Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გოგოს ისტორია, რომელიც ამბობს, რომ ტაქსისტმა მისი გაუპატიურება სცადა

20 ოქტომბერი 2018

25 აგვისტოს მეგობრის დაბადების დღიდან შინ ბრუნდებოდა, ტაქსი გააჩერა და მძღოლს მისამართი უთხრა. თათია ცაგურიშვილი ჰყვება, რომ ტაქსის მძღოლმა მისი გაუპატიურება სცადა. წინააღმდეგობის გაწევის დროს სხეულის დაზიანებები მიიღო. მოახერხა და მანქანიდან გადმოხტა, გამვლელს დახმარება სთხოვა. პოლიციას ყველაფერმოუყვა. რამდენიმე საათში მძღოლი დააკავეს. ამჟამად ბრალდებულ ხვიჩა შარაშენიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

თათიასთვის მომხდარზე არანაკლებ რთული გადასატანი აღმოჩნდა ის, რაც სოციალურ ქსელში მისი ფოტოსდა ამბის გასაჯაროებას მოჰყვა. მისთვის არავის უკითხავს, ფოტო საჯაროდ გავრცელეს და ცილისწამებაში დაადანაშაულეს.

ეს ყველაფერი რთული აღმოჩნდა მისი შვილისთვის, დედისთვის, ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის. თათია ცდილობდა მათთვის აერიდებინა ნერვიულობა, სახლში არაფერს ამბობდა. მაგრამ მასზე უკვე აღარაფერი იყო დამოკიდებული. ჟურნალისტები სახლში, სამსახურში აკითხავდნენ და ამ საკითხზე საუბარს სთხოვდნენ. მტკივნეული იყო იმის მოსმენა და წაკითხვა, რასაც მასზე ამბობდნენ. რეალობა იმდენად აუტანელი გახდა, აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა. დახმარებისთვის კავშირ „საფარს“ მიმართა. ახლა ადვოკატი ჰყავს.

ერთადერთი, რამაც გამაძლიერა, გამაბედინა და მაიძულა ამის გაკეთება, იმის გააზრება იყო, რომ შესაძლოა ჩემი შვილიამ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. თუ მე არაფერს გავაკეთებდი, ის ადამიანი თავისუფლად ივლიდა ქუჩაში. ეს ნაბიჯი ჩემი შვილის, დისშვილების, მეგობრის შვილების გამო გადავდგი “, - ამბობს თათია.

თათია ცაგურშვილი და მისი ადვოკატი ელისო რუხაძე „ლიბერალთან“ საუბრობენ. წინასასამართლო სხდომა 22 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

თათია

„მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი. სანამ ჩემს მეგობარს მეუღლე მოაკითხავდა, ერთი საათი გვქონდა. სპონტანურად მოვიფიქრეთ და სხვა ბარში გადავედით. იქ ჩემს შეყვარებულს შევხვდი. არც ის უნდა ყოფილიყო იქ და არც მე, ამაზე ვიკამათეთ და მარტო წამოვედი. დრო ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით ორის ნახევარი იქნებოდა. გზაში ვტიროდი.

ტაქსები კი დავინახე, მაგრამ მძღოლი არ ჩანდა. იქვე ჩამოვჯექი. ეს პიროვნება თვითონ მოვიდა - ტაქსი ხომ არ გნებავთო, კი-მეთქი. რომ შემამჩნია თვალები ცრემლიანი მქონდა - რატომ ტირიხარ, ასეთი გოგო არ უნდა ტიროდეო. მისამართი ვუთხარი და უკან ჩავჯექი, მარჯვენა მხარეს. ჩვეულებრივ მიდიოდა. თავიდან სალონში შუქი ენთო, მერე ჩააქრო. კონტაქტში შემოსვლას ცდილობდა - ვინ გაწყენინა, შეყვარებულმაო და ა.შ. იმდენად არ მცხელოდა მისთვის, რომ არ ვეკონტაქტებოდი. მერე ხმა აღარ ამოუღია. აეროპორტის ტრასაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოპირდაპირე მხარეს, მთავარ გზასთან სათადარიგო გზა შედის, იქ მთავარ ტრასასთან შედარებით სიბნელე იყო. მანქანა გააჩერა, ხეები იდგა და ოდნავ მეტი ჩრდილიც იყო, სადღაც 50 მეტრში „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგური იყო. მანქანა რომ გააჩერა, გადმოვიდა, მარჯვენა მხრიდან მოვიდა და კარი გააღო. რას აკეთებ-მეთქი; კაი რა მომიყევი, რა გჭირსო, ირონიულად, თითქოს გული შესტკიოდა ჩემს მდგომარებაზე. ჩაჯდომას ცდილობდა. მე უცებ ტელეფონი ავიღე - სადმე დავრეკავ-მეთქი, შემეშინდა, მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო. ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა, ჩაჯდა და უკან გადააგდო, საბარგულის მხარეს.

