Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლო მედიაცია - დავა სასამართლოს გარეშე

15 მაისი 2015

თუ არ იცით, როგორ გაანაწილოთ სამართლებრივად მშობლების მიერ დატოვებული საერთო ქონება, პირველი, რასაც სავარაუდოდ გააკეთებთ, სასამართლოსთვის მიმართვაა. თუმცა არსებობს დავის განხილვის ალტერნატიული გზა - მედიაცია. მისი მიზანია მხარეთა შორის ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომ ყველა მხარე თანაბრად კმაყოფილი იყოს. ეს კი დავის სასამართლოში გადაჭრით ნაკლებად მიიღწევა. გარდა ამისა, სასამართლო დავა უფრო მეტ დროსა და ფინანსურ რესურსს მოითხოვს.

სასამართლო მედიაციის შესახებ ჩანაწერი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2011 წელს გაჩნდა. სსსკ-ის 1873 მუხლი სავალდებულო მედიაციას საოჯახო (გარდა შვილად აყვანისა და მშობელთა უფლებებთან დაკავშირებული საქმეებისა), სამემკვიდრეო და სამეზობლო დავებზე აწესებს. მსგავსი ტიპის დავები სასამართლომ მედიაციის სამსახურში შესაძლოა, მხარეებთან შეთანხმების გარეშე გაგზავნოს. მხარეებს სესიაზე დასწრება და მონაწილეობა დაევალებათ, თუმცა შეთანხმების მიღწევა სავალდებულო არ არის.

გარდა ზემოთ ჩამოვლილი დავებისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, მედიაციის სამსახურს ნებისმიერი კატეგორიის დავა შეიძლება გადაეცეს. 

სასამართლოს ლიცენზირებული მედიატორი ირაკლი ყანდაშვილი პრაქტიკაზე დაყრდნობით ამბობს, რომ მედიაციების 60% სწორედ ასეთ დავებზე მოდის. ამ შემთხვევებში განსაკუთრებით ბიზნესდავები სჭარბობს, რადგან მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონფიდენციალურობა. 

თუმცა პრობლემურია საკითხი, რომ მხარეები დავის მედიაციის გზით განხილვას არა თუ თავიანთი სურვილით არ ირჩევენ, არამედ სასამართლოს შეთავაზების შემთხვევაშიც კი უარს ამბობენ.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე, რომელსაც მედიაციის სამსახურისთვის დავები თავადაც გადაუცია, ამბობს, რომ მხარეები ამ ინსტიტუტის გამოყენებაზე იშვიათად თანხმდებიან. მიზეზად კი მედიაციის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებს. დღეისთვის სწორედ ესაა ინსტიტუტის წინაშე არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა.

ვლადიმერ კაკაბაძე ვალდებულებით სამართლებრივ კატეგორიაში მუშაობს და მედიაციის გამოყენება მისთვის სავალდებულო არ არის, ამიტომ მან თავად დაამკვიდრა ასეთი პრაქტიკა - თვეში ერთხელ მხარეებს იწვევს და ინსტიტუტის შესახებ ინფორმაციას აწვდის. იმის გამო, რომ მედიაციას დავის სასამართლოში განხილვასთან შედარებით ნაკლები დრო სჭირდება, მოსამართლეები საოჯახო დავების განხილვისას უპირატესობას ამ ინსტიტუტის გამოყენებას ანიჭებენ. მით უფრო მაშინ, როცა საქმე ბავშვს ეხება.

“ვცდილობთ, მხარეებს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ, რა ალტერნატიული გზით შეიძლება მოხდეს მათი დავის განხილვა. რაც მალე გადაეცემა საქმე მედიაციას, მით უფრო სიღრმისეულად აღმოიფხვრება პრობლემა. მხარეს სხვადასხვა ინსტანციისთვის მიმართვა აღარ დასჭირდება და დავა მალე მოგვარდება”, - ამბობს მოსამართლე გიორგი მაისურაძე.

