულებს არანაკლებ აინტერესებდათ ახალი თაობის მუსიკოსების ნახვა-შემოწმება: ვუნდერკინდად აღიარებული, 14  წლის მევიოლინის, მატვეი ბლუმინის მოსმენა და ჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატების, ახალგაზრდა თაობის გამორჩეული მუსიკოსების - ალექსანდრ რამისა და ბრუნო ფილიპის საშემსრულებლო ხელოვნების გაცნობა. ფესტივალში მონაწილეობდა საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით. ასევე, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა“, რომელიც ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით ბაროკოს ეპოქის მუსიკით წარდგა მსმენელის წინაშე.

თელავის დრამატულ თეატრში გამართული საკონცერტო საღამოების გარდა, კონცერტების მოსმენა ნიკო სულხანიშვილი სახელობის სამუსიკო სასწავლებელსა და წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ასევე მუზეუმის ეზოში იყო შესაძლებელი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოეწყო მასტერკლასები ახალგაზრდებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის განმავლობაში მხოლოდ სამ კონცერტს დავესწარი (ტრადიციულად, ეს პიანისტებისადმი გამორჩეულ ინტერესს უკავშირდება), თელავური საღამოები მსჯელობისა და ანალიზის საშუალებას მაინც იძლევა: ჯერ ერთი - თელავის მუსიკის ფესტივალის მასშტაბი და ხარისხი ყველაფრის მიუხედავად, შენარჩუნებულია; მეორე - ახალგაზრდა თაობის ინტერესი განსაკუთრებით დიდია მასტერკლასებისადმი; მესამე -  ფესტივალი  მსმენელს მსოფლიოს ახალი თაობის ნიჭიერ მუსიკოს-შემსრულებლებს აცნობს; და მეოთხე - პუბლიკა ყოველწლიურად, საკუთარი ყურით  რწმუნდება, რომ პიანისტი ელისო ვირსალაძე უბრალოდ, განსაკუთრებული და დიდი მოვლენაა...

ელისო ვირსალაძე და არიელ ცუკერმანი

ფესტივალი ცნობილი პიანისტის, ბორის ბერეზოვსკის სოლოკონცერტით გაიხსნა, რომელმაც ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და სცენაზევე შეცვალა რეპერტუარი. რახმანინოვისა და სკრიაბინის თაობის ნაკლებად ცნობილი კომპოზიტორის, ნიკოლაი მეტნერის „სონატა-მოგონება“ შთამაგონებლად და სენტიმენტების გარეშე ჟღერდა. შემდეგ კი სკრიაბინის ეტიუდების დრო დადგა, რომლის შესრულებამ პიანისტი ისე გაიტაცა, რომ პროგრამაში მითითებული შოპენის ვალსები და  გრიგის ნაწარმოებები საერთოდ გადაავიწყდა. შემდეგ სკრიაბინიც მობეზრდა და შუა გზაზე გამოაცხადა - „ი ტაკ დალეე“. თუმცა პუბლიკის ტაშით გამხნევებულმა პიანისტმა გასაოცარი ხარისხის შოპენის ვალსები დაუკრა...

წინასწარ მოფიქრებული თუ  ბუნებრივი გამოხდომების მიუხედავად, მისი განსაცვიფრებელი, ნატიფი და ფაქიზი ბგერები (ისინი თითქოს თითებზე აქვს „გამობმული“) იმთავითვე გატყვევებთ და გაიძულებთ, არ იფიქროთ შემსრულებლის აკვიატებებსა და ორიგინალობაზე. თუმცა მეტნერ-სკრიაბინის ფონზე შოპენი და რახმანინოვი მაინც შთამბეჭდავი გამოდგა.

ალექსანდრე კორსანტიას არანაირი სარეპერტუარო „ინტრიგები“ არ შემოუთავაზებია და სწორედ ის დაუკრა, რაც პროგრამაში ეწერა და რასაც ასე ელოდენ მისი თაყვანისმცემლები - სერგეი პროკოფიევის საპროგრამო კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N2 (სოლ მონორი). და მაინც, მეხსიერებას ვერაფერს უზამ... როდესაც კორსანტია ლამის ოსტატურად ნთქავდა Ostinato-ში ამოვლებულ გროტესკულ სკერცოს (კონცერტის მეორე ნაწილი), თვალწინ მაინც ლექსო თორაძის შესრულება  მედგა, როგორც პროკოფიევის განსაკუთრებული მომთვინიერებელის, განმკარგავისა თუ მომქარგველის. არადა, ფინალური ინტერმეცო კორსანტიას ტექნიკის წყალობით, ფუტურისტული ქარიშხლითა და „ ვნებიანი თამაშითაა“ გამორჩეული.