ვიფიქრე, რომ მარცხენა კარს გავაღებ და იქედან გადავალ-მეთქი, მაგრამ მარცხენა კარი არ იღებოდა. მერე, როცა გამომძიებელს შევამოწმებინეთ, მითხრა - ვერ გააღებდიო. ცენტრალური საკეტით ყოფილა ჩაკეტილი. რამდენჯერმე სახეშიც გამარტყა, როცა წინააღმდეგობა გავუწიე.  არანორმალური რეაქცია ჰქონდა - ხელს მირტყამდა და ყვიროდა - გაიხადეო. ისეთი ტანსაცმელი მეცვა - ძალიან ვიწრო კაბა, ფიზიკურად ვერ შეძლებდა და ვერ გამხდიდა, ზედაც ასევე სქელი ნაჭრისგან იყო. კაბა გარღვეულია - გამოძიებამ ყველაფერი ამოიღო. როცა გონს მოვიდა - ეს რა გავაკეთეო, ბოდიშებს მიხდიდა. როცა მებოდიშებოდა, მე ბრეტელებს ვისწორებდი, ეს რომ დაინახა, ისევ აგრესიული გახდა - რას აკეთებ, ნუ ისწორებო. მივხვდი, რომ მასთან მშვიდად უნდა მელაპარაკა, რადგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება იყო ის, რომ - ჯერ ის უნდა გადასულიყო მანქანიდან და მერე იმ კარიდან მეც გადავსულიყავი რადგან მეორე არ იღებოდა.

ვუთხარი - კარგი სახლში წამიყვანე, ხმას არ ამოვიღებ-მეთქი. კარგი, წაგიყვანო. ტელეფონი აიღო მაგრამ არ მომცა, შეშინდა, სადმე არ დამერეკა. სიგარეტს მოვწევ და წაგიყვანო, შენც მოწიეო. სიგარეტს არ ვეწევი, მაგრამ მოვწიე, რომ ისევ არ გაღიზიანებულიყო. მოწია, გადავიდა და თქვა - ნეტა დაიქოქებოდესო. ალბათ რაღაც პრობლემები ჰქონდა მანქანას. მანქანა არ დაიქოქა და აწვებოდა. თითქმის ბენზინგასამართ სადგურამდე ვიყავით მისული, ვიღაც ბიჭმა დაუძახა - დახმარება ხომ არ გინდაო. როგორც ამ ბიჭმა შემდეგ გამოძიებაზე თქვა, ახალგაზრდა კაცი დაუნახავს, რომელიც მანქანას აწვებოდა და უფიქრია, დავეხარებიო. მერე ტაქსისტის ხმა აგრესიული ხმა მომესმა, იმ ბიჭს რომ უთხრა, არ მჭირდებაო. 

ის ბიჭი რომ დავინახე, გავაღე კარი, ეს ამ დროს ჩაჯდა. დაიქოქა თუ რა მოხდა, არ ვიცი, მე გადავხტი მიმავალი მანქანიდან. ამ ბიჭმა ამაყენა, ვუთხარი ასეთი ამბავი შემემთხვა-მეთქი.  ჩამსვა თავის მანქანაში, მისამართი მკითხა, სად მიგიყვანო, რით დაგეხმაროო. ვუთხარი - ტელეფონი მათხოვე ჩემს შეყვარებულს დავურეკავ-მეთქი. ათი წუთი ვერც გავიხსენე ნომერი ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. ნიკაც მალევე მოვიდა, თვითონ დარეკა საპატრულოში, მოვიდნენ და სადღაც ორ საათში დაიჭირეს, როგორც ვიცი.