თუკი სასამართლოს სამივე ინსტანციაში საქმის განხილვას წელიწადნახევარი და მეტი დრო სჭირდება, მედიაციის შემთხვევაში ეს ვადა მაქსიმუმ 90 დღეა (კანონით დადგენილი ვადა - 45 დღე და მინიმუმ ორი შეხვედრა, რომელიც შესაძლოა, მხარეთა შეთანხმებით კიდევ 45 დღით გახანგრძლივდეს). 

დროისა და თანხის დაზოგვასთან ერთად მედიაციის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ შედეგი ორივე მხარისთვის თანაბრად მისაღები იქნება, რადგან ისინი ერთად ადგენენ შეთანხმების პირობებს. მაშინ როცა შესაძლოა, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რომელიმე მხარე არ დაეთანხმოს.

დავის მედიაციის გზით მოგვარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, თუკი მხარეები დაახლოებული პირები, ოჯახის წევრები, მეგობრები ან თუნდაც მეზობლები არიან. მედიაციის პროცესი მხარეებს საშუალებას აძლევთ უფრო ღრმად იმსჯელონ არა მხოლოდ დავის საგნის ირგვლივ, არამედ მათ შორის არსებულ პრობლემაზე; იფიქრონ მისი აღმოფხვრის გზებზე და საბოლოოდ ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნონ.

“ამას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების განვითარებისთვისაც, რადგან ქართული საზოგადოება არ არის რაღაც საკითხებზე შეთანხმებას მიჩვეული. ეს აშკარად ჩანს სამოქალაქო და იურიდიულ დავებში”, - აღნიშნავს ირაკლი ყანდაშვილი.

მედიაციის წარმატებით დასრულებაში უმნიშვნელოვანესი როლი მედიატორს ენიჭება. ამასთან, ამ ინსტიტუტისადმი საზოგადოების ნდობაც დიდწილად მასზეა დამოკიდებული. თუმცა კანონი მედიატორის შერჩევის შესახებ მხოლოდ ზედაპირულ ნორმებს აწესებს. თუმცა, როგორც ირაკლი ყანდაშვილი “ლიბერალთან” განმარტავს, ის ფაქტი, რომ მედიატორობის მსურველი 300 პირიდან შესაბამისი სერტიფიკატი მხოლოდ 17-მა მიიღო, მათი შერჩევის მკაცრ კრიტერიუმებზე მიუთითებს.

სასამართლოდან მედიაციის სამსახურში გადაგზავნილი საქმეები მედიატორებზე რიგითობის მიხედვით ნაწილდება. თუმცა მხარეებს მედიატორის აცილების ან თავად შერჩევის შესაძლებლობაც აქვს. 

თუკი მედიაცია წარმატებით დასრულდება და მხარეები შეთანხმდებიან, შერიგების შესახებ დადგენილება სასამართლოს გადაეცემა. თუ შეთანხმება კანონთან შეუსაბამო პირობებს არ მოიცავს, მაშინ მოსამართლე მისი დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შეთანხმების პირობები მხარეთათვის სავალდებულო შესასრულებელი ხდება. ირაკლი ყანდაშვილის ინფორმაციით, მედიაციის სამსახურში მოსული საქმეების 80% წარმატებით სრულდება. 

მიუხედავად იმისა, რომ მედიაციის პროცესი სასამართლოს ჩარევის გარეშე მიმდინარეობს, მედიაციის ოთახები სასამართლოს შენობაში მდებარეობს, რაც მოსამართლეთა აზრით, ნდობას კიდევ უფრო აღამაღლებს.

მოსამართლეებიცა და მედიატორებიც თანხმდებიან, რომ მედიაციის ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერება უნდა ამაღლდეს და მომავალში დავის განსახილველად ის რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს. ამით მხარეებიც მოგებულები დარჩებიან და სასამართლოც განიტვირთება იმ საქმეებისგან, რომელთა განხილვაც მის გარეშე შეიძლებოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^