თუმცა ელისო ვირსალაძის მიერ ფესტივალის დასკვნით დღეს შესრულებულმა ბეთჰოვენის საორტეპიანო კონცერტების მასშტაბმა -პირველ განყოფილებაში კონცერტი N2 ფორტეპიანისა და ორკესტრისათვის (B-dur op.19) და მეორეში, კონცერტი N1 ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის ( C-dur op.15) - ყველას შეახსენა, ვინ არის სინამდვილეში „ბეჭდების მბრძანებელი“. საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრს ამჯერადაც გამორჩეულად დირიჟორობდა არიელ ცუკერმანი, რომელმაც ბეთჰოვენის კონცერტებს მისივე სიმფონიების სუნთქვა შესძინა.

ელისო ვირსალაძის განსაცვიფრებელი უნარი, ყველაფერი - მოცარტით და შოპენით დაწყებული, შოსტაკოვიჩით დამთავრებული, ყოველგვარი პათოსის, ხაზგასმული პოზისა თუ „დადგმული“ არტისტიზმის გარეშე დაუკრას, მართლაც გასაოცარია. ისევე როგორც, მისი პიანისტური მასშტაბი, სიღრმე, ლირიზმისა და უბრალოების განსაცვიფრებელი თუ ჰარმონიული სინთეზი. მისი შესრულება გიბიძგებთ  დიდი და ისტორიული სახელებისკენ, როგორებიც იყვნენ - ჰენრიჰ ნეიგაუზი (მისი პედაგოგი იყო და ეს ბუნებრივიცაა), ავსტრიელი პიანისტი და პედაგოგი ბრუნო ზაიდლჰოფერი (რომელიც  ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურის ჟიურის წევრი იყო 1962 წელს) და განსაკუთრებით, მარია გრინბერგი, რომლის შესახებაც თავად ელისო ვირსალაძე აღფრთოვანებით  წერდა.

ბორის ბერეზოვსკი

ვირსალაძის შესრულებული ბეთჰოვენის ორივე კონცერტის შემდეგ ისეთი გრძნობა გაქვთ, თითქოს მან პირველად, თქვენ თვალწინ გაშალა და შეისწავლა ეს პარტიტურები და არაფერი იცით, თუ რა ტრადიციები და შტაპები იმალება ამ კონცერტებისა და მისი ინტერპრეტატორების მიღმა. თითქოს, პირველად ჩაგესმით ათასჯერ გადაღეჭილი ეს ელვარე მოცარტიზმები, რისი გავლენაც ჯერ კიდევ იგრძნობა ბეთჰოვენის ადრეულ შემოქმედებაში და ამ კონცერტებში.

ელისო ვირსალაძე არასოდეს ცდილობს მოხიბლოს, ან თავი მოაწონოს პუბლიკას. რაიმე თვითნაკეთი საშუალებებით იკეკლუცოს მის წინაშე. შესაბამისად, უაღრესად ძუნწია ჟესტებისა და ემოციის გამოხატვისას... თითქმის მკაცრი და არაარტისტულიც კი. რადგან ყველაფერი, რასაც ის ეხება, მუსიკით არსებობს და საზრდოობს. ასეთი იყო ბეთჰოვენის კონცერტებიც, რომლებიც მან თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დახურვაზე შეასრულა და რითაც ერთგვარად, განაგრძო მისი ბეთჰოვენიზაცია - 2013 და 2016 წლებში სწორედ მის მიერ შესრულებული ბეთჰოვენის N5 და N4 საფორტეპიანო კონცერტებით დაიხურა თელავის ფესტივალი... - და რომელზეც მომავალშიც იმედია, დიდ პიანისტს კიდევ ბევრჯერ მოვუსმენთ!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^