ყველაზე საშინელება მაინც ეს პოსტსიტუაცია იყო, რომელიც ჩემი ფოტოს გამოქვეყნებას მოჰყვა. მეორე ტრავმა მაშინ მივიღე.

ფაქტი თავისთავად მძიმეა - შეშინებული ხარ; არ იცი, რა გააკეთო და მხარდაჭერის იმედი გაქვს. მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა - საშინელებებს წერდნენ, მაქილიკებდნენ, მლანძღავდნენ, ისეთი კომენტარები იყო..,  მეგონა სამყარო თავზე დამემხო. არც ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. მივხვდი, რა მარტივია ადამიანის სუიციდამდე მიყვანა. ისეთი ფიქრები მქონდა, ძალიან რთული იყო.

არ მსურდა გასაჯაროება. მეგონა, რომ მე ჩემი გავაკეთე, იმ ბიჭს დაიჭერდნენ და ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდებოდა. ასე არ მოხდა.

როგორც გავიგე, ტაქსისტი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და საღამოობით ტაქსაობდა. ცოლი და 4 წლის შვილი ჰყავდა.

ჩემთვის ჩვეულებრივი ტაქსისტი იყო.  ვფქრობ, რომ მაინც გამიმართლა, რადგან  აზრზე მოვიდა და გააცნობიერა, სად იყო და რას აკეთებდა, ჩემი იქედან წაყვანა უნდოდა და ალბათ ცოცხალს აღარც გამომიშვებდა. ამ ბიჭმა, რომელმაც დამეხმარა, მანქანში რომ ჩამსვა,  მისკენ მიტრიალდა, მაგრამ ის იქ აღარ დაუხვდა.

როცა ჩემს მეგობრებთან ეს ამბავი მოვყევი, აღმოჩნდა, რომ უმეტესობას მსგავსი გამოცდილება უკვე ჰქონია, მაგრამ ამაზე საუბრის რცხვენოდათ, არავისთვის უთქვამთ. ერთადერთი, რამაც შეიძლება, რომ ეს ნაბიჯი არ გადაგადგმევინოს ქალს - არის შვილები. ფიქრობ - როგორ აუხსნა, როგორ გაიგებს. ამაზე ძალიან ვნერვიულობდი. ჩემი შვილი 12 წლისაა. ერთადერთი რამაც გამაძლიერა, გამაბედინა და მაიძულა ამის გაკეთება, იყო იმის წარმოდგენა, რომ შეიძლება ჩემი შვილიც აღმოჩენილიყო მსგავს სიტუაციაში. რომ ტაქსაობდა, ფაქტია, რომ ქუჩაშიც თავისუფლად დადიოდა ეს ადამიანი“.

ადვოკატი

თათია ცაგურიშვილს კავშირ „საფარის“ იურისტი ელისო რუხაძე იცავს. ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატისა და პროკურატურის მოთხოვნა სხდომის დახურვის შესახებ. ელისო რუხაძის თქმით, საქმე სქესობრივ დანაშაულს ეხებოდა და მისი მასალები არ უნდა გასაჯაროებულიყო, თუმცა ბრალდებულის ადვოკატისთვის ამას ხელი არ შეუძლია თათიას ჩვენებები გავრცელებაში.

„დავიწყოთ იქიდან, რომ ბრალდებული არის ხვიჩა შარაშენიძე, თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრის, კრწანისის სასწავლო ბაზა „ალგეთის“ ლოჯისტიკის ოფიცერი. საქმეში დევს ლეიტენანტის წოდების დოკუმენტი, თუმცა გამოკითხვისას სტატუსად უწერია, რომ არის ოფიცერი.

როცა ბრალდებულის საქმეს ვეცნობოდი, პოლიციის ოფიციალურ საინფორმაციო ბაზაში მითითებული იყო კიდევ ორი ფაქტი. ეს შემთხვევები სისხლის სამართლის საქმეში დევს. შესაბამისად, მაქვს უფლება, რომ გავასაჯაროვო. ეს არის 2008 წლის 28 ივნისის გაუპატიურების მცდელობა აეროპორტების ხიდების ტერიტორიაზე, ზუსტად იმავე ადგილას, სადაც თათიას ფაქტი მოხდა. ძალიან საინტერესო შემთხვევაა, რომ ორივე ფაქტი ერთსა და იმავე ადგილას მოხდა. როგორც გავარკვიე, ეს საქმე არის შეწყვეტილი,  დაზარალებულმა უარი თქვა საქმის მსვლელობის მიცემაზე. თუ რატომ თქვა უარი  და რა გარემოებების ფონზე, ამის განსჯა  მკითხველისთვის მიმინდია.

2007 წლის 2 მაისს ტაქსისტი გორში დაკავებულ იქნა ორი ქალის ცემის ფაქტზე, ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით. როგორც პროკურატურამ დააფიქსირა პოზიცია, ორივე საქმე შეწყვეტილია და შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია ქალების პოზიცია, რომ მათ არ აქვთ პრეტენზია. როგორც პირველი, ასევე მეორე საქმე, რა თქმა უნდა, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ამ ფაქტების შემდეგ ის კვლავ განაგრძობდა თავდაცვის სამინისტროში მუშაობას ოფიცრისა და ლეიტენანტის პოზიციაზე. ამას მისი კარიერისთვის ხელი არ შეუშლია.

ბრალდებულის და ნათია შარაშენიძეა. ჩვენი ინფორმაციით, ის ოზურგეთის საკრებულოს წევრია, შესაბამისად, ის და ასევე  ბრალდებულის ადვოკატი თავიანთ ფეისბუქგვერდებზე აქტიურად არიან ჩართული, რომ თათიას დისკრედიტაცია მოახდინონ. ასაჯაროებენ თათიას აბსოლუტურად ყველა ჩვენებას.

გაუპატიურების დროს ჩვენებაში დეტალური უნდა იყოს აღწერილი ყველაფერი.  გაუპატიურების მცდელობა ძალიან რთულად გამოსაძიებელი საქმეა, თითოეულ დეტალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ისინი სწორედ ამ დეტალურ ჩვენებებს ავრცელებენ.

ვფიქრობ, რომ ეს არასწორია, როცა ასე სიტყვა-სიტყვით  გასაჯაროვდა თათიას ჩვენებები. მთელმა საქართველომ ნახა თათიას ფოტო და წაიკითხა მისი ჩვენება, რომელიც მისი პირადი ცხოვრების ნაწილია.

საქმის მასალებს ვიცნობ დეტალურად, საქმეში არაერთი მტკიცებულება: არის მოწმეების, თათიას, მისი შეყვარებულის; იმ ბიჭის, რომელმაც ის გადაარჩინა და სხვა მრავალი მოწმის ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ თათია იყო ისეთ მდგომარეობაში, როგორსაც თავად აღწერს. ასევე, არსებობს სამედიცინო ექსპერტიზა, სადაც აღნიშნულია, რომ თათიას ჰქონდა დაზიანებები, რომელიც მოიცავს სხეულის რამდენიმე მიდამოზე ექსკორაციებს და ჰემატომებს. მას აღენიშნებოდა სხეულზე სისხლის ნაჟღენთები, ნაჭდევების და ნაკაწრების ლოკალიზაციით. ეს ყველაფერი დადგენილია ექსპერტიზის დასკვნით.

ასევე, ხვიჩა შარაშენიძის, ბრალდებულის მაისურზე არის თათია ცაგურიშვილის სისხლი. დანიშნულია რამდენიმე ექსპერტიზა. თათიას ფრჩხილიდან აღებულია ნიმუშები და დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზა.  კერძოდ, არის თუ არა ბიოლოგიური მასალა თათიას ფრჩხილის ნიმუშზე და ეკუთვნის თუ არა ის ხვიჩა შარაშენიძის გენეტიკურ პროფილს. ასევე ექსპერტიზა დანიშნულია ბრალდებულის ჯინსის შარვალსა და მაისურზე, რომელიც ამოღებულია.  

ფსიქოლოგიურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ამ ფაქტის გამო თათიამ განიცადა ფსიქიკური ტრავმა. ასევე არსებობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ცნობა, რომელიც თათიას შემთხვევის დროს დასჭირდა“, - გვიყვება თათია ცაგურიშვილის ადვოკატი.

ელისო რუხაძის თქმით, გაუპატიურების მცდელობის მუხლით აღძრულ საქმეს დაემატა ძარცვაც, რადგან თათიას ძვირადღირებული ტელეფონი ჯერ კიდევ არ არის ამოღებული.

ადვოკატი ამბობს, რომ ორივე მძიმე დანაშაულია და დაახლოებით 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„კითხვის ნიშნები, რომლებიც შეიძლება ნეიტრალურ, არადაინტერესებულ, გონიერ იურისტს გაუჩნდეს, ამ საქმეში არ არის. ცალსახად იკვეთება, რომ თათია ცაგურშვილი გაუპატიურების მცდელობის მსხვერპლი იყო. არსებობს არაერთი მტკიცებულება და  დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს“, - ამბობს ელისო რუხაძე.

წინასასამართლო სხდომის შემდეგ საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. ადვოკატის თქმით, სავარაუდოდ, ამჯერად სხდომა არ დაიხურება.

ბრალდებულის ადვოკატი

ბრალდებული ხვიჩა შარაშენიძე დანაშაულს არ აღიარებს. ის დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატი ნათია კორკოტაძე მედიასთან ამბობს, რომ დაზარალებული ცილს სწამებს მას და რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.

შენიშვნა: მასალის გამოქვეყნებამდე  „ლიბერალი" ბრალდებულის ადვოკატთან დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ მხოლოდ დღეს შეძლო მისი ჩაწერა. 

„ლიბერალმა“ ადვოკატს წარსულში ბრალდებულის სხვა დანაშაულებებში მონაწილეობის შესახებ დაუსვა შეკითხვა. ნათია კორკოტაძე ამბობს, რომ არ ადასტურებს ბრალდებულის მონაწილეობას იმ ორ ეპიზოდში, რომელსაც თათიას ადვოკატი ახსენებს.

„არ ვადასტურებ ამ ორი ფაქტის არსებობას. გავაგზავნეთ მოთხოვნა ყველა უწყებაში - სააღსრულებლოში, პრეზიდენტთან, პრობაციის სამსახურში, ყველაგან, მაგრამ პასუხად მივიღეთ, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა. გაუპატიურება რომ ყოფილიყო, რომელი ჭკუათმყოფელი შეწყვეტდა საქმეს. სისხლის სამართლის დევნა ყველაფერზე შეიძლება დაიწყოს, ფაქტზე დაიწყოს, მაგრამ პირის მიმართ უნდა იყოს გამოკვეთილი და ის ბრალდებულის სახით უნდა იყოს დაკითხული“, - ამბობს ნათია კორკოტაძე.

ბრალდებულის ადვოკატი აღნიშნავს, რომ მათი მტკიცებულებაა ბენზინგასამართი სადგურის კამერების ჩანაწერი და ამ სადგურის მოლარე-ოპერატორის ჩვენება, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა.

დისკშიც ჩანს და მოლარე-ოპერატორი, ჩემი მოწმე, აფიქსირებს როგორი განათებული-გაჩახახებულია ბენზისგანსამართი სადგურის ტერიტორია. იქვე დგას დაცვის სამსახურის „ორბის“ მანქანა, მოძრაობს ხალხი და თათია ცაგურშვილი ამ დროს ამბობს, რომ ვყვიროდი და შველას ვითხოვდი, მანქანიდან გადმოვხტიო. მოლარე-ოპერატორი ამბობს, რომ ხმა რომ ყოფილიყო ოდნავი, გავიგებდიო.

გაუპატიურება ან არის, ან არ არის. რომ ამბობს ვტიროდიო, შეყვარებულმა მიღალატაო, მოკლე კაბა მეცვაო, თქვენ უბრალოდ არ იცით მაგის ჩვენება. ეს ჩვენებები საიდან გამოვიდა და გასაჯაროვდა, მე არ ვიცი.

როდესაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდება მოხდა, მე არ ვიყავი ხვიჩა შარაშენიძის ადვოკატი, მე საქმეში უკვე 11 სექტემბერს ჩავერთე. როგორც კი ჩავერთე მაშინვე დავინტერესდი. „ელცენტრო“ (ადგილი, საიდანაც თათია წამოვიდა იმ დღეს) კლუბია, ბარი არ არის. მე ვიყავი ამ „ელცენტროში“, 5 წუთი გავჩერდი. მთელი ღამე თავის ტკივილები მაწუხებდა, იქ არის ელექტრომუსიკა, იქ არის საშინელება. იქ ფხიზელი ადამიანი ვერ გაჩერდება. ჯერ ამბობს, რომ დაბადების დღეზე ვიყავიო; მერე ამბობს, რომ იქ ვიყავიო. მისი ყველა ჩვენება სხვადასხვანაირია. ღმერთმა დამიფაროს, უფლება რომ მქონდეს, მაინც ვერ გავასაჯაროვებდი, ისეთები უწერია ჩვენებაში, ისეთი სიტყვები აქვს დაწერილი. ეს არის სირცხვილი.

საშინელი ბრალდებაა. მეუღლე ჰყავს, სამი წლის შვილი, 2008 წლიდან ნატო-ს ჯარში იბრძოდა, ავღანეთში ნაომარი, ომში ნაომარი. თქვენ როგორ გგონიათ, თავდაცვის სამინისტრო, ყველაფერი კი არის ჩამონგრეული, მაგრამ ეგეთ პიროვნებას მაინც გააჩერებდნენ ჯარში?

თავიდან არ ვიყავი მისი ადვოკატი, შემდეგ ოჯახმა ამიყვანა. მეორე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოპირდაპირე მხარეს ბენზინგასამართ სადგურთან მივედი, დავტოვე მიმართვა და მოვითხოვე ჩანაწერის ამოღება. მთავარი მტკიცებულება ეს იყო ჩემთვის. მერე დავათვალიერე ის ადგილი, სადაც ამბობს უკუნი სიბნელე იყოო. გაჩახჩახებულია ყველაფერი, სადაც მოხდა გაჩერება და ვითომ კივილი და ვითომ მანქანიდან გადმოხტომა. დავკითხე მოლარე-ოპერატორი. მითხრა, რომ არანაირი არაფერი არ ყოფილაო. ის ზუსტად იმას ამბობს ერთი-ერთზე, რაც ჩანაწერმა აჩვენა. ეს გოგო გადმოდის ხვიჩას მანქანიდან, გამოიქცევა, ჯდება მეორე ბიჭის (მოწმის) მანქანში და ამ ბიჭს მოეხვევა. რა მაინტერესებს - ადამიანი, რომელიც ბრალს უყენებს სხვა პიროვნებას, რომ გაუპატიურების მცდელობას ჰქონდა ადგილი, საშველად არ მიმართავს ავტოგასამართი სადგურის თანამშრომლებს, ან იქვე ხალხი იყო და ვიღაც უცხო პიროვნებასთან მიდის, არ ვიცი დადგმული იყო თუ რა..

დაზიანებები - არაფერი, მსუბუქი რაღაც ნაკაწრებია. საიდან მიმტკიცებს, რომ ეს ნაკაწრები სხვამ არ მიაყენა. ტიროდა შეყვარებულს ეჩხუბა და ისე წამოვიდა ბარიდან და შეყვარებული ამ დროს რჩება ბარში. რატომ ტიროდა, რისთვის ტიროდა და შეყვარებული თუ ჰქვია, ის ბარში უნდა გაჩერებულიყო და დროის ტარება გაეგრძელებინა? ჩემთვის ეს მიუღებელია.

მაისური ამოღებულია, ნერწყვზეც გაკეთდა ექსპერტიზა. სიგარეტი ამან მოწია და მოაწევინა და მეორე - ეს გოგოც ამბობს თავზე ხელი გადამისვაო, ხელი მოკიდა, ნუ ტირიხარო. ეს დნმ არაფერს ნიშნავს. მე რომ ხელი მოგკიდოთ და გადაგხვიოთ დნმ აუცილებლად იქნება გადმოსული. რა არის მაგაში ისეთი.

ტელეფონიც 880 ლარიანი „აიფონი“იყოო, არც ყუთი აქვს არც არაფერი, ერთი წლის წინ ვიყიდეო. და ამ ზიანზეც საუბრობს პროკურატურა. რომც ყოფილიყო, ერთი წლის მერე ცვეთა არ აქვს იმ ტელეფონს? ან სად არის სასაქონლო ექსპერტიზა ჩატარებული?“ - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი.

საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. მანამდე წინასასამართლო სხდომაა, სადაც ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ის შუამდგომლობას დააყენებს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისა და აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა და მტკიცებულებების დაშვებლობის საკითხზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^